“სახალხო დამცველის არჩევით საქართველოს ჭირისუფალს ვირჩევთ”

“სახალხო დამცველის არჩევით საქართველოს ჭირისუფალს ვირჩევთ”

სამოქალაქო მოძრაობა “სიცოცხლისათვის” თავმჯდომარე გიორგი ყორღანაშვილი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს. ასეთ შემთხვევაში, მას უფლება ექნება, გააუქმოს მთავრობისა და პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუკი მას ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიიჩნევს.

For.ge გიორგი ყორღანაშვილს ესაუბრა.

ნაციონალების მმართველობის პერიოდში აქტუალური იყო სიცოცხლის შენარჩუნების თემატიკა-გირგვლიანი, რობაქიძე, ძირითადად ახალგაზრდების მიმართ იყო მიტანილი იერიში; არა მარტო იხოცებოდნენ ახალგაზრდები, არამედ ციხეებიც აივსო ამ ასაკის ადამიანებით. თქვენ მოძრაობა სიცოცხლისათვის თავმჯდომარე ბრძანდებით, რამდენად რთული იყო სიცოცხლის დაცვა იმ პერიოდში?

- თავის დროზე „კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ვიყავი და 1994 წელს გამოვაცხადე, რომ პარტიას ვხურავთ, ვაარსებთ სამოქალაქო მოძრაობას "სიცოცხლისათვის". მაშინ მძიმე კანონები იყო და კანონს თუ არ დაარღვევდი, ვერ იცოცხლებდი. ამას სასიკვდილო საკანონმდებლო გარემოს ვეძახდით. რადგან შევარდნაძეს ვერ მოვერიეთ და მან მოიყვანა უფრო წვეტიანკბილებიანი ახალგაზრდები, იმდენად უკვე ვეღარ ვაქტიურობდით. თუმცა მანამდე ვწერდი, ნუ ღუპავთ სააკაშვილს-თქო, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე საქართველოსაც ღუპავდნენ. შევარდნაძემ ის ხან იუსტიციის მინისტრად დანიშნა, ხანაც დეპუტატობა გაუფორმა, ხან კიდევ  ვაკელებს გამოუცხადა, აი, თქვენი მომავალი პრეზიდენტიო. ასევე, იყო მერაბიშვილის შემთხვევაშიც. მივაკვლიე, რომ 24 900 დოლარის ფარგლებში გრანტი ჰქონდა მიღებული და სწორედ ამ რაოდენობის პირველი გრანტი გაუფორმეს მერაბიშვილს.    

სააკაშვილს რომ დავესესხოთ, მერაბიშვილი დღესაც ისეთი გაღლეტილია, როგორც მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოდიოდა.

- იცით, მან რა ორგანიზაცია ჩამოაყალიბა?! ქართველი ფერმერებისთვის განათლების მისაღები ორგანიზაცია.

ეს მაშინ, როცა არც ფერმერები გვყავდა და არც გლეხები.

- დიახ, მაინც აიღო ეს ფული და იმის შემდეგ იღებდა გრანტებს. საერთოდ, არასამთავრობოებთან მიმართებით ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს. ვითომ კონკურსებს რომ აცხადებდნენ, ახლობლებს სპეციალურად ვუთხარი, მიეღოთ ამ კონკურსებში მონაწილეობა, მაგრამ ეს სიყალბე აღმოჩნდა და გრანტს ვინ მოგვცემდა?! სააკაშვილის დროისთვის ჩვენ უკვე ჩაწყნარებულები გახლდით, რადგან შევარდნაძესთან ომს შევალიეთ ყველაფერი. სააკაშვილი როცა მოვიდა, 2003 წლის ზაფხულში კიდევ მოვიქნიე კუდი და ნინო ბურჯანაძეს მივუძღვენი- „ფქვილის პრინცესობიდან ქატოს დედოფლობამდე“. მახსოვს, იმ დროს რჩეულიშვილმა გაზეთების ორი დიდი შეკვრა შეიტანა პარლამენტში, თითო შეკვრაში, ალბათ, 200 გაზეთი იქნებოდა, მოასწრეს და დარიგდა ერთი შეკვრა. იმ პერიოდში ხათუნა გოგორიშვილი იყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და გაზეთების მეორე შეკვრა დააპატიმრა. თუმცა მაინც გავრცელდა ეს გაზეთები, სადაც ნინო ბურჯანაძის მისამართით მეწერა, მხცოვანი მამა მაინც შეიბრალე, რას აკეთებ-თქო.

თავად მამამისი იყო პურის ბიზნესში ჩართული და კიდევ მის შებრალებას ითხოვდით?

