ზესტაფონელები გოგი ქავთარაძეს პოლიტიკურ კუბოს უმზადებენ

ზესტაფონელები გოგი ქავთარაძეს პოლიტიკურ კუბოს უმზადებენ

„ზესტაფონში ყველაფერს გოგი ქავთარაძე აკონტროლებს. მის გარეშე დამლაგებლად მოხვედრაც რთულია“, - ამის შესახებ რიგითი ზესტაფონელები ყვებიან.

ზაზა დავლაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ გოგი ქავთარაძის გამარჯვების შემდეგ აქტიურად განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა სამსახური დააკარგვინა. აფხაზეთის ომში ნაომარ კაცს გორის ომის დროს გაქცეული ავთანდილ კიკნაველიძე არჩიეს კომისარიატში. როგორც ამბობენ, ზესტაფონელები გოგი ქავთარაძის კადრების მიმართ აგრესიას ვერ ფარავენ, თუმცა ამ ეტაპზე ეს აგრესია პირად საუბრებში უფრო ვლინდება.

For.ge ზაზა დავლაძესა და ერთ-ერთ რეზერვისტს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

რა ხდება ზესტაფონში 1-ლი ოქტომბრის შემდეგ?

ზაზა დავლაძე: გოგი ქავთარაძის მოსვლით თითქოს აქტიურად დაიწყო საკადრო ცვლილებები, მაგრამ რა კადრიც ჰყავდათ ნაციონალებს, უარესი კადრით მოხდა მათი ჩანაცვლება. ზესტაფონელებს ნაციონალების კადრი უკვე სანატრელი გაუხდათ. პირადად ჩემს მაგალითზე მოგახსენებთ, ნაციონალები როცა წავიდნენ, ყოფილი კომისარი ბრალდებული აღმოჩნდა „ინფო 9“-ის ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო, ამიტომ ის გათავისუფლდა და 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ზესტაფონის რაიონის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დამნიშნეს. მოვალეობის შემსრულებლად ჩემი დანიშვნა იმან გამოიწვია, რომ თვითმმართველობის კანონიდან გამომდინარე, კონკურსის გარეშე არ შეიძლება პოსტზე დაინიშნოს ადამიანი. გარდა ამისა, ახლოს ვიყავი ამ სფეროსთან და მანამდეც მიმუშავია კომისარიატში. თუმცა, ამ დანიშვნის მიუხედავად, პოსტიდან სულ რაღაც ორ თვეში გამანთავისუფლეს და ჩემს ადგილას შევარდნაძის დროის კომისარი დანიშნეს. ამის შესახებ ზესტაფონის გამგებელს ნუგზარ ქამუშაძეს ვკითხე, რატომ გამათავისუფლეთ-მეთქი. ნუგზარმა მითხრა, მე არ გადამიწყვეტია, გოგი ქავთარაძემ გადაწყვიტა შენი განთავისუფლება და ავთო კიკნაველიძის დანიშვნაო. გოგი ქავთარაძე საკადრო პოლიტიკაში აქტიურად ერევა, ეს კი არა, დამლაგებლის დანიშვნასაც მას უთანხმებენ. ქავთარაძის მოსვლის შემდეგ გამგეობიდან ყველა გაათავისუფლეს.

რეზერვისტი: ზაზა დავლაძის ნაცვლად, მოქმედი დეპუტატის შაკო (შალვა) კიკნაველიძის ბიძა დანიშნეს მის თანამდებობაზე. ისევ ნათესაური კავშირებით დაიწყეს თანამდებობების დაკავება, არ ექცევა ყურადღება არც განათლებას, არც ადამიანის წარსულს.

ზაზა დავლაძე: ჩემი გაშვება იმისთვის უნდოდათ, რომ საკუთარი ნათესავისთვის ადგილი განთავისუფლებოდა შალვა კიკნაველიძეს, რომელიც ჩემს შემდეგ კომისრად დაინიშნა.

