პოლიტიკასთან შეთამაშება

პოლიტიკასთან შეთამაშება

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ბოლო ორი-სამი წელია ძირითადად სოციალურ ქსელებში იყო აქტუალური თემა, მედიაში უკვე ღიად გამოჩნდა. რა არის ეს - პოლიტიკური განაცხადი თუ უბრალოდ პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვა, ეს, ალბათ, სამომავლოდ გამოიკვეთება, მანამდე კი უნდა ვირწმუნოთ ის, რასაც თავად ბიზნესმენი ეუბნება საზოგადოებას - საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, პრეზიდენტობა არასოდეს სდომებია და არც პოლიტიკური ამბიციები ჰქონია, თუმცა ერის მსახურების სჯერა.

„არ მქონია და არც ახლა მაქვს პოლიტიკური ამბიცია. თუ მომავალში რამე შეიცვლება, გამოვალ და კაცურად ვიტყვი, რომ პოლიტიკაში მივდივარ. არ დავიმალები“, - აცხადებს ვასაძე.

თავისთავად პოლიტიკური ამბიცია სალანძღავი სიტყვა ნამდვილად არ არის და მისასალმებელია, თუ ვინმეს, ვისაც ჭკუას მოეკითხება ასეთი ამბიცია გაუჩნდება. თუმცა, ცოტა რთული გასაგებია, თუკი პოლიტიკური ამბიცია არაფერ შუაშია, უცნაურია, საზოგადოებას განსასჯელად შესთავაზო საკმაოდ ვრცელი ნაშრომი, სადაც ქვეყნის განვითარების კონცეფციაზეა საუბარი.

თუმცა სრულიად გასაგებ ახსნასაც გვთავაზობს ვასაძე, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ამდენი პრობლემის ფონზე უმძიმესი ტვირთია, რომელიც შეუძლებელია, ვინმეს სურდეს.

„უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც კარგად გაზომა ის საფრთხე, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდა. მჯერა, ის ვაჟკაცურად, ალალად შევიდა პოლიტიკაში და ამით თავისი ქვეყნისთვის გაწირა თავი“, - აღნიშნავს ლევან ვასაძე.

ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა-არმოსვლის თემა რომ ამოვწუროთ, კიდევ ერთი დეტალი განვიხილოთ. 2011 წლის 29 სექტემბერს,გაზეთ „ ყველა სიახლეში“ ლევან ვასაძის კომენტარი დაიბეჭდა, სადაც ის ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს.

„ყველა კარგად ვხედავთ თუ რა შედეგი მოგვიტანა შევარდნაძე-სოროსის მიერ ორგანიზებულმა „ვარდების რევოლუციამ“, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ რისი დანგრევაც ათეული წლების განმავლობაში შევარდნაძემ ვერ მოახერხა მისმა დანატოვარმა მხედრიონელ-ნაციონალისტთა ხროვამ რამოდენიმე წელიწადში შესძლო, - იქამდე გაკადნიერდა ჩვენი ხელისუფალი, რომ ეკლესიების გაჩუქებაც კი დაიწყო ჩვენს ისტორიულ მტრებზე.

მე აქამდე არ მქონდა გადაწყვეტილება მიღებული მივიღებდი თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში 2013 წელს, თუმცა, რომ ვუყურებ ჩემს დაკნინებულ ქვეყანას სხვა გამოსავალი არ მრჩება, უნდა ჩავუდგე ჩემს მართმლადიდებელ ერს სათავეში და მოვაშორო ეს წურბელები აქაურობას. მე რომ ეს არ გავაკეთო, სოროსი, მიშათი დაწყებულ ანტი-ეროვნულ პოლიტიკას ალასანიას გააგრძელებინებს და მაგით საბოლოოდ დავკარგავთ საუკუნეების მანძილზე შენარჩუნებულ „მამულს, ენასა და სარწმუნოებას“, ნათქვამია კომენტარში და მითითებულია, რომ ვასაძემ აღნიშნული Village Voice-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.

თუმცა როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, იგი ლევან ვასაძეს არ ეკუთვნის და ეს საკითხი თავის დროზე მან თავად გაარკვია.