- დიახ, მამამისი იყო ჩართული და ამიტომაც დაერქვა ბურჯანაძეს ქატოს დედოფალი. „ფქვილის პრინცესა“ რომ დაიწერა, დაიწყეს გამოკითხვა, ეს შეკვეთილი სტატია ხომ არ იყო?! კითხულობდნენ, ვინ არის გიორგი ყორღანაშვილი?! იმ დროს დავით უსუფაშვილი წერდა, მე თუ რამე ვიცი, ყველაფერი ბატონი გიორისგან ვისწავლე და გამორიცხულია, მას ვინმემ რამე შეუკვეთოსო. მართლაც, მოგვიანებით ჩვენი გზები გაიყო, არადა, ეს პატარა ბიჭი დავით უსუფაშვილი, მესამე კურსელი, იურიდიული განყოფილების გამგედ გავიყვანეთ მაშინდელ საარჩევნო კომისიაში. ზურაბ ჟვანია ჩემი ბიჭის კლასელი იყო, ერთ მერხთან ისხდნენ, რამდენჯერმე მის სახლში მივსულვარ, ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ძვლის ტუბერკულოზი ჰქონდა და ძალიან ხშირად მოტეხილობები ემართებოდა. ზურას კარგად ვიცნობდი. ერთხელ პარლამენტში ვესტუმრე, ამ დროს ვიღაცამ დაურეკა და ზურამ მითხრა, ცოტა ხნით გამოვალ თუ არა, თავს ვერაფერს ართმევენო. მეც ვუთხარი, შენი ბრალია, თუ გინდა, ასე არ იყოს, დამოუკიდებლობა მიეცი მიშა მაჭავარიანს და სხვებს-მეთქი. მაშინ ზურაბ ჟვანია ახალგაზრდების ხელმძღვანელი იყო. მოგვიანებით ნინო ბურჯანაძე მეორედ გახდა თვენახევრიანი პრეზიდენტი, თუმცა ბევრი რამ არ შეეძლო, რადგან სააკაშვილი რეალურ ძალაუფლებას ისევ ფლობდა, ბურჯანაძეს ბევრს არაფერს ეკითხებოდა. 26 მაისიც მთლად სხვების ბრალი არ არის და ნინო ბურჯანაძესაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. რამდენიმე ათასი კაცი რის იმედად მიიყვანა რუსთაველზე?!

ბურჯანაძე აცხადებს, რომ სხვა პარტიების იმედი ჰქონდა.

- დიახ, თანაც, „ფორუმის“ მისამართით ამბობენ, ვფიქრობდით, ბევრი ადამიანი მოვიდოდაო. ვკითხე, კი მაგრამ, შეგპირდნენ მოსვლას-მეთქი? არაფერს არ შემპირებიან, მაგრამ ბევრნი რომ მოსულიყვნენ, ვერ გაგვიბედავდნენო. რას ჰქვია, ვერ გაბედავდნენ, რომ გაებედათ? მაშინ ვერ მოგვერეოდნენო - მითხრეს. ეს ხომ დამაჯერებელი არ არის? როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი? თავისუფლების მოედანზე წინა დღით გაამზადეს ტრიბუნები და ნაციონალებმა პოლიცია არ დაუყენეს. ეს იყო სუფთა „ლავუშკა“ და მეორე დღეს ეს ხალხი იქ შეუშვეს. ხელისუფლებამ სპეციალურად ვაკუუმი, ცარიელი ადგილი,  გამზადებული ტრიბუნები დაუტოვა. ნინო ბურჯანაძე კი ამბობს, მე იქ ძალით არავინ დამიტოვებია და გამოვაცხადე კიდეც, ხალხო, დავრჩეთ თუ წავიდეთო, მაგრამ რად უნდა ლაპარაკი, იქ ყველა იტყოდა, დავრჩეთო.

ისევე, როგორც ეს 9 აპრილს მოხდა?

- რა თქმა უნდა. თუმცა რაც სააკაშვილმა გააკეთა, ეს გამოსაძიებელია. გაოცებული ვარ, ამას გამოკვლევაც არ სჭირდება, ასეულობით ადამიანის სახეებია, დამარბევლებს შორისაც ბევრს ნიღაბი ახსნილი აქვს და პირდაპირ ჩანან, ვინც არიან. შემსრულებლები შეგიძლია, მაშინვე ამოიცნო. ასიდან ათი შემსრულებელი მაინც ხომ იტყვის, ვინც უბრძანა?! ეს ყველაფერი მარტო მერაბიშვილის და ახალაიას გაკეთებული რომ არ არის, ამას რად უნდა ლაპარაკი? სააკაშვილის გარეშე ამის ბრძანებას ვერ გასცემდნენ. ამიტომ რატომ ჭიანურდება ეს პროცესი?

იქნებ, დასავლეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ყველაფრის გამოკვლევა ნაჩქარევად მიაჩნიათ და ამითაც აიხსნება პროკურატურის შენელებული მუშაობა?