რეზერვისტი: 90-იანი წლების მოვლენებში ზაზა დავლაძეს აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული, შესაბამისი დოკუმენტიც არსებობს, რომ იგი ოფიცერია და თითქმის, ყველა ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა, რაც მაშინ აფხაზეთში წარმოებდა საქართველოსა და რუსეთს შორის. ამის გამო, როდესაც მოვიდა ზესტაფონის გამგებელი კახა გეწაძე, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზაზა დავლაძე წაეყვანათ კომისარიატში და ამ სფეროთი ყოფილიყო დაკავებული. ამის შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ კახა გეწაძე დაიჭირეს და შეუჩერდა უფლებამოსილება. ამის შემდეგ ზაზას დავლაძის თანამდებობაზე მოიყვანეს კიკნაველიძე.

თქვენ ახსენეთ, რომ ნაციონალებთანაც გიმუშავიათ, ესეც ხომ არ იყო თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

ზაზა დავლაძე: ვმუშაობდი, მაგრამ არასდროს მათთან არ ვყოფილვარ, ნაციონალობას ვერ დამწამებენ, რადგან მათ ჩემი შეხედულებები ნაციონალების შესახებ იციან და მე ამას არც არასდროს ვმალავდი. არც ოპოზიციონერი ვიყავი, არც პოზიციონერი, ნეიტრალური მეჭირა. ამას ვერავინ მეტყვის. თუმცა ამ წუთში გოგი ქავთარაძის გვერდში არიან ყოფილი ნაციონალები, ზუსტად ისინი, ვინც მართავდა და აქცევდა ზესტაფონს. კახა გეწაძემ 2012 წელს არჩევნების მერე კომისრად დამნიშნა, მაგრამ გეწაძე ჩემი დანიშვნიდან ერთ თვეში დააკავეს და ორ კვირაში, იანვრის დასაწყისში მომხსნეს სამსახურიდან. გოგი ქავთარაძემაც და ნუგზარ ქამუშაძემაც ერთადერთ მიზეზად დამისახელეს, რა ვქნა, ძმაო, მოქმედი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე თავს იკლავს, რადგან მის ბიძას უნდა ეს ადგილიო. ეს კიკნაველიძე არის ნაციონალების დროს გორიდან გამოქცეული კაცი და მის შესახებ მთელს ზესტაფონში ასეთი საზოგადოებრივი აზრია, რომ იგი კორუმპირებულია. როგორც ამბობენ, მისი მეუღლე ცალკე კრეფდა ფულს და თვითონ კი ცალკე კრეფდა, რომ წვევამდელები ჯარში არ წაეყვანა. ამის შესახებ ვუთხარი კიდეც ბატონ გოგის, რომ ავთანდილ კიკნაველიძე პარლამენტარ შალვა კიკნაველიძის ბიძაა, გუბაზ სანიკიძის სიიდან. ავთანდილ კიკნაველიძე შევარდნაძის დროს იყო ზესტაფონის სამხედრო კომისარი, ნაციონალების დროსაც იყო, 2009 წლამდე კომისარი იყო, შემდეგ კი ომიდან გაიქცა.

თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ალტერნატიული პოსტი ხომ არ შემოგთავაზეს?

