საქართველოს იუსტიციის მინისტრი აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის შესაძლებლობაზე საუბრობს. თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის პერიოდში პრეზიდენტი აღარ იყოს, თუმცა მასთან ერთად დაიკითხება ბევრი სხვა მაღალჩინოსანიც, ვისი მისამართითაც კითხვები არსებობს.
მინისტრის განცხადებით, აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა, რადგან ჰააგის სასამართლოში არაერთი ინფორმაციაა შესული, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩივიან და ამბობენ, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა, ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გახდეს და ჩვენს პრობლემებს თავად მოვუაროთ.
„თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები, ან არ გვექნა პოლიტიკური ნება, იძულებული ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს ჰააგაში“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, პროკურატურაში წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების ყველა მასალა არის მოძიებული, სახეზეა მრავალი ათეული ტომი, თუმცა არსებობს კითხვის ნიშნები, თუ რატომ წარიმართა გამოძიება მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით.
„ჩემი მიზანია გამოძიება წავიდეს ყველა მიმართულებით, მაგრამ საქართველოში. ეს მოიაზრებს პრეზიდენტის და არა მხოლოდ მისი, არამედ ბევრი მაღალჩინოსნის დაკითხვას, მოქალაქეობისა და წარმომავლობის მიუხედავად. ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, რადგან პროცესში ჩართული იყო არაერთი სამხედრო პირი, რომლებზეც ჰააგაში კითხვები არსებობს“, - ამბობს მინისტრი.
პოლიტიკური ექსპერტი, კახი კახიშვილი იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებაზე ამბობს, რომ მთავარია, ის მხოლოდ განცხადებად არ დარჩეს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აგვისტოს მოვლენების გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს, რათა გაირკვეს, ხომ არ იყო ეს რუსეთის მხრიდან შეგნებულად პროვოკაციაზე წამოგება, ან წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლითაც რუსეთს ხელი შეუწყეს.
„გამოძიებას თუ დაიწყებენ, მხოლოდ ომს კი არ უნდა შეეხონ, არამედ იქიდან უნდა დაიწყონ გამოძიება, რით იყო განპირობებული, რომ კოდორს ზემო აფხაზეთი დაარქვეს, ახალგორი კი სამაჩაბლოს მიაბეს, რა საფუძვლები ედო ამ გადაწყვეტილებებს და ხომ არ გამოუკვეთა ვიღაცამ რუსეთს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საზღვრები და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა“, - აცხადებს კახი კახიშვილი.
მისი თქმით, გამოძიების ჩატარება დაგვიანებულიც კი არის და ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ მხრივ სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება პრეზიდენტის დაკითხვას, კახიშვილი ამბობს, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან პრეზიდენტის დაკითხვა მის სამართალში მიცემას არ გულისხმობს, ხოლო თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, მაშინ პრეზიდენტი არა მხოლოდ უნდა დაიკითხოს, არამედ სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც უნდა მიეცეს.
„თუ აქვთ საკმარისი საფუძვლები, რომ პრეზიდენტი დაკითხონ, მიმაჩნია, რომ იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა ყოველკვირეული განცხადებების კეთების ნაცვლად, სჯობს, ის მართლაც დაკითხონ და სამართლებრივი გადაწყვეტილებები მიიღონ, თუკი ამის პოლიტიკური ნება არსებობს“, - ამბობს ექსპერტი.
იგი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკითხვას არ დათანხმდება, რადგან სწორედ მან იცის ყველაზე კარგად, სინამდვილეში რა მოხდა. ამასთანავე, კახიშვილი ფიქრობს, რომ მიმდინარე საპარლამენტო დებატების ფონზე, არც საპარლამენტო უმრავლესობა დასვამს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს და არც სასამართლო მისცემს მას ამაზე დასტურს, თუნდაც სააკაშვილის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთოს. ექსპერტი ამბობს, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს მისცემს მმართველი გუნდი გარანტიებს, მით უფრო მეტ უკმაყოფილებას მიიღებს და თუკი ახლა მოსახლეობა „ქართული ოცნების“ მდგომარეობაში შედის და კატეგორიულ ქმედებებს არ ითხოვს, ოქტომბრის შემდეგ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
აქვე კახიშვილი აცხადებს, რომ სამართლის აღდგენა რამდენიმე ათასი ადამიანის ციხეში გაშვების გარეშეც შეიძლება მოხდეს, თუკი მაგალითად ქონებაჩამორთმეულ ადამიანს ჩინოვნიკი ზარალს აუნაზღაურებს, შესაძლებელი იქნება, რომ ამ ყოფილ ჩინოვნიკს გარკვეული შეღავათები დაუწესდეს. თუმცა ექსპერტი აქვე აღნიშნავს, რომ ეს შეღავათები არ უნდა შეეხოს რეჟიმის იდეოლოგებს და ეს კარგი მაგალითი იქნება დღევანდელი ხელისუფლებისთვის და მასთან დაახლოებული პირებისთვის, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობენ, რათა ამ ადამიანებსაც ჰქონდეთ განცდა, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება.