„ეს პასკვილი არავითარ კავშირში არ არის ბატონ ვასაძესთან ეს პასკვილი გავრცელდა საგენტო „ივერონის“ მიერ, შემდეგ დაიბეჭდა ყველა სიახლეში. პირადად ვესაუბრე „ივერონის“ მესვეურებს და დავარწმუნე, მას შემდეგ რაც თავად დავრწმუნდი, რომ ეს ინტერვიუ არ ეკუთვნის ლევან ვასაძეს. მისი ოჯახის წევრებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ასეთ ინტერვიუს ადგილი არ ჰქონია. მაშინ „ივერონმა“ ამისი უარყოფაც გააკეთა და ვწუხვარ, რომ „ყველა სიახლეს“ ეს აღარ დაუბეჭდავს.

ასეა თუ ისე, დღეს ლევან ვასაძე ერის მსახურებაზე თავადვე ლაპარაკობს და იმ პერიოდში, როდესაც ეს სტატია გამოქვეყნდა, პოლიტიკაში მოსვლის სურვილს საქართველო ნამდვილად გმირულ ნაბიჯად ჩაუთვლიდა ბატონ ვასაძეს.

არის თუ არა მისი საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ, შემოთავაზებული ქვეყნის განვითარების კონცეფცია და ერის მსახურების მისაღებლობა განაცხადი, რომ ვასაძე ქართულ პოლიტიკაში შემოდის, ექსპერტების შეფასებით, ჯერ მკვეთრად გამოკვეთილი არ არის.

„თავისთავად მოტივაცია ასეთი განცხადებებისა, მკაფიო არ არის, ჩვენ ვიცნობთ ბატონ ვასაძეს, როგორც წარმატებულ ბიზნესმენს და სრულიად, ვიტყოდი, ამაღლებული სულის მართლმადიდებელს, მეორე მხრივ, არა ამ ნიშნების გათვალისწინებით, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ ის 7 შვილის მამაა, არ შეიძლება ასეთ ადამიანს არ ჰქონდეს განცდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ და არ გააჩნდეს ხედვა, რომელიც შეიძლება, ქვეყანასაც და მის შთამომავლობასაც გამოადგეს.

მისი გამონათქვამები არის მკაფიო, ვიტყოდი, თამამიც და ორმაგი ინტერპრეტაციის სივრცეს არ ტოვებს. ამიტომ, ჩვენ შევძელით დაგვენახა ის, რის შესახებაც ადრე შეიძლებოდა მხოლოდ ჭორაობა ყოფილიყო ინფორმაციის წყარო“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე შეფასებით, ნიშნავს თუ არა ეს ვასაძის შესაძლო შესვლას, პოლიტიკური ველის აქტიური მოქმედი პირის სტატუსით, დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში, ამ ეტაპზე ამისი ნიშნები არ ჩანს.

„არ მგონია ეს ცალსახად ამის მომასწავებელი იყოს, თუმცა განდეგილის სტატუსი პოლიტკური თემებიდან, რომელიც აქამდე  ჰქონდა, უკვე შეიძლება ჩავაბაროთ წარსულს. როდესაც ადამიანი საჯარო ანალიზის შეთავაზებას აკეთებს საზოგადოებისათვის, ცხადია, რომ ეს არ არის გაუცნობიერებელი და ერთჯერადი ნაბიჯი. იმედი მაქვს, რომ ასეთი კომუნიკაცია საზოგადოებასთან გაგრძელდება ბატონი ვასაძის მხრიდან და სრულიად მკაფიოა მესიჯი, რაც მისგან მოდის, რომ თუ ის გადაწყვეტს პოლიტიკაში მოსვლას, ამაზე ინფორმირებული იქნება საზოგადოება, რაც კატეგორიულად უარყოფს ამჟამად რაიმე მოძრაობებს პოლიტიკური კარიერის მიმართულებით“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ თუ ასეთი განცხადება მართლაც გაკეთდა, გასათვალისწინებელია კონტექსტი რა იყო მაშინ და რა არის ახლა.

„მაშინ მართლაც იყო გასათვალისწინებელი, რომ დამანგრეველი პროცესების გარდა სხვა ალტერნატივა არ ჩანდა. დღეს ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა დამანგრეველიაო, ვერ იტყვის ვერც ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ ნაციონალი არ არის და ვერც ლევან ვასაძე.