ზაზა დავლაძე: მთავარ სპეციალისტად გადამიყვანეს. გოგი ქავთარაძესაც და გამგებელ ნუგზარ ქამუშაძესაც ვუთხარი, ის მაინც გეთქვათ, რომ მათავისუფლებდით-მეთქი. ამაში იურიდიულად მართლები ვართ, რადგან მისმა დანიშვნამ ავტომატურად შენი დანიშვნის აქტი გააჩერაო. მე ვუთხარი, იურიდიულად შეიძლება, მართლები იყოთ, მაგრამ მორალურად არ ხართ მართლები-თქო. არ მინდოდა კონფლიქტში შესვლა და მთავარი სპეციალისტობიდან შვებულებაში გავედი. შვებულების დასრულების შემდეგ გამგებელს ვუთხარი, არ მივალ სამსახურში-თქო. გოგი ქავთარაძემაც იცოდა, რომ ეს ჩემი ღირსების შეურაცხმყოფელი იყო, რადგან კაცს, რომელსაც ამდენი ტყვია მაქვს მოხვედრილი და ყველა ომში ვარ ნაომარი, უფროსად არ შეიძლება ჰყავდეს ომიდან გაქცეული და კორუმპირებული პირი. მთელ ზესტაფონში მოიაზრება, რომ ეს კაცი კორუმპირებული და ომიდან გაქცეულია და მის მიერ ხელმოწერილი უწყება ვინმეს რომ მივუტანო, არ მეტყვიან, რა მორალური უფლება გაქვს, რომ ჯარში მიწვევ ამ კაცის ხელმოწერითო?! ნუგზარმა მითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ყოველდღიურად ვხვდები ნუგზარ ქამუშაძეს და გოგისაც ველაპარაკები ამ თემაზე. გოგის ზესტაფონის თეატრთან შევხვდი, მითხრა, არ მახსოვდა რაღაცეები და შენ ჩვენი ძმა ხარო, ჩვენ უნდა ვიმეგობროთ, შენნაირ ხალხთან უნდა ვიმეგობროთო. ვუთხარი, მეგობრობა არ მინდა, ის მოაგვარეთ, რაც გააფუჭე-თქო.

ამაზე რა გიპასუხათ გოგი ქავთარაძემ?

- ამაზე მითხრა, მართალი ხარო. პირად საუბარში ყველა მეუბნება, მართალი ხარო. ახლა აკეთებენ ასეთ რამეს, რადგან მე სამსახურში არ მივდივარ, უნდა გამათავისუფლონ სამსახურში გამოუცხადებლობის გამო. ნუგზარ ქამუშაძეს დავურეკე და ვუთხარი, ხომ იცი, ცხოვრებაში სიტყვა არ გამიტეხავს, ამდენი წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ამიტომ გაგათავისუფლებ მაგ ჯაფისგან, მე თვითონ ჩამოვალ და დავწერ განცხადებას-თქო.

