„ჯობდა თბილისის საკრებულო საერთოდ გაეუქმებინათ“

„ჯობდა თბილისის საკრებულო საერთოდ გაეუქმებინათ“

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, კოკი იონათამიშვილი, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ დევნას აწარმოებს ზოგადად, განსხვავებული აზრის და კონკრეტულად, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ ამ ზეწოლას რამდენიმე მიმართულება აქვს. ერთ-ერთი არის თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება, მაგრამ 19 აპრილის მიტინგის დაანონსების შემდეგ ეს ზეწოლა გაძლიერდა.

„ხდება პარტიის აქტივისტების და მხარდამჭერების შეშინება და ზეწოლა მათზე, იმასთან დაკავშირებით, რომ მიტინგის ორგანიზებაში ხელი შეგვეშალოს. გარდა ამისა, რაც განსაკუთრებით სავალალოა, იმ სამ ოლქში, სადაც შუალედური არჩევნებია დანიშნული, განსაკუთრებით გახშირდა ჩვენი აქტივისტების დაბარება სხვადასხვა საგამოძიებო სამსახურში“, - აცხადებს კოკი იონათამიშვილი.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაძალადევის რაიონის აქტივისტებიდან გუშინდელი მონაცემებით 40 ადამიანია საგამოძიებო ორგანოებში დაბარებული, რისი ამოცანაც არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ოლქში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეეშალოს. კოკი იონათამიშვილის თქმით, ხელისუფლება იმასაც კი არ მოერიდა, რომ იმ დროს, როდესაც საკრებულოში სხდომა მიმდინარეობდა, საკრებულოს 8 წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ საგამოძიებო უწყებებში იყო დაბარებული და ეს გაკეთდა იმისთვის, რომ სხდომის დროს „ნაცმოძრაობას“ უმრავლესობა არ ჰქონოდა.

„კანონპროექტის, რომლის დაჩქარებული წესით განხილვაც პარლამენტმა გუშინ დაიწყო, მიზანი არის არა ჩუღურეთის თუ სხვა ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატების დამატება, არამედ ამ კანონპროექტის ერთადერთი ამოცანაა, თბილისის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ რაც შეიძლება მალე მოიპოვოს უმრავლესობა. კანონპროექტის არც ინიციატორებს, არც მის მხარდამჭერებს, ჩემს კოლეგებს „ქართული ოცნებიდან“ არაფერში ანაღვლებთ ჩუღურეთის თუ სხვა რაიონის მოსახლეობის ბედი. მათი ერთადერთი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე დაეპატრონონ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელს“, - აღნიშნავს საკრებულოს დეპუტატი.

მისი თქმით, ჩუღურეთსა და სხვა რაიონებში, სადაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია გამოკლებული, მუშაობს გამგეობები და საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არარსებობა განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. კოკი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ეს კანონპროექტი უფრო ადრე დღის წესრიგში იმიტომ არ დადგა (საკრებულოს გამოკლებული წევრის არჩევის წესის შესახებ კანონპროექტი), რომ აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე სხვადასხვა სახის ზეწოლამ, საგამოძიებო ორგანოებში დაბარებამ და ა.შ. შედეგი არ გამოიღო და ამიტომ ახლა „ქართული ოცნება“ უკვე საკანონმდებლო გზით ცდილობს იმის მიღწევას, რომ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვოს.

ბატონო კოკი, უწყებათაშორის კომისიამ მიიღო რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც უნდა საგამოძიებო ორგანოებში იმ ადამიანების დაბარება უნდა გადადებულიყო, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესში არიან ჩართულები. ამის შემდეგაც გრძელდება ამ ადამიანების დაბარება?

