ბრიუსელი – ეს დიდი და ჭრელი ჯგუფია, რომელიც მოიცავს ესპანეთის ტახტის მემკვიდრეს; ფილიპინების ყოფილი დიქტატორის ფერდინანდ მარკოსის ქალიშვილს; დენის რიჩის, სკანდალური ამერიკელი ტრეიდერის მარკ რიჩის ყოფილ მეუღლეს, რომელიც პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა შეიწყალა. მაგრამ, საიდუმლო ფინანსური ინფორმაციის თანახმად, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, ყველა მათგანს ფული და მისი დამალვის სურვილი აერთიანებს.
და სავარაუდოდ, ეს ადამიანები, ასევე ათასობით სხვა ევროპელი და ისეთი შორეული ქვეყნების მცხოვრებელი, როგორიც მონღოლეთია, უცბად სერიოზულად აღელდა მას შემდეგ, რაც გაჟონა 2.5 მილიონმა დოკუმენტმა, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას იმ დარეგისტრირებული ცრუ ფირმებისა და საბანკო ანგარიშების შესახებ, რომელიც მდიდარი ადამიანების და იმ კომპანიების კუთვნილებაა, რომლებიც გადასახადებისთვის თავის არიდებისკენ არიან მიდრეკილნი.
„აქ ის ხალხია, მთელი მსოფლიოდან, რომლებიც დღეს ძალიან შეშინებულები იქნებიან“, ამბობს რიჩარდ მერფი, ბრიტანული ორგანიზაციის „საგადასახადო სამართლიანობის ქსელის“ (Tax Justice Network (TJN)) წარმომადგენელი, ორგანიზაციისა, რომელიც დიდი ხანია რაც იბრძვის ოფშორების გასაიდუმლოების წინააღმდეგ. გასაჯაროებული ფაილები მოიცავს ინფორმაციას ასევე 4 000 ამერიკელზე, როგორც ცნობილ ადამიანებზე, ასევე ექიმებსა და დანტისტებზე.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კარგად დაცული კონფიდენციალობის მიუხედავად ინფორმაციამ მაინც გაჟონა ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც მალავენ ფულს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, კაიმანის კუნძულებზე, ლიხტენშტაინსა და სხვა მსგავს ადგილებში. დიდწილად ასეთ ადგილებში ფულის შენახვა კანონით აკრძალული არ არის.
მაგრამ ეს შემთხვევა იმით არის გამორჩეული, რომ „გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა“, ვაშინგტონში ბაზირებულმა ჯგუფმა, მასთან აფილირებულ სხვა მედია ორგანიზაციებთან ერთად, უზარმაზარი მასშტაბის ინფორმაცია მოიპოვა და ხუთშაბათს, დიდწილად ფარდა ახადა საიდუმლოს, რომლითაც მოცული იყო ის, რომ ოფშორულ ზონებში TJN-ის შეფასებით დაახლოებით 21 ტრილიონი დოლარის მოცულობის აქტივები ინახებოდა. „ეს შესაძლოა გადამწყვეტ მომენტად იქცეს“, ამბობს მერფი, რომელიც არის ავტორი წიგნისა ოფშორული საგადასახადო თავშესაფრების შესახებ. „გასაიდუმლოებულობა – ის მთავარი პროდუქტია, რომლითაც ოფშორები ვაჭრობენ. ხართ თქვენ კრიმინალი, რომელიც ფულს ათეთრებს, თუ უბრალოდ ვიღაც, ვინც ცდილობს არ გადაიხადოს და თავი აარიდოს გადასახადებს, გასაიდუმლოებულობა – არის ის, რაც თქვენ გინდათ“. როდესაც ეს იხსნება „ჩნდება უზარმაზარი შიშის ფაქტორი“ და აქვს „დიდი შემაკავებელი ეფექტი“, დასძენს იგი.
იმ ადამიანების მხილება, რომლებიც საკუთარ ფულს ოფშორებში ინახავენ განსაკუთრებულ ბრაზს გამოიწვევს ევროპაში, სადაც მთავრობები რიგით ადამიანებს სთხოვენ ქამრების შემოჭერას, მაგრამ, როგორც წესი, თვალს ხუჭავენ უფრო მდიდარ მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას ე.წ. ოფშორული ფინანსური ცენტრების მეშვეობით.
