საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებისთანავე უმცირესობამ და უმრავლესობამაც იმისი გარკვევა დაიწყო, ვინ დარჩა გამარჯვებული. გაკეთდა მწვავე განცხადებებიც, განსაკუთრებული ემოციურობით კი მაინც სააკაშვილი გამოირჩეოდა და აცხადებდა, რომ არავის მისცემდა უფლებას პოლიტიკისთვის ჩამოეცილებინათ. კენჭისყრის მეორე დღეს სააკაშვილის მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, ის საკანონმდებლო ორგანოში იგივე პროექტის ინიცირებას აპირებდა და შესაბამისი ინიციატივა მომზადებულიც ჰქონდა, პარლამენტისთვის მიმართვას კი იმავე დღეს გეგმავდნენ. თუმცა, როგორც სააკაშვილი ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი გადაწყვეტილებით დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა თუ არ დაშინებულა, არამედ ქვეყანაში არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია. რატომ არის ვნებათაღელვა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორედ მოსმენით დამტკიცების შემდეგაც და რა პოლიტიკური პერსპექტივები აქვს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერს, ამ თემაზე პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი გვესაუბრება.
ბატონო არმაზ, ივანიშვილი აცხადებს, რომ მან ურჩია უსუფაშვილს სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარებულიყო, სააკაშვილი ამბობს, რომ ცვლილებათა პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, თვითონ აპირებდა იგივე კანონპროექტის შეტანას, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, პოსტ-ფაქტუმ ორივე ძალა ერთმანეთს ეჯიბრება იმის გასარკვევად, ვინ დარჩა გამარჯვებული?
- ყველაფერი ძალიან მარტივია, ჩვეულებრივი ამბავია, რომ შემდგარი კენჭისყრის შემდეგ, ორივე მხრიდან კეთდება განცხადებები, აქ არაფერია უჩვეულო. უჩვეულო, ალბათ, ის არის, რომ სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვანი კენჭისყრის შემდეგაც არ შეიცვალა არსებითად და კიდევ უფრო გამძაფრდა, და გააფთრებული გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა. კერძოდ, ამ მოძრაობის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა, რაც ნამდვილად დასანანია, იმაზე მეტყველებს, რომ ვერაფრიდან ვერ ახერხებს ბატონი პრეზიდენტი სწორი დასკვნების გაკეთებას, ვერ ახერხებს, გაითვალისწინოს საკუთარი შეცდომები.
ეს როგორც ჩანს, იმაზე მეტყველებს, რომ ამ პოლიტიკურ ლიდერსა და მის ძალას აღარ ჰყოფნის პოლიტიკური, ადამიანური და სხვა სახის რესურსი იმისათვის, რომ თვითგანახლება მოხდეს, თუნდაც, მცირე დოზით, რაზეც ასე ხმამაღლა საუბრობდა პრეზიდენტი კენჭისყრის შემდეგ - თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელახლა დაიბადა.
მე კი ვიტყოდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი რა განცხადებებს აკეთებს და როგორ აფასებენ მისი ლიდერები კენჭისყრის შედეგებსა და პროცესში მათ ჩართულობას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21 მარტს კიდევ ერთი სერიოზული პოლიტიკური მარცხი განიცადა.
რას გულისხმობთ, რატომ თვლით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა?
- პირველ რიგში, იმიტომ, რომ ოცნების პოლიტიკურმა ძალამ მიაღწია მიზანს - რაც იყო მიზნად დასახული, ის შესრულდა. გარწმუნებთ, რომ დრო გავა და არავინ დაიწყებს იმის ძიებას, საიდან მოიპოვეს ხმები, მთავარია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს.
ვეთანხმები პრემიერს, როდესაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შანსი, სახე შეენარჩუნებინა, ამომრჩეველთან თავისი დაცემული რეიტინგი ოდნავ მაინც წამოეწია, მაგრამ ეს მან ვერ მოახერხა და ნამდვილად სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 მარტის, კენჭისყრის შემდეგ გააკეთეს ასეთი წინააღმდეგობრივი და დაუფიქრებელი განცხადებები, რამაც თუნდაც ის უმნიშვნელო პლუსი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი ჩართულობით, კენჭისყრის პროცეშსი მოიპოვა, მთლიანად მტკვარს გააყოლა.
რატომ არის სააკაშვილი ამ მდგომარეობაში, უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგი იძულებით წავიდა ამ ნაბიჯზე?