რეზერვისტი: ახლა გოგი ქავთარაძის გვერდში წამყვან თანამდებობებზე არიან ის ადამიანები, რომლებიც დაჩოქილები სვამდნენ სააკაშვილის მთავრობის დროს მის სადღეგრძელოს და ახლა მას დედას აგინებენ. სულ ახლახანს, 8 მარტის სუფრაზე მოხდა ასეთი ამბავი, რომ ადამიანები, რომლებიც ერთი წლის წინ მიშას სადღეგრძლოს სვამდნენ, რატომღაც 8 მარტის სუფრაზე დედას აგინებდნენ. კიკნაველიძეს რაც შეეხება, 2008 წელს ის იყო რეზერვის ბატალიონის მეთაური. მაშინ სენაკის ბატალიონში გავდიოდით წვრთვნას და ჩვენი მეთაური იყო კიკნაველიძე. 2008 წლის ომი რომ დაიწყო, მობილიზაცია გამოცხადდა და ჩვენი ბატალიონი, 500 კაცი წავედით გორში, სამხედრო ბაზის უკან დავბანაკდით. მეთაური კი იყო დღევანდელი მოქმედი კომისარი კიკნაველიძე. ჩასვლიდან სადღაც 15 წუთში მოხდა ჩვენი პირველი დაბომბვა. არეულობა დაიწყო ბიჭებშიც, კონტროლი დაკარგა კომისარმა, მეთაურმა. ამ სიტუაციიდან ეს 500 კაცი გვიხსნა ვიცე-პოლკოვნიკმა კიკნაძემ, სამწუხაროდ, მისი სახელი აღარ მახსოვს. მან მე პირადად მიშველა. დაბომბვა რომ დაიწყო, ისეთ ადგილს შევაფარე თავი, თურმე სამიზნე ყოფილა, რაც მოგვიანებით შევიტყე. გაზის მილი გაჰყავდათ გორში და მიგვანიშნა, იმ ადგილას ვყოფილიყავით და ბრძანების მიღებამდე არსად წავსულიყავით. არადა, შემთხვევით მოხვდა იქ ის პიროვნება და როცა არეულობას შეხედა, ალბათ, თავს უფლება არ მისცა, მივეტოვებინეთ. ასეთი დაბომბვის დროს კი კიკნაველიძე არ ჩანდა. დაბომბვის გამო ღამით პანიკა შეიქმნა, პროვოკაციებიც ხორციელდებოდა, ოსი მოდის, რუსი მოდისო, - ატყდა ძახილი. ღამის სამი საათი იქნებოდა, გამოჩნდა კიკნაველიძე, ამ დროს ჯარი გარბოდა, ბიჭები გაიქცნენ, ავტობუსში შეცვივდნენ, ავტობუსებმა მოძრაობა დაიწყეს გორში, ქალაქის ცენტრში თეატრთან. ღამე გადმოვედით გორის თეატრთან და დაგვაბანაკეს იქ. სადღაც ათის თხუთმეტი წუთი იქნებოდა, როცა ხელახალი დაბომბვა დაიწყო. დაბომბვისას კიკნაველიძე იქ იმყოფებოდა, რეზერვისტებმა ბრძანება მიიღეს, რომ მე-7 საშუალო სკოლის შენობისკენ გადავსულიყავით, გორიჯვრის დაბლა იყო ეს სკოლა და იქ გადაგვიყვანეს, მას შემდეგ კიკნაველიძე აღარავის უნახავს. არ ვიცი, სად გაიქცა.

და ვენი მიტოვების გამო არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა?

- ამის შემდეგ სიტუაცია ნამდვილად უკონტროლო იყო. ფაქტობრივად, ქაოსი იყო, ავტომატს ყრიდნენ, გარბოდნენ და რეზერვისტებმა მიიღეს წამოსვლის გადაწყვეტილება, რადგან მეთაური აღარ გვყავდა. თუმცა, ყველანი არ წამოვსულვართ და 25 კაცამდე მაინც დავრჩით. ისეთ სიტუაციაში ვიყავით, ინფორმაცია არ გვქონდა, რა ხდებოდა, ველოდებოდით მეთაურს. ამის შემდეგ გამოგვიყვანეს, დილას რუსები შემოვიდნენ. როგორც მერე გავიგე, უშიშროების თანამშრომლები იყვნენ, რომლებმაც გორიდან გამოგვიყვანეს და ხაშურამდე ჩამოვედით. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა ეს კიკნაველიძე კომისრად დანიშნეს, არადა, მთელი ზესტაფონი მასზე ლაპარაკობდა. არც ის ვიცი, სად გაიქცა, გორში იყო თუ რუსთავში, მაგრამ ფაქტია, რომ 500 ზესტაფონელი მეთაურის გარეშე დარჩა. ომში კი მეთაური რას ნიშნავს, ყველასთვის ცხადია.

ზაზა დავლაძე: გოგი ქავთარაძეს ვუთხარი, ომიდან გაქცეულ კაცს ჩემზე წინ როგორ უშვებთ-თქო. პირადად მე, 18 წლის ბიჭმა კბილებით გამოვიტანე ავტომატი, შვიდი ტყვია მქონდა მოხვედრილი და მაინც გამოვცოცდი, ჩემი საქმე არ მივატოვე, თუმცა ჩემი საბუთები ჩაის ბუჩქებში გადავმალე, რომ მოწინააღმდეგეს ვერ გაეგო, თუ ვინ ვიყავი. ამაზე გოგიმ მითხრა, მესმის, მართალი ხარო.

