სანამ მიხეილ სააკაშვილი თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში მხრის სამმაგი მოტეხილობის გამო მკურნალობს, რისი მიზეზიც თურქული მედიის ცნობით ანტალიაში ველოსიპედით სეირნობის დროს ტრაილერთან შეჯახება გახდა, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ბათუმის მშვიდობიანი გზით დაპყრობაზე ოცნებობს:
„გასული საუკუნე უკვე ის გვერდია, რომელიც გადავფურცლეთ. ახლა ჩვენ დავამყარებთ ახალ კავშირებს სარაევოსა და დამასკოს, ბენღაზას და ბათუმს შორის. ამჯერად, ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანი გზებით. არავისთან არ ვიომებთ, საზღვრებსაც პატივს ვცემთ. ახლა ამაშია ჩვენი ძალა. დღეს ეს ქვეყნები სრულიად სხვა ქვეყნებია, მაგრამ 110 წლის წინ იემენი და სკოპიე, ბათუმი და ბენღაზა იყვნენ ერთი ქვეყნის- ოსმალური იმპერიის ნაწილი. ვამბობთ რა ამას, ჩვენ ვიღებთ მათ გამოწვევას, რომლებიც ცეცხლს გაგვიხსნიან, ბრალს დაგვდებენ ნეოოსმანიზმში. მაგრამ თუ ასეა, ისინი, რომლებმაც გააერთიანეს მთელი ევროპა, რატომ არ იწოდებიან ახალ რომაელებად?“ - ესაა დავუთოღლუს გამოსვლიდან ამონარიდი, რომლის ქართული თარგმანი „ობიექტივმა“ გაავრცელა.
for.ge დაინტერესდა ამ ვიდეოს წარმომავლობით. მედია-კავშირ „ობიექტივის“ ერთ-ერთმა პროდიუსერმა ილია ჩაჩიბაიამ პირველწყარო მიგვითითა და განგვიმარტა, რომ დავუთოღლუს სიტყვის ქართული თარგმანი „ობიექტივს“ ეკუთვნის, ხოლო თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ, შემდეგ ინტერნეტმისამართზე - http://www.1tv.ru/NEWS/ECONOMIC/229690
რუსულენოვან არხზე 31 მარტს გავიდა 6-წუთიანი სიუჟეტი, რომელიც ეხება კვიპროსზე განვითარებულ მოვლენებს. 04.39-ე წუთიდან სიუჟეტში საუბარია იმაზე, რომ მომავალ წელს სრულდება კვიპროსზე თურქეთის არმიის შეჭრიდან 40 წელი. აქვე ნათქვამია, რომ ეს კონფლიქტი ბოლო წლებში მას შემდეგ გამწვავდა, რაც კვიპროსზე ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს.
ამას მოსდევს აჰმედ დავუთოღლუს გამოსვლიდან ამონარიდი, რომელიც ამ მასალის დასაწყისში შემოგთავაზეთ. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ეს არის ბოლოდროინდელი განცხადება, მაგრამ მითითებული არ არის დავუთოღლუმ სად, რომელ ღონისძიებაზე იოცნება ხმამაღლა ბათუმის მშვიდობიანი გზით დაპყრობასა და ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე.