"გერმანიაში, ომის შემდეგ, თავში არავის მოსვლია აზრად ნაცისტებთან კოაბიტაცია"

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მან ისაუბრა ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი საზოგადოებაში უკვე სერიოზულ კითხვებს აჩენს და ნაწილობრივ, უკმაყოფილებასაც იწვევს. ამიტომ, ბურჯანაძე ფიქრობს, რომ მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა ეძიოს გამოსავალი იმისათვის, რომ პირველი ოქტომბერი ყველას ოჯახში შევიდეს, ყველა ადამიანმა თავის თავზე იგრძნოს და ის მოლოდინები, რომლებიც პირველ ოქტომბერთან იყო დაკავშირებული, დროულად და ეფექტურად იქნას აღსრულებული.

ქალბატონო ნინო, კონკრეტულად თქვენ რით ხართ უკმაყოფილო, როგორ ფიქრობთ, გამართლდა თუ არა საზოგადოებაში არსებული მოლოდინი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით? და, თუ არ გამართლდა, რატომ?

- აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ მე ვარ რაიმეთი უკმაყოფილო. მე გამოვხატავ არა მხოლოდ ჩემი, როგორც მოქალაქის, ან პოლიტიკოსის პოზიციას, არამედ გამოვხატავ ჩემი თანამებრძოლების („დემოკრატიული მოძრაობის“, „სახალხო კრების“), ასევე იმ ძალიან ბევრი ადამიანის პოზიციას, რომელსაც მე ვხვდები და ვესაუბრები. ჩვენმა პარტიამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გააქტიურა შეხვედრები მოსახლეობასთან რეგიონებში და მე ვიცი საზოგადოების განწყობა. საზოგადოებას აქვს განცდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ან საერთოდ არ მიდის, ან მიდის ძალიან ძნელად და ნელა. ამის არგუმენტი არის ის, რომ ჯერჯერობით არ დასრულებულა არც ერთი რეზონანსული საქმის გამოძიება. ჯერჯერობით, იმ ადამიანის გარდა, ვინც თვითონ გადაწყვიტა, რომ ციხეში ჩამდჯარიყო (ბაჩო ახალაიას ვგულისხმობ), არც ერთი ის ადამიანი, ვინც საზოგადოების მხრიდან ძალიან სერიოზულად არის დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი, არ დასჯილა. საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ძალიან ხმამაღლა ლაპარაკი. თავისთავად ის ფაქტი, რომ 26 მაისის შემოქმედი, ვანო მერაბიშვილი დღეს ბედავს და 19 აპრილისთვის აანონსებს აქციას იმ რუსთაველზე, რომელზეც აბსოლუტურად შეგნებულად დახოცა უდანაშაულო ადამიანები, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობის დასმის ექვსთვიანი პერიოდი ხელიდან არის გაშვებული (თუმცა რა თქმა უნდა, ამის შანსი ჯერ კიდევ არსებობს) და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.

რა თქმა უნდა, მას ამის გაკეთება გაუჭირდება, მაგრამ მიუღებელია თავისთავად ის ტონალობა, ის სიტყვათაწყობა, რომელსაც ჩვენ საქართველოს პარლამენტში და ტელეეთერებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხშირ შემთხვევებში, დამნაშავე ლიდერების მხრიდან ვისმენთ. ასევე მიუღებელია ის რეალობა, რაც დღეს რაიონებშია, კერძოდ, თუკი აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჩუმად იყვნენ და ცდილობდნენ ხალხს თვალში არ მოხვედროდნენ, დღეს მათ საკუთარი კადრების წინ წამოწევის მიმართულებით ძალიან აქტიურად დაიწყეს მოქმედება და თითის დაქნევა, რომ „ჩვენ მოვრბუნდებით და თქვენ ნახავთ, რა მოგივათ“. ეს მიუღებელია, იმიტომ კი არა, რომ ვინმეს რევანში სწყურია, საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში და ხმა მისცა იმას, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგნენ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ქვეყნის მოსახლეობას, ციხეებში სვამდნენ უკანონო პატიმრებს და ა.შ.