- პირველი ოქტომბრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად, ყველა ნაბიჯს დგამს პრაგმატული, რაციონალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აქ სხვა მოსაზრებები არ არის. ეს, ერთი მხრივ, თავდაცვა და საკუთარი, პრაქტიკულად, განადგურებული რეიტინგის წამოწევაზე ზრუნვაა. მეორე მხრივ, სამწუხაროდ, ეს არის ქვეყნის იმიჯის შელახვაზე მუშაობა და გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წარმოჩენა უზურპატორად დასავლეთის თვალში. რასაც რაღაც მომენტში, მიაღწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაგრამ ეს ჩანაფიქრი საკმაოდ მოკლევადიანი პერსპერქტივის აღმოჩნდა.
დღეს ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა დასავლეთში - შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, კარგად ხვდება, რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ არსი, რა იყო იგი პირველ ოქტომბრამდე, რას სჩადიოდა, რას სცოდავდა და დღეს რას სცოდავს.
ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი ცოდვა ეყოფა, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ასე უტიფრად, ასე უსამართლოდ და თავხედურად, თეთრზე შავის მტკიცება, მხოლოდ ანომალიურ ვითარებში შეიძლება ხდებოდეს. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამ ანომალიურ ვითარებშია დღეს პარტიის შიგნით და ვერ გადაუწყვეტია, რა გზას დაადგეს.
ამიტომ არის პრეზიდენტის განცხადებები ასეთი გაუწონასწორებელი, დაუფიქრებელი, სახიფათო და საზიანო ქვეყნისათვის.
სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ბრძოლიდან გაყვანა არავის არ გამოუვა: „ვიქნები პრეზიდენტის რანგში თუ არა, გავაგრძელებ ბრძოლას, ვიდრე საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას“. დღეს საქართველო სააკაშვილის გადასარჩენია?
- ეს წყალწყალა რიტორიკაა და პრეზიდენტი ხავსს ეკიდება, მაგრამ ვფიქრობ, კარგად ხვდება თავად, რომ მისი მატარებლის გასვლამდე სულ რამდენიმე წუთიღა რჩება - ოქტომბრამდე, ეს რამდენიმე თვე, პოლიტიკაში ფაქტობრივად, წუთებია.
პრეზიდენტ სააკაშვილს ადრეც ჰქონდა და დღესაც აქვს შანსი, რომ პოლიტიკური სახე შეინარჩუნოს. პოლიტიკური მომავალი ჰქონდეს, მაგრამ ამ მომავალს თავისი დაუფიქრებელი განცხადებებით და ნაბიჯებით თავადვე სპობს.
ამიტომაც, ვერ ვხვდები, რა პოლიტიკურ ბრძოლაზე შეიძლება იყოს საუბარი, ან რა პოლიტიკურ მომავალზე შეუძლია ფიქრი? თუ ამ ქვეყანაში აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას და საქმიანობას, ვფიქრობ, მაშინ საზოგადოება უნდა გამოცვალოს. ამ საზოგადოების, ამ ქართველი ხალხის პირიობებში, წლების განმავლობაში დემოკრატია რომ მოანატრა, წლების განმავლობაში რომ უსამართლობას თესავდა, მას პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს.
მსოფლიოში არის პრეცენდენტი, როდესაც პრეზიდენტები დანაშაულს სჩადიან. მაგალითად, ახლა, სარკოზის ადანაშაულებენ რაღაც კონკრეტულ საკითხებში, თუ საფრანგეთში ეს არ არის პოლიტიკური დევნა, რატომ არის ნაციონალებისთვის თუნდაც კითხვების დასმა პოლიტიკური დევნა? არსებობს საფრთხე, სამართლიანობის აღდგენა კვლავ ისე შეფუთოს სააკაშვილმა ევროპისთვის, რომ კვლავ პოლიტიკურ დევნაზე აალაპარაკოს?
- სააკაშვილს რომ გამოცდილება აქვს... ის და მისი გუნდის დიდი ნაწილი შეფუთვის დიდოსტატები არიან, ამიტომ არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, რაღაც თვალსაზრისით, ამ მიმართულებით უბადლოა, მაგრამ ამ საკენკს, მგონია, რომ უკვე ბევრი აღარავინ აქცევს ყურადღებას არც დასავლეთში და საბედნიეროდ, არც ჩვენს ქვეყანაში.
