მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის არეალი ყოველთვის არსებობს

მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის არეალი ყოველთვის არსებობს

ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალის შექმნასთან დაკავშირებით პრემიერმა კომენტარი გააკეთა. ივანიშვილის თქმით, პირადად მას მესამე ძალის არსებობის დიდი სურვილი აქვს.

მეტიც, პრემიერი აცხადებს, რომ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებთანაც მას ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები ჰქონდა. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილთან, ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან.

ივანიშვილის თქმით, აუცილებელია, ახალი კონსტრუქციული პარტიების გამოცოცხლება დაიწყოს, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ თავად ახერხებს იმას, რომ ცუდი პერსპექტივა ჰქონდეს.

„ჩვენ არ გვაშინებს რადიკალობა. მთავარია კონსტრუქციულები იყვნენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის საკითხს გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი. მას უკვირს, რა განგაშია ატეხილი და რა კომენტარი უნდა გააკეთოს პრემიერის სრულიად გასაგებ განცხადებაზე.

„მის გამოსვლაში არაფერი ჩემთვის გასაკვირი ან მოულოდნელი არ მომისმენია, რასაც კომენტარი სჭირდებოდეს! ის, რაც მან განაცხადა, არის ზუსტად შესატყვისი იმისი, რაც გვილაპარაკია, არც მეტი და არც ნაკლები.... ალბათ, დროც დადგა და ჩვენი მედია სივრცე უნდა მიეჩვიოს სიმართლის მოსმენას და მიხვდეს, რომ ამ მართალ სიტყვის უკან არაფერი სხვა და საიდუმლო გეგმები არ იმალება! მათ ანკესზე წამოგებას არ ვაპირებ!“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და აოცებს „ნაცმედიისგან“ მის მიმართ ბოლო დროს გამოჩენილი გადაჭარბებული ინტერესი.

მას შემდეგ, რაც პრემიერმა სალომე ზურაბიშვილთან, ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, For.ge დაინტერესდა, სად არის დანარჩენი მესამე პოლიტიკური ძალების ადგილი, რომელთა შესახებაც ბიძინა ივანიშვილს ან დაავიწყდა, ან შეგნებულად არ ახსენა? საუბარია კახა კუკავას, ვალერი ხაბურძანიას, შალვა ნათელაშვილის და სხვათა შესახებ, რომლებიც მესამე ძალის სტატუსს ერგებიან.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მესამე პოლიტიკური ძალის სივრცისთვის არსებული რესურსები ისეთი რამ არის, რასაც პრემიერი, ან სხვა პოლიტიკოსი არ იძლევა და ამას ხალხი განსაზღვრავს. ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს, როგორც  პოლიტიკოსს, უბრალოდ შეუძლია, მხოლოდ განაცხადოს, მისაღებია თუ არა მათი შემოსვლა პოლიტიკაში და რატომაა მისაღები?!

რამაზ საყვარელიძეს ამასთან დაკავშირებით ახსენდება პრეზიდენტის ნათქვამი მისთვის მიუღებელი ადამიანების შესახებ, რომ პოლიტიკაში მათი შემოშვება თურმე არ შეიძლება, რადგან ისინი რუსეთის აგენტები ყოფილან. სააკაშვილისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველია, კიდევ უფრო გაფართოვდეს საპარლამენტო პოლიტიკური სპექტრი. ამდენად, ამ თვალსაზრისით, პრემიერის განცხადებას რამაზ საყვარელიძე მიესალმება.

„მესამე პოლიტიკური ძალად ჩამოყალიბებისთვის ვის რა შანსი აქვს, პრემიერის აღნიშნული განცხადებიდან არ გამომდინარეობს. ზემოხსენებულ ქალბატონთა დასახელება და მათზე ფოკუსირება იყო თუ არა მანდილოსნების მიმართ მისგან გამოჩენილი ყურადღება, თუ ეს მხოლოდ ზოგადი ფრაზა იყო, ეს კონტექსტი არ ვიცი. არ გამოვრიცხავ, შეიძლება, რადიკალიზმში კახა კუკავაც იგულისხმა. არის კიდევ ნათელაშვილი, შესაძლოა, ისიც რადიკალიზმის სიმბოლოს ქვეშ განსაზღვრა. ფაქტია, რომ ამ ქალბატონებიდან იგი ორს შეხვდა და, სავარაუდოა, ვისაც იგი ხვდება, მათთან კონსტრუქციულობა პრემიერს ადვილად გამოსდის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე. 

