დემოკრატიული განვითარების ქართული გაკვეთილები

დემოკრატიული განვითარების ქართული გაკვეთილები

საქართველოს დემოკრატია ჯერ ბოლომდე შეფასებული არ არის. შარშან ოქტომბერში ჩატარებული შთამბეჭდავი არჩევნების მიუხედავად, რომლითაც ხელისუფლებაში მოულოდნელად ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა, საბოლოო ჯამში, მაინც გაურკვეველია, ამ ტურბულენტურმა კავკასიურმა რესპუბლიკამ მკაფიოდ გაიკვალა თუ არა გზა დემოკრატიისკენ, თუ ის კვლავ ერთი ძლიერი ლიდერის მეორით ჩანაცვლების პროცესშია. თუმცა, უდავოა, რომ ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი შეცვლით საარჩევნო ურნების გზით, საქართველომ გარდამტეხ წარმატებას მიაღწია თავის პოლიტიკურ განვითარებაში. იმავდროულად, ის გარკვეულ გაკვეთილადაც კი იქცა პოტენციური დემოკრატიებისთვის მსოფლიოში.

ქართული ოპოზიციის მოულოდნელი, ძლიერი გამარჯვება არჩევნებში და ხელისუფლების შედარებით მშვიდი გადაცემის პროცესი, რაც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მარცხის აღიარებას მოჰყვა, ძალიან კარგი ამბავია ქვეყნისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო „გარდამავალ პერიოდში“ – პოლიტიკური განვითარების ბუნდოვანების ზონაში. ე.წ. გარდამავალი რეჟიმები ხშირად უიმედოა. ბოლოდროინდელი არჩევნების მიუხედავად, წინასაარჩევნო საქართველო დემოკრატიზაციაში მტკიცე და თვალსაჩინო წინსვლის მხოლოდ მცირე ნიშანწყალს თუ იძლეოდა. ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ იყვნენ დამკვირვებლები დარწმუნებულნი, რომ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებლად გაიმარჯვებდა.

ტიპურ გარდამავალ რეჟიმზე მეტად ქართულ მოდელს, როგორც ჩანს, უფრო სტივ ლევიცკის და ლუკან ვეის განსაზღვრება შეეფერება: „კონკურენტული ავტორიტარიზმი“. ეს არის ის, როდესაც ინსტრუმენტები, რომელიც ჩვეულებრივ არსებობს ლიბერალურ დემოკრატიაში – ოპოზიციური პარტიები, არჩევნები, ზოგჯერ ცხარე დებატებიც კი – მიბმულია ყოვლისმომცველ პოლიტიკურ და უშიშროების აპარატზე, რაც ერთპარტიული მმართველობის გარანტიას უზრუნველყოფს. ასეთი რეჟიმები განსაკუთრებულად კოშმარულია დემოკრატიის დამცველებისა და ოპოზიციებისთვის, რადგან მათი გარჩევა საშუალოდ დემოკრატიული სახელმწიფოებისგან რთულია. მათ შეუძლიათ ამტკიცონ, რომ მუდმივად „გარდამავალ პერიოდში“ არიან, მაგრამ იმის არანაირი განზრახვით, რომ ოდესმე მაინც გადასცემენ ძალაუფლებას პოლიტიკურ ოპოზიციას.

საქართველოში, მოდერნიზატორული პროგრამების და მტკიცედ პროდასავლური რიტორიკის მიუხედავად, კონკურენტულმა ავტორიტარიზმმა მიიღო ისეთი ფორმა, რომელშიც მთავრობა იყნებდა უზარმაზარ ადმინისტრაციულ რესურსს, ქვეყანაში დომინირებდა პროსამთავრობო მედია და ამომრჩევლების დაშინებასაც კი ჰქონდა ადგილი. ცოტა დამკვირვებელს თუ შეუძლია იმის თქმა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო სხვა რამ, თუ არა მძიმე ბრძოლა მილიარდერი ოპონენტის ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. Freedom House-ის მონაცემების თანახმად, საქართველოს 2012 წლის რეიტინგი 2005 წლის შემდეგ უცვლელი იყო, და მხოლოდ ოქტომბრის შოკური შედეგის შემდეგ გაუმჯობესდა. იმავდროულად, Economist Intelligence Unit-ის შეფასებამ აჩვენა დემოკრატიული უკუსვლა 2011 წლის ანგარიშში 2006 წლის ანგარიშთან შედარებით.

