აქტივისტებს, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, სოლიდარობის ნიშნად ვანო მერაბიშვილი პირად წერილებს უგზავნის. იგი მათ მადლობას უხდის და მოუწოდებს, არ გაიტეხონ გული და საქართველოს სამსახურში დარჩნენ. ვანო მერაბიშვილი, ასევე, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას კიდევ ერთხელ გაუგზავნის წერილს, სადაც აღწერილ იქნება ის „ზეწოლის“ ფაქტები, რაც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების მიმართ ხორციელდება.
ამასთან, იგი მზადაა, გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას თავად გასცეს პასუხი, რადგან „ყველაფრის საქმის კურსში იყო“. ამიტომაც, მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მიმართავს, შეასრულოს დაპირება და წინასაარჩევნოდ შეწყვიტოს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების დაბარება დაკითხვაზე. მისი ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ დაკითხულია 2 ათასამდე აქტივისტი.
თავის მხრივ, არჩილ კბილაშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადებას პასუხობს. საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ იმ სამ საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნებია ჩანიშნული, პროკურატურა ასრულებს პირობას და არანაირი საგამოძიებო მოქმედებები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების, მხარდამჭერებისა თუ კანდიდატების მიმართ არ ხორციელდება.
საზოგადოებაში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ 19 აპრილის აქცია ვერ იქნება ფართომასშტაბიანი და საჯარო სამსახურებში მომუშავე მოხელეებზე ნაციონალების ზეწოლის მიუხედავად, ამ აქციას ბევრი მხარდამჭერი მაინც არ ეყოლება. ამიტომ გამორიცხული არაა, ვანო მერაბიშვილის განცხადება თავისი მომხრეების დაშინების თაობაზე პრევენციულ ხასიათს ატარებდეს. თუკი 19 აპრილის აქცია ხალხმრავალი არ იქნება, ნაციონალები დასავლეთის წინაშე თავს გაიმართლებენ და ზეწოლაზე ისაუბრებენ.
რას ნიშნავს 19 აპრილის წინ ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება? For.ge ამის შესახებ ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის მხრიდან საერთოდ რაიმე ტიპის ზეწოლაზე საუბარი წარმოუდგენელი ცინიზმია, რადგან ეს ადამიანი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ამის მეტს არაფერს აკეთებდა და პირადად იგიც მერაბიშვილის მოსმენების, თვალთვალის თუ მანქანებით დევნის ერთ-ერთი მსხვერპლია.
ექსპერტის თქმით, საერთოდ, ნათქვამია, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო, მაგრამ მერაბიშვილის შემთხვევაში ეს მთლად ასე არ არის. მართალია, მან ცუდი დათესა, მაგრამ მეორე მხრიდან ასეთი რამ არ ემუქრება. ამიტომ მერაბიშვილის განცხადება წმინდა პოლიტიკურია.
„მიხედოს თავის საქმეს მერაბიშვილმა. ის უკვე ღრმად არასერიოზული კაცია; კაცი, რომელიც კულტურის სამინისტროში ჯერ ისე მივიდა, რომ რაბათის თემის შესახებ არაფერი გაეგებოდა და შემდეგ კი იქიდან გამოიპარა, გამოიქცა. ასე რომ, მისი მხრიდან ზეწოლაზე საუბარი ზედმეტია. ერთი რამ ვიცი, ეს აქცია მაქსიმალურად მშვიდად უნდა ჩატარდეს და ხელისუფლება ვალდებულია, ამ აქციის უსაფრთხოება დაიცვას. რამდენიც არ უნდა იყვნენ ისინი, ეს აქცია არის ნაციონალების გაცილების აქცია და საბოლოოდ ამ აქციით ვაცილებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს ისტორიიდან“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ერთადერთი, მას ის ფაქტი აფიქრებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ავტოპროვოკაციები არ მოაწყოს, რადგან სწორედ ასეთი საქმიანობით იყვნენ ისინი ამ ცხრა წლის განმავლობაში დაკავებულნი.
