ღარიბაშვილის წინააღმდეგ თუ მიდგომების დასამკვიდრებლად?!

ღარიბაშვილის წინააღმდეგ თუ მიდგომების დასამკვიდრებლად?!

საიასა და შს სამინისტროს შორის ინციდენტი არ ამოწურულა და სავარაუდოდ, კვლავაც დიდხანს გაგრძელდება. თემა თანდათან არც თუ სასურველ ფორმას იძენს, რადგან ერთ-ერთი პრესტიჟული არასამთავრობო ორგანიზაციისა და ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი სამინისტროს დაპირისპირება სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე საზოგადოებაში გარკვეული შფოთის საფუძველი ხდება.

მინისტრი ცდილობს საკუთარი უწყება დაიცვას და ამით საკუთარ სიძლიერეს გაუსვას ხაზი, არასამთავრობო ორგანიზაცია კი ინციდენტში დამნაშავის გამოვლენასა და შესაბამისად, დასჯას საკუთარი პრესტიჟის საქმედ მიიჩნევს.

საქმე ეხება 28 მარტს ბათუმში პოლიციის უფროსსა და საიას თანამშრომლებს შორის მომხდარ ინციდენტს, როდესაც საიას მძღოლის მიერ საავარიო სიტუაციის შექმნის შემდეგ მათ შორის შელაპარაკება მოხდა. საია მოითხოვს შსს-მ ობიექტური დასკვნა მოამზადოს, დამნაშავეთა ადეკვატური დასჯა მოხდეს, ხოლო შსს აცხადებს, რომ გენინსპექციის მიერ მომზადებული დასკვნა ობიექტურია, ხოლო დამნაშავე - დასჯილი. გენინსპექციის დასკვნის მიხედვით, დანაშაულის ამსახველი ფირის დამზიანებელ პოლიციელს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს.

ორივე მხარე აცხადებს, რომ ინციდენტი მას არ წამოუწყია, საია აღიარებს, რომ მისი მძღოლი მართლაც მსუბუქი თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა. დანაშაულად სამხარეო პოლიციის უფროსის მიერ საიას თანამშრომლისთვის ანთებული სიგარეტის სროლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე სხვა პოლიციელის მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის დაზიანებას მიიჩნევს და მოითხოვს შს სამინისტრომ ეს ყველაფერი აღიაროს.

„მეც არ მომეწონა, რაც მოხდა, მაგრამ ის არის ადამიანი, ამასთან ის ატარებს პოლიციელის მუნდირს. ცალკე საკითხია, უნდა მომხდარიყო თუ არა ეს, მაგრამ რა ამბავიც ატეხეს, ეს არის სასაცილო და ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი“, - აღნიშნა შს მინისტრმა და იქვე არასწორი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თელია თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ჯერჯერობით, როგორც მინისტრი ამბობს, „ჭიქა წყალში ატეხილმა ქარიშხალმა“, შესაძლოა, მალე ღარიბაშვილის თავზე ღრუბლებს მოუყაროს თავი, რადგან საიას ბრალდება სხვა არაფერია, თუ არა მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან სისტემის იმიჯის გადასარჩენად თანამშრომელთა საქციელის მიმართ ლოიალობა. სისტემა ღარიბაშვილს თავად არ შეუქმნია, საამისოდ დრო არ არსებობდა და ჯერაც სააკაშვილ-მერაბიშვილის მიერ ჩაყრილ საძირკველზე დგას. ერთადერთი, რაც შეიცვალა ეს სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობაა, რომელიც პოლიციელებისა და ნაცმოძრაობის გარდა ყველაზე მოქმედებდა. ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში ასეთი ინციდენტები როგორც გრძელდებოდა-ხოლმე, 9 წლის განმავლობაში არაერთხელს გვინახავს. სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო თელიასა და ფარტენაძის საქმე და სიგარეტის სროლით დასრულდა - შელაპარაკებით დაიწყო გირგვლიანის საქმე, რომელიც მკვლელობით დასრულდა. ამ ორ საქმეს შორის მსგავსებაცა და განსხვავებაც უზარმაზარია, თუმცა იმ შემზარავი მკვლელობის დროს საზოგადოება ასე აქტიური ნამდვილად არ ყოფილა და გარდაცვლილი გირგვლიანის დედის გვერდით, დაახლოებით 40-კაციან საპროტესტო აქციაზე 30 არასამთავრობო ორგანიზაცია ასე ორგანიზებულად წარმოდგენილი ნამდვილად არ ყოფილა.