თუკი ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ როგორ მიაღწია „ქართულმა ოცნებამ” გარღვევას?

დემოკრატებს, რომლებსაც თავს ესხმიან სხვა კონკურენტულ ავტორიტარულ სისტემებში, ვერ გაამტყუნებ, თუკი ისინი ვერ დაინახავენ განსაკუთრებულ გაკვეთილებს ცალკეულ სიტუაციაში, რომელშიც მონაწილეობდნენ მხარჯველი მილიარდერი პოლიტიკური მეტოქე და შედარებით ლიბერალი, თუ ანტიდემოკრატიული არა, მთავრობა, რომელსაც დასავლეთი ეტრფის. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ არჩევნებმა მართლაც შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ავტორიტარული რეჟიმების შესახებ და იმაზე, თუ როგორ უნდა ავუაროთ მათ გვერდი.

ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ ლიდერები უფრო მნიშვნელოვანი. ივანიშვილი, რომლის კაპიტალიც Forbes-მა 5.3 მილიარდზე მეტ დოლარად შეაფასა, ძალიან მდიდარია. მაგრამ ისეთი კანონმდებლობის პირობებში, როდესაც კამპანიის დაფინანსება შეზღუდული იყო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პერიოდულად ბომბავდა ოპონენტს ჯარიმების დაკისრებით, როგორც ჩანს, ივანიშვილის სიმდიდრემ ცოტა რამ თუ განსაზღვრა კამპანიის დროს.

„ივანიშვილს ფულმა არ მისცა არჩევნების ყიდვის შესაძლებლობა“, – აღნიშნავს კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი. „უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მას ამან კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა მისცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც შეეძლო სამთავრობო რესურსების გამოყენება პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის“.

არსებობს შეფასების კიდევ ერთი გზა, კერძოდ, ივანიშვილის, როგორც ოპოზიციონერი ლიდერის და დამფინანსებლის შედარებით ხანმოკლე კარიერის შედარება მისი წინამორბედის, აწ უკვე გარდაცვლილი არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის კარიერასთან. პატარკაციშვილი, რომელიც გარდაცვალების მომენტისთვის 2008 წელს, დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს ფლობდა, ივანიშვილზე ორჯერ მდიდარი იყო, მაგრამ ვერც კი მიუახლოვდება მის წარმატებას პოლიტიკურ სფეროში. გარდაცვალებამდე პატარკაციშვილი აქტიურად აფინანსებდა ოპოზიციას, რომელსაც სათავეში ედგნენ ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი და ლევან გაჩეჩილაძე – უკმაყოფილო გარიყულთა ჯგუფი და შემცირებული ნომენკლატურა, რომლებსაც აკლდათ პოლიტიკური ხედვა, ერთობა და ყველაზე მთავარი, სახალხო მხარდაჭერა.

ამის საპირისპიროდ, როდესაც ივანიშვილმა 2013 წლის ოქტომბერში თქვა, რომ პოლიტიკაში მოდის, მან თავი ქართული ოპოზიციის გამაერთიანებლად წარმოადგინა და მედიის საშუალებით საკუთარ სამიზნედ არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ძველი ოპოზიციის ზოგიერთი ელემენტიც გამოაცხადა. შემოიკრიბა რა გარშემო დასავლური, პოლიტიკაზე ორიენტირებული ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, „ქართული ოცნება“ შეეცადა ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცე მმართველ ალტერნატივად გარდაექმნა. სწორედ ამ დამაჯერებლობის განცდამ შეუწყო ხელი საბოლოო ჯამში ოპოზიციის გაერთიანებას და ელექტორატის მობილიზებას, რომელსაც ცვლილებები სწყუროდა. მაშინ, როდესაც ივანიშვილის სიმდიდრემ, რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ითამაშა, აქცენტი ერთობაზე გაკეთდა ხელმძღვანელობის გზით, რამაც თავი მოუყარა განსხვავებულ ინტერესებსა და პოლიტიკურ მოძრაობებს გამარჯვების პერსპექტივის მქონე ელექტორალურ ბლოკში.