- რომელი ეტაპი? ევროპის სახალხო პარტია რომ შემოუსიეს ახალ ხელისუფლებას და მთელი ევროპა, ლანდსბერგისი და ვიღაცეები წერილებს უგზავნიან აქეთ-იქით და ღადაობენ?! ამ დროს გამწარებულია ხალხი, რატომ არ დაგვიცვა ევროპამ, თუკი ჩიორაზე ასეთი ამბავი ატეხესო. ლუკა კურტანიძეზე რომ ატეხეს ერთი ამბავი, უნდა გამოიკვლიონ, რა მოხდა 26 მაისს, კაცი გაგიჟებულია, არ შეიძლება, ნორმალურ ჭკუაზე იყოს თავმომწონე ჩემპიონი, რომელიც ისე ათრიეს, როგორც უკანასკნელი ადამიანი. არა მარტო ლუკა კურტანიძე, აგერ, სოსო ჯაჭვლიანმაც გამოაცხადა, თუ არ იქნება ეს უკანონობა გამოკვლეული, მე მივდივარო. ხალხი პასუხს სთხოვს ახალ ხელისუფლებას.

მართალია, ივანიშვილის სახელითა და ზურგით გავიდნენ, მაგრამ ღირსება ხომ ყველას უნდა ჰქონდეს? რაც შეეხება ხელმოწერებს, ხელმოწერებით საქართველოში რა კეთდება? თორემ, აგერ, მაზმანიანი რომ ჰყავთ, იგივე „ანჟელა“, მან უკვე გამოაცხადა, 2 მილიონ ხელმოწერას ვაგროვებო, ვინ შეამოწმებს? გიორგი მაზმანიანი ციხეში რომ იჯდა და ოფიციალურად „ქათმების ბელადად“ ითვლებოდა, ამის შესახებ პატიმრები საუბრობენ. ისევე, როგორც, ასევე, ფულის შოვნაზე იყო გადასული ყოფილი პატიმარი, რომელიც მოგვიანებით ბედუკაძეს აკრიტიკებდა. „ქათამი“ ნებისმიერ რამეზე მიდის, ოღონდ რაღაც იშოვოს. ასე რომ, წლების წინ ჩვენ ოფიციალურად გამოვაცხადეთ, რომ სააკაშვილი უკიდურესი ჯალალედინია, ოღონდ მოყვარედ გვაჩვენებს თავს და იმის მტკიცება გვჭირდება, რომ იგი მტერია. მაგრამ როგორ გაძლო სააკაშვილმა? გაიხსენეთ, 2009 წელს 9 აპრილს რომ გამოიტანეს საკნები. დაფიქრდით, საკნებს გამოგატანინებდათ სომხური კნინობითი სახელით რომ ვთქვათ, ქართველთმოძულე მიშიკა?!

2009 წლის თებერვალში ქართულმა აკადემიამ ჩაატარა დიდი ღონისძიება ჭადრაკის სასახლეში. იქ მოიტანეს ხელმოწერები - გადადგეს სააკაშვილი. მეც მივედი ჭადრაკის სასახლეში. ეს ხელმოწერები რომ ვნახე, კინაღამ გავცოფდი, რადგან მიმაჩნდა, რომ სააკაშვილი პრეზიდენტი არ არის, ის არის მტერი. ამიტომ მტერი საიდან უნდა გადამდგარიყო? ნანეიშვილს ვკითხე, თუ ყველანი ამბობთ, რომ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის მტერია, მაშინ შეიძლება, მტერს ეოპოზიციონერო? როგორც წესი, ხელისუფლების ოპოზიცია კიდევ გამიგია, მაგრამ - მტრის ოპოზიცია?! მაშინ მოვითხოვე სიტყვის თქმის უფლება და გამოვაცხადე, კი არ უნდა გადადგეს სააკაშვილი, არამედ იგი უნდა გავაგდოთ. მაგრამ იმას ხომ არ დავწერდით, რომ გავაგდოთ სააკაშვილი-თქო, ამიტომ უნდა დაგვეწერა, გავათავისუფლოთ საქართველო სააკაშვილისგან, ანუ მტრისაგან.

ამაზე შევთანხმდით, გავიდა სულ ერთი თვე და ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს, 9 აპრილს ვხედავ უზარმაზარ ლოზუნგს -გადადგეს სააკაშვილი. ვეძგერე და ვუთხარი, რას აკეთებთ-მეთქი? ჩვენ არაფერი გვკითხესო. 9 აპრილთან დაკავშირებით ერთი-ორჯერ ამაპარეს ტრიბუნაზე, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი და მთელი ხალხო იყო ჩასაფრებული, ეგ არ აუშვათ ტრიბუნაზეო. ალბათ, გახსოვთ, იმ აქციების დროს დღის ბოლოსთვის იქ უკვე ასი-ორასი კაცი თუ იდგა. როგორც იქნა, მომღერალმა ზურა მანჯავიძემ ამიშვა ტრიბუნასთან, სადაც აღვნიშნე, ახლა ითხოვენ, გადადგეს სააკაშვილი, რომელიც თურმე ბოდრუმში იყო წასული და სინდისი არ აქვს. თუმცა ვერ ხსნიან უმარტივეს რამეს, პირდაპირ თქვან, რომ სააკაშვილი საქართველოს მოძულეა, რამდენი ბოროტება აქვს ჩადენილი, მარტო ემზარ და ნორა კვიციანი და ახალგორის მაგალითი რად ღირს!