ძალიან კარგია ის, რომ შედგა ამნისტიის პროცესი და ასობით და ათასობით ადამიანი, მათ შორის პოლიტპატიმრები თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ. თუმცა, ბუნებრივია, რომ ყველა ის ხელისუფალი, რომელიც თავის თავს თუნდაც ოდნავს სცემს პატივს, ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ძალიან კარგია, რომ დღეს ქვეყანაში შიში აღარ არის, მაგრამ ცუდია, რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში შეიძლება აღმოვჩნდეთ და დღეს, ყოველ შემთხვევაში, ეს ასე ჩანს. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შიშის სინდრომი არსებობდა და ეშინოდათ იმ ადამიანებსაც, რომლების აბსოლუტურად უდანაშაულოები იყვნენ. დღეს კი შიშის სინდრომი საერთოდ აღარ არის, მათ შორის იმ ადამიანებშიც, ვისაც კანონის უნდა ეშინოდეს.

შეუძლებელია არსებობდეს სახელმწიფო, თუ ადამიანებს არ ექნებათ სამართლიანი კანონის შიში. ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ არც ხელისუფლების, არც პოლიციის, არც პრეზიდენტის, არც პრემიერ-მინისტრის და ა.შ. მაგრამ მათ უნდა ეშინოდეთ სამართლიანი კანონის, სხვა შემთხვევაში ქვეყანაში იქნება ანარქია. სამწუხაროდ, დღეს იმ ადამიანებსაც კი, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, ვინც საკუთარი ხალხისა და კანონის წინაშე პირნათელნი არ არიან, ამ ადამიანებსაც კი გაუჩნდათ უშიშრობის და დაცულობის განცდა, რადგან ჯერჯერობით, დასჯილი ვერავინ ნახეს. ეს არის მიუღებელი და დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს ვითარება უახლოეს ხანებში გამოსწორდება და ადამიანები დაისჯებიან, რა თქმა უნდა, არა პოლიტიკური, არამედ სამართლიანობის ნიშნით.

თქვენი აზრით, მაინც რას უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დროში გაწელვა?

- ჩემი აზრით, რამდენიმე ფაქტორია, რომელიც ამ პრობლემას განაპირობებს. პირველ რიგში, პროკურატურა და ახალი კადრები პროკურატურაში არიან საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, რადგან პროკურატურის და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოების დიდ ნაწილში ჯერ კიდევ ინარჩუნებენ საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს. შემიძლია გვარებიც კი დაგისახელოთ იმ ადამიანების (მათ შორის ჩვენი პარტიის წევრების), რომლებმაც პროკურატურაში საჩივრები შეიტანეს მოთხოვნით, რომ მათი საქმეები ხელახლა გადაიხედოს და მათ ნასამართლობა მოეხსნათ. ეს ადამიანები აღშფოთებულები იყვნენ იმის გამო, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, პროკურატურიდან პასუხები მიიღეს იმ ადამიანების ხელმოწერით, რომლებიც მათ საქმეებში ბრალმდებლები იყვნენ. ხომ წარმოუდგენელია, რომ პროკურორმა, რომელმაც ბრალი წაუყენა ადამიანს, იგივე საქმე თავის საწინააღმდეგოდ გამოიძიოს და პრაქტიკულად, თვითონვე მოაწეროს ხელი იმ ვერდიქტს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში იყო პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი. ეს არის ერთი პრობლემა. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ახალი კადრები, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებში იწყებენ მუშაობას, კვალიფიციურები იქნებიან და ამის პრობლემა არ ექნებათ.

უფრო მეტი პოლიტიკური ნების გამოვლენაა საჭირო, რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს. არ მესმის, რატომ ვეფერებით იმ სასამართლოს, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდა. გამოდის, რომ ან ჩვენ არ გვყოლია 198 პოლიტპატიმარი (რაც ყველამ ვიცით, რომ ასე არ არის), როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, ან მაშინ, სასამართლოს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. უნდა დაისვას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი, რისთვისაც საკმარისია ის უმრავლესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს პარლამენტში. დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“, კოტე კუბლაშვილი და ზოგიერთი მოსამართლე ბედავს და წინა ხელისუფლების პირობებში თავისუფალ სასამართლოზე ლაპარაკობს, ეს ჩვენი ძალიან დიდი პრობლემაა და ვფიქრობ, ახალი ხელისუფლების შეცდომაც.