დამოუკიდებელი იურისტი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 75–ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის ხელშეუვალი, თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეიძლება მისი დაპატიმრება, ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. იურისტის განმარტებით, არსებობს კიდევ სხვა ნორმებიც, რომლებიც ამ საკითხს არეგულირებს. მაგალითად, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატის, ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პარლამენტს კონსტიტუციის 63–ე მუხლისა და ორგანული კანონით დადგენილი წესით, შეუძლია პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენოს.
რაც შეეხება პრეზიდენტის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაკითხვის შესაძლებლობას, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ამჟამად ჰააგაში რა ეტაპზეა საქმის წარმოება.
„ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია და ზოგადად, ძალიან გართულებული პროცესია. მე არ ვიცი, რის საფუძველზე გაკეთდა ეს განცხადებები, მაგრამ ბუნებრივია, ზოგადად, პრეზიდენტს კონსტიტუცია იცავს და ამასთან დაკავშირებით გარკვეულ დათქმებს აკეთებს. რაც შეეხება პრეზიდენტის დაკითხვასთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ფაქიზი თემაა და უმჯობესია, ასეთი განცხადებები მხოლოდ მას შემდეგ გაკეთდეს, რაც ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება და საჭირო გახდება, რომ ნამდვილად გარკვეული საკითხები იქნებს გამოკვლეული“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ თეორიულად თუ ვისაუბრებთ პრეზიდენტზე (სახლისა და გვარის გარეშე), მოწმის სტატუსით ყველა ადამიანის დაკითხვა შეიძლება, თუმცა გარკვეული თანამდებობის პირებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დაკითხვაზე მისვლას თავი აარიდონ და მათ შორის არის პრეზიდენტიც.
„დაკითხვა მოწმის სტატუსით შესაძლებელია ყველასი, ვისაც ძიებაში მყოფ საქმეზე რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა ამაზე უარი არ თქვა. მართალია, ის ცოტა სხვა ფორმატი იყო, ვგულისხმობ აგვისტოს ომთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას. ეს პირდაპირი მნიშვნელობით გამოძიება არ იყო, მაგრამ სააკაშვილი იქ მივიდა და ჩვენება მისცა. არ ვიცი, წულუკიანი რას გულისხმობს, მაგრამ თუ ასეთი ტიპის თემაზეა საუბარი, ამის პრეცედენტი არსებობს, რომ სააკაშვილს ამ თემაზე ჩვენება აქვს მიცემული“, – ამბობს თინა ხიდაშელი.
რაც შეეხება ჰააგაში შეტანილ საჩივარს, ხიდაშელის განცხადებით, ეს საჩივარი მისი დაწერილია (როდესაც იგი არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა) და 4–5 არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შედეგია, თუმცა ხიდაშელი ცალსახად აცხადებს, რომ ამ საჩივარში საქართველოს ხელისუფლებაზე საერთოდ არ არის საუბარი. დეპუტატის თქმით, ეს საჩივარი მხოლოდ რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ეთნიკურ წმენდას ეხება.
ზოგადად, დაკითხვასთან დაკავშირებით თინა ხიდაშელი ამბობს, რომ როდესაც მოწმის სტატუსით ადამიანის დაკითხვაზე ისტერიკას ტეხავენ, ეს უბრალოდ სასაცილოა.
„გაუგებარია, რატომ უნდა ჩავარდე ისტერიკაში, როდესაც მოწმედ მიდიხარ, თუკი შენ თვითონ არ გაქვს განცდა, რომ რაღაც დანაშაული გაქვს ჩადენილი. ამიტომ, მე ამაში ვერანაირ პრობლემას და სირთულეს ვერ ვხედავ. მთავარი ის არის, რა საქმეზე ვსაუბრობთ და ამ საქმეებიდან გამომდინარე, რა პოტენციალი არსებობს იმისა, რომ რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირი იყოს არა უბრალოდ მოწმე, არამედ შემდეგ აღმოჩნდეს, რომ დანაშულის თანამონაწილეც არის. მე ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან პოლიტიკურად მე შეიძლება ბევრი რამ ვთქვა, მაგრამ ახლა სამართლებრივ სივრცეზე ვსაუბრობთ და ეს ყველა შემთხვევაში გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.