მთავრობა საკადრო ცვლილებების მოლოდინშია

მთავრობა საკადრო ცვლილებების მოლოდინშია

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელება იგეგმება. ამდენად, შესაძლოა, კულტურის მინისტრის პოსტზე გურამ ოდიშარია საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჩაანაცვლოს, ხოლო საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობა სალომე ზურაბიშვილმა ჩაიბაროს. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელად კი გურამ ოდიშარია დაინიშნოს.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ იგი მინისტრის პოსტზე კვლავ ბრუნდება, უარყოფს.

„ყველას გასაგონად, საგარეო საქმეთა მინისტრად არ ვინიშნები და როცა იქნება საჭირო, იცოდეთ, რომ ჩემგან გავა ინფორმაცია და არა „რუსთავი 2“-ისგან“, - წერს პოლიტიკიური პარტია „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და ექვსი თვის თავზე როგორ გაართვეს თავი სამუშაოს ახალმა მინისტრებმა?! ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს რაიმე საკადრო ცვლილებები განხორციელებდეს. ამის მიუხედავად, ექსპერტს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მთავრობა (მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ცალკეული მინისტრები აქტიურობენ) რაღაცნაირად ვერ მუშაობს. ქვეყანაში, თითქოს, მართვის დეფიციტია წინა ხელისუფლებასთან მიმართებით. ამდენად, შესაძლოა, თავად კაბინეტში თვლიდნენ კიდეც, რომ ეს გადაადგილებები აუცილებელია, მაგრამ ექსპერტული თვალთახედვით, ჯერჯერობით არ ჩანს რომელიმე მინისტრის შეცვლის აუცილებლობა.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ეს სქემა ძალიან ჰგავს რეალურს, კერძოდ, ბარამიას ადგილზე ოდიშარია, მის ადგილას - ფანჯიკიძე და ფანჯიკიძის პოსტზე - სალომე ზურაბიშვილი. მეტიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოდიშარია აფხაზეთის თემაზე იმთავითვე მუშაობს, შესაძლოა, კიდეც გადავიდეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ და ფანჯიკიძემ გადაინაცვლოს მის ადგილას.

„აქ შეიძლება იყოს რეალობის რაღაც მარცვალი, თუმცა არა მგონია, აქ რაიმე ფანჯიკიძის უმოქმედობის ბრალი იყოს. უბრალოდ, ახალმა ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ შეძლო დასავლეთთან ისეთივე ურთიერთობის ჩამოყალიბება, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა აწყობილი. რაღაც პრობლემები დასავლეთთან მიმართებით ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრს არ უკავშირდება, თუმცა, შეიძლება, ვიღაც თვლიდეს, რომ ეს ასეა და ამ ურთიერთობების დასარეგულირებლად სალომე ზურაბიშვილი უკეთესი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნებოდა. ბუნებრივია, ქალბატონ სალომეს დიდი კავშირი აქვს და გავლენიანიც არის დასავლეთში.

სხვათა შორის, სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამისთვის მოიყვანა თავის დროზე საგარეო საქმეთა მინისტრად და სალომემ მაშინ მშვენივრად დაალაგა სააკაშვილის ურთიერთობები დასავლეთთან. თუმცა მაშინ პრობლემები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების შემთხვევაში“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, ამ ექვსი თვის განმავლობაში, რაც ახალმა ხელისუფლებამ ძალაუფლება მოიპოვა და თავის საქმიანობას შეუდგა, რეალურად მაინც ორი პოლიტიკური მოთამაშე ჩანდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ვიდრე, ხელისუფლება და ოპოზიცია, ან ნაციონალები და „ქართული ოცნება“. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამინისტროების სტრუქტურების ფუნქციონირება არ იყო წინა პლანზე წამოწეული არც თავად ხელისუფლებაში და არც - საზოგადოებაში. იყო საკითხები, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, სამართლიანობის აღდგენის მხრივ, დასავლეთსა და რუსეთთან მიმართებით, მაგრამ ეს საკითხები მაინცდამაინც მწვავედ არ ისმებოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თუკი ვინმე სვამდა ამ კითხვებს, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური შეფერილობა მიეცა ამისთვის.

ექსპერტი გია ხუხაშვილი არარეალურს უწოდებს უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის „ულოგიკობას“. მას აინტერესებს, ბობოხიძეს საიდან უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თითქოს, კარუსელის განხორციელება იგეგმება მთავრობაში?

„თუ აკაკი ბობოხიძეს ექსპერტობა სურს, კი ბატონო, დატოვოს პარლამენტი და აკეთოს პროგნოზები. ეს მისი არჩევანია. ჯერჯერობით, საფუძველს იმისას, რომ მინისტრთა კაბინეტში რაიმე სერიოზული ცვლილებები განხორციელდეს, ვერ ვხედავ“, - განმარტა გია ხუხაშვილმა.

გაამართლეს თუ არა ამ მინისტრებმა იმედები, ამასთან დაკავშირებით, ექსპერტი აცხადებს, რომ ეს საზოგადოების შესაფასებელია. შესაძლოა, რომელიღაც მინისტრის მიმართ ვიღაც მეტად კმაყოფილი იყოს, სხვასთან კი პრეტენზიები ჰქონდეთ, მაგრამ სამთავრობო კრიზისის რეალურ საფუძველს იგი მაინც ვერ ხედავს.