- ეს საკმაოდ ზოგადი განცხადება იყო, რომ თუ არ არის აუცილებელი არ დაიბარებენ, მაგრამ თუ აუცილებელია დაიბარებენ. ეს რას ნიშნავდა ვერ მივხვდი. თავად უწყებათშორის კომისიის განცხადება აბსოლუტურად ობიექტური იყო, რადგან ის ფაქტები, რაზეც მე ვისაუბრე, ბუნებრივია, კომისიისთვის მიწოდებული გვქონდა. თავიდან ითქვა, რომ კანდიდატებს ექნებოდათ ამ მხრივ გარკვეული შეღავათები, ანუ საუბარია სამ ადამიანზე, მაგრამ საარჩევნო კამპანია არ არის მხოლოდ კანდიდატები. ამ პროცესში ათეულობით და ასეულობით აქტივისტია მობილიზებული, არა მხოლოც ჩვენს პარტიაში, არამედ ნებისმიერ პარტიაში. ჯერჯერობით, ამ მხრივ, რაიმე განსაკუთრებული შემცირება საგამოძიებო უწყებებში დაბარებული ადამიანებისა, მე არ შემიმჩნევია. თუ გვექნება საშუალება, რომ ნორმალური საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ, ეს რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა, ამის შესახებ მედიას აუცილებლად ვაცნობებთ.

აქვე გეტყვით, რომ ეს პოლიტიკური დევნა, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სახეზე გვაქვს, ნათელს ხდის იმას, რომ სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური პარტიები უნისონში მუშაობენ, რადგან მათი ერთ-ერთი ლოკალური ამოცანა, როგორც თვითონ თქვეს, თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებაა. 18 მარტს ჩვენ წერილით მივმართეთ ბატონ დავით უსუფაშვილს (მას ამის თაობაზე ბატონმა ზაალ სამადაშვილმა მიმართა წერილით) და სურვილი და მზაობა გამოვთქვით, რომ სამუშაო შევხედრა გამართულიყო, თუმცა ეს შეხვედრა ჯერაც არ ჩატარებულა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იმ პოლიტიკურ დევნას, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ, პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ოცი დღეა ამ წერილის გაგზავნის შემდეგ გასული და ვერ ვხედავ მიზეზს იმისა, რომ ორი ადამიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს ვერ შეხვედროდნენ. მით უმეტეს, იმ წერილში მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებზე არ იყო საუბარი. მოგეხსენებათ, დაგეგმილია თვითმმართველობის რეფორმა, რომელსაც ჩვენც გამოვეხმაურეთ. საკრებულოში შევქმენით დროებითი კომისია, რომლის თავმჯდომარე არის მამუკა კაციტაძე, ანუ ადამიანი, რომელიც ჩვენს ფრაქციას არ წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, თბილისს ძალიან ბევრი რამ ექნება შესათავაზებელი პარლამენტისთვის, როდესაც თვითმმართველობის რეფორმა იქნება განხილული. იქ სხვა საკითხებზეც იყო საუბარი, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პასუხი არ არის.

ამ პოლიტიკური დევნის ფაქტებზე უკვე საკმაოდ მაღალი ტრიბუნებიდან საუბრობენ. კერძოდ, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესმა მიიღო ანგარიში, სადაც საუბარი იყო ამგვარ ფაქტებზე და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, ამ ფაქტების აღსაკვეთად მაქსიმუმი გაეკეთებინა. ევროპელებმა განსაკუთრებით დაგმეს ის, რომ არჩევით თანამდებობებზე მყოფი ადამიანების წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური ზეწოლა. ბუნებრივია, ეს მხოლოდ თბილისს არ ეხება. მოგეხსენებათ, რეგიონებში ათეულობით ადამიანი, გამგებლები, თუ საკრებულოს თავმჯდომარეები ტოვებენ თანამდებობებს. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები (და ბუნებრივია, ევროპის საბჭოს ამგვარად განვიხილავთ) ამაზე ხმამაღლა საუბრობენ.

ჩვენი მიზანი არ არის თბილისის საკრებულოში უმრავლესობის ხელოვნურად შენარჩუნება. ძალიან ნორმალურად ვუყურებთ იმას, რომ არაფერი მუდმივი არ შეიძლება იყოს და შეიძლება რომელიმე პარტიას დღეს ჰქონდეს უმრავლესობა თბილისის საკრებულოში და პარლამენტში, ხოლო ხვალ - აღარ ჰქონდეს. უბრალოდ, ჩვენს გულისტკივილს იწვევს ორი რამ - ერთი - პოლიტიკური პროცესი არის აბსოლუტურად არაჯანსაღი და მეორე - საკრებულოს წევრების უმეტესობა კონცენტრირებულია არა იმაზე, რომ თბილისელების პრობლემები გადაიჭრას, არამედ იმაზე, რომ სკამისთვის იბრძოლოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ არის პოლიტიკური პაექრობა. ეს არის უხეში მეთოდებით ბრძოლა.