თქვენ აღნიშნეთ, რომნაციონალური მოძრაობისრეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, ამაში ახალი ხელისუფლების ხელშეწყობაც ხომ არ არის, რადგან მმართველი გუნდი გარკვეულ დათმობებზე მიდის საპარლამენტო უმცირესობასთან, მაგალითად სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ასევე მოლაპარაკებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე და ..

- სამწუხაროდ, - კი. გარკვეულწილად მე მესმის, რომ ეს ახალი ხელისუფლების იძულებითი ნაბიჯია, რადგან მასზე ძალიან დიდი ზეწოლაა საერთაშიროსო თანამეგობრობის ნაწილის მხრიდან. მეორე მხრივ, არსებობს გამოსავალიც, როგორ შეიძლება ამ ზეწოლისაგან თავის არიდება და ამაზე ცოტა ქვევით მოგახსენებთ.

რაც შეეხება კონსტიტუციურ ცვლილებებს, ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო. კერძოდ, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით (რაც თუნდაც აგვისტოს ომის გამო შეიძლებოდა დასმულიყო), საქართველოს პრეზიდენტს გამოეცლებოდა ის უფლება-მოსილება, რაც ამ კონსტიტუციური ცვლილებით შეეზღუდა. ასე რომ, შეიძლებოდა ყოველგვარი კოაბიტაციის გარეშე ამ საფრთხის თავიდან აცილება. სარეიტინგო კანჭისყრაზე კი გეტყვით, რომ „ნაციონალებმა“ ძალიან კარგად იციან, როგორ გამოიყენონ ყველა სიტუაცია სათავისოდ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შესძლოს ამ საფრთხეების განეიტრალება. სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებითაც არ ღირდა ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა, რადგან წინა მოწვევის პარლამენტებსაც ათობით სარეიტინგო კენჭისრყა აქვთ ჩატარებული და ამას არ მოჰყოლია ასეთი აჟიოტაჟი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ გამარჯვებად ჩაიწერა. მიმაჩნია, რომ ეს სიტუაციაც ახალი ხელისუფლების მხრიდან უნდა განეიტრალებულიყო.

ახლა მოგახსენებთ, როგორ შეიძლება გავანეიტრალოთ ის წნეხი, რომელსაც ახალი ხელისუფლება განიცდის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების, ან შეიძლება მხარდამჭერების არა, მაგრამ ნაკლებად ინფორმირებული ადამიანების მხრიდან დასავლეთში. გადაწყვეტა ძალიან მარტივია (თუმცა აღსრულება რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, მაგრამ ხელისუფლებამ ეს უნდა შესძლოს). უნდა დაიდოს რამდენიმე რეზონანსული საქმის ობიექტური გამოძიება, რომელიც უნდა წარედგინოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და გარწმუნებთ, რომ თუ ობიექტური გამოძიება დაიდება, ასეთი საუბრები შეწყდება. თუ დაიდება თუნდაც ჩვენი პარტიის წევრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური დევნის საქმეზე ობიექტური გამოძიება, ძალიან მარტივად გამოჩნდება, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მის ოპონენტებს დევნიდა, აშანტაჟებდა, იჭერდა და ა.შ.

თუ გამოძიებული იქნება 26 მაისის ფაქტები, გარწმუნებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტა, მისი დღევანდელი გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი, ასევე მიხეილ სააკაშვილი და ძალიან ბევრი სხვა ლიდერი უბრალოდ აღმოჩნდებიან არა პოლიტიკური დევნის ობიექტები, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ. ეს არის ის რეცეპტი, რომლითაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უდნა მივმართოთ და გარწმუნებთ, რომ მათი მხრიდან შეწყდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერი განცხადებების კეთება.

როგორ შეაფასებდით უმცირესობის და უმრავლესობის ურთიერთობას პარლამენტში და როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური მოწყობა?

- უმცირესობის და უმრავლესობის ურთიერთობასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხი ნაწილობრივ უკვე მოგახსენეთ. შემიძლია ვთქვა, რომ (რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემით ყველასადმი, ვინც ცდილობს თავისი გამოცდილება ქვეყანას მოახმაროს), ჩვენც რაღაც წაგვიკითხავს, რაღაც გვისწავლია, რაღაც გამოცდილებაც გვაქვს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს თანამშრომლობა არჩევნების შემდეგ. თუმცა, ძალიან ხშირად, ჩვენს პარტნიორებს ერევათ ხოლმე ერთი რამ, ვისთან შეიძლება კოაბიტაცია და ვისთან - არა. რა თქმა უნდა, ზოგადად სწორია, რომ არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური ძალა პოლიტიკური სივრციდან არ უნდა გაქრეს და მასთან უნდა ითანამშრომლო, თუმცა ეს არის სწორი მაშინ, როდესაც ეს ეხება ძალას, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია.