„კარუსელების ოსტატი ვინც იყო, კარგად ვიცით. ნაციონალებს კარუსელებზე ჰქონდათ მთელი მართვა აწყობილი. რამდენადაც ვიცნობ ახალ ხელისუფლებას, დღევანდელი ხელისუფლების სტილი ეს არ არის“, - აცხადებს ექსპერტი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ, როდესაც ხელისუფლებაში მოდის გამოუცდელი პოლიტიკური ძალა და ეს ბევრი მათგანისთვის სახელისუფლო დებიუტია, ასეთ დროს, მთელ მსოფლიოში სახელისუფლო გადაადგილებები ხდება ხოლმე და ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, პოლიტოლოგს მაია ფანჯიკიძის კულტურის სამინისტროში გადაყვანა აკვირვებს და ფიქრობს, რომ მასაც გაუჭირდება ამ სამინისტროში. იგი იხსენებს იმ ფაქტს, რომ კომუნისტების დროს, ორი სამინისტრო ითვლებოდა ძალზე რთულ სამართავად და ინტრიგნულად. ე.წ. „ანონიმკების“ 80 % მოდიოდა სწორედ ორ სამინისტროზე -  კულტურის სამინისტროსა და ჯანდაცვაზე. მსახიობები, რეჟისორები იმას კი არ უყურებდნენ, ორდენები თავად რატომ აიღეს, არამედ ის აინტერსებდათ, სხვამ რა მიიღო. ფიქრობდნენ, მათ თუ ეს ჯილდო მიიღეს, ჩვენ ორჯერ მეტი გვეკუთვნისო.

ამასთან, სოსო ცინცაძის აზრით, ეტყობა, გურამ ოდიშარია ზომაზე მეტად ინტელიგენტია და ინტრიგებში უსუსურად გამოიყურება, ისევე, როგორც ბუნებით ყველა ინტელიგენტი უსუსურია ინტრიგების წინაშე.

„მაშინ, როცა ქვეყანაში მძიმე ვითარებაა შექმნილი, თურმე ის ყოფილა მთავარი, რაბათის ციხეს რა ფერის გუმბათი ექნება. ასეთ აბსურდულ ინტრიგებს ოდიშარია თავს ვერ გაართმევს. მას უფრო წესიერი სამსახური სჭირდება. ჩვენს ქვეყანაში კულტურა არ არის იმ დონეზე, რომ სატრაბახოდ გვქონდეს საქმე. მით უმეტეს, ბოლო ათ წელიწადში კულტურის ძველი თაობა წავიდა, ახალი თაობა კი ვერ შედგა. რამდენიმე მოჰიკანი დარჩა, მათ შორის, რობიკო სტურუა, თუმცა მის მიმართაც ინტრიგებია. ჩემთვის, როგორც პროფესიონალი და პიროვნება, აბსოლუტურად მიუღებელია ქალბატონი ზურაბიშვილის კანდიდატურა. შეიძლება, ქალბატონ სალომეს უკვირს, რას გადავეკიდე, მაგრამ ამას პირველად თქვენ გეუბნებით, იმ დროს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი, პრეზიდენტმა ერთხელ მითხრა, დილიდან ხან პრემიერ-მინისტრი მირეკავს, ხან საგარეო საქმეთა მინისტრი და ორივე მათგანი მეუბნება, ეტყობა, შენ აქეზებ ცინცაძეს, თორემ რას გაბედავდა ჩვენს კრიტიკასო? გილაური მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. დილას ვიწყებდი მისი და ზურაბიშვილის კრიტიკით“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და იმასაც იხსენებს, თუ რატომ გაუნაწყენდა სალომე ზურაბიშვილს და დასძენს:

„ზურაბიშვილმა ჩოხები ჩააცვა ჩვენს ღიპიან ელჩებს, რაც სასაცილო იყო. გარდა ამისა, ელჩებს ოფიციალურად ცირკულარი გაუგზავნა, გვერდნახევარზე მეტი მოხსენება არ გამომიგზავნოთო, რაც საერთოდ გაუგებარი იყო დიპლომატებისთვის“.

პოლიტოლოგი არც იმას გამორიცხავს, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერს სულ სხვა მოტივაცია ჰქონდეს, რაც ჩვენთვის უცნობია. სოსო ცინცაძეს ამასთან დაკავშირებით ახსენდება რუსების გამოთქმა, სიკეთისგან სიკეთეს არ ეძებენო. ანუ, თუ კარგია, მას აღარ ცვლიან. თუმცა, რადგანაც ლაპარაკი დაიწყო ამ თემაზე, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.

