IDS ბორჯომი მოსაკრებლის 150 %–ით გაზრდით უკმაყოფილოა

IDS ბორჯომი მოსაკრებლის 150 %–ით გაზრდით უკმაყოფილოა

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც for.ge უცვლელად გთავაზობთ.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო უარყოფით პოზიციას აფიქსირებს მთავრობის იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ბუნებრივ რესურსზე მოსაკრებლის სამჯერ გაზრდის ინიცირებას გულისხმობს. მოსაკრებლის გაძვირება უარყოფითად აისახება IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი მინერალური წყლის „ბორჯომის“ კონკურენტუნარიანობაზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, უკრაინისა და სხვა საექსპორტო ბაზრებზე.

დღევანდელ დღემდე ჩვენი კომპანიისთვის ბუნებრივ რესურსზე მოსაკრებელი ყველაზე მაღალი იყო ბაზარზე და შეადგენდა 5,9 ევროს 1მ/3-ზე, როცა საქართველოში არსებული მინერალური წყლის სხვა კომპანიებისთვის მოსაკრებელი 1მ/3 -ზე 4,1 ევროს შეადგენდა.

დსთ-სა და ევროპის ქვეყნებში მოსაკრებლის დონე 1მ/3 -ზე 0,1 -დან 5,7 ევრომდე მერყეობს. ერთადერთი ქვეყანა სადაც ეს გადასახადი უფრო მეტია ვიდრე ჩვენთან - საფრანგეთია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთში მინერალური წყლის მწარმოებლები შეღავათიან რეჟიმში იხდიან დღგ - ს გადასახადს. ანუ, თუკი ქვეყანაში დღგ 19% -ია, წყლის მწარმოებლებისთვის იგი 7% -ით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსაკრებელი, რომელიც დღევანდელ დღეს განსაზღვრულია კონკრეტულად ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მაღალია როგორც დსთ-ს, ასევე ევროპის სივრცეში.

დღესდღეობით მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. წლების მანძილზე კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე „ბორჯომის“ ბრენდის განვითარებისათვის დიდი ძალისხმევა დახარჯა და ათეულობით მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ვწუხვართ, დღეს მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს „ბორჯომის“ დღევანდელ პოზიციებს საექსპორტო ბაზრებზე და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის მომავალ განვითარების პერსპექტივებს.