რაც შეეხება ამ კანონპროექტს, გასაგებია, რომ პრეტენზია გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ მისი განხილვა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ როგორია თავად კანონპროექტის მიმართ თქვენი დამოკიდებულება?

- ამ კანონპროექტის ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაც შეიძლება მალე მოიპოვოს უმრავლესობა თბილისის საკრებულოში (მაპატიეთ, რომ ამის გამეორება მიწევს, მაგრამ ეს ასეა). თუ ჩემი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ სხვა რაიმე ლეგიტიმური ინტერესი იყო ამ კანონპროექტის უკან, ამაზე მათ შეეძლოთ სამი თვით ადრე განეცხადებინათ, ან (რაც ალბათ ყველაზე უფრო მისაღები იქნებოდა) იმ თვითმმართველობის რეფორმაში, რომელიც საქართველოში არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები ივნისში უნდა ჩატარდეს. ამაზე ვიხუმრე კიდეც, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამდენ წვალებას (ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ), სჯობდა თბილისის საკრებულო საერთოდ გაეუქმებინათ და სხვა გადაწყვეტილებებზე თავი აღარ შეეწუხებინათ.

ეს პრობლემა სამი-ოთხი თვის წინ იმიტომ არ გაახსენდათ ჩემს კოლეგებს, რომ იმედი ჰქონდათ, იმ ბინძური მეთოდებით, რასაც ადგილი აქვს თბილისის საკრებულოში და სხვა თვითმმართველ ორგანოებში, მოიპოვებდნენ უმრავლესობას. ახლა ნახეს, რომ ვერ მოიპოვებდნენ, რისი ნათელი მაგალითიც საკრებულოს წინა სხდომა იყო და გადაწყვიტეს, საკანონმდებლო მეთოდებით მიაღწიონ თავიანთ მიზანს.

რაც ყველაზე სამწუხაროა, არც ერთ საკრებულოს წევრს, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, მანამდე არანაირი კამათი და კრიტიკა ფრაქციის მიმართ არც ერთ საკითხზე არ ჰქონია.

თქვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტებში და მერიის სავქუწყებო ორგანიზაციებში, მაგალითად, საბავშვო ბაღებში, აქტიური მობილიზება მიმდინარეობს 19 აპრილის აქციისთვის. კერძოდ, ბაღის გამგეები თანამშრომლებს იბარებენ და აიძულებენ, რომ აქციაზე აუცილებლად წავიდნენ. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- აქტიური მობილიზება მიმდინარეობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მასზედ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციის ორგანიზებაში მაქსიმალურად შეეშალოს ხელი. რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ მიტინგზე ხალხი მოვიდეს, თუმცა მათი მხრიდან ამაზე საუბარი, როცა სამართალდამცავი ორგანოები სრულად მათ ხელშია და მათი ერთადერთი ამოცანა ჩვენს მხარდამჭერებზე ზეწოლაა, ამ ტიპის განცხადებები უკვე სასაცილოდაც კი მეჩვენება.

ჩემს კოლეგებს შევახსენებდი, რომ პირველ ოქტომბერს მათ მოიგეს არჩევნები, მათ დააკომპლექტეს მთავრობა და თუ სადმე კანონდარღვევას ხედავენ, ანუ თუკი ვინმეზე ზეწოლა მიმდინარეობს, ამის მეტს ისინი არაფერს ეძებენ. ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა, რომელიც რეალურად არ არსებობს. მეორე მხრივ, ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს (რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში), რომ მოვიდნენ 19 აპრილის აქციაზე.

ამ ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ქვეყანაში არსებობს განსხვავებული აზრი და იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტიაა, ამ აქციაზე ველით სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებსაც, რომელთა ხედვა, მეტნაკლებად მაინც არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვაქვს. ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგი, არამედ არის იმის დაფიქსირება, რომ ხელისუფლებამ იცოდეს, ქვეყანაში არსებობს განსხვავებული აზრი, ჩვენი არჩევანი არის ევროპა და ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, მკაცრად იქნება უარყოფილი.