ტრიბუნაზე გამოვაცხადე, ბოდრუმში კი არა, სადაც უნდა, იქ წავა, ის ნამუსით და შეგონებით არ დატოვებს ხელისუფლებას და სისხლისღვრას მოაწყობს-თქო. ეს ავუხსენი საზოგადოებას. ხალხი ნელ-ნელა მატულობდა, დაახლოებით ნახევარი საათი ვილაპარაკე. ამის შემდეგ რამდენიმე „ბელადი“ მოვიდა და მითხრა, ხალხი ცოდოა და მოიწყენენო. ამ დროს კი ემატებოდა ხალხი. ამიტომ მომიტინგეებს შევპირდი, ხვალ გავაგრძელებ-მეთქი. რა თქმა უნდა, მეორე დღეს ტრიბუნასთან არ ამიშვეს. ამ დროს კი, როცა ამბობ, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს, ეს ნიშნავს, რომ სანამ გადადგება, შენ მას აღიარებ, როგორც პრეზიდენტს. თუ ის პრეზიდენტი არ არის, მაშინ, შესაბამისად, არც ოპოზიცია გამოდის და მაშინ ოპოზიცია უნდა გადაიქცეს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლად. გვინდოდა, ამ ვითომ ოპოზიციაში დაგვეტოვებინა თარგამაძე „შადიმანა“, თორთლაძე და პაატა დავითაია. მოგვიანებით გუბაზ სანიკიძეს შევხვდით, მე პარტიას არ დავშლიო  - მითხრა. ვუთხარი, პარტიას ნუ დაშლით, მთავარია, ნუ ამბობთ, რომ ოპოზიცია ხართ, რადგან მაშინ სააკაშვილიც ხელისუფალი გამოდის.

ტერმინებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, ხომ არ ჯობებდ, არსებული ფორმაციისთვის „სააკაშვილის მიერ მიტაცებული ძალაუფლება დაგერქმიათ?

- არა, მტერი არის მტერი. ძალაუფლებას რომ მიიტაცებ, ასე დიქტატორებსაც ჰქონდათ მიტაცებული ძალაუფლება. სტალინი, ფრანკო და სხვა დიქტატორები თავიანთი ქვეყნის მტრები და მოძულენი არ იყვნენ, უბრალოდ, იბრძოდნენ ისეთი მეთოდებით თავისი ქვეყნისთვის, რაც სწორად მიაჩნდათ. მტერი კი სულ სხვა რამეა. ამიტომ ყველა ოპოზიციონერისთვის უნდა გვეთქმევინებინა, მე აღარ ვარ ოპოზიცია, მე ვარ ჩემი ქვეყნის გამათავისუფლებელი. დღესაც იგივე იმპიჩმენტი არ შეიძლება ახსენო, რადგან შენ ამით უკვე ამბობ, რომ სააკაშვილი თურმე პრეზიდენტია. თუმცა დღესდღეობით, სააკაშვილი საიდან უნდა გადადგეს?

მისი ვადა ოფიციალურად უკვე გასულია, 20 იანვარს დამთავრდა მისი ვადა. ამიტომ ახლა საქმე მიდის ივანიშვილთან. 20 იანვარს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება 76 ხმით, თუმცა 75 ხმაც ყოფნიდა, რადგან უბრალო უმრავლესობა სჭირდებოდათ დადგენილების მისაღებად. ეს ხომ კონსტიტუციის ცვლილება არ იყო და არც კანონის მიღება არ ყოფილა? ამიტომ დამსწრეთა ნახევარიც საკმარისი იყო, რომ ვადის ამოწურვის გამო შეეწყვიტათ უფლებამოსილება სააკაშვილისთვის. ამით ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ ამას არ აკეთებენ. სხვათა შორის, ჩემს მიერ ნაწვალები საქმე რომ გამოსულიყო, ტერმინი ოპოზიცია ოფიციალურად უნდა გაუქმებულიყო და გამოცხადებულიყო, რომ ქვეყანაში მოსულია მტერი, მაშინ მთელი მსოფლიო გაიგებდა, რომ სააკაშვილს ჰყავს მარტო ორი-სამი ძალად ოპოზიციონერი. დღესდღეობით მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, დიდებული კაცი, რომელმაც კარგად ილაპარაკა. სხვათა შორის, ჩვენთანაც მიმდინარეობდა გარკვეული კონსულტაციები, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგნი ვიყავით მისი გარემოცვის.

