საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცების შემდეგ, საზოგადოებაში აქტიურად დაიწყო საუბრები მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო გადაადგილებებზე. საზოგადოებაში დაწყებული მითქმა-მოთქმის ძირითადი საინფორმაციო წყარო, როგორც ყოველთვის, სახელისუფლებო კულუარებია - ეს საზოგადოებრივი განწყობის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. როდესაც საკადრო ცვლილებებზე იწყება ლაპარაკი, პირველ რიგში, როგორც წესი, ძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელები მოიაზრებიან-ხოლმე.
ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა საუბრები თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განზე გაწევის თემაზე და როგორც ჩანს, საკითხი პლადოს ბაზაზე მომხდარმა ინციდენტმა გაააქტიურა, თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ ეს არ არის თემა, რომელიც ალასანიას ფიგურას სერიოზულ ჩრდილს მიაყენებს.
ისიც ფაქტია, რომ ბაჩო ახალაიას პროცესზე გენერალ კალანდაძის მიერ ჩვენების შეცვლა და პლადოს ბაზაზე ბუნტისმაგვარი სიტუაციის შექმნა ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა. ნაციონალების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ამ ფაქტს საგანგაშო უწოდა, თუმცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პლადოს ბაზაზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
გაჩნდა მოსაზრება, რომ ნაციონალები ამ ფაქტს სწორედ ბაჩო ახალაიას პროცესზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის გამოიყენებენ, იმის წარმოსაჩენად, რომ მხოლოდ ახალაიას მინისტრობის დროს არ ირღვეოდა ჯარისკაცთა უფლებები და ალასანიას მინისტრობის დროსაც იგივე ხდება.
კულუარებში დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ ალასანიას ფიგურის განზე გაწევაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ექსპერტულ წრეებში იმასაც ამბობენ, რომ ეს შეიძლება აწყობდეს ნაცმოძრაობასაც, რადგან კოალიციის დაშლის შემთხვევაში, კოალიციის წევრი მოკავშირის შეძენა მათ ლეგიტიმაციას გაზრდის.
მეორე მხრივ, აქტიურად ლაპარაკობენ კოალიციის შიგნით არსებულ განხეთქილებაზე და პარტიების მხრიდან დომინანტი მდგომარეობისთვის ბრძოლაზე. ასეა თუ ისე, არსებობს მოსაზრება, რომ ალასანიას პარტიის შევიწროება კოალიციის შიგნითაც შეიძლება აწყობდეს ვინმეს და კოალიციის გარეთაც. აქტიურად ლაპარაკობენ საკადრო ცვლილებებზეც, სახელდება კონკრეტული მინისტრები, ვისი შეცვლაც შეიძლება იგეგმებოდეს და ძირითადად ალასანიას გუნდის წევრები მოიაზრებიან.
კულუარებში საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგო სცენარებზეც ლაპარაკობენ, მაგალითად, როგორიცაა ალასანიას შინაგან საქმეთა მინისტრად გადაყვანა და ღარიბაშვილის რომელიმე ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელად მოვლინება, თუმცა ეს სრულიად ეწინააღმდეგება ვარაუდს ალასანიას ფიგურის დისკრედიტაციის მცდელობის შესახებ.
ექსპერტი კახა კახიშვილი თვლის, რომ თუ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ გორდება რაღაც, მაშინ ისიც უნდა გამოიკვეთოს, ვინ არის ამისი ინიციატორი. რეალურად, ნაკლებად სავარაუდოა, ნაციონალებმა ეს მოახერხონ, რადგან ისინი საზოგადოების თვალში ბოლომდე გაშიფრულები არიან.
„ახალაიას პროცესზე მოწმეები ჩვენებებს რომ შეცვლიდნენ, ამისი მოლოდინი ნამდვილად იყო, მაგრამ როდესაც კალანდაძე აცხადებს, რომ ალასანიამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულა, გენერალი კაცი, რომელიც იბრალებს რომ ბევრ ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა, იმასაც უნდა ამბობდეს, ეს იძულება რაში გამოიხატებოდა“,- აცხადებს კახიშვილი.