ალბათ, თელიას დანაშაულის თმენის ვალდებულების დაცვის გარდა ისიც იყო, რომ პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მაშინვე საქმე არ აღიძრა. როგორც ჩანს, ნულოვან ტოლერანტობაზე უარის თქმა ყოველთვის „სასარგებლო“ არ არის, თუმცა ასევე გაუგებარია მეორე მხარის ჰიპერაქტიურობაც.

საიამ ჯერ აჭარის შს სამმართველოს უფროსის, ვალერი თელიას, მართვის მოწმობა გამოითხოვა, ხოლო შემდეგ მისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება მოითხოვა.

საინტერესოა, საიას რატომ გაუჩნდა ეჭვი, რომ თელიას შეიძლებოდა მართვის მოწმობა არ ჰქონოდა? მართლაც, აღმოჩნდა, რომ მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა და ამის გამო დაჯარიმდა კიდეც. რაც შეეხება ნარკოლოგიურ შემოწმებას, მსგავსი მოთხოვნა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა, მართლაც გაჩენილიყო, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელობით, უწყების ყველა თანამშრომელმა ნარკოტესტზე შემოწმება მისი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნისთანავე ჩაიტარა. 

„მე არ ვიცი, რატომ ითხოვენ ჩემი თანამშრომლის ნარკოტესტზე შემოწმებას. როგორ მოგეწონებათ, მე რომ საია-ს თანამშრომლების ნარკოლოგიური შემოწმება მოვითხოვო?“,- აცხადებს ღარიბაშვილი, ამასთან, შს მინისტრი სამარცხვინოს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ვალერი თელია საავადმყოფოში ნარკოტიკების მიღების გამო მოხვდა.

მეორე მხრივ, საიას მოთხოვნა რაც არ უნდა ბუნებრივად ჩანდეს, უზარმაზარ კითხვის ნიშანს მაინც ჰკიდებს შს სამინისტროს თავზე - მუშაობენ თუ არა სამინისტროში ნარკომანები?! 

ამ ინციდენტის შემდეგ ვალერიან თელია საავადმყოფოში მოხვდა, ექიმების დასკვნით, მას სტრესული მდგომარეობა და სისხლძარღვოვანი პრობლემები ჰქონდა, თუმცა საია აცხადებს, რომ მისი მოთხოვნა ნარკოტესტის შესახებ კვლავ ძალაში რჩება.
„ვიდრე რაიმე სახის პრეპარატით მკურნალობა მოხდება, ანალიზის ნიმუშის გაკეთება იქამდეც შეიძლება. თუ ვინმე იმას იტყვის, რომ გარკვეული პრეპარატის გამოყენების გამო ანალიზი ვეღარ გაკეთდება, ეს იქნება არასწორი და არადამაჯერებელი ნაბიჯი. ვიმედოვნებ, ეს ასე არ მოხდება და ამგვარი რამ დაგეგმილი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, ვალერიან თელიას ნამდვილად აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც, ძალიან ვწუხვართ და მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ. მისივე ინფორმაციით, აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა მომხდარის გამო აქცია აღარ გაიმართება.

კოჟორიძე იმასაც აცხადებს, რომ საია ამ შემთხვევაში კონკრეტული პოლიციელის წინააღმდეგ არ მოქმედებს და ეს სამართალდამცავ ორგანოებში სწორი მიდგომებისა და ხედვების ჩამოყალიბებას ემსახურება.

კონკრეტული პოლიციელის წინააღმდეგ თუ სწორი მიდგომების დასანერგად, შესაძლოა, საკამათოც გახდეს, რადგან კულუარული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ თელიას ოჯახი მორალური ზეწოლის ქვეშ მოხვდა და მომხდარი მის სკოლაში მოსიარულე შვილსაც შეეხო.  

მომხდარის შესახებ უკვე ათასგვარი ინფორმაცია ვრცელდება და ზოგი კრიმინალურ სარჩულსაც კი ხედავს. სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ორივე მხარის წინააღმდეგაა მიმართული, მაგალითად, თელიაზე ითქვა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ჩადებაში იყო შემჩნეული, მეორე მხრივ, თელიას შესახებ იმასაც ამბობენ, რომ აჭარაში ღრმად ფესვგადგმულ ტრეფიკინგს მთელი ძალით შეუტია და ტრფიკიორებიცა და მათი მფარველებიც უკმაყოფილოები არიან.

„აჭარაში თურქებისა და ქართველების მონაწილეობით ჩამოყალიბებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი. თურქები ორგანიზებას უწევენ შუა აზიიდან საქართველოში ქალების იმპორტს. მართალია, ისინი შრომით ექსპლოატაციასაც ეწევიან, მაგრამ ძირითადად ეს არის სექსუალური ექსპლოატაცია. ქართველები კი ამ ბიზნესს „კრიშავენ“. სხვათაშორის, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, აჭარის პოლიცია ძალიან გააქტიურდა თელიას მეთაურობით და მან მნიშვნელოვნად შეავიწროვა ტრეფიკინგის ბიზნესი, რომლითაც ადრე აჭარის სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ დაკავებულები“, - აცხადებს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ეს ამბავი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რადგან საზოგადოებისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი არ არსებობს.

„ერთი შეხედევით, თითქოს, უმნიშვნელო ფაქტმა სხვა დატვირთვა მიიღო და უფრო განზოგადებული გახდა, ეს არის უწყების მიერ ადამიანის დაცვა. თითქოს, ამ შემთხვევაში დიდი არაფერი მომხდარა, მაგრამ ალბათ, გვახსოვს, უწყების მიერ კონკრეტული პიროვნებების დაცვით, სწორედ ამგვარი საქმის ანალოგი იყო გირგვლიანის საქმე, როდესაც ევროპული სასამართლო განცვიფრებული იყო, ყველა უწყებამ ერთნაირი დამოკიდებულება როგორ გამოხატა საქმეში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებისადმი“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე შეფასებით, საზოგადოებას 9-წლიანი შიში აქვს და შესაძლოა, ეს უნდობლობა ამითაც არის გამოწვეული.

„როდესაც ერთმა უწყებამ, საიას ვგულისხმობ, აღიარა რომ მისი თანამშრომელი დამნაშავეა, ასეთი აღიარება არ მომხდარა შს სამინისტროს მხრიდან და ადეკვატურად არ დასჯილა ის პოლიციელი, რომელმაც სამხილი გაანადგურა. თუ საიას სამი მოწმის ჩვენება სანდო არ არის, რატომ უნდა ჩავთვალოთ რომ პოლიციელების ჩვენებებია სანდო, იმიტომ, რომ პოლიციელები არიან? ასეთი რამ წარსულში ხდებოდა და საზოგადოების შიშს სწორედ ეს იწვევს“,- აცხადებს საყვარელიძე.

მართალია საიამ აღიარა, რომ მისი მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა საჭეს, მაგრამ რა დისციპლინური სასჯელი გამოუტანა ამის გამო ორგანიზაციამ კონფლიქტის მონაწილე მძღოლს, ცნობილი არ არის, საიას ხელმძრვანელმა თავად აღნიშნა, რომ ის კვლავ რჩება ამ ორგანიზაციაში, მძღოლის პოზიციაზე.

როგორც ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, შემთხვევით რომ მოხდა ეს ინციდენტი, ნათელია, თუმცა ასეთი მოვლენის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ახლა უკვე გამოჩნდებიან მსურველები, მომხდარი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

„უკეთესი იქნება შს სამინისტრომ უფრო საფუძვლიანი დასკვნა დადოს, რადგან პოლიციის ქმედებას კანონი არეგულირებს, სადაც მითითებულია როგორც თმენის, ასევე ადეკვატური ძალის გამოყენების ვალდებულებაზე. პოლიციელმა თვითონ კი არ უნდა დაიცვას მუნდირი, არამედ პოლიციას სისხლის სამართლის კანონმდებლობა იცავს. თუ მან ჩათვალა, რომ მის წინააღმდეგ ძალა იყო გამოყენებული, თვითონვე უნდა ყოფილიყო გამოძიების ინიციატორი, საიას არ უნდა დალოდებოდა, როდის გააკეთებდა განცხადებას“- აცხადებს კახიშვილი.

როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, ძალიან ძნელია, 9 წლის განმავლობაში სახელგატეხილმა უწყებამ ასე უცებ დაიბრუნოს ხალხის ნდობა.

„მეორე მხრივ, გვახსოვს, გარკვეული უნდობლობის მომენტი საიას მიმართაც გაჩენილა, როდესაც ისეთი განცხადებები გაუკეთებია, როდესაც ძნელი იყო დადგენა, რა პოლიტიკური პოზიციის გატარება სურდა, გვახსოვს ობიექტური და საზოგადოებისათვის მისაღები პოზიციებიც“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე და არც იმას გამორიცხავს, რომ შს მინისტრსაც ებრძოდეს ვინმე და ეს ინციდენტი სათავისოდ გამოიყენოს.

„თუმცა უწყებამ, რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება კეთილი უნდა ინებოს და ისეთი ობიექტური დასკვნა დადოს, რომელიც ეჭვებს მოსპობს საზოგადოებაში, ასევე შიშს, რომ თუ პოლიციელი რაიმე სერიოზულს დააშავებს, მას უწყება ისევე არ დაიცავს და დაფარავს, როგორც არაერთხელ მომხდარა“, - აცხადებს საყვარელიძე.

კახა კახიშვილის აზრით, იმაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, როგორ დაიცვა არასამთავრობო ორგანიზაციის იმიჯი, ან პოლიციელის მუნდირი, არამედ ობიექტური დასკვნა უნდა მომზადდეს და ამით გაეცეს პასუხი ყველაფერს.

„ახლა პროკურატურაშია საქმე და არც პოლიციელობა და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრობა არ უნდა გახდეს ინდულგენციის საფუძველი.

ოპონენტები ამ ფაქტის ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოყენებას რომ შეეცდებიან, ეს ფაქტია. ოპოზიციას მთავრობის შესუსტების გეგმა რომ გააჩნია, ეს ცნობილია და, პირველ რიგში, შს მინისტრზე მიდის ხოლმე იერიში. ბევრს გაუჩნდება სურვილი, რომ როგორმე შეარყიოს ღარიბაშვილის სკამი“,- აცხადებს კახიშვილი.

კულუარებში ვრცელდება წმინდა პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც, ეს ყველაფერი თელიას კი არა, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ არის მიმართული.

„არ მგონია ბაქრაძესთან შეხვედრის დროს გადაწყვეტილიყო რაღაც, საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა იყო, სადაც მსგავსი საკითხები არ წყდება. თუმცა ღარიბაშვილის წინააღმდეგ მედიაში შტურმი რომ მზადდებოდა, ამის ნიშნები ბოლო დროს ნამდვილად არსებობდა“, - აცხადებს კახიშვილი, რომელიც თვლის, პრინციპულობის გამოჩენა, რომ ჩემს თანამშრომელს არ დავსჯი და საყვედურსაც არ გამოვუცხადებ, არ არის სწორი, რადგან დღევანდელი ქმედება ხვალ შეიძლება მაგალითი აღმოჩნდეს პოლიციელების ხვალინდელი ქმედებებისა.

„შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ მომავალში გახდება საფუძველი, უფრო მძიმე შემთხვევაშიც, რომ მოითხოვონ თანამშრომლებმა მინისტრის მხარდაჭერა“, - ამბობს კახიშვილი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ პრევენციისთვის საჭიროა მაქსიმალურად ობიექტური დასკვნა, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები და რაც მთავარია, მესამე მხარეს არ მიეცეს ამ ინციდენტის სათავისოდ გამოყენების საშუალება, რადგან მსურველები ნამდვილად არიან.

