საკრებულოს წევრი გიგი უგულავას კორუფციაში ადანაშაულებს

საკრებულოს წევრი გიგი უგულავას კორუფციაში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისის“ თავმჯდომარე, გიორგი მუსხელიშვილი თბილისის მერს, გიგი უგულავას კორუფციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება მუსხელიშვილმა დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მისი თქმით, თბილისის მერმა 29 მარტს გამოაცხადა ტენდერი, რომელიც კონცერტისთვის სცენის მოწყობას ეხება და რომელზეც ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი.

„თუ გავითვალისწინებთ 2012 წლის გამოცდილებას და იმ სატენდერო პირობებს, რაც დღეს თბილისის მერიის მიერ არის გამოცხადებული (21 პუნქტი), ეს არის ერთმანეთთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი სამუშაოები. ეს სამუშაოები გაერთიანებულია და გათვლილია მერიის ტენდერში 2012 წელს გამარჯვებულ კომპანიაზე „len & company”, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული თბილისის მერთან.

„პირდაპირ გეტყვით, ხდება ფულის გათეთრება საკმაოდ თავხედური მეთოდით“, - აცხადებს გიორგი მუსხელიშვილი.

მისი თქმით, ქარიშხალმა ძველ უბნებში სახლებს სახურავები ახადა და საკრებულოს წევრების მცდელობის მიუხედავად, არც ერთი გამგეობიდან ამ ფაქტებზე რეაგირება არ ყოფილა. ასევე არის ადამიანების დიდი რაოდენობა, ვისაც სტიქიის შედეგად სახლები დაენგრა და თბილისში კიდევ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი და ამ დროს, გიგი უგულავა კონცერტის ჩატარებას აპირებს. მისი თქმით, თუკი ამ კონცერტისთვის გასამართ სცენაზე ნახევარი მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, მაშინ ძნელი წარმოსადგენია, რა უნდა დაჯდეს თავად კონცერტი და საკრებულოს წევრი ვარაუდობს, რომ ამ კონცერტისთვის საქართველოში საკმაოდ მაღალანაზღაურებად მომღერლებს ჩამოიყვანენ.

მისი თქმით, თბილისის მერი დედაქალაქის ბიუჯეტს კვლავაც თავისი ნება-სურვილის მიხედვით განაგებს და სურს, თბილისის მოსახლეობა ასეთი უაზრო ხარჯების გაღების შედეგად კიდევ უფრო გააღატაკოს.

„ადრე ვისაუბრე, მაგრამ კიდევ მინდა შევეხო იმას, თუ როგორ იყენებს გიგი უგულავა ბიუჯეტის სახსრებს თავისი პირადი რეკლამისთვის. ამას დავარქმევდი პოლიტიკურ რეკლამას. საუბარი მაქვს ვაუჩერების რეკლამაზე, სადაც ამ სარეკლამო რგოში მონაწილე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები პირდაპირ ამბობდნენ, რომ თბილისის მერმა, გიგი უგულავამ იცის რა სჭირდება ხალხს და იცის, როგორ უნდა დაეხმაროს მათ. სხვათაშორის, ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შესაბამისი დასკვნაც დადო.

შეგახსენებთ, წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენს აქტივისტებს ყველაფერზე იჭერდნენ და კონტროლის პალატაში პრაქტიკულად რიგები იდგა, დღეს კი თბილისის მერი საბიუჯეტო თანხას თავისი პირადი რეკლამისთვის იყენებს“, - ამბობს საკრებულოს წევრი.

მან ასევე „თბილისის განვითარების ფონდისთვის“ თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თანხა დაახლოებით 600-დან 700 მილიონამდე ლარს შეადგენს. მუსხელიშვილის განცხადებით, მთელი ეს ფული გიგი უგულავასა და ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მოიხმარეს და აქედან ეს ადამიანებიც და საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გარკვეული ჯგუფი საკმაოდ სოლიდურ სარგებელს ნახულობდა. საკრებულოს წევრი ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი დედაქალაქის ბიუჯეტის, ანუ თბილისის მოსახლეობის ხარჯზე ხდებოდა.

გიორგი მუსხელიშვილი თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებასაც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, იონათამიშვილმა საკრებულოს ნაციონალ წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა.

„ჩემთვის გაუგებარია, რა მორალი აქვთ ამ ადამიანებს, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს, საკრებულოს წევრებზე ხორციელდება ზეწოლა იმ მიზნით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვოს. ეს არის სრული აბსურდი. ამ ადამიანების მიმართ არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა, რომ „ქართულ ოცნებაში“ გადმოსულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ორგანოებიდან გამოსულ არც ერთ მათგანს არ განუცხადებია, რომ რომელიმეზე რაიმე ზეწოლა განხორციელდა. მათ, უბრალოდ, გიგი უგულავას დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იბარებენ და უსვამენ კითხვებს“, - აღნიშნავს გიორგი მუსხელიშვილი.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა უკვე 19 აპრილის აქციის თემითაც სპეკულირებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა ისინი მიტინგზე არ მივიდნენ. მუსხელიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერები პრაქტიკულად აღარ ჰყავს და თუ ჰყავს, ეს მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვისზეც თავად „ნაცმოძრაობას“ შეუძლია ზეწოლა განახორციელოს. საკრებულოს წევრის თქმით, ესენი არიან საბავშვო ბაღების, სკოლების და გარკვეული სამედიცინო დაწესებულებების, ანუ იმ უწყებების თანამშრომლები, რომლებიც მერიის დაქვემდებარებაში არიან. მუსხელიშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზეწოლას ახორციელებენ და მოითხოვენ მათგან, რომ 19 აპრილის აქციაზე თითოეულმა 5-10 ადამიანი მიიყვანოს.

„ნაციონალები გვაბრალებენ ზეწოლას არარსებულ ადამიანებზე, რადგან მხარდამჭერები პრაქტიკულად აღარ ჰყავთ. ჩემი აზრით, ეს არის პრევენცია. კერძოდ, 19 აპრილს ისინი პარლამენტის წინ მდებარე ტროტუარს თუ შეავსებენ მხოლოდ, იმდენი ადამიანი მივა მათ მხარდასაჭერად. ამდენად, მათ იციან, რომ ეს აქცია ჩაეშლებათ და წინასწარ თადარიგს იჭერენ, რათა ეს ფაქტი გაამართლონ და ამავდროულად ცენტრალურ ხელისუფლებას გადააბრალონ“, - ამბობს საკრებულოს წევრი.

ბატონო გიორგი, თქვენ ახსენეთ კონცერტი, რომელთან დაკავშირებითაც მერიამ ტენდერი გამოაცხადა. როდის ტარდება ეს კონცერტი და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას?

- ჩვენთვის ეს ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მასზე საკმაოდ მაღალანაზღუარებად მომღერლებს ჩამოიყვანენ. ამ ეტაპზე მხოლოდ სცენის მოწყობის ტენდერია გამოცხადებული და ეს ტენდერი ნახევარი მილიონი ლარით განისაზღვრა. ზუსტი რიცხვი რომ გითხრათ, ეს არის 493 374 ლარი. მთლიანად კონცერტზე, როგორც ვიცი, 2.5-დან 3 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი. შეიძლება, ამ კონცერტს 19 აპრილისთვისაც გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, 19 აპრილიც რომ არ იყოს, ეს არის ფულის გათეთრების სქემა. კომპანია, რომელზეც ტენდერია მორგებული, „len & company” ფაქტობრივად უგულავას ოჯახის ფირმაა. როგორც მოგახსენეთ, ამ კომპანიამ შარშანაც მოიგო ტენდერი. სქემა ასეთია, ეს ფირმა იგებს ტენდერს, ხოლო შემდეგ მას ჰყავს კონტრაქტორები, რომელთაგან ზოგს შესაბამისი დინამიკი აქვს, ზოგს სხვა საჭირო აპარატურა და ა.შ. ტენდერში კი ისეთი პირობებია ჩადებული, რომ ზუსტად მოერგოს ამ კომპანიის შესაძლებლობებს. მაგალითად, სატენდერო პირობებში ზუსტად ისეთი სცენაა მოთხოვნილი, როგორიც „len & company”-ს აქვს.

აქვე გეტყვით, რომ სცენისთვის გამოყოფილი თანხის (ანუ ნახევარი მილიონის) ნახევარს უგულავა და მისი ოჯახი ჩაიდებენ ჯიბეში.

ბატონო გიორგი, გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია აგრძელებს იმ კომპანიებთან თანამშრომლობას, რომლებსაც სერიოზული დარღვევები აღმოაჩნდათ, მაგალითადგრინსერვისთან“. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, კიდევ რომელ ფირმებთან თანამშრომლობს დედაქალაქის მერია?

- „გრინსერვისთან“ დაკავშირებით რაც ხდება, ყველამ ვიცით. ყველას გვახსოვს ათასლარიანი კვიპაროსები, რომლებიც უბრალოდ არ მესმის, საიდან უნდა ჩამოიტანონ, რომ ასეთი ფასი ჰქონდეს. გარდა ამისა, მე ვიცი, რომ სადაც კი გამწვანების სამუშაოები შესრულდა, ყველგან „გრინსერვისმა“ მოიგო ტენდერები და მან შეასრულა ეს სამუშაოები. ეს ხდებოდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ თელავში, სიღნაღშიც და ა.შ. ანუ, იმ ქალაქებში, სადაც ნაციონალების ეს უაზრო პროექტები შესრულდა, რომლებსაც ისინი ქალაქის იერსახის განახლებას უწოდებდნენ. სინამდვილეში, ეს ამ ქალაქების დამახინჯება იყო.

ბატონო გიორგი, თქვენი შეფასებით რას ემსახურება 19 აპრილის აქცია, ხომ არ არის ესნაციონალური მოძრაობისმხრიდან ძალის დემონსტრირება?

- ძალის დემონსტრირებას რაც შეეხება, მე მგონი ნაციონალები პარლამენტში რა ოდენობითაც არიან წარმოდგენილები, იქიდან უკვე ნახევარიც კი აღარ ემხრობა მათ. საკრებულოშიც როგორი სიტუაციაა, ამის შესახებ ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული და მინდა გითხრათ, რომ სამადაშვილისთვის ხელოვნურად რომ არ შეენარჩუნებინათ სკამი, საკრებულოშიც ისინი ძალიან სწრაფი ტემპით კარგავენ ხალხს. ამიტომ, მე შემიძლია იმ აქტივზე ვისაუბრო, რაც მათ ჰყავთ თბილისში და გარკვეულწილად, ალბათ, სამეგრელოში. მინდა გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერანაირი ძალის დემონსტრირებას ვერ მოახდენს, რადგან ამის რესურსი, უბრალოდ, აღარ აქვთ. მე ვიცი, საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავენ იმაზე, რომ ადამიანები აქციაზე მიიყვანონ, მაგრამ ხალხი ამ სოლიდურ თანხებზეც კი უარს ეუბნება მათ.