თქვენ უფრო ეროვნული, ნეიტრალური ძალების თავმოყრა გინდოდათ და არა - პროდასავლურის ან - პრორუსულის?

- დიახ. 7 ოქტომბრის შემდეგ გაჩუმებულები ვიყავით. ოდნავი კრიტიკაც მეუხერხულება, მაგრამ უნდა ვთქვა, როცა ბიძინა ივანიშვილს ეკითხებიან, თქვენ ეკონომიკაში განსწავლული კაცი ხართ და არ გაგიჭირდათ პოლიტიკური კანონების შესწავლაო, მან უპასუხა, პრინციპში, იგივე კანონებიაო. არადა, შენი კოლეგა ბიზნესში პირს თუ გაგიტეხავს, ის დაღუპულია, ჯარიმასაც იხდის, სახელიც უტყდება, პოლიტიკაში კი თუ არ მოგატყუა და არ გემამაძაღლა, ვერ გაიხარებს. ასე რომ, სულ სხვადასხვა კანონებია. მერე ბატონმა ბიძინამ თქვა, ჩემმა ზოგიერთმა მეგობარმა მითხრა, სააკაშვილი მტერიაო, მე კი ვთვლი, სააკაშვილი შეცდომას უშვებსო. არადა, როგორ შეიძლება შეცდომა იყოს სააკაშვილი უკრაინაში 2 ათას კაცს რომ აგზავნის არჩევნების მოსაგებად? გასაგებია, როგორც დასავლეთისთვისაა ძნელი სააკაშვილის გინება, ისე ძნელია ამის აღიარება, ჩვენ რომ სოროსს ვეძახდით, თურმე ივანიშვილი აფინანსებდა და, ცხადია, ვერაფერს იტყვის.

ბიძინას მიმართ დიდი სიმპათია მაქვს, „ლაივში“ რომ ლაპარაკობს, კარგი ქართველის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამბობს კიდეც, ეშმაკიც ვარ და ხაფანგებს ვუგებ სააკაშვილსო. ეს გასაგებია, სოფლელი კაცი გაცილებით უფრო ეშმაკია. ახლა ყველა იმას ამბობს, რომ კოალიცია არ დაიშლება, სანამ არსებობენ ნაცები. მაშინ იყოს მიშიკა და კოალიციაც იქნება. ამ დროს კი რა უნდოდა იმის დაწერას, რომ სააკაშვილს უფლებამოსილება შეუწყდა ვადის ამოწურვის გამო?! ახლა, უშეცდომო არავინ არის და, თუ ვინმე გააკრიტიკეს „ქართულ ოცნებაში“, იმ წუთშივე საგანელიძე გამოაცხადებს, ჩანერგილებიო. ჩემს შესახებ ვერ იტყვის ამას, მაგრამ სრულად დამბლოკავენ. ხალხი გაოცებულია, ვინც ვომობდით და „ოცნებაში“ ვიყავით, ახლა გვაბრალებენ, თითქოს მიშიკოს გვერდით იდექითო?! არ გაგიჟდება კაცი?!

კადრებთან დაკავშირებით ხედავთ პრობლემებს?

- მარტო იმას ვიტყვი, რომ 26 მაისის საქმეს, ფაქტობრივად, გამოძიება არ სჭირდება. ამის დამადასტურებელი მასალები არსებობს. ჯერ აიყვანე შემსრულებლები და სააკაშვილის გარდა ბრძანების გამცემი არავინ იყო.

ანუ თქვენი პოზიციაა, რომ სადამდე უნდა ველოდოთ დასავლეთის რეაქციას?

- სადამდე უნდა ველოდოთ? ეს არ არის სწორი. ეს ჩვენ უნდა მოვახერხოთ. იმის თქმაც ცოდვაა, ჩვენს ნათქვამს მაინც ვინ უსმენსო. თანაც, ავღანეთზე ვცოფდები, ფაქტია, რომ ჩვენი საჯიშე ბიჭები იხოცებიან. ავღანეთში ჩვენ ოფიციალურად ოკუპანტს გვეძახიან. ამ დროს უხერხულია, რუსების ოკუპანტობაზე ვსაუბრობდეთ. დავაყენე საკითხი, რომ გამოვიყვანოთ დანაყოფები. ახლა აცხადებენ, 2014 წელს კიდევ დავრჩებითო, ამიტომ ეს საკითხი სარეფერენდუმოდ გავიტანეთ - გამოვიყვანოთ თუ არა ბიჭები ავღანეთიდან?! ამბობენ, ხალხი ავღანეთში ძალით ხომ არ მიგვყავსო. უბრალოდ, შენი ქვეყანა არ უნდა მონაწილეობდეს ამაში. თორემ ფრანგული რეგიონის არ იყოს, ვისაც უნდა, თავისი ნებით იმსახუროს, ოღონდ საქართველოს სახელით არ იმსახუროს.