ამდენად, ხელიუფლებაშია გარკვეული ძალა, სკამი დაკავებულია ისეთი ადამიანით, რომელზეც ცუდს ვერავინ ვერ იტყვის. ბუნებრივია, რომ ამ სკამზე პრეტენზიას ვერ განაცხადებს ამ ეტაპზე ვერც ვასაძე, მაგრამ თუ სიტუაცია შეიცვლება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კონცეფციების პატრონს ექნება იმის უნარი, რომ ნაბიჯი გადადგას პოლიტიკისკენ. ახლა უბრალოდ, შანსი არ არის, რომ ის ივანიშვილს დაუპირისპირდეს პოლიტიკურ ასპარეზზე“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

ბევრი წყაროდან მოდის ინფორმაცია, რომ ვასაძე ივანიშვილთან დაპირისპირებას კი არა, პირიქით, მასთან დაახლოებას ცდილობს. ნიშნავს თუ არა ეს მის გუნდთან შეერთების მცდელობას, ძნელი სათქმელია, თუმცა ვასაძე ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილისადმი უსაზღვრო პატივისცემას და ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ მეგობრებიც ჰყავს დღევანდელ ხელისუფლებაში, რომ გიორგი მარგველაშვილი მისი შვილის ნათლიაა. ისიც ითქვა, რომ სწორედ გიორგი მარგველაშვილის დახმარებით ცდილობს ვასაძე ივანიშვილთან დაახლოებას, თუმცა, კულუარებში ამას მისი გაპრეზიდენტების სურვილით ხსნიან.

„როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკაში შემოსვლაზე, არის ხოლმე სხვადასხვაგვარი შემოსვლა, მე ვიგულისხმე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად მოქმედება, მაგრამ შესაძლოა, ის გუნდში ჩაეწეროს და იქიდან შეეცადოს საკუთარი თავის პოლიტიკური პერსპექტივის ძიებას“, - ვარაუდობს რამაზ საყვარელიძე.

კულუარებში იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ვასაძე იმ დროისთვის ემზადება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას გადაწყვეტს. მეორეა, რას ფიქრობს თავად ბიძინა ივანიშვილი და აპირებს თუ არა ეს ქვეყანა სამწყემსად მეორე ბიზნესმენს გადაულოცოს. მესამე და მთავარი ასეთ შემთხვევაში კი საზოგადოებაა - მისი გადასაწყვეტია, ვის აირჩევს ქვეყნის მეთაურად.

„არ მგონია, რომ პოლიტიკური მემკვიდრეობა გადაეცემოდეს მხოლოდ იმ ნიშნით, თუ რამდენი ნული ამშვენებს მის საბანკო ანგარიშს. ასეთი ადგილმონაცვლეობა ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამავდროულად, ასეთი კითხვით შეშფოთებულ მკითხველს მსურს, სიმშვიდე მოვგვარო და გავამხილო, ექასპერტებთან დახურული შეხვედრის თემა, სადაც ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, ვიდრე საქართველო არ გახდება ისეთი ქვეყანა, რომელსაც ექნება გარანტირებული მშვიდი, პოზიტიური განვითარების პოტენციალი. ამდენად არანაირ ვადებთან მას არანაირი დამოკიდებულება აღარ აქვს და ის აპირებს პოლიტიკაში ყოფნას მანამდე, ვიდრე დემოკრატიზაციის პროცესები არ გახდება შეუქცევადი. ასე რომ, თუკი ვინმე ცდილობს, რომ დიდხანს იყოს ივანიშვილი პოლიტიკაში, ეს სწორედ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდია, რომელიც მას ხელს უშლის ამ მიზნის შესრულებაში“ ,-აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს:

„ასეთი კომბინაცია ძალიან საინტერესოდ გამოიყურება - ამოვიღოთ ერთი ბიზნესმენი და ჩავდოთ მეორე? - ენერგიის წყაროს რომ ცვლიან-ხოლმე, ისე? ასეთი ბიზნესენერგია ეტყობა სჭირდება საქართველოს პოლიტიკას, მაგრამ ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ადრე წასვლაზე მსჯელობაც არ მიმაჩნია გამართლებულად.

