საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, გიუნტერ ბეხლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილით მიმართა. წერილი საკმაოდ ვრცელია და ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხება. ამიტომ ჩვენს მკითხველს იმ ძირითად მესიჯებს შევთავაზებთ, რასაც ელჩი ხაზს უსვამს.
ბეხლერის თქმით, ხელისუფლების მიმართ ევროპის სახალხო პარტიის წევრთა პოზიცია არის შეთანხმულად წარმოებული პროპაგანდა. ევროპის სახალხო პარტია იყენებს ზოგიერთი წევრის საბჭოთა სტილის პროპაგანდისტულ მეთოდებს, რომლებსაც ისინი საჯაროდ უარყოფენ. ამასთანავე, ხელისუფლება ე.წ. ელიტარული კორუფციის აღმოფხვრის დიდი და რთული ამოცანის წინაშე დგას, გადასახადების გადამხდელთა სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და უცხოეთში ფინანსური რესურსების გადაქაჩვის ჩათვლით. ელჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მიცემულ დაპირებებს, რასაც ადასტურებს მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტის თომას ჰამარბერგის მოწვევა.
„შვეიცარია, რომელიც არის შუამავალი რუსეთსა და საქართველოს შორის დადებიტად აფასებს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მუშაობას და აცხადებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ შეძლო საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის საუბრის ტონის შეცვლა“, - ნათქვამია ბეხლერის წერილში.
მისი თქმით, პირველად საქართველოს ისტორიაში, პარლამენტი იქცა ნამდვილი პოლიტიკური დებატების, საღი კანონმდებლობის და უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი პროექტების შექმნის ადგილად, სამინისტროები კი ახორციელებენ მნიშვნელოვან რეფორმებს. სამინისტროებსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის დიალოგი უდავოდ ღია, კონსტრუქციული და შედეგიანია.
შვეიცარიის ელჩი საქართველოს ყოფილ და არსებულ ხელისუფლებებს შორის სხვაობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ყველაზე დიდი განსხვავება ყოფილ და ახალ ხელისუფლებებს შორის არის ის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება აღიარებს შეცდომებს, ეძებს გამოსწორების გზებს, აძლევს მედიას საშუალებას კრიტიკულად შეაფასოს მისი მოქმედებები, რჩევას ეკითხება სამოქალქო საზოგადოებას და ითხოვს მხარდაჭერას მისგან. ამასანავე, ხელისუფლება იჩენს დიდ ძალისხმევას დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოს მოქალქეებისათვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
რას ნიშნავს ის, რომ ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატი ღია წერილით მიმართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და ხშირია თუ არა ასეთი შემთხვევები? ასევე რამ განაპირობა ელჩის მიერ ასეთი წერილის დაწერა, ამ თემასთან დაკავშირებით for.ge ექსპერტსაც ესაუბრა და ხელისუფლების წარმომადგენენლის პოზიციაც მოისმინა.
თბილისის პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, არმაზ ახვლედიანი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ როდესაც ევროპელები სათანადოდ არ აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მხოლოდ ქართველების პასუხი საკმარისი არ არის.
„როდესაც საქართველოს და დასავლეთის ცალკეულ პოლიტიკურ წრეებს შორის პერიოდულად ასეთ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ევროპის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკური ძალის - სახალხო პარტიის წარმომადგენლები ასე ტენდენციურად და უსამართლოდ აფასებენ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს (ვგულისხმობ პირველ ოქტომბრამდე და პირველი ოქტომბრის შემდეგ) ნამდვილად არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ აქაურმა, ქართველმა ანალიტიკოსებმა, პოლიტიკოსებმა, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა შევაფასოთ ეს ანომალია და ვთქვათ ჩვენი სათქმელი“, - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
მისი თქმით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ამ კრიტიკულ მდგომარეობაში მართალ სიტყვას ამბობს მაღალი კლასის, დიდი გამოცდილების მქონე და უაღრესად განათლებული და განსწავლული დიპლომატი, როგორიც არის გიუნტერ ბეხლერი. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბეხლერის სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ იგი ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ და დემოკრატიულ ქვეყანას - შვეიცარიას წარმოადგენს. მეორე მხრივ, თავად ბეხლერი არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო პოლიტიკური ანალიტიკოსი. და, ბოლოს, არმაზ ახვლედიანი აღნიშნავს, რომ ბეხლერი ის ადამიანია, ვინც ქართულ რეალობას ზედმიწევნით კარგად იცნობს.