გარდა ამისა, პოლიტოლოგი ირაკლი ალასანიას თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ უცხოურ პრესაში ეწერა კიდეც, რომ ივანიშვილი თავდაცვის მინისტრ ალასანიას მოექცა ისე, როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ამდენად, ესეც რაღაცის მანიშნებელია, რომ ვიცე-პრემიერობა ალასანიას უცბად ჩამოართვეს. მეტიც, პოლიტოლოგის თქმით, ეს ჩვენ უკვე გავიარეთ, რადგან თავის დროზე შევარდნაძემ დაიწყო ალექსანდრე ჩიკვაიძის შევიწროება და მხოლოდ ერთი ხმით გავიდა პარლამენტში ჩიკვაიძე და ეს ხმაც ნოდარ ნათაძემ მისცა, რაც არ უნდა უცნაური იყოს.

„ჩიკვაიძე იყო ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ამიტომ პირველი, რაც გააკეთა შევარდნაძემ, მას ვიცე-პრემიერობა წაართვა. იქაც რაღაც ბზარი გაჩნდა. თუმცა, თუ დღეს რომელიმე კადრი ამართლებს, ეს შეიძლება ითქვას ფინანსთა მინისტრზე. დიდი ხანია, ხადური ფინანსისტია. ვერაფერს ვიტყვი შს მინისტრზე, რადგან დანაშაულის მკვეთრი გაუარესება არ იგრძნობა. ის, რომ თურმე ვირტუოზი მოვლენა ყოფილა ვანო მერაბიშვილი და მას ვერავინ შეცვლიდა, ასე არ მომხდარა. თუმცა თანამდებობას თავს ვერ ართმევს განათლების მინისტრი“, - აღნიშნავს სოსო ცინცაძე და მიიჩნევს, - მიუხედავად იმისა, რომ გია ნოდიას შემდეგ მარგველაშვილი ნამდვილად ერუდიტი და ინტელექტუალი მინისტრია, მან კანონის დარღვევით სრული კაპიტულაცია მოახდინა ბენდუქიძესთან მიმართებით, როცა საქმე ბენდუქიძის უნივერსიტეტის ავტორიზაციას შეეხო. კანონში წერია, სამი თვე მაინც უნდა გავიდეს ავტორიზაციის ჩამორთმევიდან ახალი განაცხადის შეტანამდე, მან კი პარასკევ დღეს უთხრა ბენდუქიძის წარმომადგენლებს, ოღონდ შემოიტანეთ განაცხადი, ორშაბათს უკვე ავტორიზაციას მოგანიჭებთ და ნახევარ საათში სიტუაციას გავასწორებთო.

„ეს უკან დახევა კი არა, სრული კაპიტულაცია იყო. ამან ცუდაც იმოქმედა სტუდენტებზე და სხვა უმაღლესებშიც შანტაჟი დააპირეს. ისე კი, მარგველაშვილს რთული, ცუდი მემკვიდრეობა ერგო. ბოლო 15 წელია, ყოველწლიურად უარესი დონე მოდის სკოლიდან“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ძნელია იმაზე მსჯელობა, განხორციელდება თუ არა საკადრო ცვლილებები. ამ შემთხვევაში, გააჩნია, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა რა პერიოდი მისცა მინისტრებს, რომ რეალური შედეგი დაედოთ.

მეორე მხრივ, ვანო მაჭავარიანის თქმით, მანამდე საუბარი იყო, რომ პრობლემები თუ არსებობს, ამ ყველაფრის თავში სააკაშვილი, ნაცმოძრაობა თუ ადგილობრივი თვითმმართველობაა, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია. ახლა კი ირკვევა, რომ მთლად ასეც არ არის საქმე.

გარდა ამისა, ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ თვითონ მთავრობის (როგორც ერთიანი ორგანოს) მუშაობას გარკვეული პერიოდი მაინც სჭირდება, რადგან ისეთი ხალხი აღმოჩნდა მთავრობაში, რომლებსაც ერთობლივად საქმე არ უკეთებიათ. ამდენად, მთავრობის ცვლილება და გარკვეულ უწყებებში მათი გადახალისება შეიძლება საჭიროც იყოს“, - მიიჩნევს ექსპერტი. თუმცა, აქვე ეჭვს გამოთქვამს - მთავრობის გადახალისება ხომ არ აღმოჩნდება პოლიტიკურად წამგებიანი კოალიციისა და ივანიშვილისთვის, რომელსაც ფაქტობრივად, ექვს თვეში მოუწია მთავრობის შეცვლა?!

„ასეთი ცვლილებების შესახებ საუბარი თვითონ პრემიერის მხრიდან არ ყოფილა, ამიტომ, ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, შემოდგომამდე ან ზაფხულამდე მოხდეს რაიმე ცვლილება, თუ ეს ისეთ თემებთან არ არის დაკავშირებული, რომელიც ჩვენთვის უცნობია და მხოლოდ და მხოლოდ პრემიერსა და მთავრობის წევრებს შორის განხილვის საგანია“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

გაამართლეს თუ არა მინისტრებმა მოლოდინი, ვანო მაჭავარიანს ამის თქმა გაუჭირდა. თუმცა განმარტა, რომ ხალხში უფრო დიდი მოლოდინი არსებობს, ვიდრე რეალობაა. ამიტომ რამდენიმე თვეში გამოჩნდება, თვითონ ივანიშვილი როგორ შეაფასებს მისი მთავრობის ეფექტურ მუშაობას.