ენერგეტიკა თანდათან ეკოლოგიის ჩარჩოებში ექცევა

ენერგეტიკა თანდათან ეკოლოგიის ჩარჩოებში ექცევა

ენერგეტიკა და გარემოს დაცვა უკვე ისე გადაეჯაჭვა ერთმანეთს, რომ დარგის სპეციალისტების უშუალო მონაწილეობის გარეშე არც ერთი ენერგეტიკული პროექტი არ ხორციელდება. საქართველოში ბოლო დროს ჰესების მშენებლობა დიდი მითქმა-მოთქმის საფუძველი შეიქმნა. განსაკუთრებით პრობლემებია ხუდონჰესთან დაკავშირებით, რომელზეც 3-თვიანი მორატორიუმიც კი იყო გამოცხადებული.

ამჯერად, მორატორიუმის პერიოდი დასრულებულია. საერთაშორისო ექსპერტების მიერ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების საჯარო პრეზენტაცია დღეს, 10 აპრილს გაიმართება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ხუდონჰესის მშენებლობისადმი საზოგადოების დიდი ინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა.

აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლოატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.

ამ ეტაპზე ექსპერტებმა უკვე შეისწავლეს დოკუმენტის თეორიული ნაწილი. ისინი 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მოინახულეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი, შეხვდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას. მათ, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე დეტალურად შეისწავლეს საკითხი და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

ამასთან, თბილისში გაიმართა შეხვედრები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“-ს წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გეოლოგი, სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი, აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკის ეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ენერტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

თუ რა ბედი ელის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურს, გარკვეულწილად, ხვალვე გახდება ცნობილი. ენერგეტიკის სამინისტრო ჩქარობს და ამიტომაც ცდილობს ჰესის ირგვლივ არსებული ბუნდოვანება რაც შეიძლება მალე გაფანტოს.

თუკი ხუდონჰესის ირგვლივ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაურკვეველია, სამაგიეროდ, ყველაფერი ცხადია მტკვარზე მიმდინარე ჰიდროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. საუბარია თურქეთში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით, რის გამოც მდინარე მტკვრის ნაწილობრივ მიმართულების შეცვლა მოხდებოდა. შესაბამისად, მტკვრის კალაპოტში წყალი 80%-ით შემცირდებოდა, ხოლო მის ხეობაში ეკოლოგიური კატასტროფაც არ დააყოვნებდა.

ახლა უკვე გარკვეულია, რომ მდინარე მტკვარს მიმართულებას აღარ შეუცვლიან. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თურქულ პროექტთან დაკაშვირებით მართლაც იყო გარკვეული კითხვები. მტკვრისთვის მიმართულების შეცვლას, შესაძლოა, საქართველოში გარკვეული პრობლემები შეექმნა. თუმცა, როგორც კალაძემ აღნიშნა, მიღწეულია შეთანხმება, რომ მტკვრის მიმართულების შეცვლა არ მოხდება. თურქეთის ტერიტორიაზე მარტოოდენ კაშხალი აშენდება, სხვა დანარჩენი, მათ შორის აგრეგატები კი - საქართველოს მხარეს.