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ რეალურად მესამე, მეოთხე და მეხუთე ძალა აუცილებელია, მაგრამ ამ ძალის შექმნისთვის საჭირო არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილი. ამისთვის აუცილებელია იმ კანონმდებლობის დარეგულირება, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ გარემოს აუმჯობესებს და, ამავდროულად, სუბიექტებს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედების, დაფუძნების და საკუთარი მოღვაწეობის თანაბარ პირობებს აძლევს.

მეტიც, კახა კახიშვილის აზრით, ცოტა დაგვიანებულიცაა მესამე ძალაზე საუბარი მაშინ, როდესაც რეალურად ხუთი თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ დემონსტრაციულად ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამოცხადება და ჩამოყალიბება მეორე პოლიტიკურ ძალად, რაც სხვა ძალების მარგინალიზაციის წინაპირობაა. ექსპერტის მოსაზრებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძალები, რომლებიც ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას, საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ნორმების შემოღება, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს, დააფუძნონ პარტია, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ამავდროულად, მიიღონ დაფინანსება და თანაბარ საარჩევნო პირობებში შეუდგნენ არჩევნებში მონაწილეობას.

ამიტომ, პოლიტიკური ექსპერტი ურჩევს ახალ ხელისუფლებას, იფიქრონ ახალ საარჩევნო კოდექსზე, სამართლიან საარჩევნო სისტემაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლიან დაკომპლექტებაზე და რაც მთავარია, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაში, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების პირობებში - ბარიერის აწევას. უფრო ზუსტად, პროპორციულ სისტემაში ჩვენ გვაქვს 5 %-იანი ბარიერი, რაც ძალიან მაღალია ჩვენნაირი ქვეყნისთვის დღევანდელ ვითარებაში, ხოლო 30 %-იანი საარჩევნო ბარიერი გვაქვს მაჟორიტარულ სისტემაში, რაც მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისთვისაა მომგებიანი.

„ამავდროულად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ მახინჯი კანონი არა მხოლოდ დაფუძნების, არამედ მატერიალური შემოწირულობის მიღების საშუალებას, არ აძლევს პარტიას, რაც მნიშვნელოვანია პარტიის არსებობისთვის. მეტიც, ხელოვნურად რომელიმე პარტიის გამოკვეთა არ ნიშნავს პოლიტიკური სივრცის დარეგულირებას, ხელოვნური არაფერი არ ვარგა, მით უმეტეს, პოლიტიკური სუბიექტი ან ოპონენტი. ამიტომ, თუ ივანიშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე იფიქრებს, კარგი იქნება, ოღონდ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ საარჩევნო გარემოსა და არა კოალიციის ფარგლებში. ჩვეულებრივად, ყველა სუბიექტმა, რომელიც დღეს არის პარლამენტში მოხვედრილი კოალიციიდან, ცალკე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, - მიიჩნევს კახა კახიშვილი.    

რაც შეეხება ზემოთ დასახელებულ სამ ქალბატონს, ექსპერტი ფიქრობს, რომ ივანიშვილს ან საერთოდ არავინ არ უნდა ჩამოეთვალა, ან თუ ჩამოთვალა, მაშინ მესამე პოლიტიკური ძალის ყველა სუბიექტი სრულად უნდა გაეხსენებინა. ამ შემთხვევაში, კი ეს ცოტა არაკორექტული იყო მისი მხრიდან, როდესაც მხოლოდ სამ პოლიტიკურ სუბიექტზე შეაჩერა არჩევანი. მით უფრო, რომ გამორიცხული არაა, მესამე ძალა სულაც არ იყოს ამ სამ დასახელებულ ძალას შორის და სულაც ახალი ძალა გამოჩნდეს.

ამასთან, კახა კახიშვილს არ ესმის, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენები კონსტრუქციული ოპოზიციური ძალა. მისთვის გასაგებია, რომ სამართლიანი კრიტიკა უნდა არსებობდეს (და არა ისეთი, რაც, ვთქვათ, ნაცმოძრაობას აქვს), მაგრამ აქვე ექსპერტს აინტერესებს, თუ ბატონ ივანიშვილს სჭირდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც დაასაბუთებს საკუთარ კრიტიკას, მაშინ დღეს იგი რატომ აძლიერებს ნაცმოძრაობას, როგორც ძირითად ოპონენტს და რატომ ხდება დანარჩენი პარტიების მარგინალიზაცია?!

