შსს-მ უკანასკნელი წლების სტატისტიკა საჯარო გახადა

შსს-მ უკანასკნელი წლების სტატისტიკა საჯარო გახადა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის ერთიანი კვარტალური ანგარიში და ახალი მეთოდოლოგია წარადგინა, რომელსაც სამინისტრო 2013 წლის იანვრიდან იყენებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ დანაშაულის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით შემუშავებული მოდელია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ევროპული ქვეყნები იყენებენ.

უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში საზოგადოებრივი უშიშროებისა და უსაფრთხოების მაღალი დონე მთლიანობაში შენარჩუნებულია, ხოლო კრიმინოგენური ვითარება 2010 წელს არსებული ვითარების თანაზომადია და ხარისხობრივად აღემატება 2009 და ადრეული წლების მდგომარეობას. ღარიბაშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ ზოგადად, კრიმინოგენური ვითარება დამოკიდებულია მთელი რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების ურთიერთზემოქმედებაზე, როგორიცაა: სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა (მაგალითად, კონკრეტული პერიოდის მოცემულობიდან გამომდინარე სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებლის უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა), მასშტაბური ამნისტია და შეწყალება, სამართალდამცავ უწყებათა პირადი შემადგენლობის როტაცია და ა.შ.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელი რისკ-ფაქტორების შეფასებისა და პერსპექტიული პროგნოზირების შესაბამისად დაგეგმილი და ოპერატიულად გატარებული პრევენტულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, ამნისტიით გამოწვეული უარყოფითი დინამიკა და საერთო კრიმინალურ სიტუაციაზე მისი ნეგატიური ზეგავლენის ხარისხი, დღევანდელი მდგომარეობით შესაძლო პრაქტიკულ მინიმუმამდეა დაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის აღრიცხვის ძველი მეთოდოლოგიის თანახმად, წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები, მიუხედავად შეწყვეტის საფუძვლისა, სტატისტიკურ მონაცემებში 2013 წლამდე არ აისახებოდა.

იმავე პერიოდისათვის, საქმის გახსნილად გამოცხადების ერთადერთ საფუძველს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილება წარმოადგენდა. თუმცაღა, ვინაიდან 2013 წლამდე მოქმედ სააღრიცხვო სისტემას არ გააჩნდა ბრალის კომპონენტის გარეშე საქმის გახსნილად ჩათვლის მექანიზმი, რათა არ მომხდარიყო გაუხსნელი საქმეების რიცხვის გაუმართლებელი გაზრდა, ასეთი დანაშაულობები ერთიანი კონსოლიდირებული რაპორტის ფორმაში საერთოდ არ აისახებოდა.

რაც შეეხება დანაშაულის ყბადაღებულ სტატისტიკას, რომლითაც ასე აქტიურად სპეკულირებს „ნაციონალური მოძრაობა“, სამინისტროში განმარტავენ, რომ წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით გაზრდილია დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები: მარტისათვის 21,9-დან - 25,53%-მდე, ხოლო იანვარ-მარტის პერიოდისათვის კი 28,8-დან - 32,75%-მდე. ზოგადად კრიმინალის გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება ბოლო ორი წლის განმავლობაშიც. 2011 წლის იანვართან შედარებით 2012 წლის იანვარში დანაშაულის საერთო რაოდენობა 10,6%-ით, თებერვლის თვეების შედარებისას 19,5%-ით, 2012 - 2011 წლების მარტის თვეებში 4,7%-ით, ხოლო იანვარ-მარტში 20,2%-ით გაიზარდა.

მხოლოდ შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეთა ხვედრითი წილი, რომელიც ადრინდელ ანგარიშში არ ხვდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის კონსოლიდირებულ მონაცემებში უკვე აღირიცხება, საშუალოდ, რეგისტრირებული მონაცემის 5-6%-ს წარმოადგენს, რაც, ახალი მეთოდოლოგიის შემთხვევაში, შესაბამისი თანაფარდობით ზრდის დანაშაულის საერთო რაოდენობასაც.

აღნიშნული კოეფიციენტის გათვალისწინებით, 2013 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან მიმართებაში მხოლოდ 10,3%-იანი ზრდა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ძალოვანი სტრუქტურები საზოგადოებისთვის დახურული და შესაბამისად, დანაშაულის სტატისტიკაც უცნობი იყო. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანასკნელი წლების სტატისტიკა გახადა საჯარო, საიდანაც ცხადი ხდება, რომ 2013 წლის განმავლობაში დანაშაულის ოდენობა 2009 წლის იგივე პერიოდის თითქმის ანალოგიურია. კერძოდ, 2009 წლის იანვარში დანაშაულის საერთო რაოდენობამ 3809 შეადგინა, ხოლო 2013 წლის იანვარში - 3826; 2009 წლის თებერვალში - 4067, 2013 წლის თებერვალში კი - 3737; 2009 წლის მარტში - 4099, 2013 წლის მარტში - 4193. 2009 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში სულ 7529 დანაშაულია ჩადენილი, ხოლო მიმდინარე წლის ანალოგიურ თვეებში - 7334.

