ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში ფუნქციონირებას 2013 წლის ბოლოდე გააგრძელებს, რის ოფიციალურ მიზეზადაც თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის მდგომარეობა სახელდება, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული, რომ ეს საკითხი, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე არ განიხილება.
ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირების ვადის გახანგძლივების შესახებ ინფორმაციამ საკანონმდებლო ორგანოს აპარატში უკმაყოფილება უკვე გამოიწვია. For.ge-სთან საუბარში აპარატის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ქუთაისში პარლამენტის კიდევ ერთი წლით დარჩენას, აპარტიდან კადრების გადინება მოჰყვება.
მათი განცხადებით, ხარჯების ანაზღაურების მიზნით, აპარატის თანამშრომლებს ხელფასთან ერთად, 300-400 ლარიანი დანამატი მიეცემათ, მაგრამ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ „ხალხი გზაშია გამოკიდებული“.
მართალია, აპარატის თანამშრომლების მსგავსად, დეპუტატებიც „გზაში არიან გამოკიდებულნი“, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ კანონმდებლები ქუთაისში თვეში მხოლოდ 10 დღეს ატარებენ. კერძოდ, სასესიო კვირის ორშაბათს, თუ ბიუროს სხდომა არის ჩანიშნული, უწყებას მხოლოდ თანანმდებობის პირი დეპუტატები (კომიტეტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები, უმრავლესობა-უმცირესობის ლიდერები, ფრაქციის თავმჯდომარეები) ეწვევიან, რიგითი კანონმდებლები კი, ორგანოს სამშაბათს ესტუმრებიან, რომლებიც ქუთაისში, პარასკევის 19:00 საათამდე, ანუ, კენჭისყრამდე რჩებიან. რაც შეეხება არასასესიო კვირას, რომელიც რეგლამენტით, ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის არის გათვალისწინებული, უწყებაში ერთი კანონმდებელის პოვნაც კი სირთულეს წარმოადგენს, იმის მიუხედავად, რომ IDFI-ის ინფორმაციით, ქუთაისში პარლამენტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა მხოლოდ ბინებით უზრუნველყოფისთვის ყოველწლიურად - 4 მილიონ 573 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს.
პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნების თაობაზე, პოლიტიკურ წრეებში რა განწყობებია, ამის გარკვევას For.ge შეეცადა და შეფასებებიდან ნათელი გახდა, რომ საკანონმდელო ორგანოს თბილისში დაბრუნება უკავშირდება არა მხოლოდ ტექნიკურ მხარეს, არამედ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას.
როგორც for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, 2013 წელს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან დედაქალაქში გადატანა ვერ მოხერხდება.
მისი თქმით, ექსპერტებისგან დასკვნა მიიღეს, რომ შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პარლამენტის თბილისში დაბრუნება, მიმდინარე წელს ვერ მოხდება.
„შესაბამისად, არ ვიჩქარებთ და ეს საკითხი საკონსტიტუტიცო პაკეტთან ერთად გავა. 100 პროცენტიანი გარანტიით ვთვლით, რომ პარლამენტი თბილისში აუცილებლად გადავა და ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა“, - აცხადებს ხიდაშელი.
For.ge-სთან საუბარში უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე კი, ამბობს, რომ ეს საკითხი, ალბათ, პრეზიდენტის წასვლამდე არ განიხილება.
„რამდენადაც ჩემთვის კულუარულად ცნობილია, ეს საკითხი, პრეზიდენტის წასვლამდე არ განიხილება, ან თუ განიხილება, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ დავძლევთ. სააკაშვილს ყველაფერი წავართვით, რაც ჰქონდა და საჭიდაო პარლამენტის საკითხი დარჩა. ვფიქრობ, რომ სანამ მიშა არ წავა, ამ საკითხს არ დათმობენ. აი, მერე კი, ამის გააქტიურება შეიძლება. დარწმუნებული ვარ, თბილისში პარლამენტის დაბრუნება ცალ-ცალკე ყველას სურს, მაგრამ ეს წინადადება მათი იდეა იყო და შესაბამისად, ამას ერთობლივად არ დათმობენ“, - აცხადებს ნიშნიანიძე.