მნიშვნელოვანია გზავნილებიც. თუკი კამპანიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მოკავშირეების მხრიდან რეფრენად გასდევდა „რუსეთი, რუსეთი, რუსეთი“, „ქართული ოცნების“ პასუხი იყო „სამუშაო ადგილები, სამუშაო ადგილები, სამუშაო ადგილები“. იმ დროს, როდესაც „ენმ“ ცდილობდა არჩევნების წარმოდგენას, როგორც შეჯიბრს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ მარიონეტსა და პროდასავლელ ჩინოვნიკებს შორის, „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუშვა ჩათრეული ყოფილიყო ამ დიდწილად დაუსაბუთებელი ბრალდებების უარყოფის მორევში. განსხვავებით ოპოზიციის წარსული ლოზუნგებისგან, „ქართული ოცნების“ კამპანია ორიენტირებული იყო შედარებით მკაფიო გზავნილებზე ეკონომიკური განვითარების, სახელმწიფო დაუსჯელობისგან გათავისუფლების და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასაქმების შესახებ.

იმავდროულად, ივანიშვილის კრემლთან კავშირებზე ბრალდებებმა რეალურად ვერ იმუშავა. მართალია, მან ქონება რუსეთში დააგროვა (საკმაოდ დამახასიათებელი რამ ბევრი მდიდარი ქართველისთვის, რომელთა რიცხვშიც შედის სააკაშვილის რამდენიმე მდიდარი მოკავშირე), თუმცა ივანიშვილის ბიოგრაფია მკვეთრად გამორჩეულია იმ სხვა მაგნატების ისტორიებისგან, რომლებიც ელცინის თავქარიან 1990-იან წლებში გამდიდრდნენ. მაგრამ, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ელექტორატის მოტივაციის საგანს არა ივანიშვილის რუსეთთან ურთიერთობა, არამედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საშინაო მარცხი წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ სერიოზულ წარმატებას მიაღწია ინფრასტრუქტურის და ინსტიტუტების მოდერნიზებაში, ასევე წვრილი შეიტანა კორუფციის აღმოფხვრაში, ახალი საქართველოს ამ სიკეთეებით დიდწილად მცირერიცხოვანი ელიტა სარგებლობდა, რომელიც დილით საშინაო პოლიტიკაში ჩაურევლობას ქადაგებდა, შუადღისას კი უცხოურ დახმარებას ლობირებდა.

„ქართულმა ოცნებამ“ ასევე უზრუნველყო ის, რომ ამ ისტორიის მისეულ ვერსიას მიეღწია საერთაშორისო აუდიტორიამდე. განსხვავებით ძველი ოპოზიციის არარეგულარული კამპანიისგან საერთაშორისო მედიაში, „ქართული ოცნება“ სისტემატიურად ავრცელებდა განცხადებებს, პოლიტიკურ გეგმებს და კომენტარებს კარგი ინგლისურით, იმ მიზნით, რომ უცხოეთში მოვლენების მისეულ ვერსიასაც გაიგებდნენ. მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო დაექირავებინა საკუთარი ლობისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაზე საპასუხოდ და საკუთარი გზავნილის გარეთ გასატანად, მაგრამ მისი მხრიდან უფრო იაფი პლატფორმების განვითარებამ, როგორებიცაა ბლოგები და სოციალური მედია, განსაკუთრებით შთამბეჭდავად იმუშავა.

საერთაშორისო ყურადღება მნიშვნელოვანია. რჩევნების მიმართ საერთაშორისო ყურადღების მოპყრობის შესაძლებლობამ მთავარი როლი ითამაშა ქვეყნის ცვლილებაში. ვიდრე, „ქართული ოცნების“ შესაძლებლობამ გაევრცელებინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის საწინააღმდეგო გზავნილი, რაც ქმნიდა ერთგვარ ბალანსს და აუცილებლად საჭირო კონტექსტს საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, საერთაშორისო ჩართულობა პირდაპირი კონტაქტის ფორმით და საარჩევნო დამკვირვებლების მისიები გადამწყვეტი აღმოჩნდა მშვიდი და შედარებით სუფთა არჩევნების უზრუნველსაყოფად.