ავღანეთში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების შეყვანა დასავლეთთან ინტეგრაციით  მართლდება.

- უკეთესს გვეტყვით, მარტო ინტეგრაცია კი არა, ამბობენ, ვალდებულება გვაქვს აღებულიო. იმასაც ამბობენ, ჯარი იწვრთვნებაო. მაგარი რამეა იქ ვარჯიში, მაგრამ საფრანგეთი ნატოს წევრია და გამოჰყავს ჯარები. თუმცა ეს მოთხოვნა არ გაგვიტარეს რეგისტრაციაში და გაატარეს რეგისტრაციაში ჩვენს მიერ დასმული მეორე საკითხი, რომ სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს ხალხმა. გარედან რომ შეხედავ, ეს თითქოს აქტუალური არ არის, დიდი ამბავი ახლა სახალხო დამცველი გინდა აგირჩევია, გინდა დაგინიშნავს, მაგრამ სინამდვილეში, სახალხო დამცველის არჩევითობა ავღანეთის საკითხსაც გადაწყვეტს. დღეს არ აქვს მას დიდი უფლებები.

ბოლო პერიოდში უჩა ნანუაშვილს უთქვამს, უფლებები გამიზარდეთო, სასამართლოს გადაწყვეტილება თუ საეჭვოდ მივიჩნიეთ, უნდა ჩავერთოთო. ადრე ასეც იყო და ეს სააკაშვილმა გააუქმა. მაგრამ სახალხო დამცველს თუ აირჩევ, ბოლო არჩეულ პირს უკვე ხალხის ზურგი უმაგრებს. სხვათა შორის, „მაესტროზე“ იყო ამის შესახებ გადაცემა, სახალხო დამცველის არჩევის საკითხი სარეფერენდუმოდ დარეგისტრირდა, მაგრამ საქართველოს პოლიტიკოსები არ უჭერენ მხარსო. გამოიყვანეს მანანა კობახიძე, რომელმაც გამოაცხადა, ჩვენ მივიღეთ სახალხო დამცველის შესახებ გადაწყვეტილება და მომწონს ეს წესიო. არადა, თუ მოსწონს ეს წესი, საწინააღმდეგო ხმის მიცემას არავინ უკრძალავს. გამოიყვანეს გიგი წერეთელი, „დიდი პოლიტიკოსი“ და „შადიმანა“ თარგამაძე, რომელმაც აღნიშნა, გავიგოთ, საზღვარგარეთ როგორ არისო; ამ დროს, საზღვარგარეთი რა შუაშია, საქართველოს სჭირდება ეს. მთავარი ისაა, რომ ამ გადაცემაში უშუალოდ ჩვენს შესახებ ისაუბრეს და გვლანძღეს. რომელ ლოგიკაში შეიძლება იყოს, რომ, თუ ჩვენ გვლანძღავდნენ, არცერთი ჩვენგანისთვის არ დაეძახათ და არ ეკითხათ, ვაპირებდით თუ არა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას?! არადა, სახალხო დამცველის არჩევით, პრინციპში, საქართველოს ჭირისუფალს ვირჩევთ. ახლა ბიძინა ვერ გამოდის მთლად საქართველოს ჭირისუფალი, თუმცა აქამდე იგი შეიძლება იყო კიდეც საქართველოს ჭირისუფალი.

ავღანეთიდან ქართველი ბიჭების გამოყვანის თვალსაზრისით, რას შეცვლის თუნდაც გაფართოებული უფლებების მქონე სახალხო დამცველის არჩევ?

- ეს უფლებებიც საკმარისია, რაც აქვს სახალხო დამცველს. სახალხო დამცველი თუ აირჩია ხალხმა, ის იტყვის, გამოვიყვანოთ ჩვენი სამხედრო ნაწილები. ახლანდელი სახალხო დამცველი კი ვერ იტყვის ამას, რადგან უფლება არ აქვს და დანიშნულია. თავის დროზე სააკაშვილი საძაგლობებს რომ აკეთებდა, ჩვენ ვაპირებდით ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი ღირსების ჯგუფის ჩამოყალიბებას. აწ გარდაცვლილი ბიძინა კვერნაძე, ვისაც არასდროს სდომებია პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ მის ქართველობაში ეჭვი არ გეპარებოდა, გვინდოდა, ამ ჯგუფში ყოფილიყო და არჩევნების შემდეგ ნებისმიერ პარტიას ეღიარებინა ღირსების ამ ჯგუფის ავტორიტეტი.

ბიძინა კვერნაძის გარდა, ღირსების ჯგუფისთვის შესაფერისი კანდიდატურა იყო ოტია იოსელიანიც.  