რეზერვისტი: მიშას რომ ვაგინებდი, ვინც მეკაჩავებოდა, სწორედ ისინი მოიყვანა გოგიმ გამგეობებში თანამდებობებზე. როგორებიც არიან საკრებულოში, ასეთები არიან კომისარიატშიც. აქ წესიერი ხალხი არ მოდის. საერთოდ, ზესტაფონში მუშაობა საშინელებაა.

გოგი ქავთარაძის გარდა პრემიერისთვის ხმის მიწვდენა თუ გიცდიათ?

ზაზა დავლაძე: ღირსების საქმეა, თავს როგორ დავიმცირებ, რომ ვინმესთან მივიდე. გამგებელსაც ვუთხარი, თუ გგონია, რაღაცას შეგეხვეწები, ძალიან ცდები-თქო. არავის არაფერს არ შევეხვეწები. არაფერს არ ვაპირებ, უბრალოდ, მინდა საჯარო გავხადო ეს ყველაფერი. სხვათა შორის, იმავე შალვა კიკნაველიძემ უპატიოსნესი ბიჭი მოხსნა თანამდებობიდან, სახანძრო სამსახურის უფროსი აჩიკო გველესიანი და მოიყვანეს ისეთი კაცი, რომელმაც ელემენტარულად, დოკუმენტის შედგენა არ იცის. მას დიპლომიც არ აქვს.

ასეთი განწყობაა მთლიანად ზესტაფონელებში და ისინი ჩუმად საუბრობენ ამის შესახებ, თუ აპირებენ აქტიურად დააფიქსირონ პოზიცია?

ზაზა დავლაძე: რა თქმა უნდა, ზესტაფონელებში მძიმე სიტუაციაა, თუნდაც ბაზართან მიმართებით, გამოსვლები დაიწყო. გუშინწინაც იყო გამოსვლები, იქაურებს კუბო აქვთ გამზადებული გოგისთვის. გოგის რა უნდა ვთხოვო, ჩემი ერთი ჭრილობა არ ღირს მთელ მაგის როლად და მთელ მაგის ცხოვრებად. მთელმა ზესტაფონმა იცის, რომ სხვა ადამიანისთვის ისე ამოვეფარები ტყვიას, არც დავფიქრდები. ზესტაფონელები გაოგნებულები იყვნენ და ყველა დედას აგინებს მაგათ, ცალკე კიკნაველიძეს და ცალკე გოგი ქავთარაძეს ამის გულისთვის.

რეზერვისტი:  თანაც, ზაზამ ქვეყნისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის იომა და ასეთ ადამიანს თანამდებობას რომ დაატოვებინებ, ლამაზი ფაქტი არ არის. ის კი არ არის მთავარი, ზაზა დავლაძე რაკი გაუშვეს, თურმე მასზე უკეთესი არავინაა, არამედ რაღაც საზომი ხომ უნდა არსებობდეს, ადამიანები ერთმანეთისგან ხომ უნდა განსხვავდებოდნენ?!

რაზე თქვენ საუბრობთ, გოგი ქავთარაძის მხრიდან შეგნებულად კეთდება, თუ იგი შეცდომაშია შეყვანილი?