ინფორმაცია ძირითადად მოიცავს კონფიდენციალურ ცნობებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, კუკის კუნძულებსა და სინგაპურში დარეგისტრირებულ 120 000-ზე მეტი ოფშორული კომპანიისა და ტრესტის და თითქმის 130 000 ინდივიდისა და აგენტის შესახებ, მათ შორის არიან 170-ზე მეტი ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მათგანს აუცილებლად აქვს საიდუმლო საბანკო ანგარიში, და მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში მართავენ ბიზნესს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების გზით, რომელსაც აკონტროლებენ.
ინფორმაციის გამჟღავნებას, განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა საფრანგეთში, სადაც სოციალისტი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომელსაც სურს მილიონრებისთვის 75%-იანი გადასახადის დაწესება, შეეცადა პოლიტიკური ქარიშხლის შეჩერებას, რომელიც ამ კვირაში ბიუჯეტის საკითხების ყოფილ მინისტრს შეეხო, რომელმაც თვეების უარყოფის შემდეგ აღიარა, რომ მას საიდუმლო საბანკო ანგარიშები ჰქონდა.
სკანდალი ხუთშაბათს კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან მთავრობის მაღალჩინოსნები იძულებულნი იყვნენ ემტკიცებინათ, რომ ბ-ნმა ოლანდმა და სხვებმა შესაძლოა იცოდნენ, რომ ბიუჯეტის მინისტრი ჟერომ კაუზაკი, რომელიც 19 მარტს გადადგა, ტყუოდა, მაგრამ ვერაფერს იღონებდნენ. შემდეგ, პრეზიდენტის პრობლემებს დაემატა ის, რომ ICIJ -ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში გაჩნდა ჟან-ჟაკ ოჟიეს გვარი. გაზეთ Le Monde-ის თანხმად, ბ-ნი ოჟიე იდენტიფიცირებული იქნა, როგორც კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებული ფირმების ინვესტორი.
ოლანდის მეგობარმა, ოჟიემ Le Monde-თან და სააგენტო France-Presse-სთან უარყო ის, რომ რაიმე უკანონო ან არასწორი გააკეთა. მან განაცხადა, რომ ინვესტიცია განახორციელა იმ ფონდებში, რომლებიც თავის მხრივ ფულს დებდნენ ჩინეთში, და რომ მას არ აქვს პერსონალური საბანკო ანგარიში კაიმანის კუნძულებზე, და იქ არანაირი პირდაპირი პერსონალური ინვესტიცია არ განუხორციელებია. მან მხოლოდ ის აღიარა, რომ შესაძლოა სათანადო სიფრთხილე არ გამოჩინა.
დოკუმენტებით იდენტიფიცირებულ პირებს შორის არიან მარია-იმელდა მარკოს მანოტოკი, პროვინციის გუბერნატორი და ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი; ოლგა შუვალოვა, რუსეთის ვიცეპრემიერის იგორ შუვალოვის მეუღლე; გიუნტერ ზაკსი, გერმანელი „ფლეიბოი“ და ფოტოგრაფი, რომელმაც 2011 წელს 78 წლის ასაკში თავი მოიკლა; ბარონესა კარმენ ტისენ-ბორნემისა, ესპანეთის უმდიდრესი არტ-კოლექციონერი და ტისენის მეტალურგიული კომპანიის მილიარდერის ქვრივი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი მეუღლე მეჰრიბანი დოკუმენტებში ფიგურირებენ, როგორც კომპანიის დამფუძნებლები ვირჯინიის კუნძულებზე, ხოლო მათი ორი ქალიშვილი მოხსენიებულნი არიან სხვა სამ ოფშორულ ფირმასთან კავშირში.
კონსორციუმი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვა ინფორმაცია და საიდან მიიღო ის. თავის ვებგვერდზე ჯგუფი აცხადებს, რომ „დოკუმენტებში, რომელმაც გაჟონა, მითითებული ფაქტები და სახელები და გვარები – ფულის გადარიცხვები, თარიღები, კავშირები კომპანიებს და ინდივიდებს შორის – ცხადყოფს იმას, თუ როგორ მყარად მოიკიდა ფეხი მსოფლიოში ფინანსების გასაიდუმლოებამ ოფშორებში, რაც მდიდრებს საშუალებას აძლევს გადასახადებს თავი აარიდონ, რაც ერთნაირად ხელს უწყობს კორუფციას და ეკონომიკურ პრობლემებს, როგორც მდიდარ, ასევე ღარიბ ქვეყნებში“.