ივანიშვილს კი უნდა და ეს ხშირად ჩანს, მაგრამ არის ვალდებულებები, რომელიც იმ ხალხმა თავი რომ დადო „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის, ამ თავდადებით დააკისრა ივანიშვილს და ორ წელიწადში რომ თქვას წავედიო, ესეც არ იქნება გამართლებული. ამიტომ მგონია, რომ ვიდრე ივანიშვილი ძირითად ამოცანას არ გადაწყვეტს ვერ წავა პოლიტიკიდან და თვითონაც რამდენჯერმე თქვა ეს. ძირითადი პოლიტიკური ამოცანები 2 და 3 წელიწადში საეჭვოა, გადაწყდეს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ასე რომ, ექსპერტების შეფასებით ეს ნიშა ჯერჯერობით არ თავისუფლდება და თუ ვასაძეს მართლაც აქვს პოლიტიკაში შემოსვლის სურვილი, მისთვის კარგი შანსი იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, რასაც იგი ამ ეტაპზე კატეგორიულად უარყოფს.

ხოლო იმ ვარიანტისთვის თუ დღევანდელ პოზიციას გადაუხვევს და პოლიტიკოსობას გადაწყვეტს, ნიადაგი ყოველი შემთხვევისთვის მაინც მზადდება.

მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ერთიანად უნდა გადავიდეს ახალქალაქის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე“,- ბიზნესმენი საკუთარ მოსაზრებას ქვეყნის დეურბანიზაციის საჭიროებითა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მოტივით ხსნის.

იცით, გაეროს დასკვნების შესახებ? საგანგაშოა მათი მონაცემები საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. გვგონია, რომ 2050 წელი შორსაა, როდესაც გაეროს მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 32%-ით შემცირდება და სწორედ ქართველების ხარჯზე. ქალაქში ადამიანს სივრცე არ ჰყოფნის და გამრავლების სურვილი არ აქვს. სოფელში კი პირიქითაა, რაც მეტი შვილი ჩნდება, მეტ სივრცეს იკავებს და ოჯახი ძლიერდება. საჭიროა ქვეყნის სასწრაფოდ დეურბანიზაცია...

ჭიპლარგადაუჭრელი დედა-შვილების ქვეყნად ვიქეცით. დედის კალთას ამოფარებული ახალგაზრდა, რომელიც მარტო იმაზე ფიქრობს, როგორ გაერთოს და ფეისბუსა თუ ონლაინკაზინოში იმოღვაწეოს, კრეტინდება და არარაობად იქცევა. გაერომ გვითხრა, ქრებითო და მოდი, ნუ გავქრებით. ჩვენი სარწმუნოება ხომ იმას გვასწავლის, რომ უნდა ვიბრძოლოთ“ - ამბობს ვასაძე.

„დაახლოებით ერთი წლის წინ მქონდა მასთან საუბარი და არ ვარ საქმის კურასში მის მოტივაციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ინტერესი არსებობს ჩემგან და თუ მომეცემა საშუალება, გავარკვევ მის ასეთ მიდრეკილებას პერიფერიების მიმართ. ეს შეიძლება ბუნებრივი იყოს, რადგან იგი თავის ოჯახიანად თბილისს გარეთ სახლობს და ალბათ, აქვს საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები. ყოველ შემთხვევში, ის, რომ მხოლოდ სიკეთეა მისი მამოძრავებელი ძალა და არა რაიმე შურისძიება, ეს იგრძნობა“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

ჩვენი ორი ეთნიკური რეგიონის - ახალქალაქისა და მარნეულის ინტეგრაციაზე წლებია ვფიქრობ. კონსულტაციებს გავდივარ სულიერ მამებთან, ჩემზე ჭკვიან ხალხთან და მივედი დასკვნამდე, რომ უნდა მომზადდეს ორი პროექტი. რესპუბლიკური მასშტაბის (და არა მუნიციპალური) ადმინისტრაციული დაწესებულებები - მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ერთიანად უნდა გადავიდეს ახალქალაქის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე. ამით სომხებს მივცემთ კოლოსალურ შემოსავალს, მშენებლობაზე დავასაქმებთ, რძეს და კარტოფილს მოგვყიდიან და შემოსავალი გაუჩნდებათ. ამით მათი ინტეგრაციაც მოხდება, ქართულს უკეთ ისწავლიან და ბევრად კომფორტულად იგრძნობენ თავს ჩვენს ქვეყანაში.

