ყოფილი „ნაციონალები“ საკრებულოში ახალ ფრაქციას ქმნიან, სახელწოდებით, „დამოუკიდებელი დემოკრატები“. ახალ ფრაქციაში დამოუკიდებელი დეპუტატები გაერთიანდებიან. მათ შორის, დავით ჯინჭარაძე, გიორგი ქველაძე და გელა ომანიძე.
თუ რამ განაპირობა ნაციონალების ფრაქციიდან საკრებულოს წევრების წამოსვლა, ამის შესახებ For.ge დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა.
რატომ გადაწყვიტეთ ახალ ფრაქციაში გაერთიანება და ამას ხომ არ მოჰყვა ნაციონალების მხრიდან უარყოფითი რეაქცია ან მუქარის ზარები?
- 5-ში შევიტანეთ განაცხადი. ერთმანეთთან მოლაპარაკების შემდეგ ჩვენ, სამმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გადავწყვიტეთ, საკრებულოში ფრაქცია შეგვექმნა. ჩვენი აზრით, უკეთესი იქნებოდა საკრებულოში ამ სახით მუშაობა, ახლა პროცედურული საკითხების რეგლამენტის მიხედვით, ეს საკითხი კომისიას გაივლის. შემდეგ ბიუროს სხდომაზე გაიტანენ და საკრებულოს ერთ-ერთ საკითხად განიხილავენ ჩვენი ფრაქციის დამოუკიდებელი დემოკრატების შექმნას, რომლის ხელმძღვანელიც გიორგი ქველაძე იქნება, წევრები ვიქნებით მე და გელა ომანიძე. ვაპირებთ, ასევე, ვითანამშრომლოთ საკრებულოს ყველა ფრაქციასთან. მხარს დავუჭერთ ყველა საკითხს, რაც ქალაქისა და მისი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
ნაციონალების ფრაქციაში ყოფნისას ამის შესაძლებლობა არ იყო? რატომ გადადგით ეს ნაბინჯი?
- მე მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და ჩავთვალე, აჯობებს ვიზრუნო იმ ადამიანებისთვის, ვინც ხმა მომცა და საკრებულოს წევრად მაქცია, ვიდრე რაღაც პოლიტიკურ თამაშებში მივიღო მონაწილეობა. ცოტა უხერხულია, როცა ნაციონალების გუნდში მოიაზრები და გუნდურ გადაწყვეტილებებში არ ეთანხმები მათ პოზიციას.
ნაციონალები ხშირად საუბრობენ, თითქოს, მათი ფრაქციის ყოფილ წევრებზე ზეწოლა ხორციელდება და ამ ადამიანებს პროკურატურაში იბარებენ.
- ჩემთან დაკავშირებითაც იყო ამაზე საუბარი, თითქოს, ჩემზე იყო ზეწოლა, თითქოს, ჩემს მეუღლეს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ, მაგრამ ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ჩემი მეუღლე შს სამინისტროში სამი წელია მუშაობს. იმ ხელისუფლების დროს მუშაობდა და მუშაობს დღემდე ერთსა და იმავე ადგილას. მე თვითონ ინდივიდუალურად მივიღე ნაციონალების ფრაქციიდან წამოსვლის გადაწყვეტილება. მინიმუმ, სამი ადამიანი მაინც უნდა იყოს ფრაქციაში და როცა ჩემი კოლეგები დამოუკიდებლად გამოვიდნენ ფრაქციიდან, შემდეგ ჩვენ ერთმანეთთან კონსულტაციით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვექმნა ფრაქცია. მანამდეც მე ძალიან ბევრს ვესაუბრებოდი ჩემს კოლეგებს, ჩემი ყოფილი ფრაქციის წევრებს. ვფიქრობდი და ვაპირებდი ამ ფრაქციიდან გამოსვლას და დადგა ის დრო, როცა ეს ნაბიჯი გადავდგი.
სხვა ნაციონალებიც თუ ფიქრობენ ასეთი ნაბიჯის გადადგმას?
- ჩემი სუბიექტური აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძლება მალე საკრებულოში უმრავლესობა დაკარგოს.
თბილისის საკრებულოს ნაციონალების ფრაქციაში ამჟამად 26 დეპუტატია, ოპოზიციაში - 21, რა სიტუაცია იქნება ამ ცვლილებების შემდეგ?
- ჯერჯერობით, უმრავლესობას ინარჩუნებს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ, თუ საკრებულოს სხდომაზე გამოტანილ რომელიმე ინიცირებულ საკითხს მხარს დავუჭერთ, ეს ფრაქციის სახელით მოხდება. ხოლო, თუ რომელიმე საკითხს მხარს არ დავუჭერთ, ესეც ფრაქციის სახელით გადაწყდება.