ამასთან, გია ხუხაშვილი ნაციონალების საპროტესტო აქციაზე მისვლის რესურსს საზოგადოებაში ვერ ხედავს, თუმცა, ამავდროულად, შორს არის იმ აზრისგან, რომ ნაციონალებს არ ჰყავდეთ მხარდამჭერები.
მისი თქმით, ნაციონალებს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავიანთი მხარდამჭერები, თუმცა ერთიცაა, მათ მხარდამჭერებს შორის იდეის სული სულ უფრო და უფრო არ ტრიალებს. უფრო მეტიც, ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, იმ „ტრაილერის“ ქვეშ აღმოჩნდა, რომელიც სააკაშვილს დაეჯახა.
„სინამდვილეში, ტრაილერი მათ ახლა კი არ დასჯახებიათ, არამედ დაეჯახათ 1-ელ ოქტომბერს. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა გამოვიდნენ, აბსოლუტურად მშვიდად უნდა შევხვდეთ. საქართველოს ისტორიიდან მათ გაცილებას ვულოცავ მთელ ქართულ საზოგადოებას“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ გამობრძმედილი პროვოკატორები დგანან „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში, ამიტომ, ისინი შესანიშნავად ფლობენ „ქართული ოცნებისთვის“ იმ დანაშაულის გადაბრალების ტექნოლოგიებს, რომელსაც თავად სჩადიოდნენ.
უფრო მეტიც, ნაციონალებმა საკუთარი დასავლელი პარტნიორების ხასიათი კარგად იციან, ამიტომაც იყენებენ შესაბამის ლოგოს 19 აპრილის აქციისთვის. ექსპერტი იმასაც მოელის, რომ კიდევ უფრო იმატებს ცილისწამებების კორიანტელი და ნაციონალები სწორედ ამას შესთავაზებენ საქმეში ჩაუხედავ საზღვარგარეთელ პოლიტიკოსებს, რაც მათთვის მშობლიურ ენასავით ჟღერს და რასაკვირველია, ეს მისცემს მათ ლობისტებსაც ახალ სარჩოს ახალი დემაგოგიის ტალღისთვის. თუმცა, სოსო ცისკარიშვილის აზრით, ეს ყველაფერი უშედეგოა.
„21 ათას ადამიანს ბიუჯეტის ხარჯზე ვითომ რომ ასაქმებდნენ საარჩევნო პერიოდში, იქიდან მხოლოდ 2 ათასი თუ არის დაკითხული და არა - მეტი. ეს პროკურატურის ძალიან რბილ, ტაქტიან ქმედებაზე მიუთითებს და არა რაიმე ტიპის ზეწოლაზე. ადამიანებზე ზეწოლა სწორედ მაშინ იყო, როცა ლუკმა-პურის დაპირების ფასად ისინი ჩართულნი იყვნენ იმ ვაკხანალიაში, რასაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მისი აზრით, იმ ადამიანთა რესურსი, რომლებიც მივლენ 19 აპრილის აქციაზე, უზარმაზარია საქართველოში, რადგან აქ იქნებიან ულუკმაპუროდ დარჩენილი ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ უსარგებლო, ზედმეტ მასას „ნაციონალური მოძრაობისთვის“. სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიყვანა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და ახლა ეს ადამიანები ასი ლარის გამო სიამოვნებით გადალახავენ ნახევარ საქართველოზე მეტს, რომ ნაციონალებს ეჭვი არ შეეპაროთ, რომ ას ლარს სწორი მიმართულებით ხარჯავენ.
თუმცა, რეალურად, ექსპერტი მიიჩნევს, თუნდაც 20 აპრილს არჩევნები რომ გაიმართოს, ნაციონალები იმ ხმების მეათედსაც ვერ მოიპოვებენ, რამდენ ადამიანსაც დაურიგეს 300-დან 1500 ლარამდე თანხა. ამდენად, ეს ერთგვარად სეთურის სამსახურია და ტყუილად ხომ არ მოაგროვეს ნაციონალებმა ასეთი მასა ქვეყანაში?!