... ჯავახეთი საქართველოს ციმბირია. იქაური ნორდიკული კლიმატი კი პლუსი იქნება არამძინარე, არადონდლო მთავრობისთვის. არამზადა, ფარისეველი მოხელე, რომლის მთავარი ამოცანა ფულის მოპარვა, საღამოს ვაკეში კაფეში ჯდომა და მერსედესით კატაობაა, ახალქალაქში არ წავა. იქ იდეური ადამიანები წავლენ და ეს ერთგვარი საკადრო იდეოლოგიური ფილტრიც იქნება, - აცხადებს ბიზნესმენი.

სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ეს რასაკვირველია, კამათის თემაა, მაგრამ შემთხვევით რომ არ არის ეს შემოთავაზება, მისთვის ნათელია.

რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს მისთვის ყველაზე მეტად საკამათო თემაა.

„ეს თემა ყველაზე მეტად საკამათოა ჩემთვის, ამის გარდა, ბევრი რამ მიმაჩნია საკამათოდ, მაგრამ ამაზე მას შემდეგ შეიძლება მსჯელობის დაწყება, თუ ის პოლიტიკისკენ ამოძრავდება და თუ მხოლოდ ადამიანის პოლიტიკური მოსაზრებებია, ამისი უფლება ყველას აქვს“,- ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ლევან ვასაძე: „მარნეულთან უნდა აშენდეს დიდი აკადემქალაქი (როგორიცაა სტენფორდი, კემბრიჯი, ჰარვარდი, ოქსფორდი), სადაც გადავა ინსტიტუტები და ძლიერი სამეცნიერო ცენტრები. მილიონნახევრიან ქალაქში გაფანტულ ბენზინის სუნით გაჟღენთილ კორპუსებში დიდი მეცნიერები ვერ იქნებიან. რაღაც ინსტიტუტები თბილისშიც დარჩება. ბარბაროსობად მიმაჩნია ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს სხვა დატვირთვა მოუძებნო, მაგრამ თსუ-ის მაღლივისა და ტექნიკური უნივერსიტეტის მარნეულში გადატანით არაფერი გაფუჭდება. მარნეულთან არის საშუალება, რომ ასეულ ჰექტარზე გაშენდეს სამეცნიერო დაწესებულებები, ულტრათანამედროვე აუზები, საერთო საცხოვრებლები, მეცნიერებისთვის კოტეჯები, ობსერვატორიები. ამ პროექტების დაფინანსების ორი წყარო მესახება: თბილისში არსებული ამ დაწესებულებების უძრავი ქონების გაყიდვა და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსება. ამ ორივე პროექტს დასჭირდება დაახლოებით 30-30 ათასი თბილისელის გადაყვანა ამ რეგიონებში და 2-2 მილიარდის დახარჯვა ბიუჯეტიდან. სამ წელიწადში ამ პროექტის დასრულება სავსებით რეალურია“.

„როგორც წესი, გარედან, დისტანციიდან დანახული ვერსია იცვლება მას შემდეგ, რაც შიგნით, სისტემაში შედის ადამიანი. ექსპერტული შემფასებლის სამრეკლო სხვა არის და პოლიტიკის განმხორციელებლისა სხვა. იმ სამრეკლოში ვის როგორ დაულადგება სურათი და მიზნები ამ სამრეკლოდან განსაჯო, არ არის მართებული. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის შეფასების ვერსია, რომელიც გააკეთა ერთმა ადამიანმა, რომელსაც უყვარს ქვეყანა და იზიარებს მის ინტერესებს“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

ბიზნესმენს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულებები აქვს დასავლეთისა და რუსული ფაქტორისადმი. ვასაძის თქმით, თანამედროვე, მოაზროვნე ქართველს წარმოუდგენელია დასავლური კულტურა არ აინტერესებდეს, თუმცა, დასავლეთისგან ყველაფერი მისაღებად არ მიაჩნია.