ეს უკვე გუშინდელი დღეა და ამდენი „მგელი“, „მგელის“ ძახილში, ალბათ, ყველა მიხვდა, ვინ მგელია და ვინ მგლის ქურქში გადაცმული. ამას მიხვდა დასავლეთის პოლიტიკის განმსაზღვრელი, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ნაწილი და აქა-იქ თუ დარჩა კიდევ ხალხი, ვინც ვერ გაერკვა სიტუაციაში, გარწმუნებთ, რომ მათაც ძალიან მალე ექნებათ შესაძლებლობა, საბოლოოდ გაიგონ, რასთან აქვთ საქმე პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკასთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
რაც შეეხება პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას, გვახსოვს პირველი სკანდალი, რომელიც ამ მოვლენის გადადებას მოჰყვა, დღეს ისევ განახლდა ეს თემა, რატომ გახდა ასეთი სკანდალური პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა? ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა არა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, რა რანგშიც თავად სააკაშვილმა აიყვანა - რა აქვს სააკაშვილს პარლამენტისთვის სათქმელი თუ ეს მისი ამბიციის დაკმაყოფილების თემაა?
- ამბიციის დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა, არ არის მეორეხარისხოვანი თემა, თუმცა ამის გარდა მას აქვს ძალიან პრაგმატული მოსაზრებებიც. ცხადია, სააკაშვილს უნდა, საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს იმისათვის, რომ საკუთარი მომხრეები გაამხნევოს, აჩვენოს, რომ პოლიტიკურად იგი ჯერ კიდევ ცოცხალია, კონსოლიდაციისთვის ძალა შესწევს. სურს აჩვენოს დასავლეთს, რომ ის პოლიტიკურად ჯერ კიდევ ვარგისია და საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანოს შეცდომაში.
ვფიქრობ, დღეს მისი ძირითადი ამოცანა და საფიქრალი სწორედ ესაა. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მიწევს ქვეყნის პრეზიდენტზე საუბარი, მაგრამ რეალობაა და ამისი ართქმა უბრალოდ, არ შემიძლია.
პრეზიდენტი გამოვა თუ არა პარლამენტში (ვფიქრობ, რომ გამოვა და უნდა გამოვიდეს კიდეც), ამითი არსებითად არაფერი არ შეიცვლება.
პრეზიდენტს აქვს შანსი, რომ პარლამენტში გამოსვლისას როგორღაც თავისი პოლიტიკური რეიტინგი, მომავალი, საზოგადოების მის მიმართ დამოკიდებულება ოდნავ მაინც სიკეთისკენ შემოაბრუნოს, თუ ის შეძლებს გულახდილად, საჯაროდ თქვას სიმართლე იმის თაობაზე, რაც მისი მმართველობის დროს ხდებოდა წლების გაბნმავლობაში, პირველ ოქტომბრამდე და ისიც, რა შეცდომები დაუშვა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, არჩევნების შემდეგ.
თუ ის მოახერხებს ამ შეცდომებზე გულახდილად საუბარს, ამის აღიარებას, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაც, ყველა პოლიტიკური ძალა, ჩვენი საზოგადოებაც, მის მიმართ კეთილად განეწყობა, შეიცვლის აზრს ყველაფრის მიუხედავად.
მინდა, რომ ასე მოხდეს, პრეზიდენტმა ისე დაასრულოს მისი საპრეზიდენტო ვადა, რომ მასზე ამდენ აუგს არ ამბობდნენ, მაგრამ ეს მის ხელშია, მისი არჩევანია, რომელიც თავად უნდა გააკეთოს სიმართლის თუ სიცრუის სასარგებლოდ.
„ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად ემზადება 19 აპრილისათვის, როგორ ფიქრობთ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ამ თარიღმა შეიცვალა თუ არა დატვირთვა?
- არც აქამდე ჰქონდა არავითარი დატვირთვა და ახლა ხომ საერთოდ! რა დატვირთვაზე შეიძლება იყოს საუბარი, ვის გამოყვანას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილს, ვინ არის კიდევ ისეთი ამ ქვეყანაში, ვინც ამ ანკესზე წამოეგება?! რა თქმა უნდა, მათ მხარდამჭერები ჰყავთ აქა-იქ, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გააკეთა რა, პირველ ოქტომბერს არჩევანი და ზურგი აქცია „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ თვეების განმავბლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პრეზიდენტის მიმართ რაიმე, თუნდაც მცირე სიმპათია კი არ გაუჩნდათ, პირიქით, პრეზიდენტის და მისი გუნდის ასეთი გამომწვევი, დაუფიქრებელი, არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულების გამო, თუ რამ იყო, მცირე სიმპათიის მსგავსი, ისიც გაუქრებოდა თავად მომხრეებს.