ბუნებრივია, „ნაციონალურ მოძრაობას“ მთლად ნაცისტებს ვერ შევადარებ, მაგრამ პოლიტიკურ ჭრილში ვიტყვი და მინდა სწორი ანალიზი გააკეთოთ, გერმანიაში ომის შემდეგ არავის მოსვლია თავში აზრად ნაცისტური გერმანიის წარმომადგენლებთან კოაბიტაცია. მაშინ ითქვა, რომ დანაშაულია ჩადენილი, ეს გამოძიებული უნდა იქნას და დამნაშავენი უნდა დაისაჯონ. ძალიან ბევრი სხვა მაგალითია სხვა სახელმწიფოების, როდესაც დიქტატორული, ან ავტორიტარული რეჟიმი შეიცვალა და მასთან კოაბიტაცია არავის თავში არ მოსვლია. პინოჩეტი გაასამართლეს კაი ხნის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ცუდი საქმეები არ უკეთებია და მის მმართველობას გაცილებით უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა მოჰყვა, ვიდრე სააკაშვილის მმართველობას საქართველოში, მაგრამ მას ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი მაინც მოსთხოვეს.

ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე (და პირველ რიგში ამაზე, ალბათ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებას), ჩვენ ვთვლით, რომ პირველ ოქტომბერს ხალხმა იმიტომ უთხრა უარი „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ეს იყო დამნაშავე ხელისუფლება, თუ იმიტომ, რომ ვიღაცას „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონდა?! თუ პრობლემა ის არის, რომ ეს პოლიტიკური ძალა ვინმეს არ მოსწონს, ეს რა თქმა უნდა, არ არის იმის საფუძველი, რომ ის გასამართლდეს, აიკრძალოს, ან კოაბიტაცია არ შედგეს. მაგრამ, თუ ჩვენ გვაქვს არგუმენტები და სამართლებრივი დოკუმენტები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრ ლიდერს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, ასეთ შემთხვევაში კოაბიტაციაზე საუბარი შეუძლებელია, რადგან კოაბიტაცია და თანამშრომლობა დამნაშავესთან, ძალიან ახლოს არის დანაშაულთან. დანაშაულზე თვალის დახუჭვა და სამართლიანობის არაღდგენა აუცილებლად გამოიწვევს სხვა უსამართლობას. ეს არის ის, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს.

მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ სოფლის მეურნეობაში ძალიან სერიოზულ გარღვევას გვპირდება და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები არის გადადგმული. არის ტრაქტორები, მექანიზატორთა ბრიგადები და პირადად ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, განხორციელდა ვაუჩერიზაციის პროექტი. მიდის გლეხი ვაუჩერით ხელში პასუხისმგებელ პირთან (ხოლო ეს სამსახურები ჯერჯერობით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებით არის დაკომპლექტებული) და პასუხად იღებს, - „მე ჯერ მივიღებ სხვას, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია და თუ გეჩქარება, წადი და ბიძინა ივანიშვილმა მოგიხნას მიწა. ეს ცინიზმი არ არის? როგორ უნდა ბედავდეს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი?

ნამდვილად არ მოვუწოდებ არავის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სამსახურებიდან გამოვყაროთ და არ მივცეთ მათ ცხოვრების საშუალება, როგორც ისინი ამას ჩვენ გვიკეთებდნენ, მაგრამ ამდენს ისინი ნამდვილად არ უნდა ბედავდნენ. ამას კი ბედავენ იმიტომ, რომ „ნაციონალების“ ლიდერები ბედავენ ისე ლაპარაკს პარლამენტში, როგორც ლაპარაკობენ, ასევე პრეზიდენტი ლაპარაკობს ამ ტონალობაში და ხედავენ, რომ ისინი დაუსჯელები რჩებიან.

ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით, ახალო საკონსტიტუციო მოდელით რამდენად სწორად არის გადანაწილებული ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლება?

