პრემიის ნაცვლად დანამატი

პრემიის ნაცვლად დანამატი

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრების ხელფასები გაიზარდა. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრების ხელფასები აქამდე 3500 ლარს შეადგენდა, ახლა კი ის 7835 ლარამდე გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა 15 მარტს გამოსცა.

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდეთ დანამატი თითოეულს თვეში 4335 (ოთხი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით“, - წერია ბრძანებაში.

მთავრობის კანცელარიის უფროსის, მაია ცქიტიშვილის და მთავრობის პრეს-ცენტრის მიერ გაკეთებული განმარტებით, მინისტრების ხელფასები 12% ით შემცირდა და ხელზე მინისტრები ხელფასის სახით 6 300 ლარს მიიღებენ.

„მინისტრების ყოველთვიური ხელფასი, 3500 ლარი უცვლელი რჩება, თუმცა მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, რომელსაც ხელზე აიღებენ, 6300 ლარამდე იზრდება დანამატების ხარჯზე. გამოირიცხება ყოველთვიური პრემირების პრაქტიკა და მინისტრებს პრემიას თავად პრემიერ-მინისტრი გამოუწერს წელიწადში ერთხელ საკუთარი შეხედულებისამებრ“,- განაცხადა მთავრობის კანცელარიის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ხელფასების ამგვარი წესით დანიშვნის მოტივი ის არის, რომ მოისპოს პრემირების მანკიერი პრაქტიკა, რასაც წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა ადგილი.

იმის გასარკვევად, თუ რამდენია რეალურად მინისტრების ხელფასები, 6300 თუ 7835 ლარი, for.ge მთავრობის პრეს-სამსახურის წარმომადგენელს, მანანა თოქმაჯიშვილს დაუკავშირდა.

მისი განმარტებით, რეალურად მინისტრები ხელზე 6300 ლარს აიღებენ ხელფასის სახით, ეს თანხა რჩება მას შემდეგ, რაც 7835 ლარს საშემოსავლო გადასახადი გამოაკლდება. მანანა თოქმაჯიშვილის განცხადებით, მინისტრების სახელფასო პოლიტიკა მომავალში გადაიხედება და დაინიშნება მხოლოდ ხელფასი, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ახლა კი მათ ეს დანამატი 4335 ლარის ოდენობით იმიტომ დაენიშნათ, რომ ვიდრე შესაბამისი ნორმატიული აქტით ქვეყანაში სახელფასო პოლიტიკა შემუშავდება, მანამდე მინისტრებს პრემიები მოეხსნათ და გამოსავალი დანამატის დანიშვნის სახით მოიძებნა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია. სოციალურ ქსელებშიც გაჩნდა მოქალაქეთა კომენტარები - „ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, მინისტრს პრემია დაენიშნება, თუ ამას დანამატი დაერქმევა, ფაქტია, რომ ახალმა მინისტრებმაც გაიზარდეს ხელფასები“ და ა.შ. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ათასობით და ზოგჯერ ათიათასობით ლარის ოდენობითაც ინიშნავდნენ პრემიებს და თავად მათი გადასაწყვეტი იყო, როდის რა ოდენობის პრემიას დაინიშნავდნენ. პრემიერ ივანიშვილის გადაწყვეტილებით კი მინისტრებს საკუთარი თავისთვის პრემიების გამოწერა აეკრძალათ და ისინი წელიწადში ერთხელ, მხოლოდ პრემიერის გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღებენ პრემიას, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ამან მაინც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, მანანა თოქმაჯიშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ მინისტრის ხელფასი არ უნდა ჩამორჩებოდეს რიგითი დაქირავებული თანამშრომლის ხელფასს, რომელიც კომერციულ სტრუქტურაში მუშაობს.