ამდენად, 2009 და 2013 წლების დანაშაულის სტატისტიკა ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის და ამიტომ სრულიად გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ატეხილი განგაში იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, საქართველოში უკანასკნელ თვეებში კრიმინოგენური ვითარება უკიდურესად გამწვავდა. გაუგებარია, საკუთარი მმართველობის პერიოდში რატომ არ აწუხებდა სააკაშვილის გუნდს, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა ასეთი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ნაციონალების მტკიცებით, 2013 წელს კრიმინოგენური მდგომარეობა იმიტომ დამძიმდა, რომ ციხეები ამნისტიის შედეგად უამრავმა პატიმარმა დატოვა. ამ ფონზეც კი, როგორც მოგახსენეთ, მიმდინარე წელს დაახლოებით იმდენივე დანაშაულია მომხდარი, რამდენიც 2009 წლის დასაწყისში. ამას ემატება ისიც, რომ პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გასული წლის ოქტომბერ - დეკემბერში ციხეებიდან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული 500-ზე მეტი პატიმარი გამოვიდა.

ამასთანავე, როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადრე დანაშაულის სტატისტიკაში შეწყვეტილი საქმეები არ აისახებოდა, ახლა კი ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, ამ კატეგორიის დანაშაულებიც არის სტატისტიკაში გაწერილი. ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, უკანასკნელ პერიოდში კრიმინალმა იმატა, რეალობას არ შეესაბამება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრად უფრო გახსნილი და გამჭვირვალეა, ვიდრე წინა წლებში. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი ცდილობს, ფაქტობრივად ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდეს საზოგადოებასთან.

„თუ დათვლით უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში რამდენი საჯარო გამოსვლა აქვს ბატონ ღარიბაშვილს განხორციელებული და შეადარებთ ამ ციფრს მთელი 9 წლის მანძილზე მერაბიშვილის საჯარო აქტივობებს, გაოცდებით. მერაბიშვილს რამდენი საჯარო გამოსვლაც ჰქონდა, ამ ხუთ თვეში მას დაეწია და გადაუსწრო კიდეც მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მე ვთვლი, რომ ეს აუცილებელიც არის, რადგან აქამდე ეს იყო სამინისტრო, რომელიც საზოგადოებისგან ზურგშექცევით იყო და საიდანაც არანაირი  ინფორმაცია არ გამოდიოდა“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეების დევნით და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლით იყო დაკავებული, რაც 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დასრულდა. გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარაფერია დაფარული, არც პრემიალურების სისტემა, არც შესყიდვების საკითხი და არც დანაშაულის სტატისტიკა. დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ატეხილ განგაშს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუხედავად ციხეებიდან ათასობით პატიმრის გამოშვებისა, დანაშაულის ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება.

ამასთანავე, ცაგარეიშვილი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციული ღონისძიებები გაატარა, გაზარდა საპატრულო ეკიპაჟების რიცხვი და ა.შ. ამასთანავე შსს-ს სამეთაურო შემადგენლობაშიც გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, განთავისუფლებულია რამდენიმე სამმართველოს უფროსი, სამინისტროში გამოჩნდნენ ახალი სახეები და ეს დადებითი ტენდენციაა.

„ყველას გვახსოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო კოდუების კლანი, ახალაიების კლანი, კიდევ სხვების კლანები და იყო მუდმივი დაპირისპირება. საბოლოოდ, ეს ძალიან ძაბავდა მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით ამ ძალიან მძიმედ დაავადებული სისტემის ფეხზე დაყენება და სრულად გამოჯანმრთელება ფაქტობრივად, ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ მინისტრი მართლაც ყველაფერს აკეთებს, რომ პოლიცია იყოს საზოგადოების და არა პარტიის სამსახურში, ასევე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიციელის მუნდირი ღირსეულად სატარებელი იყოს, რათა სამინისტროს თანამშრომელი დამნაშავეს შეებრძოლოს“, - ამბობს დეპუტატი.

ყოფილი უფლებადამცველი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე აღნიშნავს, რომ მთელი სამართალდამცავი უწყებები დახურული იყო, რაზეც როგორც ადგილობრივი, ასევე უამრავი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის საკმაოდ კრიტიკული დასკვნები არსებობს. კობახიძის თქმით, გამჭვირვალე შენობები უწყების ღიაობას არ ნიშნავდა, დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულიად გახსნილია და საზოგადოებას მიეწოდება ყველა ინფორმაცია, რაც მისთვის შეიძლება საინტერესო იყოს - გახსნილი დანაშაულის რაოდენობის შესახებ, შეწყვეტილი საქმეების რაოდენობის, კონკრეტული დანაშაულების ზრდისა და კლების ტენდენციის შესახებ და ა.შ.