- სხვათაშორის, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ბევრს საუბრობს იმაზე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული და საპარლამენტო უმრავლესობაც რატომღაც ხუთი თვის განმავლობაში ელოდებოდა ამ დასკვნას. მინდა შეგახსენოთ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ არ ელოდებოდა ვენეციის კომისიის დასკვნებს და ამის საუკეთესო მაგალითია ის ცვლილებები, რომლებიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის კონსტიტუციაში. მაშინ არა მხოლოდ ვენეციის კომისიამ გააკეთა ნეგატიური დასკვნა და განაცხადა, რომ ეს მოდელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დაპირისპირების საფრთხეს ქმნის. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გილაური იმ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და ძალიან კარგად მახსოვს, რომ ქალბატონმა კლინტონმა მის გვერდით მდგომ ბატონ გილაურს სთხოვა, რომ ვინაიდან ვენეციის კომისიის დასკვნა ნეგატიური იყო და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ დაეჩქარებინათ, გაეგრძელებინათ განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ მომხდარიყო კენჭისყრა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მოთხოვნას სრული იგნორირება გაუკეთა და კენჭისყრა მეორე დღესვე ჩაატარა.

რაც შეეხება სახელმწიფო მოწყობას, მე მესმის, რომ დღეს ქვეყანაში არაორდინალური მდგომარეობა გვაქვს, გვყავს უმართავი პრეზიდენტი, რომელსაც ხელ-ფეხი უნდა შევუკრათ, თუმცა, მე ზემოთ მოგახსენეთ, როგორ უნდა შევუკრათ მას ხელ-ფეხი. დღეს არ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომები, რაც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუშვა და არ შეიძლება, რომ კონსტიტუცია ამ კონკრეტულ ვითარებას მოვარგოთ. არ შეიძლება პრეზიდენტს ყველა უფლება წაერთვას, ან თუ წავართმევთ, ეს დროებითი უნდა იყოს, რადგან ქვეყნისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი, ავტორიტეტული და დამოუკიდებელი პრეზიდენტი, ოღონდ პრეზიდენტი, რომელიც კრიჭაში კი არ ჩაუდგება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, არამედ ყველანაირად ხელს შეწყობს მათ ეფექტურ მუშაობას.

ამასთანავე, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ძლიერი პრემიერ-მინისტრი და ძლიერი პარლამენტი. ეს შესაძლებელია, ხოლო თუ ეს ბალანსი დაირღვა, შეიძლება, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ და შევიდეთ ჭაობში, რომლიდან გამოსვლას ძალიან რთული იქნება.

როგორ შეაფასებდით გრიგოლ ვაშაძის მიერ 2008 წელს რუსეთის მთავრობისთვის მიწერილ იმ წერილს, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის გუშინ გახდა ცნობილი?

- ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამო ჩვენ გვაკრიტიკებდა არა მხოლოდ მაშინდელი ხელისუფლება, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც მაშინ ოპოზიციაში იყვნენ. დღეს მათი ნაწილი ხელისუფლებაშია და მათგან ვისმენთ იმ ფრაზებს, რომლის გამოც სამი წლის წინ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ. დღეს აღმოჩნდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადაშიც მონაწილეობა უნდა მივიღოთ და თან ისე, რომ სხვა საკითხებზე მოლაპარაკებები შეგვიძლია არ ვაწარმოოთ. აღმოჩნდა, რომ პუტინთან შეხვედრაც მნიშვნელოვანია. კიდევ კარგი, რომ ამაზე დღეს მაინც საუბრობენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსი ვარ, ადამიანურად ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ან ჩუმად იყვნენ, ან მაკრიტიკებდნენ, დღეს იმეორებენ იმას, რასაც მე მაშინ ვამბობდი და ერთი სიტყვითაც კი არ იტყვიან, რომ მაშინ ეს ნაბიჯი ძალიან გაბედული იყო.

დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ ტერმინი ოკუპაცია ნაკლებად უნდა იყოს მოლაპარაკების პროცესში გამოყენებული, თორემ ამ პროცესს ხელს შეუშლის. ამის თქმით გამო მე სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადეს. ძალიან კარგად ვიცი, რომ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა გააკეთეს, ამას ვერ გააკეთებდა რუსეთის ვერც ერთი მეფისნაცვალი, რომელიც შეიძლებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფილიყო მოვლენილი. დღეს მე მგონი ყველა ხედავს, რომ სწორედ სააკაშვილმს შემოიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის „გრუ“, „ფეესბე“ და რუსული ტანკები. ასევე სწორედ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგანან.