თანამედროვე, მოაზროვნე ქართველს წარმოუდგენელია, დასავლური კულტურა არ აინტერესებდეს. თუ ვერ ხედავ იმ პლუსებს, რაც დასავლეთმა, მისმა კულტურამ მისცა ადამიანს, ან არაგულწრფელი ხარ, ან ბეცი. კულტურა, არქიტექტურა, ესთეტიკა, მწერლობა, პიროვნების გასაქანი - ეს დასავლეთის მიმზიდველი მხარეებია. საბჭოთა სატუსაღოში მოქცეულნი ამ ყველაფერს ვნატრობდით. მე დასავლეთის მეხოტბეთა რიცხვს განვეკუთვნები. მიყვარს ჰემინგუეი, პიკასო, ბარსელონა, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერი დასავლური კერპად აქციო და მიიჩნიო, იქ ყველაფერი კარგია. მე, ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც აშშ-ში წავედი და იქ წლები ვიცხოვრე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ისტორიული დასავლეთი, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა, სხვაა და სხვაა - თანამედროვე დასავლეთი, რომლის ვარდნისა და ფასეულობების დეკადანსის ნიშნები ბოლო 50 წელია ძალიან თვალსაჩინოა. ოჯახი, რითაც ადამიანი ბედნიერია, დასავლეთში მარცხდება. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეორე ოჯახი ინგრევა. ყველაზე თავისუფალ ქვეყანაში აშშ-ში, ყველაზე მეტი პატიმარია. არნახულია გარყვნილების ფორმები და გვეუბნებიან, - ეს ყველაფერი მიიღეთო, რომ ახალგაზრდამ უნდა იცხოვროს გარყვნილი სექსუალური ცხოვრებით, რათა დაღვინდეს და მერე შექმნას სტაბილური ოჯახი. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ეს დოქტრინა რომ სწორი იყოს, რატომ ინგრევა ოჯახების ნახევარზე მეტი? რატომ არა აქვს ლოგიკური აზროვნების მქონე დასავლეთს ამაზე სწორი პასუხი? კაცობრიობამ კარგა ხანია იცის, რაც ღრმად შედიხარ ცოდვაში, მით უფრო ძნელად აღწევ მას თავს. პედოფილების დასაცავად პოლიტიკური მოძრაობები იქმნება, რომ სექსუალური კავშირის დასაშვები ასაკი 12-14 წლამდე დასწიონ. სტაბილურ და კეთილდღეობით მცხოვრებ დასავლეთის ქვეყნებში რატომ არის ყველაზე მაღალი თვითმკვლელობების სტატისტიკა? ყველაზე მეტი ბავშვი ძალადობრივად აშშ-სა და კანადაში იხოცება. ანტიდეპრესიული, ნახევრად ნარკოტიკული მედიკამენტების მოხმარება, რომელიც ადამიანის წამალზე დამოკიდებულებას იწვევს, ყველაზე მაღალი იქაა. საკრედიტო ვალებში მყოფი მოსახლეობა ბევრად მეტ მონობაში ცხოვრობს თავისუფლების დროშის ქვეშ, ვიდრე ჩვენ, ვისაც ჯერ ასეთი პრობლემები არა გვაქვს. დასავლეთის ქვეყნები სულ ცდილობენ ეკონომიკურ გამდიდრებას და უპირველესად გაკოტრების კანდიდატები სწორედ ისინი არიან. მიყვარს, მაინტერესებს დასავლეთი, მაგრამ ამ ფაქტებს რა ვუყოთ? აზროვნებაზე უარი ვთქვათ და ბრმად მივენდოთ? ჩვენგან ითხოვენ, - თუ გინდათ, ევროკავშირში შემოხვიდეთ, ყველაფერი დასავლური უნდა მიიღოთო. რატომ უნდა მივიღო ყველაფერი? დასავლეთში აღარ არსებობს ცოდვის ცნება. რელიგიურობა დასაცინი და ჩამორჩენილობის ნიშანი გახდა“, - აცხადებს ლევან ვასაძე საგაზეთო ინტერვიუში.

ვასაძე საქართველო–რუსეთის ურთიერთობების აღდგენის საკითხსაც ეხება და აცხადებს, კეთილი ნების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია არ წაიღოს ჩვენი რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად დაგინებული აღიარება უკან, მაგრამ არც ხელი შეუშალოს ჩვენს მათთან შერიგებასა და რეინტეგრაციას...

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ერთმორწმუნე რუსები ჩვენი მოკავშირეები არიან და „ოსეთის სახელმწიფოებრიობა“ მათ უხერხულობას უქმნის, რასაც ნელ-ნელა მიხვდებიან.