მართალია, ბევრ ქვეყანას ვერ ექნება ისეთივე დონის საერთაშორისო ყურადღების იმედი, როგორიც საქართველომ მიიქცია, თუმცა ინტერნეტის მზარდი ძალა და ინგლისურის, როგორც გლობალური ენის გავრცელება, საერთაშორისო ყურადღებას სულ უფრო და უფრო იაფ პროდუქტად აქცევს. იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენტული ავტორიტარული სახელმწიფოები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან კონტროლისთვის, რასაც ვერ ვიტყვით კლასიკურ ავტოკრატიულ რეჟიმებზე, საერთაშორისო სიფხიზლეს და ზეწოლას შეუძლია ხელი შეუწყოს ბალანსის მიღწევას თუ არა, გარკვეული ხარისხის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას მაინც.

ფიქტიური სახალხო წარმომადგენლობითობა და ელექტორალური პლურალიზმი კონკურენტული ავტორიტარული რეჟიმების სასიცოცხლო ბაზისია. პოტიომკინის არჩევნებიდან საპარლამენტო სპექტაკლებამდე, კონკურენტული ავტორიტარული რეჟიმები ყვავიან შედარებითი ღიაობის ნარატივზე, რითაც მათ გახსნილი აქვთ გზა დასავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შენარჩუნების ბერკეტებზე ძალიან მტკიცედ არიან ჩაბღაუჭებულები – ორივე სამყაროზე უკეთ. თუმცა ასეთი ბუნდოვანი რეგიონების მერყეობა ავტოკრატიას და დემოკრატიას შორის, ასეთ რეჟიმებს გამორჩულად მიდრეკილს ხდის დანგრევისკენ.

ასეთი რეჟიმები ძალიან ზღუდავენ სივრცეს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის (დევნითა და აღურიცხავი დაკავებებით), თუმცა სწორედ ასეთმა ფონმა შეიძლება იმავდროულად შექმნას საკმარისი სივრცე ოპოზიციის გაერთიანებისა და მმართველი პარტიის მახეში შეტყუებისთვის. საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომით წამოეგო თავისსავე პოპულარობის მითს და დაიჯერა, რომ მის პოზიციას არაფერი ემუქრებოდა. მაგრამ, არჩევნებამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე, ციხეებში ძალადობის შესახებ დაწყებულმა სკანდალმა, აბსოლუტურად სხვა სურათი აჩვენა: მოვლენებმა შეუქცევადი სახე მიიღო, „ქართული ოცნების“ აქციები გაიზარდა, და გამოჩნდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმაზე ბევრად ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე მისი მხარდამჭერები ფიქრობდნენ.

საქართველოს მსგავსად, ოპოზიციურ მოძრაობებს თავიანთ კონკურენტულ ავტოკრატიებში რეჟიმების ფიქტიური ღიაობა შეუძლიათ თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. ოპოზიციებს შეუძლიათ თავი შეაფარონ იმ ინსტიტუციონალურ სივრცეებს, რომელიც პლურალიზმის ნიშნად არსებობს, საიდანაც მათ შეუძლიათ არჩევნები დე ფაქტო ერთი მოთამაშის ღონისძიებიდან რეალურად კონკურენტულ შეჯიბრად აქციონ.

მართალია, ჯერ ადრეა მას დემოკრატია უწოდო, თუმცა საქართველომ ყველა შემთხვევაში გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მის პოლიტიკურ განვითარებაში შეიძლება წყალგამყოფად იქცეს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ წარმატება შესასწავლია, და მას ძნელად თუ ვუწოდებთ ფორმულას; და მიუხედავად ოპოზიციის უნარისა გადალახოს დაბრკოლებები და გაიმარჯვოს, საქართველოს პოლიტიკური განვითარების ბედი ცხადი ჯერ არ არის.

დემოკრატიას ნამდვილად აქვს შანსი საქართველოში. მაშინ, როდესაც ბევრი ოპოზიციური ძალისთვის მხოლოდ შანსია ის, რისი იმედიც შეიძლება მათ ჰქონდეთ თავიანთ კონკურენტულ ავტორიტარულ რეჟიმებში.

foreignpress.ge