2008 წელს პირადად ვესაუბრე ამერიკის მაშინდელ ელჩს, როდესაც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ენგურჰესი რუსეთს გადაეცა. რა თქმა უნდა, სანამ ელჩს მივმართავდი, ჩვენ ეს ინფორმაცია გამოვითხოვეთ, მაგრამ პასუხად მივიღეთ, რომ ეს არის საიდუმლო ინფორმაცია და განსაჯაროებას არ ექვემდებარება. არ შეიძლება ქვეყნის სტრატეგიული ობიექტის გასხვისების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყოს. ამიტომ, მე მივმართე ბატონ ტეფტს და ვკითხე - ის და ამერიკის შეერთებული შტატები იყვნენ თუ არა ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომიდან 2-3 კვირის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ რუსეთს, ოკუპანტ ქვეყანას ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ობიექტი გადასცა. როგორც ელჩმა მითხრა, ისინი ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, მაგრამ ამის მიუხედავად არაფერი შეცვლილა. მხოლოდ ეს თემა არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კარგად გაანალიზოს, ვინ არის რეალურად პრორუსული და ვინ ახორციელებს საქართველოში რუსეთის ინტერესებს.

თავის დროზე, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი სტრატეგიული ობიექტის, კონკრეტულად გაზსადენის ნებისმიერი ქვეყნისთვის გადაცემისა. დღესაც ვთვლი, რომ სტრატეგიული ობიექტები სხვა ქვეყნის ხელში არ უნდა იყოს. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა კი ყველა სტრატეგიული ობიექტი და ეკონომიკური ბერკეტი რუსეთს გადასცა.

რაც შეეხება რუსეთში ჩემს ვიზიტებს, სააკაშვილს სწორედ იმიტომ დაემართა ამაზე ისტერიკა, რომ მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს პირისპირ, დახურულ კარს მიღმა ესაუბრო ვლადიმერ პუტინს, რომელიც მსოფლიოს გავლენიანი პოლიტიკოსების სამეულში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო პირველი ადგილი თავისუფალია. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, სილა გააწნეს ქართულ საზოგადოებას, როდესაც ჩემი რუსეთში ვიზიტის გაშუქებისას მთელი საღამო ჩვენს მოსახლეობას აჩვენებდნენ ბურჯანაძის ფეხსაცმელებს და ფეხებს (ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვებისთვის). ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მოგაყენოს შენმა ხელისუფლებამ და როგორ არ უნდა ამოიღოს ამაზე მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ხმა, როდესაც საუბარია ამხელა მნიშვნელობის ვიზიტზე და საუბარი მიდის იმაზე, თუ რა ფეხსაცმელი აცვია ბურჯანაძეს. ჩვენი მინისტრი ქალბატონები კი დადიოდნენ პრეზიდენტებთან შეხვედრებზე ჩექმებით, მაგრამ საერთაშორისო პროტოკოლი მე სხვებზე უკეთესად ვიცი და თუ ვინმეს აინტერესებს, შემიძლია მივუთითო, რომელი წიგნი წაიკითხონ.

მიხეილ სააკაშვილის ინტერესს არ წარმოადგენდა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება და ამის მაგალითია, რომ მან დაბლოკა მერკელის წინადადება, რომელიც ჩემი მონაწილეობით რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ითვალისწინებდა. გპირდებით, რომ უახლოეს მომავალში ამ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას შესაბამის მტკიცებულებებს წარმოგიდგენთ.

დიახ, მე ვიცი, როგორ შეიძლება მოგვარდეს პრობლემები რუსეთთან და ისიც ვიცი, როგორ უნდა მოგვარდეს (მართალია ძალიან რთულად) პრობლემები აფხაზეთთან და ოსეთთან. ახალი ხელისუფლება კი ამბობს, რომ ევროკავშირშიც შევალთ და ნატოშიც, ასევე რუსეთთან ურთიერთობასაც მოვაგვარებთ, მაგრამ ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით მათგან კონკრეტული გეგმა არ მომისმენია და ძალიან მაინტერესებს, როგორია ეს გეგმა.