კონკრეტულად ალასანიას წინააღმდეგ თუ ზოგადად, ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, ნაციონალები ძალას და ენერგიას რომ არ იშურებენ, ესეც ცნობილი ფაქტია, თუმცა კალანდაძის მიერ ჩვენების შეცვლა ამ შემთხვევაში დისკრედიტაციისთვის ძლიერ არგუმენტად ვერ გამოდგება. კახიშვილის განმარტებით, თუ იძულება იყო, ეს უფრო კარგად უნდა აღწეროს კალანდაძემ, რათა პროკურატურამ მოკვლევა დაიწყოს.
„ირაკლი ალასანიას რომ არ ეთქვა, გენერალმა კალანდაძემ, გენშტაბის უფროსმა, თვითონ არ იცოდა რომ გამოძიებასთან უნდა ეთანამშრომლა“? - აინტერესებს კახიშვილს და თვლის, რომ პოლიტიკური განცხადებები კეთდება და „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, ახალაიას პროცესზე მტკიცებულებები დაანგრიოს.
რაც შეეხება რეკრუტების თემას, კახიშვილი თვლის, რომ არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ალასანიას დიკრედიტაციისთვის ნაკლებად გამოდგება.
„თუ დღეს ვინმე რეკრუტებს ცუდად მოექცა, სულაც არ მიშნავს, რომ ეს ახალაიას ამართლებს. მეორე მხრივ, დასადგენი და გამოსაძიებელია, ვინმეს თავში აუვარდა და რეკრუტებს ცუდად ექცეოდა, თუ რეკრუტებმა თვითონ ჩათვალეს, რომ სანიტარული წერტილების დალაგება მათ ფუნქციაში არ შედიოდა. ჯარი მხოლოდ სროლას არ ითვალისწინებს. დავუშვათ, საბრძოლო მოქმედებებში მოუხდეთ მონაწილეობა, დამლაგებლებს გააყოლებენ თან“?- ამბობს კახიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მედია „დედოვშჩინაზეც“ ალაპარაკდა, რითაც სავარაუდოდ, ბაჩო ახალაიასა და ალასანიას გათანაბრებას ცდილობენ. როგორც კახიშვილი განმარტავს, თუ განაწესი ითვალისწინებს დალაგებას და ჯარისკაცებმა უარი განაცხადეს, ეს პრობლემა ჯარში კომუნისტების დროიდან არსებობს და ძირითადად ამის გამო ხდებოდა ჯარში კონფლიქტები. ფაქტობრივად, „დედოვშჩინა“ იყო, როდესაც ფიზიკურად ძლიერები სუსტებს ალაგებინებდნენ ჰიგიენურ წერტილებს.
გაჩნდა მოსაზრებაც, თითქოს, პლადოს ინციდენტი ნაციონალების ორგანიზებული იყო, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯარისკაცების დაკითხვით ამისი დადგენა შესაძლებელი გახდება და თუ ეს ასეა, ხელისუფლების სიძლიერეზე არ მეტყველებს.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია და პირდაპირ თუ ირიბად თავდაცვის სამინისტროს პირველი პირების ეფექტურობის საკითხი დგება. ლაგაზიძე ასევე თვლის, რომ ნაციონალებს შესაძლოა, ალასანიას დისკრედიტაცია სურდეთ, მაგრამ კოალიცია ამაზე არ უნდა წამოეგოს, თუმცა ასეთი სურვილები კოალიციის შიგნით უფრო საგრძნობია.
„თუ ნაციონალების ჩანაფიქრია და ასე მარტივად წამოეგნენ „ქართულ ოცნებაში“ ეს, მათ პოლიტიკურ მახვილგონიერებასა და გამჭრიახობაზე მეტყველებს? „ნაციონალური მოძრაობისგან“ მითს ნუ შევქმნით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად ავსებს ოპოზიციის ნიშას, რაც ძალიან ცუდია. უამრავი საინტერესო მოვლენაა ქვეყანაშიც და ქვეყნის გარშემოც, რაც ამ ხელოვნური ოპოზიციის წყალობით ყურადღების მიღმა რჩება“,- აცხადებს ლაგაზიძე და თვლის, რომ ხელისუფლებას ურჩევნია რეალურ პროცესებს მისდიოს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ეს „უსაგნო ტინგიცი“ გამოიყენოს.