„ჩვენთან საშუალო კლასი რომ ყოფილიყო განვითარებული, ბიზნესი თავისუფალი რომ ყოფილიყო, მაშინ სრულიად გაუგებარი იქნებოდა, რომ ვიღაცას შეაცდენდნენ ორიოდე ლუკმა-პურით. თუმცა, ნაციონალები ამისთვის იბრძოდნენ, ცოტა შეფერხდნენ, მაგრამ, ამავე დროს, დარჩნენ წარსულში. წარსულში დარჩენა კი მხოლოდ რუსეთთან ჩახუტებას ნიშნავს. კი ბატონო, ჩაეხუტონ რუსეთს ნაციონალები, მათი არაერთი ლიდერი სიამოვნებით შეიცვლიდა, უფრო სწორად, განასაჯაროვებდა სიმპათიებს რუსეთისა და რუსული ბიზნესის მიმართ და კრება დარჩებოდა მხიარული“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ ბევრი ადამიანია დაკითხული, თუმცა ძალიან ცოტაა დაკავებული და თითქმის არავინაა გასამართლებული ახალაიას და ერთი-ორი ადამიანის გარდა. ამდენად, ვანო მერაბიშვილის მხრიდან ზეწოლით აპელირება ხელოვნურად გაბერილია. ამის მიუხედავად, ნაციონალები კარგად იყენებენ ამ სიტუაციას, როდესაც სამართლებრივი პროცესები მოითხოვს ჩვენებებზე მისვლას, ადამიანის დაკითხვას. ასეთ პირობებში, ნებისმიერი დაბარება და დაკითხვა მათ მიერ გაგებულია როგორც ზეწოლა და ასევე აქვთ გაპიარებული მთელ მსოფლიოში.
უფრო მეტიც, ეს არის მათთვის ძალიან ხელსაყრელი მასალა, რომელზეც აგებენ თავის ქმედებას 19 აპრილისთვის. სინამდვილეში კი, კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ სამართლებრივ პროცესთა შეჩერება ზუსტად იმის გამო მოხდა, რომ კოაბიტაციას ხელი არ შეშლოდა.
„არა მგონია, ნაციონალების მიერ დაანონსებულ აქციაზე ხალხი გავიდეს, რადგან მთავარი თეზისი, რომლითაც მათ სურთ, შეაშფოთონ საზოგადოება და ხალხმა გაიგოს, რომ თურმე საშინელება ხდება და გააპროტესტოს ახლი ხელისუფლების მხრიდან, თითქოს, ევროპული ორიენტაციისგან გადახვევა, არაფერს ეფუძნება. ეს არის მტკნარი სიცრუე, თითქოს, ახალი ხელისუფლება რაღაცნაირად განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს ევროპის მიმართ იმის გამო, რომ რაღაც ფრთხილი ნაბიჯები დაიწყო რუსეთთან. ეს არა მარტო ქართულმა, დასავლურმა საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის, მაგრამ დასავლეთში ყველანი მაინც დეტალებში არ არიან გარკვეულნი და ნაციონალების რიტორიკა და ე.წ. არგუმენტაცია ზოგიერთზე მაინც ჯერჯერობით ზეგავლენას ახდენს“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.
მისი აზრით, გამორიცხულია, მოსახლეობის ფართო წრეებმა მხარი დაუჭირონ 19 აპრილის აქციას. უფრო კონკრეტულად კი, ვინც ამ აქციაზე გავა, ისინი იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება. სწორედ მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებს სჭირდებათ მათი დაბრუნება და ამიტომაც მხარს უჭერენ ამ აქციას.
„არცერთი ჭკუათმყოფელი მხარს არ დაუჭერს 19 აპრილის აქციას. ამიტომ ეს იქნება იმ ადამიანების ლუსტრაცია, რომლებიც მზად არიან, სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით ქვეყნისთვის მავნე სურათი დახატონ“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.