ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ნაციონალთა ნაწილი დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ების სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმდა, ხოლო მეორე ნაწილი თვითმართველობებში. მართალია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხრა წლის განმავლობაში მოსახლეობის დასაქმების პრობლემა ვერ მოაგვარა, მაგრამ მათ მხოლოდ რამდენიმე თვე დასჭირდათ საიმისოდ, რომ პარლამენტს, თუ სამინისტროებს გარეთ დარჩენილი საკუთარი წევრები დაესაქმებინათ.
ასე მაგალითად, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები გახდნენ კობა ხაბაზი, ეკა ხერხეულიძე, რუსუდან კერვალიშვილი, ლადო ვარძელაშვილი, გიგა ნასარიძე, ლევან თარხნიშვილი და ბადრი ბასიშვილი, მთავრობის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი საბურთალოს გამგებელი გახდა, ხოლო მის ერთ-ერთ მოადგილედ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაკა გიგაური დაინიშნება, რომელიც დაკავებული პოსტიდან ოფიციალურად 1-ელ აპრილს გათავისუფლდება.
წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, პოსტებზე ვის მიერ ინიშნებიან - for.ge გია ხუროშვილს ესაუბრა:
საბურთალოს გამგებლის პოსტზე, ვინ დაგნიშნათ?
- ეს თანანმდებობა ჩემი კარიერის ლოგიკური გაგრძელება და ჩემი ბავშვობის ოცნება ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, ეს იყო ჩემს მიერ აღებული პასუხისმგებლობა, რომელსაც არ გავექცევი. გაცილებით მაღალ თანანმდებობებს მთავაზობდნენ, მაგრამ თბილისის მერის, გიგი უგულავას შეთავაზება მივიღე და საბურთალოს გამგებელი გავხდი. მართალი გითხრათ, საკმაოდ საინტერესო სამუშაოზე ავღმოჩნდი. საშუალება მაქვს, ადგილზე გავეცნო იმ პრობლემატიკას - თუ რატომ ვერ მიდიოდა მთელი რიგი გადაწყვეტილებები ადამიანებამდე და თუ რა იყო დისკომუნიკაციის მიზეზი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თითოეულმა ჩვენთაგანმა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ერთმანთთან მტრულ პოზიციაში ყოფნა უნდა მოვხსნათ. იმ გზაჯვარედინზე უნდა გადავიდეთ, რასაც ერთობლიბად საქმის კეთება ჰქვია. საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს - თუ რა სახელისა და გვარის ადამიანი იქნება ხელისუფლებაში, არამედ მათ აინტერესებთ - პასუხისმგებელი ხელისუფალი, რომელიც მათ პრობლემების მოგვარების გზებს შესთავაზებს.
წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყავით. შესაბამისად, პრობლემების მოგვარებაზე ახლა საუბარი, თქვენი მხრიდან, დაგვიანებული არ არის?
- „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი შეცდომა ის იყო, რომ თავის დროზე, თვითმართველობების დამოუკიდებლობის გაზრდას განსაკუთრებული ყურადღება არ დაუთმეს. გამგებლებად პოლიტიკურად გამბედავი ადამიანები უნდა დაენიშნათ. მართალია, ამ თემაზე, ახლა საუბარი უკვე დაგვიანებულია. თუმცა, თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელები დამოუკიდებელი პირები უნდა იყვნენ. გამგებლებს იმის საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ პრობლემები ცენტრალურ ხელისუფლებამდე მიიტანონ და პრობლემების მოგვარების გზები დასახონ. საკუთარ თავს პარტიზანული ომის პირობებსა და ჩასაფრებულ პოზიციაში არ ვხედავ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ.
ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნისას, თვითმმართველობები მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობდნენ. პრობლემა გამგებლებში იყო, თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში, რომელიც მათ გასაქანს არ აძლევდა?
- ვფიქრობ, რომ ორივე ერთად იყო, რადგან საკანონმდებლო დონეზე თვითმართველობებისთვის უფლებამოსულების უფრო მეტი დელეგირება არ მოხდა. ასევე გამგებლების მხრიდან იყო გაკეთებული არჩევანი, რომ ისინი დაჯარებულიყვნენ იმ უფლებამოსულებას, რომელიც მათ ჰქონდათ და საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა არ აეღოთ. გამგებელის მოვალეობა იმით უნდა შემოიფარგლებოდეს, რაც საკუთარი მოსახლეობის ადვოკატირებისთვის საჭიროა და გამგებელი იმ პროცესში ცხვირს არ უნდა ჰყოფდეს, რაც მას არ ევალება.
ნაციონალები ახალ ხელისუფლებას თვითმმართველობებზე ზეწოლის განხორციელებაში სდებენ ბრალს. პირადად თქვენ, როგორც გამგებელი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაბრკოლებებს აწყდებით?
- იმის თქმის უფლება არ მაქვს, რომ პირადად მე განვიცდი პოლიტიკურ დევნას, ან სამსახურიდან გამანთავისუფლეს. სანამ, „ქართული ოცნება“ საქმიანობას შეუდგებოდა, გადაწყვეტილება მივიღე და მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოსტიდან გადავდექი, რის შემდეგაც, რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი. პიროვნული დაჩაგვრა არსად განმიცდია. რაც შეეხება ზეწოლის ფაქტებს, გეტყვით, რომ თვითმმართველობების წარმომადგენლები სამართალდამცავ ორგანოებს საპატიო წრეს ურტყამენ. გასული წლების საქმიანობასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ ადამიანს სამართალდამცავები კითხავენ. თუ დანაშაული არსებობს, ის არ უნდა იყოს დაფარული, მაგრამ დანაშაულის გამოძიება არ შეიძლება ათწლეულების თანმდევად პროცესად იქცეს. იმ პირებზე დევნა უნდა დასრულდეს, რომლებიც საქმეებთან პირდაპირ კავშირში არ არიან, რადგან ეს უწყებების მუშაობაზე აისახება.
For.ge-ს ინფორმაციით, თქვენს ერთ-ერთ მოადგილედ, შესაძლოა მაკა გიგაური დაინიშნოს. რა ნიშნით შეარჩიეთ მისი კანდიდატურა?
- იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებასთან კომუნიაცია პრობლემას წარმოადგენს, აუცილებელია, ერთ-ერთი მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს კურირებდეს. შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ ესოდენ გამოცდილი კადრი, როგორიცაა მაკა გიგაური, ჩემთან წამომეყვანა. ამას გარდა, საბურთალოს გამგეობა გეგმავს, რომ ერთი პირი გამოყოს, რომელიც ჩვენი გეგმებისა და საბურთალოს რაიონში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწვდის.
რაც შეეხება თქვენს შემცვლელ - შალვა თადუმაძეს, მისი საქმიანობა მოგწონთ?
- შალვა მაშინ გავიცანი, როდესაც ამ პოსტზე დაინიშნა. ვიცი, რომ ის კარგი იურისტია და მას წარმატებებს ვუსურვებ.