„ნუ შეეცდება ხელისუფლება, რომ ამითი ხელი მოითბოს, ანუ ამითი გააჯეროს პოლიტიკური და საინფორმაციო სივრცე და რეალური პრობლემები გადასწიონ უკან. დღეს შეიძლება სულის მოთქმის საშუალებას აძლევდეს, მაგრამ ხვალ დ ზეგ ძალიან ცუდად მოუბრუნდება. ამიტომ, სჯობს ცოტა რეალისტები იყვნენ“- აცხადებს ლაგაზიძე.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ხმებს, ლაგაზიძის შეფასებით, ამ ხმების გავრცელების საფუძველი კოალიციაში მიმდინარე პროცესებია, რაც სავარაუდოდ, კარგად არ დამთავრდება.
ხათუნა ლაგაზიძე: „ძალიან მაინტერესებს, რას მოიგებენ კოლიციის წევრები ალასანიას გვერდზე გაწევით? თუ რესპუბლიკელებზეა ლაპარაკი, გასაგებია, რომ მათ უნდათ არა მარტო საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლებაც ხელში ჩაიგდონ, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიც აკონტროლონ და როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრისაც.
მაგრამ მოტივაცია მაინტერესებს, ცოტა უფრო ზემოთ რას მოიგებენ ირაკლი ალასანიას მოხსნით და თავისუფალი დემოკრატების გვერდზე გაწევით? იმის ნაცვლად, რომ კოალიციაში საღად კონკურენტული გარემო შეენარჩუნებინათ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ 3%-იანმა ძალამ მართოს ქვეყანა, - „რესპუბლიკურმა პარტიამ“ - ასეთი დაპირება არ ჰქონია კოალიციას, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა.
გასაგებია და სიცოცხლის ბოლომდე მადლობლები ვიქნებით ივანიშვილის, რომ სააკაშვილის სახით საფრთხე მოგვაშორა, მაგრამ მარტო ამითი არ მოსულა ხელისუფლებაში, მას სხვა, ძალიან კარგი დაპირებებიც ჰქონდა, იგივე მრავალპარტიული სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეალური უზრუნველყოფა და ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი იყო. ახლა ვიღებთ სრულიად საწინააღმდეგოს და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რესპუბლიკელებს გაუთავისუფლონ გზა კოალიციაში. ავიღოთ, ის რაც ხდება „ქართულ ოცნებაშიც“ - რესპუბლიკელების დომინირება „ქართული ოცნების“ ლიდერის გარშემო და სხვა პერსონების დაბლოკვა - ეს ჯანსაღი პროცესია? - ეს უზარმაზარ პრობლემას შექმნის, ხვალ და ზეგ, როდესაც მომრავლდება კითხვები კოალიციის ქმედითუნარიანობის მიმართ.
ასეთ შემთხვევაში, ზედაპირზე ამოიწევს ნდობა-უნდობლობის საკითხიც, რომელიც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ. ამ შემთხვევაში იმდენად „რესპუბლიკური პარტია“ შეიძლება არ იყოს დამნაშავე, რამდენადაც თავად პროცესი, რაც კოალიციაში მიმდინარეობს.
ვიდრე ხელაღებით გაცხრილვა დაუწყიათ, უკეთესი იქნება ეს გააცნობიერონ. იმის ნაცვლად, რომ ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს შეუწყონ ხელი, გაცხრილვა და პარტიების ჩაჩოჩება მიდის“.
გარკვეულ წრეებში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის სავარაუდო ცვლილებაზე საუბარსაც ალასანიას საწინააღმდეგო კამპანიად თვლიან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია ფანჯიკიძე კულტურის მინისტრად, ხოლო სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად ინიშნება. თუმცა მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ მთავრობაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება.
კახა კახიშვილი თვლის, რომ თუ რაიმე ფორსმაჟორი არ მოხდა, ოქტომბრამდე სამთავრობო ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ.
კახა კახიშვილი: „თუ ალასანიას მიმართ კოალიციაში შტურმი განხორციელდება, ეს არ იქნება მომგებიანი კოალიციისთვის რამდენიმე მიზეზის გამო - თავდაცვის მინისტრს ის ვეღარ დანიშნავს და იძულებული იქნება, ახალი მინისტრის დანიშვნა სააკაშვილს რაღაცაში გაუცვალოს.