არ არის გამორიცხული, ნაციონალებმა თქვენ და თქვენს მომავალ თანაფრაქციელებს მოღალატეები უწოდონ. ელით, რომ მათგან ასეთი რეაქცია წამოვა?
- ღმერთმა დამიფაროს, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს გვარსა და მოდგმაში ქვეყნის მოღალატე არავინ ყოფილა, ჩემს ხალხს, ვინც მე საკრებულოში მიმიყვანა, არ ვუღალატებ. არ ვუღალატებ პრინციპებს, რომ ჩემი ამომრჩევლის, ქალაქის მცხოვრებთა ცხოვრება უფრო უკეთესი იყოს. პოლიტიკა პოლიტიკაა, პარტია პარტიაა და მე არ ვთვლი ღალატად, რომ ერთი პარტიიდან თუ ფრაქციიდან გამოვედი.
თქვენ აცხადებთ, რომ არ ეთანხმებოდით ნაციონალების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შეუძლებელი იყო ნაციონალებთან მუშაობა მაშინ, როცა აზრთა თანხვედრა არ იყო. მაშინ რატომ იღებდით ამ გადაწყვეტილებებს?
- ცხოვრებაში არ მითქვამს ტყუილი და ახლაც ვიტყვი, რომ ყველა გუნდურ გადაწყვეტილებაში აბსოლუტურად მონაწილეობა მიმიღია. დასუფთავებისა და ელექტროენერგიის თემა იყო თუ რაც იყო, მიმიცია ხმა, რადგან გუნდური საკითხები ასეთნაირად წყდებოდა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ დღეს ჩემი აზრია, რომ ახალი რეალობიდან გამომდინარე, შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც ჩემი ამომრჩევლებისთვის კარგი იქნება და მხოლოდ იმის გამო არ უნდა მივიღო გუნდურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა, რომ იმ გუნდის წევრი ვარ.
ანუ ერთიანი გუნდის გამო, გუნდის მძევლებად იქეცით?
- ნამდვილად ასე იყო. როგორ იყო, იცით? თუ იმ გუნდის წევრი იყავი, სხვა პოზიცია არ უნდა დაგეფიქსირებინა. ფაქტობრივად, საკითხი შემოდიოდა დ ის საკითხი უნდა გატანილიყო.
თქვენ ახსენეთ დასუფთავებისა და ელექტროენერგიის საფასურის ერთმანეთზე მიბმა. საკრებულოს კიდევ რომელი გადაწყვეტილება არ მოგწონთ ამ გადასახედიდან?
- იმ დროს დასუფთავებისა და ელექტროენერგიის თემა ჩემთვის არგუმენტირებულად მისაღები იყო, რადგან მოსახლეობის ნაწილს უიაფდებოდა გადასახადი, გარკვეულ ნაწილს კი უძვირდებოდა, მაგრამ ეს შეეხებოდა უფრო შემოსავლიან ოჯახებს, ვინც მეტ ელექტროენერგიას მოიხმარდა. თუმცა ამ ორი გადასახადის მიბმის ფორმა, ალბათ, არასწორი იყო. შემდეგ ჩვენ გავანახევრეთ ზამთრის ტარიფი. ამიტომ ვფიქრობ, თუ ამ ტარიფის განახევრება შესაძლებელი იყო, მაშინ თავიდანვე მიგვეღო ეს გადაწყვეტილება?!
ის ადამიანები, რომლებიც ნაცმოძრაობას მომავალში დატოვებენ, თქვენს ფრაქციაში გადმოვლენ თუ კიდევ ახალი ფრაქცია ჩამოყალიბდება?
- ყველა ადამიანი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. ყველა ჩემი კოლეგის აზრს პატივს ვცემ, ჩვენი ფრაქციის კარი ყველასთვის ღიაა, რადგან ბევრი ღირსეული ადამიანია დღეს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“.
ფრაქციაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გადასვლა რატომ არ ისურვეთ?
- რა ვიცი, ამ დროისთვის მიზანშეწონილად ასე ჩავთვალეთ. კოლექტიურ გადაწყვეტილებებში თუ ჩვენთვის რაიმე მისაღები იქნება, ალბათ, ოპოზიციასთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ცნობისთვის, ამჟამად თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ 26 დეპუტატია. ოპოზიციაში - 21. სულ, თბილისის თვითმმართველობით ორგანოში ამ ეტაპზე ხუთი ფრაქციაა: „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ქართული ოცნება - თბილისელები“, „ქართული ოცნება - თბილისი“ და „თავისუფლება“.