საკითხზე საუბრისას ვიცე-სპიკერები - მანანა კობახიძე, ზვიად ძიძიგური და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აქცენტს რუსთაველის გამზირზე არსებული შენობის ტექნიკურ მხარეზე ამახვილებენ და ქუთაისში პარლამენტის დარჩენას შენობის სარემონტო სამუშაოებს უკავშირებენ, თუმცა, for.ge-ს კითხვაზე - „პარლამენტის თბილისში დაბრუნება დაკავშირებულია თუ არა სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვასთან?“ - აცხადებენ, რომ ამ საკითხს პოლიტიკური მხარეც აქვს.
სესიაშვილის თქმით, თბილისის პარლამენტის შენობა გასარემონტებელია და ტენდერები ცხადდება იმისათვის, რომ პარლამენტის შენობის მოწყობა მოხდეს.
„განსაკუთრებით რთული - სხდომათა დარბაზის მოპირკეთებაა. რაც შეეხება ამ საკითხის მიბმას პრეზიდენტის ვადის ამოწურვასთან, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური მხარეცაა იმიტომ, რომ ამ საკითხის წინააღმდეგი უმცირესობაა. პოლიტიკური ბარიერის გადალახვა მოგვიწევს და იქედან გამომდინარე, რომ პოლიტიკა ხელოვნებაა, ისე მოვრიგდებით, რომ ამ ყველაფერზე კენჭისყრა გაიმართება“, - აცხადებს სესიაშვილი.
ძიძიგურის შეფასებით, რემონტთან დაკავშირებით, რამდენიმე ტენდერია გამოცხადებული და ამ დღეებში, კომპიუტერიზაციის საკითხზე ტენდერი გამოცხადდება.
„ეს კი, დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია და ყველაფერს კანონის შესაბამისად მივყვებით. არ გვსურს, რომ წინამორბედებს დავემსგავსოთ, რომლებიც ყოველგვარი დოკუმენტისა და კონკურსების გარეშე, შენობებს აშენებდნენ. რაც შეეხება ამ თემის პრეზიდენტთან დაკავშირებას, ამ თემაზე რაღაც ეტაპზე საუბარი იყო, რომელიც ოპოზიციის სურვილით და აქტიურობით შეჩერდა“, - განუცხადა for.ge-ს ძიძიგურმა.
კობახიძის განცხადებით, პარლამენტის თბილისში დაბრუნება მას ძალიან სურს, მაგრამ ეს საშემდგომო სესიამდე რამდენად მოესწრება, არ იცის.
„რა თქმა უნდა, პარლამენტის თბილისში დაბრუნება დღის წესრიგში დგას. უფრო პრიორიტეტული იყო მთავრობის დათხოვის საკითხი და პარლამენტის გადატანის დროც მოვა. საშემოდგომო სესიიისთვის პარლამენტი თბილისში დაბრუნების ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ეს რამდენად მოესწრება ვერ გეტყვით“, - დასძენს ვიცე-სპიკერი.
რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციაში არსებულ განწყობას, როგორც for.ge-ს პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, ამ საკითხთან დაკაშირებით, განხილვები აღარ გრძელდება, ყოველ შემთხვევაში, საშემოდგომო სესიამდე.
„ეს საკითხი არ განიხილება. ბუნებრივია, კანონპროექტი გაწვეული არ არის, მაგრამ ეს საკითხი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის შეთანხმებულია“, - აცხადებს კუბლაშვილი.
ეს საკითხი შეთანხმებულია თუ არა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ამ თემაზე საუბარი უჭირს მიხეილ მაჭავარიანს და აცხადებს, რომ „როგორც თქვენ, ასევე მეც მოვისმინე, რომ თითქოს, რაღაც საუბარი ყოფილა, თუმცა, დეტალები არ ვიცი“.
for.ge-სთან საუბარში მაჭავარიანი ყურადღებას ქუთაისის პარლამენტის შენობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ შენობა დაკონსერვებულია და ამ პარლამენტის ბევრად უფრო უკეთესად ფუნქციონირება შეიძლებოდა, მაგრამ რაღაც მინიმალური გაკეთდა.