კეთილი ნების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია არ წაიღოს ჩვენი რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნად დაგინებული აღიარება უკან, მაგრამ არც ხელი შეუშალოს ჩვენს მათთან შერიგებასა და რეინტეგრაციას. ეს ლოგიკურად სავსებით თავსებადი ცნებებია. რადგან ოსეთის სახელმწიფოებრიობა რუსეთს უხერხულობას უქმნის. ამ ხაფანგის საშიშროებას რუსები ნელ-ნელა მიხვდებიან, თუ უკვე არ მიხვდნენ. და თუ არ მიხვდებიან, მაშინ დიდი გაჭირვება ელოდებათ. საქარველო მაინც აუცილებლად გამთლიანდება და ჩვენი სახელმწიფოსათვის ბევრად მომგებიანი იქნება, თუ ეს მოხდება არა რუსეთის ნგრევის, არამედ მისი კეთილგონიერების ფონზე, - ამბობს ვასაძე.

ბიზნესმენი თვლის, რომ საქართველო უკომპრომისო უნდა იყოს მაშინ, როცა საქმე სამაჩაბლოსა და აფხაზეთს ეხება, მაგრამ რუსეთის უაზროდ გინებას, სჯობს საკუთარ თავს მივხედოთ.

რუსეთის მხრიდან სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება სხვა არაფერია, თუ არა თავად რუსეთში არსებული საკუთარი ქვეყნის დაშლის შინაგანი შიშის რეფლექსი. ამ შიშის სავალალო, ირაციონალური და მაზოხისტური პროექცია ისურვა კრემლმა ჩვენს სახელმწიფოზე, სამწუხაროდ, არა ჩვენი სიშტერისა თუ ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული ღალატის გარეშე. საკუთარი ემოციური სიშტერის ხაფანგი, ან დერჟიმოდობით შენიღბული რუსეთის ინტერესების ცინიკური ღალატი, რომლის შედეგებსაც ოკუპანტის საერაშორისო სტატუსში ჩავარდნილი რუსეთი, სამწუხაროდ, მხოლოდ მძიმე დანაკარებით თუ დაღწევს თავს, თუ რამეს სასწრაფოდ თავად არ იღონებს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, - აღნიშავს ვასაძე.

საკმაოდ საინტერესო ხედვებია, რაც შეეხება დასავლეთს, ყველა თანხმდება, რომ უნდა გადმოვიღოთ ის რაც კარგი და მისაღებია, თუმცა არა ისე, რომ მთელი დასავლეთი მტრად მოვიკიდოთ, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრაში გვადანაშაულონ და ისეთი იარლიყი მოგვაკრან, სააკაშვილის გუნდს რომ გაუხარდებოდა- ეს ყველაფერი იცის ქართულმა საზოგადოებამ და საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი.

რაც შეეხება სააკშვილს, ვასაძე მიხეილ სააკაშვილის გუნდის დანაშაულებრივად გამოცხადებას და გასამართლებას მოითხოვს. მისი თქმით, ამის გარეშე საქართველოს დემოკრატიული წინსვლა გაუჭირდება.

ვასაძე იმასაც „წინასწარმეტყველებს“ რაც მოხდება ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ.

.. ლიბერასტები ჩამქოლავენ, რადგან მათსავით არ ვფიქრობ. შავრაზმელად, ანტიდასავლელად, ადამიანების უფლებების დამრღვევად და კა-გე-ბეს აგენტად გამომაცხადებენ, მაგრამ ჩუმად როგორ ვიჯდე, როდესაც ქვეყანა იღუპება.

საინტერესოა, ეს ყველაფერი ვასაძეს ერთი, ან ორი წლით ადრე რომ ეთქვა, საზოგადოების მხრიდან რა რეაქცია მოყვებოდა, თუმცა, მაშინ, ხალხის სამსჯავროზე მხოლოდ ვასაძის პოეზია იყო გამოტანილი. თუმცა, არც ახლაა გვიან, თუკი ვინმე კარგად გააზრებულ ქვეყნისთვის სასარგებლო და არა უტოპიურ კონცეფციას შემოგვთავაზებს. მართალია ქართველი ერი „ყველაზე გაზარმაცებული ერია“, მაგრამ საზოგადოებას საღად განსჯის უნარი, ალბათ, ჯერ კიდევ მოეპოვება.