ასე რომ, ვერ ვხვდები, 19 აპრილს ვისზე აკეთებს აქცენტს „ნაციონალური მოძრაობა“, ვის იმედადაა. ეს არის ნამდვილად ჭიქა წყალში ქარიშხლის ატეხვის მცელობა, ასეთი პიარით მოვიდა აქამდე „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის შემდეგაც თუ იგივეს აპირებს, ვფიქრობ, რომ მისი პოლიტიკური დღეები ნამდვილად დათვლილია.
საკონსტიტიციო ცვლილებების კეჭისყრაზე დაყენებისას ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი აკეთებდა შეფასებას, რომ ამ ცვლილებების დამტკიცების შემდეგ საქართველოში შეიცვლება, დამშვიდდება და უფრო საქმიანი გახდება პოლიტიკური ცხოვრება. თქვენ თუ გაქვთ ასეთი მოლოდინი?
- 21 მარტის კენჭისყრა მნიშვნელოვანი თარიღია და ათვლის წერტილია ბევრისთვის, მათ შორის - ჩემთვისაც. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება გაცილებით უფრო ეფექტურად იმოქმედებს, თუმცა, ამ კენჭისყრის მიუხედავად, იმდენი ნაღმი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩადებული ჩვენს სახელმწიფო ლანდშაფტში, ჩვენს საზოგადოებაში, რომ კიდევ ბევრი განაღმვითი სამუშაო უნდა ჩატარდეს ამ თვეების განმავლობაში.
ამის მიუხედავად, დღეს ხელისუფლებას უფრო თამამად, გაბედულად მოქმედების საშუალება ეძლევა და იგი ვალდებულია, ასე მოიქცეს. დარწმუნებული ვარ ხელისუფლებას ეყოფა იმის უნარი, რომ საკუთარ შეცდომებზეც იფიქროს, იყოს უფრო ეფექტური, რომ მაქსიმალურად სამართლიან გარემოში აწარმოოს პოლიტიკური საქმიანობა ქვეყნის შიგნით, რაც იქნება საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ქვეყნის იმიჯი დასავლეთში, მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო განმტკიცდეს. ყველა პრობლემა თუ მეტწილად „ნაციონალური მოძრაობის“ ხრიკების გამო შეექმნა ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას, თანდათან გაბათილდეს და საერთოდ, წარსულსაც მიეცეს.
თქვენ თქვით, რომ სახიფათო ნაღმები დატოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ნაღმი ბევრია, დაწყებული იქიდან, რომ გვაქვს თავის დროზე, კაცმა არ იცის, რა წესით და როგორ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ასევე სხვადასხვა უწყებები გაჯერებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით, აქ ლაპარაკი არ არის ცალკეულ ადამიანებზე, რომლებიც იმ მმართველობის დროსაც და ახლაც პატიოსნად მუშაობენ, აქ ლაპარაკია ნაციონალურ იდეოლოგიაზე, რომელიც ძალზე საზიანოდ მოქმედებდა და ახლაც არანაკლებ უარყოფითად მოქმედებს ამ სახელისუფლებო ინსტიტუტების მუშაობაზე ყვ-ელა, ქვედა საშუალო და ზედა რგოლშიც. არა მხოლიოდ ეს, კიდევ ბევრი ნაღმია ჩადებული, იგივე დასავლეთში და რომელი როდის აფეთქდება, არ ვიცით.
ამიტომ მართებს დიდი დაფიქრება, გონიერება და განსაკუთრებული დამოკიდებულება, ხელისუფლებას და საზოგადოებასაც, რომ ეს ნაღმები დროულად ვიპოვიოთ და საქართველომ შეძლოს ნორმალური განვითარება.
საქართველოს განვითარებას ნორმალური პოლიტიკური გარემო სჭირდება, „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი ახირებული, აკვიატებული, ანომალიური ქმედებების ფონზე ნორმალური გარემოს შექმნა ძალიან რთულია, ზოგ შემთხვევაში - შეუძლებელი. ვფიქრობ, ეს კენჭისყრა ამ გარემოს გაუმჯობესებისთვის გადადგმული ერთი ნაბიჯი იყო, წინ კიდევ არაერთი ნაბიჯია გადასადგმელი.