„ამიტომ აღებული იქნა კომერციული სტრუქტურების ხელფასების შესახებ მონაცემებიც, გარკვეული საშუალო გამოიყვანეს და ასე განისაზღვრა მინისტრების ხელფასები. დამეთანხმებით, არ შეიძლება მინისტრი 3000 ლარის ოდენობით იღებდეს ხელფასს“, - ამბობს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ მინისტრების ხელფასები 12%-ით მცირდება, ამასთან დაკავშირებით მანანა თოქმაჯიშვილი აცხადებს, რომ დაანგარიშებული იქნა მინისტრების მთლიანი სახელფასო ფონდი და მათთვის ახლა დანიშნული ხელფასი წინა ხელისუფლების პირობებში არსებულთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.

რას ფიქრობენ ამ თემასთან დაკავშირებით ექსპერტები და რამდენად დამაკმაყოფილებელია მათთვის მთავრობის არგუმენტები მინისტრების ხელფასებთან დაკავშირებით?

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრმა იცის, რასაც აკეთებს.

„როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრმა მინისტრებს ისეთი ხელფასები დაუნიშნა, რომ კორუფციაზე არ წაუცდეთ ხელი. ყველას გვახსოვს, წინა ხელისუფლების პირობებში მინისტრებს რამხელა პრემიები ჰქონდათ. ეს არ იყო ის თანხა, რასაც პრემიერ-მინისტრი ახლანდელ მინისტრებს აძლევს, არამედ ყოველთვიურად ხელფასის ორმაგი ოდენობის პრემიები ჰქონდათ ხოლმე. გახსოვთ ალბათ, ნიკა გილაურმა 200 000 ლარზე მეტიც კი მიიღო პრემია. ასე რომ, მიმაჩნია, საქართველოში მინისტრს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.

მისი თქმით, ურჩევნია კონკრეტულად იცოდეს, რამდენი აქვს მინისტრს შემოსავალი, ვიდრე მინისტრს 3500 ლარიანი ხელფასი ჰქონდეს და ამასთან ერთად პრემიის სახით მიიღოს „დახურული“ თანხა, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი. ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრემიერის მიერ შემოთავაზებული მოდელით ყველაფერი გამჭვირვალეა.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე კი მიიჩნევს, რომ მინისტრების ხელფასების 12%-იანი კლების შესახებ გაკეთებული განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„ეს არის ხელისუფლების მხრიდან პრემირების სისტემის „გაპრავება“, იმისთვის, რომ სალაპარაკო აღარ იყოს, რომ მინისტრები პრემიებს იღებენ. რეალურად კი ამით არაფერი იცვლება, რადგან 3500 ლარიდან ხელფასები 80%-ით გაიზარდა, 6300 ლარამდე. ალბათ, გემოვნების საკითხია, რადგან ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მინისტრი აიღებს ხელფასს პლიუს პრემიას, თუ აიღებს ხელფასს პლიუს პრემიას და ამას ერთობლივად დაარქმევს ხელფასს. ეკონომიკური შინაარსით ამით არაფერი იცვლება. ეს უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ფაქტის შეგნებული დამახინჯებაა“, - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, მინისტრის ხელფასი მაღალი უნდა იყოს და შესაძლებელია, კერძო სექტორში მომუშავე დაქირავებულის ხელფასზე მეტიც. ლევან კალანდაძის თქმით, იგი არ განეკუთვნება იმ კატეგორიის ადამიანებს, ვისაც მიაჩნია, რომ მინისტრის ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტი არ უნდა იყოს, მაგრამ ფიქრობს, რომ მინისტრის ხელფასი მაგალითად, პარლამენტის წევრის ხელფასს არ უნდა აღემატებოდეს.

„ძალიან დიდი დისბალანსი საზოგადოების საშუალო ფენასა და მინისტრის ხელფასს შორის არ უნდა იყოს. ეს უბრალოდ ზნეობის საკითხია და პრემიერს რა თქმა უნდა, აქვს უფლება, საკუთარ მინისტრებს იმხელა ხელფასი დაუნიშნოს, რამდენიც უნდა. აქ უბრალოდ ზნეობასა და მორალთან მოვდივართ წინააღმდეგობაში, თორემ სამართლებრივად პრემიერს და მთავრობას არაფერი დაურღვევია“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.