ქუთაისელები მაჟორიტარ დეპუტატს, გუბაზ სანიკიძეს მოუწოდებენ გააქტიურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა იმუქრება, რომ პარლამენტიდან მის გამოწვევას მოითხოვენ. საზოგადოება სანიკიძის მუშაობით უკმაყოფილოა და მას მიმართავენ - ხალხთან შეხვედრები გამართოს და მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.
გასულ კვირას, ქუთაისის მერიაში გუბაზ სანიკიძის კაბინეტი მოქალაქეებმა წებოვანი ლენტით - ე.წ. სკოჩით აუკრეს და განაცხადეს, რომ არჩევნების შემდეგ, შენობაში მათი მაჟორიტარი დეპუტატი საერთოდ არ გამოჩენილა.
მათი ინფორმაციით, მოქალაქეები სანიკიძესთან შეხვედრის მიზნით, თვეობით დადიან, თუმცა, მათ მაჟორიტარი დეპუტატი ერთხელაც არ შეხვედრია.
თუ რატომ არიან ქუთაისელები უკმაყოფილონი მაჟორიტარის მუშაობით, For.ge დაინტერესდა და ყოველი მესამე მოქალაქე გამოკითხა, როგორც ცენტრალურ ქუჩებში, ასევე პერიფერიებში.
23 წლის ნინო ძოწენიძე, რომელიც ერთ-ერთ კერძო ბანკში მოლარე-ოპერატორად მუშაობს, ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხალხს მოლოდინი ჰქონდა, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდოდა, მაგრამ ქალაქში მკვეთრი ცვლილებები არ შეიმჩნევა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში, გუბაზ სანიკიძე აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწეოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, ის მოსახლეობას ნაკლებად ხვდება.
„ცვლილებებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ქალაქის ტემპი ისევ იგივეა. სიახლეებზე ვერ გესაუბრებით, რადგან მსგავს რამეს მხოლოდ ტელევიზიიდან თუ შეიტყობთ, რადგან ჩვენამდე ეს ინფორმაცია არც მაჟორიტარს მოაქვს და არც სხვას. ამ ცვლილებების შესახებ ხალხმა არაფერი იცის. წესით, მაჟორტარი ხალხს აქტიურად უნდა ხვდებოდეს და მათ პრობლემებს ეცნობოდეს. ისეთ ადგილას ვცხოვრობ, რომელიც ქალაქში პრესტიჟული უბანია, მაგრამ არ მსმენია, რომ მოსახლეობას მაჟორიტარი შეხვდაო. შეიძლება მას შიდა დახურული ტიპის შეხვედრები აქვს, მაგრამ სასურველია, თუ ჩვენც შეგვხვდება. თუ მას აქვს იმაზე პრეტენზია, რომ ის დადის და ხალხს ხვდება, პრობლემებს თავადაც დაინახავდა“, - აცხადებს ძოწენიძე, რომლის თქმითაც, ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას დასაქმება წარმოადგენს, რის გამოც, ხალხს ძალიან უჭირს და ქალაქში ორი ტიპის მაცხოვრებელია - მდიდრები და ძალიან ღარიბები.
დასაქმების პრობლემაზე წუხს 72 წლის გრიშა სოფრომაძეც, რომელიც ცენტრალური ბაღის კუთხეში, მის მიერ დამზადებულ ხის ნივთებს ყიდის.
„72 წლის პენსიონერი ვარ და მე სად დამასაქმებენ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ახალგაზრდები არ იქნებიან იმუშევრები. ოჯახს ჩემი კაპიკებით ვარჩენ, ჩემი შვილები კი, უმუშევრები არიან“, - ამბობს სოფრომაძე და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო.
მისი თქმით, ის სანიკიძეს ძალიან დიდ პატივს სცემს, მაგრამ ბოლო პერიოდში, ის მოსახლეობასთან შეხვედრაზე არ გამოჩენილა.
„არჩევნების შემდეგ, არ მინახავს, მაგრამ მჯერა, რომ ქალაქისთვის რაღაცას გააკეთებს“, - ამბობს სოფრომაძე და წინა ხელისუფლების „დახვრეტას“ ითხოვს.
67 წლის ომარი გიორგაძე, რომელიც ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში ცხოვრობს აცხადებს, რომ სანიკიძე არჩევნების შემდეგ შეხვედრებს არ მართავს, ყოველ შემთხვევაში, მას ამის შესახებ არ სმენია.
„მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრა არ ყოფილა. არც ის გამიგია, რომ სადმე თავშეყრა არისო, თორემ, აუცილებლად მივიდოდი. ქალაქში არსებული პრობლემების გარდა, იცით რა მაწუხებს და მაკვირვებს? - ელექტროენერგია 4 თეთრით შევამცირეთო და ახლა, ტელეფონზე 4 თეთრს გვაჭრიან?! ინტრიგას კი არ ვეწევი, მაგრამ ეს სწორია?! წარმოიდგინეთ, ასე რამდენ მილიონს გააკეთებენ!“, - აცხადებს გიორგაძე, რომელიც ამბობს, რომ ქალაქში ნაკლებია კრიმინალი. მისი თქმით, ის საკუთარ ავტომობილს ავტოფარეხშიც კი არ აყენებს.
შალვა ქებაძე სანიკიძეს ძალიან განათლებულ და პატიოსან პოლიტიკოსად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ სანიკიძე ქუთაისისთვის ბევრ რამეს გააკეთებს.
„გუბაზის სახით, ქუთაისს ძალიან საინტერესო მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს და იმედი მაქვს, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ქალაქი უკეთესი გახდეს“, - აცხადებს ქებაძე, რომელსაც კითხვაზე - „ქალაქში რა შეიცვალა ბოლო ექვს თვეში?“ პასუხის გაცემა გაუჭირდა და მთავარ მიღწევად ის მიიჩნია, რომ „ხალხი უფრო გახსნილია“.
ქუთაისელების პრეტენზიებს არ იღებს თავად გუბაზ სანიკიძე და აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი ძალიან აქტიური დეპუტატია.
„არ მგონია, საქართველოში, რომელიმე დეპუტატი იმდენ ხალხს ხვდებოდეს, რამდენსაც მე. ამაზე შემიძლია დავიფიცო და კონკურსშიც მივიღო მონაწილეობა. ერთი დღე დავგეგმოთ და ნახავთ, სამუშაო დღეს თუ გამიძლებთ. თქვენ ჩემთან ერთად, ხუთშაბათს დილის ცხრიდან შეხვედრები დაიწყეთ, არც საჭმელი მომთხოვოთ და არც სასმელი და ვნახავ, როგორ გაძლებთ“, - განუცხადა for.ge-ს სანიკიძემ, რომლის მტკიცებითაც, მოსახლეობას ქუჩებსა და უბნებში ხვდება.
რაც შეეხება იმას, სანიკიძე მოსახლეობას ხუთშაბათის გარდა, თუ რატომ არ ხვდება - სამშაბათსა და ოთხშაბათს, მან ამაზე პასუხის გაცემა არ ისურვა და მოგვმართა, რომ „პოლიტიკოსების შემდეგ, თქვენ ჟურნალისტებმა დააქციეთ ქვეყანა“.
სანიკიძის მაგალითიდან ჩანს, რომ მაჟორიტარების მხრიდან რეგლამენტის დარღვევას აქვს ადგილი, რადგან პარლამენტის რეგლამენტის 242-ე მუხლის მიხედვით, პლენარული სხდომების კვირის მომდევნო კვირის სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი განკუთვნილია პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრი ამომრჩევლებთან შეხვედრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის კომიტეტს, რომელიც მიღებულ ინფორმაციას 3 თვეში ერთხელ აანალიზებს და რეაგირების შედეგებს პარლამენტის თავმჯდომარეს აცნობებს. ეს ინფორმაცია კი, პარლამენტის ვებ-გვერდზე ქვეყნდება.
გუბაზ სანიკიძის მტკიცებაზე ითქმის - „ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო“, რადგან სანიკიძისა და მოსახლეობის შეხვედრის თაობაზე, არც პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულა ინფორმაცია, განსხვავებით, ელისო ჩაფიძისგან და ეკა ბესელიასგან.
შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმაც გააკრიტიკა.
„დღეს ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხები წყდება. სურათი წამოვიღე, მინდა გაჩვენოთ, თუ გეცნობათ. აბა, ვინ არის? ეს არის თქვენი მაჟორიტარი, მე მინდა გითხრათ, პარლამენტში ქუთაისის მიერ არჩეულ წარმომადგენელს პარლამენტში სანამ ძინავს, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს, რათა ქუთაისს არ წაართვან პარლამენტი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.