ზაზა დავლაძე: შეცდომაში როგორ არის შეყვანილი, როცა მე ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი ასეთნაირად მოხდა. ისიც ვუთხარი, შენ შეიძლება ახლა ფიქრობ, რომ ვიღაც ბიჭი გელაპარაკება, მაგრამ შენ ლენინი და ძერჟინსკი გაქვს ნათამაშევი იმ დროს, როცა მე ლენინის და ძერჟინსკის ატანა არ მქონდა და მეტროში ჩუმად ვალაგებდი პროკლამაციებს-თქო, რომ 25 თებერვალი არ ეზეიმათ. ეს ვინ მომიყვანე-მეთქი?! ეს გახრწნილი კაცი ღმერთმა შეგარგოთ-თქო. გამგებელ ნუგზარ ქამუშაძესაც ვუთხარი, გამგებელი შეიძლება ერთი თვის შემდეგ აღარ იყო და ქუჩაში გამოსასვლელი რომ გქონდეს და ხვალ არ გითხრა, წადი ნუგზარ, შენს გვერდში დგომა არ მინდა-თქო, გადახიე ეს ფურცლები-თქო და ხვალ გაგატან ჩემს მიერ დაწერილ განცხადებას-მეთქი. მითხრა, ზაზა, შენ გჯერა, რომ მე ამას გაგიკეთებო? მუშაობა კი არ „მიტყდება“, უბრალოდ, გარეწრებთან ურთიერთობა არ შემიძლია. ომიდან რომ ჩამოვედი, მაშინ თურქეთიდან მანქანები შემოდიოდა და საჩხერელმა მუშებმა გაგვლახეს იმის გამო, რატომ მოხვედით აქ სამუშაოდო. დღესაც თუნდაც დასუფთავების სამსახურში ვიმუშავებდი, არ მეთაკილება, ბოლოს და ბოლოს, ჩემი ქვეყანაა და რაზეა საუბარი?! მაგრამ ჩემს ორ შვილს ვფიცავარ, მათთან როგორ უნდა ვიმუშავო?! ზესტაფონელები საიტებზე წერენ ამის შესახებ, სოციალურ ქსელებშიც ღიად საუბრობენ იმ უკანონობაზე, რაც ზესტაფონში ხდება.

ფიქრობთ, ამით ბიძინა ივანიშვილსაც უტყდება სახელი?

- რა თქმა უნდა, ზაზა დავლაძეს რომ გამოაგდებ, რომლითაც ხალხი ამაყობს და ვიღაც ნაძირალას, ომიდან გაქცეულს, კორუმპირებულ ჩინოვნიკს მოიყვან, რომელ სახელზეა საუბარი?! ზესტაფონში ოჯახი არ არის, ვისაც რეზერვისტი ჰყავდა და 200 დოლარი არ გადაეხადა მისთვის თავის დროზე. ბატონ ბიძინას სახელი არა მარტო ამით უტყდება, არამედ იმითაც, რომ სახანძროს სამსახურის უფროსი აჩიკო გველესიანი გამოუშვეს და სხვა მოიყვანეს, რადგან თურმე „გუბაზას“ ნათლულმა უთხრა გოგი ქავთარაძეს. არ ვიცი, ნასამართლეობა რატომ გაქარწყლდა ამ ბოლო დროს, მაგრამ გამგეობაში არიან ადამიანები, რომლებსაც ნასამართლეობა ჰქონდათ ყაჩაღობაზე და სწორედ გამგეობაში მოიყვანეს ეს ხალხი.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ხომ არ არის საშიშროება, რომ კიკნაველიძე პრობლემას შეგიქმნით?

- კიკნაველიძისგან მორალური პრობლემა ისედაც მაქვს. ყველამ კარგად იცის, ერთი ლიტრი ბენზინი არ ჩამისხამს სამსახურეობრივ მანქანაში. ბენზინის ტალონები მქონდა დარჩენილი და ეს ტალონები რომ გადავეცი, ისეთი ბრექით დამხვდა, კინაღამ ბოდიში მოვუხადე, რომ ეს ტალონები ფოსტით არ გავუგზავნე. ახალი თანამდებობა შეიფერა და მითხრა, ცხრიდან სამსახურში არ უნდა დაგაგვიანდესო. ვუთხარი, ამას მე მელაპარაკები-მეთქი? ორი თვე შვებულებაში ვიყავი და იმის შემდეგ აღარც მივსულვარ სამსახურში.