თურქეთის საქართველოში არსებული ორი ქართული ტაძრის - იშხანისა და ოშკის აღდგენის პარალელურად ბათუმში მეჩეთის აშენების საკითხზე for.ge გთავაზობთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის წერილობით პასუხს ჩვენს კითხვებზე. ამ საკითხის ირგვლივ ბათუმის მერიასა და საკრებულოში არსებულ ვითარებაზე ოფიციალურ კომენტარებს და for.ge-ს მიერ მოპოვებულ სარწმუნო ინფორმაციას.
27-28 მარტს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დეტალები საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, რომლის თანახმად თურქ კოლეგას მაია ფანჯიკიძე უმასპინძლებს. დაგეგმილია აჰმეთ დავუთოღლუს შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან. მეორე დღეს დავუთოღლუ თბილისიდან ბათუმში გადაინაცვლებს, სადაც თავის ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ხელს მოაწერს 2013-2015 წლების უწყებათშორისი თანამშრომლობის გეგმას.
„აღნიშნული გეგმა შემუშავდა შესაბამისი უწყებების მიერ და ითვალისწინებს სამი ქვეყნის კომპეტენტური სამინისტროების მიერ, ერთობლივი პროექტებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიც არის: ეკონომიკა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები განახორციელებენ სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
დავუთოღლუს ბათუმში ყოფნისას გადაწყდება მეჩეთის ასაშენებელი ადგილის გამოყოფა - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საბოლოოდ შეათანხმებს ბათუმში მეჩეთის ასაშენებელ ადგილს. ეს არის for.ge-ს მიერ მოპოვებული სარწმუნო ინფორმაცია, რომელსაც თავად არჩილ ხაბაძე არ ადასტურებს. ჩვენი ცნობით, საქართველოს ხელისუფლებას ბათუმში მეჩეთისთვის ორი ადგილი აქვს შერჩეული - ქალაქის ცენტრში, არსებული ცენტრალური მეჩეთის სიახლოვეს და ე.წ. ხოფას ბაზრობასთან ახლოს. რომელ ადგილს მოიწონებს აჰმედ დავუთოღლუ და აქვს თუ არა თურქეთს მონიშნული მეჩეთის ასაშენებელი სავარაუდო ადგილი, ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი არ არის.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის დახმარებით მივიღეთ არჩილ ხაბაძის წერილობითი პასუხი ჩვენს კითხვებზე. კითხვა-პასუხი ასეთი შინაარსისაა:
აჭარის მთავრობას შერჩეული აქვს თუ არა მეჩეთის ასაშენებელი სავარაუდო ადგილი, ან ადგილები?
არჩილ ხაბაძე: ადგილობრივი მუსლიმი მრევლის თხოვნის გათვალისწინებით, განიხილება ორი შესაძლო მიმართულება: ახლის აშენება და არსებული მეჩეთის გაფართოება. თუმცა ჩვენ ვთავაზობთ მეორე ვარიანტს, რაც საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვისაც მისაღებია. ჩვენ ამ დრომდე ვაწარმოებთ კონსულტაციებს და კიდევ ვგეგმავთ შეხვედრებს არასამთავრობოებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან, ყველასთან, ვისთანაც შეიძლება ამ თემაზე საუბარი და მსჯელობა. ჩვენი მიზანია საზოგადოებაში დაპირისპირება არ მოხდეს და ერთიან შეთანხმებას მივაღწიოთ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განიხილება თუ არა ბათუმში მეჩეთის აშენების საკითხი? ჩემი ინფორმაციით, კონკრეტული ადგილებია შერჩეული და საბოლოო ადგილი ბატონ დავუთოღლუსთან შეთანხმებით გადაწყდება.
- რაც შეეხება ტერიტორიას მეჩეთისთვის - ჯერ გამოყოფილი ვერ იქნება, რადგან როგორც გითხარით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი ახალი აშენდება თუ არსებული გაფართოვდება. თურქული მხარე და პირადად დავითოღლუ ამ პროცესებში არ ერევა. შესაბამისად, ადგილის შერჩევა (ახლის შენების თუ გაფართოების შემთხვევაში) მხოლოდ ჩვენი, მუსლიმი მრევლის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების გადასაწყვეტია.
როგორია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები - ბათუმის მოსახლეობის რამდენი პროცენტია მუსულმანური აღმსარებლობის? თუ გაქვთ ამგვარი სტატისტიკური მონაცემები, გთხოვთ, მაცნობოთ და მიუთითოთ წყარო და თარიღი.
