აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია დაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 8 აპრილს მიიღო. თავად გიორგი ბარამიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 5 აპრილს დაწერა. ბარამია მოღვაწეობას დიპლომატიურ სამსახურში გაარძელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ ყოლბაია უკვე შეუდგა თავისი უფლებამოსილების შესრულებას, პრეზიდენტს ამ დრომდე ხელი არ მოუწერია მის კანდიდატურაზე და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ყოლბაიას კანდიდატურას მხარს არ უჭერს. როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, ვახტანგ ყოლბაიას ამ თანამდებობაზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ლობირებდნენ.
აღსანიშნავია, რომ პაატა ზაქარეიშვილმა ღიად გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ის ვახტანგ ყოლბაიას ისურვებდა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოავალეობის შემსრულებლად ყოლბაიას დანიშვნას კი დევნილთა სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობოთა კრიტიკა უკვე მოჰყვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივისა“ და „ევროპულ დემოკრატიული ცენტრის“ წევრების განცხადებით, ამ გადაწყვეტილება, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიი“-ს რამდენიმე მუხლი დაარღვია.
„ევროპულ დემოკრატიული ცენტრის“ წევრის ირაკლი ბარბაქაძის განცხადებით, საქმე გვაქვს „თავისუფლების ქარტიის“ მე-8 მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-9 მუხლის 1 პუნქტის მთავრობის „გ“ ქვეპუნქტის უხეშ დარღვევასთან. ვინაიდან, როგორც ბარბაქაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, საბჭოთა კავშირის დროს 1981-89 წლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გალის რაიონში რაიკომის მდივნის თანამდებობას იკავებდა, რასაც თავის ავტობიოგრაფიაში მიზანმიმართულად მალავს.
შესაბამისად, მისივე განცხადებით, მას არ აქვს ზემოთხსენებული თანამდებობის დაკავების უფლება. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკანონმდენლო ორგანოს წევრი არ შეიძლება დაინიშნოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრად. შესაბამისად, როგორც ბარბაქაძე განმარტავს, აფხაზეთის ა-რ უმაღლესმა საბჭომ საქართველოს კანონმდემლობის ეს ნორმაც დაარღვია, ვინაიდან ყოლბაია არის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
„ჩვენთვის ცნობილია დევნილი მოსახლეობის განწყობაც, მათ არ სურთ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე იხილონ რაიკომის მდივანი. კატეგორიულად მოვითხოვთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსაგან, დაუყოვნებლივ შეცვალოს აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება და მოვუწოდებთ, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი ამ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. მან გაცილებით უკეთესად იცის საქართველოს კანონმდენლობა, ვიდრე აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ. გარდა ამისა, აქ აშკარად იკვეთება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინტერესები. პაატა ზაქარეშვილმა წინასწარ გააკეთა განცხადება, რომ ის მხარს უჭერდა ყოლბაიას კანდიდატურას, რაც მისი მხრიდან იყო უხეში ჩარევა. სახელმწიფო მოხელე მსგავს განკარგულებებს არ უნდა იძლეოდეს. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხელი არ შეუწყოს თანამდებობებზე რაიკომის მდივნების დაბრუნებას,“- ამბობს ირაკლი ბარბაქაძე.
კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ლიდერის ლაშა ფარულავას განცხადებით, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ რატომღაც თავი აარიდა საქართველოსა და აფხაზეთის კანონების მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესების შესახებ მოთხოვნებს.
„აღნიშნული გარემოება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ უმაღლეს საბჭოზე გარედან იძულებითმა ზეწოლამ შესაძლებელი გახადა ამ უწყების მხრიდან სამართლებლივად ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილების მიღება. აშკარაა, რომ აქ იკვეთება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირდაპირი ინტერესი, ის უშუალოდ იყო ამ პროცესში ჩართული და ეს ფაქტი მას არც დაუმალავს. აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ „აფხაზეთის კანონის“ თანახმად, მთავრობის თავმჯდომარის განთავისუფლების უფლებამოსილება უმაღლეს საბჭოს მხოლოდ პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ გააჩნია.
გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში. ბატონი ყოლბაია კი დღეის მდგომარეობით არის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ამავდროულად - აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. ამ გადაწყვეტილებით აშკარაა, რომ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს რაიკომის ყოფილი მდივანი. კარგი იქნება თუ დღევანდელი ხელისუფლება იხელმძღვანელებს სამართლებლივი კუთხით და გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული,“ - აცხადებს ლაშა ფარულავა.
თავად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია აცხადებს, რომ მისი დანიშვნა აღნიშნულ თანამდებობაზე კანონის სრული დაცვით მოხდა. ყოლბაია აცხადებს, რომ გარკვეული ორგანიზაციები მის საწინააღმდეგო განცხადებებს პიარისა და საზოგადოებისთვის თავის შეხსენების მიზნით აკეთებენ.
ამასთან, მისივე შეფასებით, ეს ორგანიზაციები ანგაჟირებულები არიან იმის გამო, რომ აღნიშნულ პოსტზე არანაკლებ ღირსეულ, თუმცა, სხვა კანდიდატს უჭერდნენ მხარს. ყოლბაია განმარტავს, რომ ის აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელია და იმავდოულად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატად რჩება, რაც კანონდარღვევა არაა.
„იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კანონდარღვევაა, არ იციან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონები, კონკრეტულად კი უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეგლამენტი, რომელიც ამის უფლებას იძლევა. აქვე ვამბობ, რომ გალის რაიონში რაიკომის მდივნად მხოლოდ 2 წელი ვიმუშავე და ჩემი საქმიანობის შესახებ დასამალი არაფერი მაქვს“, - ამბობს ვახტანგ ყოლბაია.
ჩვენი ინფორმაციით, ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია დევნილთა და განსახლების მინისტის პოსტზე განიხილებოდა. ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო. თუმცა, ყოლბაიას შესაძლო დანიშვნაზე ინფორმაციამ პრემიერის აპარატიდან გაჟონა, რასაც დევნილთა პროტესტი მოჰყვა. შესაბამისად, პრემიერმა გადაწყვეტილება შეცვალა.
„მაშინაც ყოლბაიას ზაქარეიშვილი ლობირებდა. მას უთხრეს, რომ მისი დანიშვნის შესახებ არაფერი ეთქვა, მაგრამ ამ ინფორმაციამ გამოჟონა, რასაც დევნილთა პროტესი მოჰყვა. როგორც ჩემთვის ცნობილია, პრემიერს მაშინ მრჩევლებმაც ურჩიეს, რომ ყოლბაიას დანიშვნა ხმაურს გამოიწვევდა და მან გადაწყვეტილება შეცვალა. მოგეხსენებათ, რომ ყოლბაიას და საერთოდ, იმ კანდიდატებს შორის ვინც ასევე განიხილეს, საზოგადოებაში არსებობს კითხვები“,- ამბობს ჩვენი წყარო.
ახლა აფხაზეთის მთავრობაში პრეზიდენტის სიტყვის მოლოდინში არიან. გახდება თუ არა რაიკომის ყოფილი მდივანი აფხაზეთის მთავრობის პირველი პირი, ეს მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული.