„ვთავაზობთ ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას“

„ვთავაზობთ ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას“

რუსეთი მზადა არის, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს და დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს. ამის შესახებ „როსბალტის“ ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.

„ჩვენ რუს და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობების გამყარებით დაინტერესებული ვიყავით და ვართ. მზად ვართ, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოვიღოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ საქართველომ საიმედო სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა მოახდინოს, რომელიც საქართველოში ჩამსვლელი რუსების უსაფრთხოების გარანტი იქნება. ვთავაზობთ, ასევე, ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას“, - აღნიშნა ლუკაშევიჩმა. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა. ამ დროის მანძილზე რუსეთსა და საქართველოს შვეიცარიის მეშვეობით აქვთ ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თავის ოფიციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დანიშნა.

„ზურაბ აბაშიძეს მძიმე სამუშაო ელოდება, ის იყო საქართველოს ელჩი რუსეთში და მას დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით მუშაობის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში აღვადგენთ კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებს, ხოლო წელსვე თუ მოვახერხებთ ჩვენი ციტრუსების გატანას რუსეთის ფედერაციაში, ეს იქნება იდეალური ვარიანტი“, - განაცხადა მისი წარდგენისას ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამის შემდეგ უკვე რუსეთისგან ელოდა საპასუხო ნაბიჯებს.

ამ დანიშვნას გარკვეული სტაგნაციის პერიოდი მოჰყვა და ჩვენ გვახსოვს, პრემიერის გულდაწყვეტილი განცხადება, რომ რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არ იყო გადმოდგმული, თუმცა, მოგვიანებით, რუსეთისგანაც გარკვეული იმპულსები წამოვიდა და ზურაბ აბაშიძე უკვე ორჯერ შეხვდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართული მხარე თავიდანვე აცხადებდა, რომ ამ შეხვედრებიდან რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ უნდა გვქონოდა და ასეც მოხდა - განსაკუთრებული შედეგები ამ ორ შეხვედრას არ მოჰყოლია, მაგრამ ექსპერტები დადებითად აფასებენ თავისთავად იმ ფაქტს, რომ ამდენი წლის შემდეგ, რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი როგორც იქნა, დაიწყო.

ამჯერად კი, როგორც მოგახსენეთ, რუსეთი მზაობას გამოთქვამს, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს და დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა რუსეთთან სავიზო რეჟიმი და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვთ. ახლა კი საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ჩასვლის გამარტივებაზეა საუბარი, რაც თავისთავად ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იქნება, თუმცა რამდენად მზად არის საქართველო იმისთვის, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს იმ ფონზე, როდესაც მას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული და აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თავმჯდომარის სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ვიდრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ კაპანაძემ სააგენტო „პირველს“ განუცხადა.

„უვიზო რეჟიმი ძალიან კარგი და სასარგებლოა, მით უმეტეს, რომ საქართველოს უკვე გაუქმებული აქვს სავიზო რეჟიმი და მათგან ეს მხოლოდ ადეკვატური საპასუხო ნაბიჯი იქნება. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, ეს შეუძლებელია, რადგან რუსეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ სცნობს, მაგრამ თუ ისევ აღიარებს, მაშინ არც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება იქნება რთული“, - განაცხადა კაპანაძემ.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ შეუძლებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იმ ფონზე, როდესაც ჯერ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არის გაურკვეველი.

„საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ორი, რუსეთის მიერ აღიარებული სახელმწიფოს საელჩოები არსებობს მოსკოვში. ამიტომ, უბრალოდ ტექნიკურად არ შეიძლება მოხდეს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, თუ ამაზე სპეციალური დოკუმენტი არ იქნება მიღებული, რომელიც ვთქვათ, მხარეების პოზიციას დაახლოვებს, ან არსებულ ვითარებაში რაღაცნაირად ცვლილებებს შეიტანს. არსებულ მდგომარეობაში წარმოუდგენელია, რომ დიპლომატიური ურთიერთობა აღდგეს, თუმცა მე ვიცი, რომ ქართული მხრიდანაც არსებობს სურვილი, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს, მაგრამ ეს საკითხი უშლის ამას ხელს“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.

რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მისი თქმით, ამას არ სჭირდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, როგორც ზოგი ამტკიცებს. ექსპერტის თქმით, მსოფლიოში არსებობს ასეთი გამოცდილება, რომ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებშიც არის შემოღებული. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, გოგი ხუციშვილს შესაძლებლად მიაჩნია, რომ სავიზო რეჟიმის მთლიანად გაუქმება თუ არა (რადგან შექმნილ ვითარებაში ესეც შეუძლებლად მიაჩნია), მაქსიმალურად გაადვილება მაინც მოხდეს. კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის მკვეთრად გაადვილება, შემდგომი ორმხრივი დიალოგისთვის და ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის დადებით როლს შეასრულებს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმი, ანუ იგივე რეჟიმი, რაც საქართველოს რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში აქვს, განსახილველი საკითხია. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ვოლსკის თქმით, წმინდა პრაგმატული მოსაზრებით, საქართველოსთვის სტრატეგიულად არ არის ხელსაყრელი ამ საკითხის გადაწყვეტა, რადგან სოხუმსა და ცხინვალში რუსეთს დიპლომატიური მისიები აქვს.

