„ნაციონალურ მოძრაობაში“ უთანხმოებაა საკითხზე - თუ რა სცენარით უნდა წარიმართოს 19 აპრილის აქცია. უმცირესობის ნაწილი მიიჩნევს, რომ აქციას - მხოლოდ პოლიტიკური სახე უნდა ჰქონდეს, სადაც ლიდერები პოლიტიკურ გზავნილებს გააკეთებენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეაფასებენ, ხოლო მეორე ნაწილი კულტურულ-შემეცნებითი აქციის ჩატარების მომხრეა.
როგორც for.ge-ს კულუარულ საუბარში, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა განუცხადა, პარტიაში ერთგვარი გეგმა შედგა, რომ 19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე პავილიონი მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება - სიმღერის, ცეკვის, ხატვისა და ა.შ. წარმოდგენები.
„მართალი გითხრათ, უმცირესობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის თუ რა სახის იქნება 19 აპრილის აქცია, მაგრამ იმ გეგმის მიხედვით, რაც ამჟამად გვაქვს, აქცია პერფორმანსის ელემენებსაც შეიცავს, რასაც პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი არ ეთანხმება. ლიდერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აქცია სერიოზული სახის უნდა იყოს და არა კულტურულ-შემეცნებითი. საბოლოო ჯამში, პარტიის ლიდერები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ ვიცი, მაგრამ აქციისთვის უკვე აქტიურად ვემზადებით“, - აცხადებს უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი.
რა სახის იქნება 19 აპრილის აქცია, ამის გარკვევას for.ge შეეცადა, მაგრამ უმცირესობის ლიდერებმა მოგვიწოდეს მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პროგნოზით, 19 აპრილის აქცია ფართომასშტაბიანი, სანახაობრივი და დასამახსოვრებელი იქნება, თუმცა, ოპოზიციონერები „მკვდრის გაცოცხლებას, სალტოებზე გადასვლასა და ცეცხლმოკიდებული ტვირთებით თამაშს“ არ აპირებენ.
როგორც for.ge-ს დეპუტატმა, გოგა ხაჩიძემ განუცხადა, საზოგადოება აბსოლიტურად „განსხვავებულ“ და „დასამახსოვრებელ“ აქციას იხლავს. თუმცა, თუ რა იგულისხმება „განსხვავებულში“ ამას კანონმდებელი არ აკონკრეტებს.
„რომელი სიუპრიზი გინახავთ, რომლის წინასწარი გამჟღავნებაც მომხდარა?! სიუპრიზებს ყოფილი პრემიერიც დაგპირდათ, რასაც უნდა დაელოდოთ. ეს იქნება არა გასართობი რაღაც ღონისძიება, არამედ განსხვავებული აქცია და მიტინგი. „ოცნებისგან“ განსხვავებით, მკვდრის გაცოცხლებას, სალტოებზე გადასვლასა და ცეცხლმოკიდებული ტვირთებით თამაშს არ ვაპირებთ“, - აცხადებს ხაჩიძე, რომელმაც წინა ხელისუფლების პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული პოლიციის აღლუმი გაგვახსენა.
„ეს აღლუმი გახსოვთ? - აბსოლუტურად განსხვავებული, სანახაობრივი და დასამახსოვრებელი ხომ იყო? - ასეთ საინტერესო აქციას ელოდეთ! ეს აქცია, ერთგვარი ტესტია - თუ რამდენი ადამიანი მოვა აქციაზე. ვფიქრობ, რომ მიტინგზე ძალიან ბევრი ხალხი მოვა. ახალი მთავრობის მიერ ძალიან ბევრი შეცდომის დაშვება ხდება და თუ გვინდა ძლიერი ქვეყანა გქონდეს, ოპოზიციაც ძლიერი უნდა იყოს. ამიტომ, საზოგადოებამაც უნდა იაქტიუროს“, - დასძინა ხაჩიძემ.
აღსანიშნავია, რომ უმცირესობის ლიდერების მსგავსად, საზოგადოებას „სიუპრიზებს“ ჰპირდება „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც, რომელიც 19 აპრილის შემდეგ ქვეყნაში სიტუაციის რადიკალურ ცვლილებას აანონსებს. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები რა „სიუპრიზებზე“ აპელირებენ, ეს 19 აპრილის აქციაზე გამოჩნდება, მაგრამ მედიის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი სიუპრიზი გასულ სასესიო კვირას იხილეს. კერძოდ, მედიას უმცირესობის პიარმა დაუანონსა, რომ ქუთაისში, პარლამენტის წინ, 16:00 საათზე, უმცირესობა განცხადებას გააკეთებდა. საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარეთ გასულ მედიას კი, „სიუპრიზის“ სახით, „ფლეშმობი“ დახვდა, სადაც თეთრ მაისურებში გამოწყობილი გოგო-ბიჭები 19 აპრილის პიარ-აქციის ინსცენირებას ახდენდნენ. მართალია, უმცირესობამ თავი მოიკატუნა, რომ ამ „სიუპრიზის“ შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ მათ მიერ დაგეგმილი „ფლეშმობის“ ჩატარება საფრთხის ქვეშ იმ აქციამ დააყენა, რომელიც პარალელურ რეჟიმში, პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, - „დროზე, დაიწყონ!“ - მოუწოდებდნენ „ფლეშმობის“ ორგანიზატორებს ოპოზიციონერები.