ამისი მსურველები ვინ არიან, აქ კი შეიძლება საკმაოდ დაიბნეს საზოგადოება.

„თელიას შემთხვევა სხვა არაფერია, თუ არა შიდა ინტრიგების ნათელი მაგალითი. მიმაჩნია, რომ იგი შეცდა, თუ ვინმეს სიგარეტის ნამწვი ესროლა, მაგრამ აქამდე ამის მიყვანის უკან ერთ-ერთი სახელისუფლო ჯგუფი დგას და ყველამ ვიცით, რომ ეს არის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს ებრძვის. როდესაც არის შიდადაპირისპირებები, ხელისუფლება ყოველთვის სუსტდება და გარე ძალები ძლიერდებიან. დარწმუნებული ვარ, ახლა თელიას ყურადღება ინტრიგებზე გადაერთვება და ტრეფიკინგთან და სხვა რეალურ პრობლემებთან ბრძოლაში გაუბედავი იქნება, რადგან მოწინააღმდეგე ჰყავს, არც მეტი, არც ნაკლები, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ღარიბაშვილთან არის დაპირისპირებული“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

ასეთი განცხადებები პოლიტიკოსებისგან უცხო და ახალი არ არის, თუმცა „რესპუბლიკური პარტიისა“ და საიას მჭიდრო ურთიერთობებზე კულუარებში მას შემდეგ გააქტიურდა საუბარი, რაც საიას ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი მეორე ვადით აღარ წარადგინეს, იმის მიუხედავად, რომ მისი ხელმძღვანელობით, ამ ორგანიზაციამ არჩევნებამდე საკმაოდ მძიმე და ნაყოფიერი შრომა ჩაატარა.

საიაში გამგეობის წევრად თინა ხიდაშელის შეყვანასაც სწორედ ჩუგოშვილი ეწინააღმდეგებოდა, მიზეზად ინტერესთა კონფლიქტს ასახელებდა, მაგრამ ხიდაშელმა გამგეობის წევრობა ცოცხალი თავით არ დათმო (თუმცა, კოჟორიძე-თელიას დაპირისპირებისას, ხიდაშელმა უფლება-მოსილება დროებით შეიჩერა, - თავად აღიარა ინტერესთა კონფლიქტი. რეალურად, ამას გვერდზე გადგომა ჰქვია, რაც კოალიციის წევრ-დეპუტატ ხიდაშელს და საიას გამგეობის წევრ ხიდაშელს მომგებიან პოზაში აყენებს). ამის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა - ჩუგოშვილი საიას ჩამოაშორეს, ივანიშვილის მრჩევლად დაინიშნა, ხიდაშელი საიას გამგეობის წევრად დარჩა, ხოლო საიას თავმჯდომარედ (როგორც ამბობენ ხიდაშელის კადრი), კახა კოჟორიძე „აირჩიეს“.

„მეფის კარზე“ ინტრიგები საქართველოში რა გასაკვირია, კულუარებში კი რა მართალია და რა ტყუილი, ალბათ, გარკვეულ დროში გაირკვევა კიდეც. თუმცა, რომელ პარტიას რა სურვილებიც არ უნდა ამოძრავებდეს, ერთი რამ სრულიად ცხადი და გარკვეულია. არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს, მისი დამსახურებით - კოალიციაში შემავალ პარტიებს. პასუხისმგებლობაც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებაზე ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რადგან მის გარდა მთელი პოლიტიკური სპექტრი ზედმიწევნით კარგად ცნობილი იყო ქართველი საზოგადოებისათვის და ივანიშვილის გარეშე რეჟიმთან ბრძოლა ყველა მათგანისთვის გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. დღეს საზოგადოება ამ პარტიების ერთიანობას მოითხოვს და არა ინტრიგებს, და როგორც თავად ივანიშვილმა განაცხადა სხვა პარტიის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის დროს, ეს კარგად არავისთვის არ დასრულდება.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, სავარაუდოდ, მოუწევს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ არც პოლიციის სახელი შეიბღალოს და არც მისი უწყების სიძლიერე დადგეს ეჭქვეშ და არც დემოკრატიულობისა და სამართლიანობის ირგვლივ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.