„რეალურად ნებისმიერ საკითხზე ლაპარაკის დაწყება შეიძლება, ოღონდ შენი პოზიციებიდან არ უნდა დაიხიო. ეს უკვე მომლაპარაკებელთა ტექნიკის ამბავია, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების საკითხის განხილვა, ოკუპირებული ტერიტორიების გამო, საქართველოსთვის სტრატეგიულად წამგებიანია“, - აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, რუსეთის მიერ გამოთქმული ეს მზაობა უნდა აღვიქვათ, როგორც რუსეთის გარკვეული პოლიტიკური სტრატეგია. გია ვოლსკი ამბობს, რომ განწყობები (დადებითი, ან უარყოფითი) აქ არაფერ შუაშია, რუსეთი გარკვეულ სტრატეგიულ გეგმას ახორციელებს და მისი ყველანაირი განცხადება რუსეთის პრაგმატულ ინტერესებთან არის დაკავშირებული, ხოლო თუ ჩვენ მათი რომელიმე განცხადება არ მოგვწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებზე უარი უნდა ვთქვათ. დეპუტატის თქმით, ყოველთვის კონსტრუქციულები უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენი ინტერესებიდან არასოდეს უნდა გადავუხვიოთ. გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში დიალოგი სჯობს მასზე უარის თქმას, თუნდაც, მხარეებს დაპირისპირებული პოზიციები ჰქონდეთ.

„შემხვედრი ნაბიჯი არის ის, რომ ერთმანეთთან ვლაპარაკობთ. ჩვენ შევთავაზეთ დიალოგი და მათ ეს შეთავაზება მიიღეს. არ შეიძლება საზოგადოებას შევუქმნათ რაღაც ცრუ მოლოდინი, რომ ლაპარაკის დაწყება პირდაპირ არის დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასთან. ეს არავითარ შემთხვევაში ასე არ არის. ასე რომ, ნელ-ნელა, მაგალითად, ეკონომიკური ზონა გაისხნება, ანუ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი გაიხსნება, უფრო ინტენსიური გახდება საზოგადოებრივი ურთიერთობები და ა.შ. რაღაც ბაზა უნდა მომზადდეს იმისთვის, რომ ამ ბაზაზე შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილებები აიგოს. თუ ეს არ დავიწყეთ ახლა და თუნდაც ჩანასახის დონეზე რაღაც არ განვავითარეთ, ეს აუცილებლად წინ დახვდება შემდეგ თაობას. როგორ განვითარდება ეს ურთიერთობები, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული“, - ამბობს გია ვოლსკი.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ერთობლივ ეკონომიკური ზონის შექმნაზე დაიწყეს საუბარი, სადაც რუსეთის მიზიდვაც უნდათ, რათა გარკვეული პირობები შექმნან იმისთვის, რომ სწრაფადგანვითარებად ჩინეთთან ბალანსი არ დაირღვეს. ამ დიდ თამაშებში კი საქართველოს როლი და მნიშვნელობა აუცილებლად დადგემა დღის წესრიგში. ამიტომ ჩვენ მრავალ საკითხთან დაკავშირებით საფუძვლები უნდა ჩავყაროთ, რათა შემდგომ მოსავალი მივიღოთ.

გია ვოლსკი ამბობს, რომ უცებ და პროპაგანდისტულ ატმოსფეროში არაფერი წყდება და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი დანაშაული, რომ ყველაფერი პროპაგანდას და სახელისუფლო პოზიციის გაძლიერებას დაუქვემდებარეს, ხოლო რეალური პოლიტიკა ბოლო პლანზე ჰქონდათ გადაწეული.

კითხვაზე, ამ გლობალურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად გვაქვს თუ არა ჩვენ სტრატეგია შემუშავებული, გია ვოლსკი პასუხობს, რომ სანამ სტრატეგიას შექმნი, მანამდე გარკვეული მოძრაობა უნდა დაიწყო, რათა ამ მოძრაობაში გამოჩნდეს, რა მიმართულებები შეიძლება განვითარდეს.

„სულ იმას ვიგონებ ხოლმე, 2004 წელს, როდესაც სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ვიყავი და გოგა ხაინდრავა იყო მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ იმის შესწავლა, რა ვითარება გვქონდა და საერთოდ, რა ტენდენციები იყო. ერთწლიანი კონსულტაციები გვქონდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და სხვათაშორის, რუსებთანაც. ბევრ საკითხში ჩვენი პოზიციები მაშინაც არ ემთხვეოდა ერთმანეთს, მაგრამ მონაცემები გვქონდა, გვქონდა ბაზა და ამ ბაზის საფუძველზე გავაკეთეთ საგზაო რუქა. ამ რუქას მხარი დაუჭირა ეუთოს მინისტერიალმა, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. რასაკვირველია, პოლიტიკური პოზიციების დაშორება იყო, მაგრამ იმ დროს ამ თემებზე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და რუსეთის ურთიერთობების ხარისხმა საშუალება მოგვცა, რომ განგვეხორციელებინა ეკონომიკუტი პროექტები და შეუქცევადი გაგვეხადა ამ პროცესებში დასავლეთის პოლიტიკური და ფინანსური ჩართულობა“, - აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი 2006 წლიდან მიხეილ სააკაშვილმა დაანგრია და აგვისტოს ომამდე მისვლა მნიშვნელოვანწილად ამანაც განაპირობა. გია ვოლსკი ამბობს, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლება ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას, რადგან ამ თემებზე მუშაობა თავიდან უწევს, ამასთანავე, გაცილებით უფრო ცუდი საწყისი პირობებით. ამიტომ დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ საწყისი პირობების ფონზე, საქართველო თავისი ინტერესების გათვალისწინებით იწყებს ახალ სტრატეგიაზე მუშაობას და ლუკაშევიჩის განცხადება ყველაფერ ზემოთქმულის პრიზმაში უნდა იქნეს განხილული.