- დიახ, ზუსტად, ოტია იოსელიანიც გვეწერა მაშინ ღირსების ჯგუფის წევრებს შორის. ხალხი მას ხმას მისცემდა, მაგრამ ღირსების ჯგუფი მაღლა მდგომია, ისევე, როგორც უხუცესთა საბჭო. ჩინეთში იყო მსგავსი პიროვნება, რომელიც გადადგა და თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ პირველ კაცად ითვლებოდა. ირანში ჰომეინი იყო პირველი კაცი, თურქეთშიც მაღალ ოფიცერთა ჯგუფი არსებობს, ათათურქმა რომ ჩამოაყალიბა და მათ შეუძლიათ, ნებისმიერი გამარჯვებული პარტია და პრეზიდენტი გადააყენონ. ასევე გვინდოდა ზვიად გამსახურდიას შემთხვევაშიც, მას პრეზიდენტად არ უნდა ეყარა კენჭი, უნდა ყოფილიყო გარეთ და კენჭი სხვებს უნდა ეყარათ. გამსახურდიას ამით გაცილებით მეტი შესაძლებლობები ექნებოდა. თავის დროზე ეს ვერ გავაკეთეთ. მოგვიანებით კი ვითომ ოპოზიციონრები რომ ჰქვიათ, მათ ბევრჯერ მოგვატყუეს. ჩვენ ამას არ ვიკადრებდით. ახლა გამოჩნდა ვალერი ხაბურძანია, ძალიან კარგად ვიცი, რომ ხაბურძანიამ გაუღო კარები სააკაშვილს, პარლამენტში რომ შევარდა გაბერილი დაცვით. სააკაშვილი იდგა და ხმას არ იღებდა, უყურებდა ნიშანს; უცბად ნიშანი მისცეს და მანაც „გადადექი, გადადექი“-ს ყვირილი დაიწყო.

ეს ნიშანი მას ვალერი ხაბურძანიას ხალხმა მისცა?

- ამას ვერ გეტყვი, მაგრამ დარბაზში ის ხაბურძანიამ შეუშვა. ამ დროს შევარდნაძე ბევრ რამეს სხვანაირად „მღეროდა“. ბოლოს და ბოლოს, ეთქვა, ჩავატაროთ არჩევნებიო და დამთავრდებოდა ყველაფერი. ახლა ხაბურძანია ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, ნოღაიდელთან, ბურჯანაძესა და კუკავასთან ვითანამშრომლებ, ვინც ლოიალური იქნება რუსული ვექტორისადმიო. მათ უარი განაცხადეს. ამის შემდეგ ხაბურძანია უკვე პრორუსულ ვექტორზე ალაპარაკდა, შემდეგ თქვა, რუსეთი კავკასიაში უნდა დომინირებდესო. გასაგებია, ამის პერსპექტივა არის, რადგან საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან იკვებება და შემოსული ფულის ლამის 2/3 მოდის ერთი სახელმიწიფოდან- რუსეთიდან.

ფიქრობთ, ვალერი ხაბურძანიას ინტერესი სააკაშვილის ინტერესებს ემთხვევა?

- არა მგონია, უბრალოდ, ის პრორუსული ორიენტაციისაა. ახლა არ ღირს იმის თქმა, ვინ ვისი კაცია, მაგრამ ამერიკის „ცეერუს“ უნდა ვენდოთ, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი და სააკაშვილი პროდასავლელები არიან. სხვათა შორის, ივანიშვილიც ამბობს, საგარეო პოლიტიკაში არაფერს ვცვლიო. ავღანეთში იმავეს აკეთებს, ნატოსკენ სწრაფვაც ერთნაირია. უბრალოდ, საშინაო პოლიტიკაშია განსხვავება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ სახალხო დამცველთან დაკავშირებით, ეს ადამიანი მეორე ძალამ, ანუ ხალხმა უნდა აირჩიოს. ახლა სიტყვა ეროვნულს უკვე აღარ ვახსენებ, მიუხედავად იმისა, რომ 1956 წელს პირველად დამიჭირეს, იმის შემდეგ რამდენჯერმე ვიყავი რეპრესირებული და ზოგიერთები ეროვნულების უხუცესად მთვლიან.