ამავდროულად, თუ ალასანია და მისი გუნდის წევრები მიხვდებიან, რომ კოალიციაში პოლიტიკური მომავალი აღარ აქვთ, ბუნებრივია, დაიწყებენ რაღაც მოძრაობებს და პოლიტიკური მოკავშირეების ძებნას და ეს რითი დასრულდება არავინ იცის.
ალასანიას დისკრედიტაცია შეიძლება ბევრს აწყობდეს, მათ შორის, კოალიციაში შემავალ სუბიექტებს. მთავარია, თვითონ ალასანიამ არ მისცეს დისკრედიტაციის საფუძველი. არ მგონია, რომ მყარი საფუძვლების გარეშე ივანიშვილმა დაიჯეროს იმ დისკრედიტაციის კამპანიისა, რომელსაც ადგილი ექნება.
ალასანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ივანიშვილის გუნდში მოხვდა და ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას, როგორც მოკავშირეს, ისე ენდობა. მას შემდეგ რა შეიცვალა ამ ურთიერთობებში, ამის შესახებ შესაძლოა, რაღაც კულუარული ინფორმაციები იყოს, მაგრამ ოფიციალურად არაფერი თქმულა და ამიტომ ვერაფერზე ვერ ვისაუბრებთ.
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ პოლიტიკურად რაღაც შეიცვალა - მას ჩამოერთვა პოლიტიკური, ვიცე-პრემიერის თანამდებობა, კონფლიქტიც შეგნებულად იყო გარეთ გამოტანილი და ამის შესახებ ამიტომაც ისაუბრეს მთავრობის სხდომაზე - ის დემონსტრაციულად გაწიეს გვერდზე.
მას შემდეგ, როგორც ჩანს, გარკვეულ დისტანცია პრემიერთან მაინც არსებობს, მაგრამ ამავდროულად, ალასანია ასრულებს მინისტრის მოვალეობას. ამ შემთხვევაში, ეს ორივეს აწყობს - ირაკლი ალასანიას აქვს დრო, რომელიც შეუძლია გამოიყენოს პრემიერთან ურთიერთობის აღსადგენად. ივანიშვილმა ახლა ალასანია რომ გადააყენოს, თვითონაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მინისტრების დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა. ვფიქრობ, რომ ოქტომბრამდე მთავრობაში ცვლილებები არ მოხდება, თუ რაიმე ფორსმაჟორს არ ექნა ადგილი.
კოალიცია როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, ვნახეთ, რომ ძალაუფლება ფაქტობრივად, გადანაწილდა, რესპუბლიკელებმა აიღეს საკანონმდებლო ხელისუფლება, ალასანიას კადრები ინიშნებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ალასანიას გაწევა ბევრ შანსს აძლევს კოალიციის წევრებს, გათავისუფლებული ადგილები და ბერკეტები თვითონ მოიპოვონ. იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“, როგორც პარტია ჯერ კიდევ სუსტი და ჩამოუყალიბებელია, რა თქმა უნდა, კოალიციის სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს მეტი შანსი აქვთ. ყველა ცდილობს პრემიერთან დომინანტი პოზიცია დაიკავოს, გავლენები გააძლიეროს, რომ მომავალში მისი პარტია პოლიტიკურად უფრო გაძლიერებული იყოს“.
მეორე მხრივ, საინტერესოა, რითი იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო და მომგებიანი კოალიციაში შექმნილი დაპირისპირება, მაშინ, როცა ქვეყნის ნორმალური განვითარების რელსებზე გადასასვლელად უამრავი რამ არის გასაკეთებელი.
კახიშვილი თვლის, რომ კოალიცია, ადრე თუ გვიან, დაიშლება და ამაში ტრაგედია ნამდვილად არ არის, რადგან კოალიცია მაინც ხელოვნური ორგანიზაციაა, რომელიც ივანიშვილმა სააკაშვილის ჩამოსაცილებლად გააერთიანა.
„ყველა საკუთარი ინტერესის გატარებას რომ შეეცდება, ესეც ცხადია. ვფიქრობ, არა მხოლოდ ალასანიას, არამედ ბევრი სხვა მინისტრის საკითხი გააქტიურდება ოქტომბრის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის და ნაციონალების საფრთხე ბოლომდე მოიხსნება“, - მიიჩნევს კახიშვილი.