- სტატისტიკის კუთხით, რთულია ზუსტი ციფრის დასახელება. ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა გამოკითხვა, სადაც დაფიქსირდებოდა მოქალაქის აღმსარებლობა, ამიტომაც ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
იცით თუ არა როგორია ბათუმის მოსახლეობის პოზიცია - იზიარებენ და ეთანხმებიან თუ არა ისინი თურქეთში ქართული ძეგლების აღდგენის პარალელურად ბათუმში მეჩეთის აშენებას? გთხოვთ, პასუხის პარალელურად მაცნობოთ რას ეფუძნება თქვენი პასუხი, მოსახლეობის განწყობასთან დაკავშირებით.
- მინდა აღვნიშნო, რომ თურქული მხარე არ ავალდებულებს საქართველოს ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ მეჩეთის მშენებლობას. შესაბამისად, აშენდება (გაფართოვდება) თუ არა მეჩეთი ბათუმში, ოშკის და იშხანის რესტავრირება მაინც მოხდება. ეს არის თურქეთის სახელმწიფოს კეთილი ნება. ქართული მხარე მეჩეთის აშენების გადაწყვეტილებაში თავისუფალია.
ბათუმის საკრებულოში მეჩეთის აშენებაზე მუფთის განცხადება შევიდა
for.ge ბათუმის მერიის პრეს-სამსახურს ტელეფონით დაუკავშირდა. ჩვენ ვკითხეთ - ამ ეტაპისთვის მერიაში შესულია თუ არა განცხადება მეჩეთის ასაშენებელი ადგილის გამოყოფის შესახებ?
„რამდენიმე წუთის შემდეგ ხელმეორედ დაგვიკავშირდით, ინფორმაციას კანცელარიასა და არქიტექტურის სამსახურში გადავამოწმებთო“, - გვითხრეს.
მერიის პრეს-სამსახურს დაპირებისამებრ ხელმეორედ შევეხმიანეთ. აღმოჩნდა, რომ მეჩეთის აშენების ნებართვის მოთხოვნით ბათუმის მერიაში განაცხადები არავის შეუტანია.
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურს და დავინტერესდით ეს ორგანო, ან მისი ახლადარჩეული თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი რაიმე ფორმით არის თუ არა ჩართული მეჩეთის ასაშენებელი ადგილის შერჩევის პროცესში. საკრებულოს თავმჯდომარესთან საუბრის შემდეგ პრეს-სამსახურში განგვიმარტეს, რომ მიმდინარე თვეში ბათუმის საკრებულოში შევიდა სრულიად საქართველოს მუფთის ჯემალ პაქსაძის განცხადება, რომელიც საკრებულოს სთხოვს ბათუმში მეჩეთის ასაშენებელი ფართობის გამოყოფას. როგორც განგვიმარტეს, ჯერ არ არის გარკვეული ჯემალ პაქსაძის განცხადების ირგვლივ იმსჯელებს თუ არა ბათუმის საკრებულო. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს - ის მეჩეთის ასაშენებელი ადგილის შერჩევაში რაიმე ფორმით ჩართული არ არის.
თურქეთი ყოფილ ხელისუფლებასაც ემადლიერება და ამჟამინდელსაც.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ბოლოს 2011 წლის 11-12 თებერვალს იყო ჩამოსული. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ თურქეთთან მოლაპარაკებას მაშინ, ისევე, როგორც დღეს, თან ახლდა უკმაყოფილება. ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს ბათუმელმა ჟურნალისტებმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „აზიზიეს მეჩეთის“ შესახებ კითხვა დაუსვეს, რაზეც პასუხად ის მიიღეს, რომ ეს საკითხი ერდოღანისა და სააკაშვილის შეხვედრისას გადაწყვეტილა:
„პრემიერ-მინისტრ ერდოღანის და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დროს გადაწყდა აზიზიეს მეჩეთის აშენების საკითხი. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ამ პროექტებზე. მადლიერი ვართ ქართული მხარის“.
საქართველოში ხელისუფლება 1 ოქტომბერს შეიცვალა. მეზობელი თურქეთი ქართულ მხარეს ისევ ემადლიერება. თურქეთის საქართველოში ორი ქართული ტაძრის აღდგენის პარალელურად ბათუმში მეჩეთის აშენებით რამდენად მოიმადლიერებს ამჟამინდელი ხელისუფლება ქართველი ხალხის, მათ შორის ბათუმელების გულს, ეს ჩვენი აზრით, ძნელი სავარაუდო არ არის, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების წევრები შავზე თეთრიაო გვეუბნებიან - ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ ბათუმში მეჩეთის აშენება თურქეთთან პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი კი არ არის, არამედ, სალოცავი სივრცის უკმარისობით განპირობებული გადაწყვეტილება.