გერმანიაში, სადაც დღეს სექტემბერში დაგეგმილი ნაციონალური არჩევნებისთვის ემზადებიან, იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს როგორც ძლიერი სოციალური სამართლიანობის განცდა, იმავდროულად ხანგრძლივი ისტორია იმისა, რომ ადამიანები თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას და ფულს მეზობელ შვეიცარიაში მალავდნენ, ინფორმაციის გამჟღავნებამ პოლიტიკოსების შეშფოთება და ბრაზიც კი გამოიწვია. მათ განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის, რომ გერმანიის და სხვა ქვეყნების დიდი ბანკები სერიოზულად არიან ჩაბმულნი ფულის გადატანაში ისეთ ადგილებში, სადაც საგადასახადო სამსახურებს ხელი არ მიუწვდებათ.
„ჩვენ უნდა გავამკაცროთ ზომები იმ ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც იდეალურია საგადასახადო თაღლითობისთვის ან მასში მონაწილეობენ“, განაცხადა პერ შტაინბრიუკმა, კანცლერობის კანდიდატმა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, წერს ყოველდღიური გაზეთი Süddeutsche Zeitung-ი.
გადასახადებისგან თავის არიდების პრობლემა ძალიან პოლიტიზირებულ თემად იქცა ევროპის უდიდეს ნაწილში, განსაკუთრებით უფრო მდიდარი ჩრდილოეთის ქვეყნებში, რომლებსაც სულ უფრო და უფრო ბეზრდებათ მოთხოვნები ისეთი ქვეყნების ფინანსურ გადარჩენაზე, როგორიც საბერძნეთია. კვიპროსის გადარჩენის ბოლოდროინდელ შეთანხმებაში მთავარი პირობა იყო, მისი, როგორც ფინანსური ცენტრის, და ბევრი გერმანელის აზრით, ფულის გათეთრების ადგილის როლის კარდინალური შეზღუდვა. რობერტ პალმერი, ლონდონის კვლევითი ჯგუფის Global Witness-ის პოლიტიკური მრჩეველი, ორგანიზაიისა, რომელიც კორუფციის საკითხებზე მუშაობს, აცხადებს, რომ ოფშორული ანგარიშების მფლობელთა ვინაობის გამხელამ შეიძლება ძალიან სერიოზული პოლიტიკური გამოხმაურება ჰპოვოს ევროპაში, რადგან „ის ცხადყოფს, რომ თუკი თქვენ მდიდარი და გავლენინი ხართ, მაშინ განსხვავებული წესებით თამაშობთ“.
მისი თქმით, გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ ჯერჯერობით მაინც ვერ მოჰფინა ნათელი იმას, თუ რა მექანიზმით მუშაობს ეს ოფშორული ფული, მაგრამ მაინც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მან იმ ადამიანთა იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც დაფარულ თავშესაფრებს იყენებენ.
„ეს ძალიან იშვიათია, რადგან ამ ადგილებიდან ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია“, ამბობს იგი. „ეს უფრო ნათელ სურათს ქმნის იმისა, თუ როგორი იოლია ფულის მოძრაობა და გააბრაზებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სთხოვენ ქამრების შემოჭერას იმ დროს, როდესაც ხედავენ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სისტემისგან სერიოზულ სარგებელს იღებენ“.
ოფშორული ფინანსური ინფორმაციის გაჟონვა უხერხულობას უქმნის ბრიტანეთის პრემიერმინისტრ დევიდ კამერონსაც, რადგან გამოქვეყნებული მასალის დიდი ნაწილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს, ბრიტანეთის მმართვის ქვეშ მყოფ კარიბის ტერიტორიას უკავშირდება.
მანამდე, ბ-ნი კამერონი გადასახადების გადახდის და ფინანსური გამჭვირვალეობის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა და პირობას დებდა, რომ „დიდი რვიანის“ ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც ივნისში ჩრდილოეთ ირლანდიაში იგეგმება, პრიორიტეტულ საკითხად აქცევდა.
თუმცა, ბრიტანეთის კარიბის ტერიტორია, საყოველთაოდ არის ცნობილი თავისი გასაიდუმლოებულობით, და ბ-ნი პალმერი ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კანონდამრღვევია, რომელიც სთავაზობს მდიდარ ადამიანებს დამალონ თავიანთი ფული, რათა თავი აარიდონ გადასახადების გადახდას.
ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში Global Witness-მა მოუწოდა ბ-ნ კამერონს და „დიდი რვიანის“ ლიდერებს „რადიკალურ ზომებს მიმართონ კომპანიათა ანონიმური მფლობელების წინააღმდეგ“.
foreignpress.ge