„განწყობა არის აპარატში, რომ უნდა გადავიდნენ, მაგრამ სჯობს, რომ აპარატში დამონტაჟებული კონდიცირება-ვენტილაციის სისტემა, რომელიც არც მომწონს, გარეთა პერიმეტრზე გადაიტანონ. აპარატის თანამშრომლებებს დისკომფორტი აქვთ და სამწუხაროდ, ამას არ აკეთებენ და მათ გადასვლას ჰპირდებიან. მიგვაჩნია, რომ ეს კვალიფიციური კადრები არ არის დასაკარგი. საკითხზე, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ ამავდროულად, თბილისის პარლამენტიც არ არის მზად, რომ პარლამენტი მიიღოს. მიგვაჩნია, რომ ქუთაიში პარლამენტის მუშაობა შედგა“, - აცხადებს მაჭავარიანი, რომელმაც for.ge-ს კითხვაზე - „თუ რას გულისხმობს „შედგაში“, როდესაც ერთი კვირა პარლამენტში მუშაობა დატვირთულ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო მეორე კვირას უწყებაში დეპუტატები არ დადიან?“ - განაცხადა, რომ ეს მუშაობის ორგანიზებაზეა დამოკიდებული.
„რუსთაველის გამზირზეც იყო დღეები, როცა შენობაში მხოლოდ ხუთ დეპუტატს ნახავდით. თუ ორგანიზებას გააკეთებ, დეპუტატები იქნებიან, თუ არადა არა. თბილისელი კი, მხოლოდ ხოხობია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მართალია, კანონმდებლები თბილისის პარლამენტში შექმნილ ვითარებაზე აპელირებენ, მაგრამ აპარატის თანამშრომლები დისკომფორტს ქუთაისის 360 მლნ ლარიან პარლამენტის შენობაშიც განიცდიან, სადაც კონდიცირება-ვინტილაციის სისტემის გაუმართავი მუშაობის გამო, უწყების ცენტრალურ შენობაში განთავსებული დაახლოებით 300-მდე ფანჯარა ზამთარშიც კი ღიაა. რაც შეეხება აპარატის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კორპუსს, იქედან გამომდინარე, რომ ამ შენობას ფანჯრებიც კი არ აქვს, სამუშაო კაბინეტებში, სადაც მინიმუმ შვიდი ადამიანი ზის, ჰაერი საერთოდ არ მოძრაობს. ეს იმ დასკვნიდანაც ჩანს, რომელიც ზამთრის პერიოდში, ღია ფანჯრების პირობებში, სამეცნიერო კვლევითმა ფირმამ - „გამა“-მ დადო. კერძოდ, ორგანიზაციის მიერ მომზადებული 17 ფურცლიანი დასკვნით გაირკვა, რომ პარლამენტის შენობაში ჟანგბადის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში მის შემცველობასთან შედარებით ნაკლებია, ხოლო ნახშირორჟანგის შემცველობა მეტი. ამასთან, ჰაერში ფიქსირდება აქროლადი ორგანული ნივთიერებების არსებობა, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან სამშენებლო მასალების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხდა. ამას გარდა, ხმაურის დონეების მნიშვნელოვანი გადაჭარბება აპარატის შენობის პირველ სართულზე ფიქსირდება.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე არსებული პარლამენტის შენობის რემონტს, ისტორიული შენობის რეაბილიტაცია 1-ელ მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე, საკანონმდებლო ორგანოში სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა. ამის ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ სამშენებლო კომპანიები სატენდერო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, რიგი კომპანიების უკან „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენიანი ლიდერები დგანან, რომელთა მხრიდან საბოტაჟის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, პარლამენტის ილია ჭავჭავაძისა და რესპუბლიკის დარბაზების, ასევე პლენარული სხდომის დარბაზის დემონტაჟი მოხდა. უწყებიდან გატანილი იქნა ინვენტარი და ავეჯი. ახალი ხელისუფლების პირობებში კი, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა დაუბრუნდა და ისტორიული ნაგებობა უკვე პარლამენტის ბალანსზე ირიცხება.
წინა მთავრობის გადაწყვეტილებით, თავდაპირველად შენობა ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარა, რომელმაც მოგვიანებით, შენობა აქტებით „საპარტნიორო ფონდს“ გადასცა.