„ამასთან ერთად, გიუნტერ ბეხლერს აქვს ერთი უნიკალური უნარი - იყოს მიუკერძოებელი და იმავდროულად, პრინციპული. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხშირად მიუკერძებლობა ასოცირდება იმასთან, რომ შენ არ უნდა ჩაერიო საქმეებში მაშინაც კი, როცა თვალში გხვდება - აშკარაა უსამართლობა და ძალადობა. ან კიდევ პრინციპულობა ასოცირდება იმასთან, რომ შენ შორს უნდა იყო დიპლომატიურობისგან. არადა სინამდვილეში შესაძლებელი კი არა, აუცილებელიც არის პოლიტიკის, დიპლომატიის და მოუკერძოებლობის პრინციპულობასთან შეზავება. ამის საუკეთესო მაგალითია გიუნტერ ბეხლერის წერილი და ამისთვის, მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, მას ვეტყოდი ათას მადლობას“, - აღნიშნავს არმაზ ახვლედიანი.
მისი თქმით, დიპლომატი ხშირად აგზავნის ხოლმე წერილს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, პრემიერთან, პრეზიდენტთან და ა.შ. ეს წერილები სხვადასხვა დროს შეიძლება სხვადასხვა ფორმის და შინაარსის იყოს, მაგრამ როდესაც განგაშის ზარებია შემოსაკვრელი, არმაზ ახვლედიანი ფიქრობს, რომ წერილი უნდა იყოს სწორედ ასეთი - ღია, საჯარო და ზუსტად ისეთი, როგორიც გიუნტერ ბეხლერს გამოუვიდა.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე ამ წერილის გარკვეულ წინაპირობებზე საუბრობს და „ძალიან მნიშვნელოვანს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობამ და უმრავლესობამ კონსენსუსს მიაღწია და პარლამენტს ღირსება აღუდგა. დეპუტატის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ყველამ ერთად, უმცირესობამაც და უმრავლესობამაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი გამოცდა ჩააბარა.
„ქვეყანაში რეალურ ძალთა ბალანსს მივაღწიეთ და საერთაშორისო ასპარეზზეც ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. გახსოვთ ალბათ, რომ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება არ გვინდოდა, მაგრამ ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლებაში ვართ და პასუხისმგებლობაც გაგვაჩნია, ამაზეც დავთანხმდით, ბუნებრივია, კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის თანხმობით. გამოვიდა ამის შემდეგ სააკაშვილი ხუთ წუთში და გახსოვთ, რა განცხადებებიც გააკეთა. ასეთი რაღაცეები შეუმჩნეველი არ რჩება. მით უმეტეს, შვეიცარია ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა, იგი არის რუსეთთან მედიატორი და ალბათ, ბევრი გარემოებიდან გამომდინარე, შვეიცარიის ელჩმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა აღეწერა და პრემიერ-მინისტრისთვის მიემართა“, - ამბობს ვიქტორ დოლიძე.
მიუხედავად იმისა, რომ დიპოლმატები ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე განცხადებების გაკეთებას ყოველთვის თავს არიდებენ, დეპუტატი ამბობს, რომ ელჩის განცხადებს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ვიქტორ დოლიძის თქმით, ამაში განსაკუთრებული არაფერია და ელჩის წერილს რევოლუციური მნიშნელობა არ უნდა მივანიჭოთ, რადგან ამ ადამიანმა გადაწყვიტა თავისი მოსაზრება ღია წერილით გამოეხატა. დოლიძე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ რეალურ მოცემულობასთან დაკავშირებით ამგვარი მნიშვნელობის ქვეყანა, როგორიც არის შვეიცარია, აკეთებს განცხადებას. აქვე ვიქტორ დოლიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ნებისმიერ განცხადებას, წერილს, თუ ნებისმიერ ნაბიჯს ელჩი ცენტრს უთანხმებს. ამიტომ დეპუტატი ამასაც ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს.
შვეიცარიის ელჩის წერილთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემაც გააკეთა. მისი თქმით, შვეიცარიის ელჩი საქართველოში მხოლოდ თავის დიპლომატიურ მოვალეობას კი არ ასრულებს, არამედ მიმდინარე მოვლენებს ღრმად და საფუძვლიანად სწავლობს.
„შვეიცარიის ელჩი არა მარტო გამოცდილი დიპლომატი, არამედ ანალიტიკოსიცაა. ვფიქრობ, ეს წერილი ნათლად აჩვენებს, რომ უმჯობესია ადამიანმა საქართველოში სიტუაცია კარგად შეისწავლოს და შემდეგ გააკეთებს სწორ შეფასებებს. შვეიცარიის ელჩი ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ თავის დიპლომატიურ მოვალეობას კი არ ასრულებს, არამედ ღრმად და საფუძვლიანად სწავლობს მიმდინარე მოვლენებს და ეს მას საშუალებას აძლევს, რომ სწორი და სრული სურათი ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.