მარგინალიზაციაში კი ექსპერტი გულისხმობს, რომ აღნიშნული ძალებისთვის  მედიასივრცე დახურულია და მხოლოდ ორ სუბიექტზეა გადანაწილებული. ამდენად, ხელოვნურად იკვეთება სურათი, როცა ორი სუბიექტი წყვეტს პოლიტიკურ საკითხებს, ან მოლაპარაკებებით, ან კოაბიტაციით.

„დააკვირდით ინტერფრაქციულ ჯგუფს, რომელიც საარჩევნო კოდექსზე იწყებს მუშაობას. ფაქტობრივად, იქ გამოკვეთა, რომ მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტია ძირითადი მოთამაშე, დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები, უბრალოდ, მაყურებლების როლში არიან. არადა, თუ პარტიები მედიაში არ გამოჩნდნენ, საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, დაფინანსება არ მიეცათ, მაშინ პოლიტიკური სივრცე ყოველთვის ამ ორი სუბიექტით იქნება დაკავებული. დღეს ფული აქვს მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და ნაცმოძრაობას. ამიტომ ეს უნდა დარეგულირდეს“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვანო მაჭავარიანი გაკვირვებულია, რომელ მესამე ძალაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი?! ეს ხომ არ არის სუფთა ინსინუაცია და მარჩიელობა?!

ექსპერტის თქმით, ამ პიროვნებებს (სალომე ზურაბიშვილს, ირმა ინაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს) მანამდეც ჰქონდათ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალად ჩამოყალიბების შესაძლებლობა, როცა თვითონ „ქართული ოცნება“ იქმნებოდა. თუმცა, რეალურად, აღმოჩნდა, რომ მათ პრობლემა ჰქონდათ როგორც ორგანიზაციაში, ისე ყველასთან ურთიერთობაში, მათ შორის, - ამომრჩეველთან და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

ვანო მაჭავარიანი არ გამორიცხავს, რომ მესამე პოლიტიკურ ძალაზე საუბრისას, ალბათ, ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა მისი ჩამოყალიბების სურვილი, თუმცა ამას დრო სჭირდება და ამას საქართველოს მოქალაქეების ნება-სურვილი აჩვენებს.

„ეს იქნება ზუსტად ის, რასაც ხალხი გადაწყვეტს, რომ მათ სურთ ალტერნატივა იმ ორ ძირითად პოლიტიკურ ძალას შორის, რომელიც დღეს არსებობს. დანარჩენ შემთხვევაში, ეს სურვილის დონეზეა. ამასთან, ძალიან რთულია, მივხვდეთ, თუ ვინ იგულისხმა ბიძინა ივანიშვილმა რადიკალებში. ეს არ არის პოლიტიკოსის საუბარი, რასაც თვითონაც აღიარებს. უბრალოდ, იგი მთავრობის ხელმძღვანელია, რომელსაც კონკრეტული მოსაზრებები აქვს. თვითონაც ისეთი ადამიანია, რომ მის შესახებ უფრო მისი გაკეთებულის შემდეგ შეიძლება იმსჯელოს კაცმა, ვიდრე მანამდე, როცა ის ლაპარაკობს“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.  

მისივე თქმით, მესამე ძალის შექმნის არეალი ყოველთვის არსებობს და მისი პერსპექტივა დამოკიდებული იქნება, თუ რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, ან რას ვერ გააკეთებს. თორემ, ექსპერტის განმარტებით, მესამე ძალაც არსებობს, მეოთხეც და მეხუთეც. მეტიც, არსებობს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალაც, მაგრამ რეალურად შედეგს ვერ მიაღწია და აღმოჩნდა, რომ მისი ძირითადი თანამებრძოლები, ვისი იმედიც ჰქონდა, „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდნენ, ნაწილი კი სხვა საქმიანობით დაკავდა.

„რადიკალურ ნაწილში იგულისხმა თუ არა კახა კუკავა, ვერ გეტყვით. ისიც არსებობს, მაგრამ მას მხარდაჭერა არ აქვს და რეალურად, ერთი ადამიანის პარტიაა. არსებობს, ასევე, ხაბურძანიას, ნათელაშვილის პოლიტიკური ძალებიც. უბრალოდ, მათ მოსაზრებებს მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში, რადგან ეს ზუსტად საზოგადოების დამახასიათებელია, რომ ძირითად ყურადღებას უთმობენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც რეალურად ადგილზე არიან და არა თეორიაში“, - აღნიშნავს ვანო მაჭავარიანი.

ზოგადად, მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკა და კოალიციური მთავრობა გულისხმობს მესამე, მეოთხე და მეხუთე ძალასაც. მით უფრო, რომ ახლა დაიწყო საპარლამენტო მმართველობის პრინციპი ქვეყანაში.