„თუკი ეს სტატისტიკა საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ამას მხოლოდ მივესალმები. რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ თითქოს, დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა. თუ სტატისტიკა ღია იქნება, მაშინ დანაშაული გაიზარდა, თუ შემცირდა, ამას შესაბამისი მონაცემების მიხედვით ვიხილავთ და არა ისე, „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ამ თვეების განმავლობაში რომ გაიძახის, დანაშაულის რიცხვმა იმატაო“, - ამბობს მანანა კობახიძე.

მისი თქმით, დანაშაულის რაოდენობა არ გაზრდილა, სამაგიეროდ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იმატა და როდესაც მედიის საშუალებით რომელიმე კონკრეტული დანაშაული შუქდება, მას მაშინვე მოჰყვება ხოლმე ინფორმაცია, რომ დამნაშავე ცხელ კვალზეა დაკავებული. ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ საპატრულო ეკიპაჟების ოდენობა გაიზარდა და მთლიანად ეს უწყება მობილიზებულია და ეფექტიანად მუშაობს.

პოლიტიკური ექსპერტი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ცდილობდა ან რეგისტრირებული დანაშაულის ოდენობა შემცირებულიყო, ან რაც დარეგისტრირდებოდა, ის დანაშაულები აუცილებლად გახსნილი უნდა ყოფილიყო, რათა შემდეგ ეთქვათ, რომ მართალია მოხდა პირობითად, 100 დანაშაული, მაგრამ აქედან 95 გახსნილია. სინამდვილეში კი კახიშვილის თქმით, ხდებოდა პირობითად, 200 დანაშაული, მაგრამ დანარჩენ 100-ს არ ასახავდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ვერ გახსნიდნენ. ექსპერტი ამბობს, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა შევარდნაძის მმართველობის დროს მოქმედებდა, „ნაცმოძრაობა“ კი განსხვავებული გზით წავიდა - იმას ვერ უზრუნველჰყოფდა, რომ ეს მონაცემები სრულად დაემალა, ამიტომ უწყება მთლიანად დახურა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დანაშაულის სტატისტიკაში შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეებს არ ასახავდნენ, რაც იურისტებისთვის გაუგებარია, რადგან თუკი არსებობს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი, ე.ი. არსებობს დანაშაული. ვინაიდან ასეთ შემთხვევებს სათვალავში არ იღებდნენ, გამოდის, რომ ასეთი ფაქტების დამალვა სტატისტიკის გაუმჯობესების მიზნით ხდებოდა. დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ კატეგორიის დანაშაულიც ასახოს სტატისტიკაში, რაც ბუნებრივია, დანაშაულის ოდენობის სტატისტიკურ გაზრდას გამოიწვევს“, - ამბობს კახი კახიშვილი.

თუმცა მისი თქმით, სინამდვილეში დანაშაულის რიცხვი არ გაზრდილა და ეს მხოლოდ იმის ხარჯზე მოხდა, რომ „ნაცმოძრაობის“ პერიოდში არარეგისტრირებული შემთხვევების დარეგისტრირება მოხდა. რაც შეეხება სამინისტროს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაიზარდა, კახიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საინტერესოა, იყო 200 დანაშაული და მათგან სამინისტრომ 100 დაარეგისტრირა და ამ ასიდან 95 გახსნა, თუ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მართლაც გაიზარდა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ არ აქვს სათანადო ინფორმაცია და ამიტომ ამაზე საუბარი უჭირს.

კახიშვილი წარსულ პრაქტიკას იხსენებს და ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლები ხშირ შემთხვევაში დანაშაულს არ არეგისტრირებდნენ, თუკი ეს მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული არ იყო, მაგალითად მკვლელობა, რომლის დაურეგისტრირებლობა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

„მაგალითად, მივიდოდა პოლიციაში მოქალაქე და ამბობდა, რომ მისი ბინა გაქურდეს. მისი განცხადება რეგისტრაციაში არ ტარდებოდა, მიმდინარეობდა შავი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და თუ ამის შედეგად დადგინდებოდა სავარაუდო ეჭვმიტანილი, უკანა რიცხვით ატარებდნენ რეგისტრაციაში მოქალაქის განცხადებას, როგორც უკვე მომხდარ დანაშაულს და მას მეორე დღესვე ხსნიდნენ. ამდენად, სტატისტიკა ხელოვნურად იკვეცებოდა“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, ზოგადად სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია, რადგან ეს მის მუშაობაზე პირდაპირ მეტყველებს. ამ ეტაპზე ექსპერტისთვის უცნობია, რამდენად რეალურია ღარიბაშვილის უწყების მიერ წარმოდგენილი ახლანდელი სტატისტიკა.