ვთქვათ, ჩატარდა სახალხო დამცველის არჩევნები, საქართველოში ხომ იცით, რაც ხდება, აქ 20-30 კანდიდატურა მოიყრის თავს, გაიმარჯვებს ერთი. ჩვენ გვინდა, რომ კონკურენტების პირველი ხუთეული აიყვანონ თანამშრომლებად. საბოლოო ჯამში, სახალხო დამცველს საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ხმა ექნება. გათავდა, უკვე ის აკონტროლებს პარლამენტსაც, პრეზიდენტსაც და მთავრობასაც. არჩეულ სახალხო დამცველს შეეძლება, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მთავრობის, პრეზიდენტის, ხელისუფლების მიერ, გააუქმოს, თუკი მას მიიჩნევს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. თუ შეამჩნიეს, რომ ეს გადაწყვეტილება შეცდომა კი არა, შეგნებულად იყო ჩადენილი, მაშინ შეუძლიათ, მოაშორონ ხელისუფალი. საააკაშვილის დროს რამდენი უსამართლობა განხორციელდა, კოდორის ხეობაში სულ რომ არავინ ყოფილიყო, გამორიცხულია, იქ აფხაზი შესულიყო, რადგან მთის კანონები სხვა არის. მათი მეგობრობა, პატივისცემა განსხვავებულია. იქ რუსები შედიან, თორემ აფხაზები არც ახლა არიან კოდორში. ჯერ ემზარ კვიციანი გააძევეს, დაბომბეს იქაურობა. ახლა გუგუსიანის გულისთვის ჩავიდნენ სვანეთში? სხვათა შორის, ცხენით მივიდა გუგუსიანი, კვიციანი ეგონათ და საწყალი მოკლეს. ნორა კვიციანი ოფიციალურად მეომარი ქალი და იმ სოფლის გამგებელი იყო, იარაღის ტარების უფლება ჰქონდა და ამ დროს იარაღის გულისთვის დაიჭირეს. ემზარი ბავშვივით ბიჭია, წესიერი ადამიანია.

რაც შეეხება ღირსეულ ადამიანებს, საერთოდ, პრობლემაა ღირსეული ხალხის პოვნა. ვინც ჩამოთვალეთ, გარდაცვლილები არიან. როგორ უნდა შეირჩნენ ასეთი ადამიანები და რამდენ უნდა ყვნენ, რომ ღირსების ჯგუფი შედგეს?

- 20-25 უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთიც შეიძლებოდა. მაგალითად, ზურა მანჯავიძე წესიერი კაცია და პოლიტიკაში არასდროს გაქაჩულა. ნონა გაფრინდაშვილზეც ვფიქრობდით, მაგრამ ნინო ბურჯანაძესთან ყოფნით ცოტა აზრი შევიცვალეთ. ღირსეული ადამიანი, რომელიც ჩანს, ცოტაა. ისინი არც ჩნდებიან და ფუტკრებივით მუშაობენ. შეიძლება, ის იყოს კარგი თამადა და ღირსეული ქართველი კაცი. დღესაც შეიძლება ამ ჯგუფის ჩამოყალიბება, ამას შიდა შერჩევა სჭირდება.

თუმცა, თუ ცნობილი სახე არ არის, საზოგადოებას არ ექნება მოტივაცია, მას ენდოს.

- სალომე ზურაბიშვილი რომ გაუშვეს თანამდებობიდან, იპოდრომზე მთელი ხალხი შეიკრიბა. ჩვენთან მთავარია, ერთხელ აძვრე თანამდებობაზე, ერთხელ მაინც მინისტრი გახდე და უკვე ცნობილ ადამიანად ითვლები. ხალხი ასე თვლის. ამ დროს პატიაშვილი და კაკო ბაქრაძე იყვნენ ჩემი მრჩევლები. მე რომ ვშიმშილობდი, პატიაშვილი გვერდით მეჯდა. დეპუტატად რომ გავედი, განვაცხადე, მე მანდ არ შევალ-მეთქი და ჩემს მაგივრად შევუშვი ნეიროქირურგი ზურაბ მურვანიძე. პატიაშვილს ნდობა ჰქონდა, მაგრამ პირველკაცობა შევარდნაძეს მეტი ჰქონდა. მართალია, ხალხი გენდობა, მაგრამ ამბობენ, რომ შენ არ იქაჩები თანამდებობაზე. წამოვწიეთ პატიაშვილი და ნელ-ნელა გადავასწარით კიდეც პირველკაცობაზე შევარდნაძეს და ძალიან დავუმძიმეთ სურათი.

პატიაშვილი კარგი ქართველი კაცია, სმაში, სიმღერაში ამყოლი, ღალატი და ასეთი რამ არ სჩვევია. პატიაშვილს რომ სულაც  მოეგო, შევარდნაძე ან იტყოდა, მე მოვიგეო, ან იტყოდა, მე რუსების კაცს და კომუნისტს არ მოვუშვებ საქართველოში ხელმძღვანელადო. ასეთი რამ ალჟირში მოხდა, გაიმარჯვეს ისლამისტებმა და პრეზიდენტმა გამოაცხადა, არ მივიღებო.

წარმოიდგინეთ, შევარდნაძე, რომელიც ამბობდა, ჩრდილოეთიდან მზე ამოდისო, პატიაშვილზე მაინც იტყოდა, პატიაშვილს არ დავტოვებო. პატიაშვილმა თბილისი მართლაც წააგო, მარტო ჩხოროწყუ მოვიგეთ და ერთი დღე ჩხოროწყუს პრეზიდენტად ითვლებოდა პატიაშვილი. რამდენჯერმე შევხვდი შევარდნაძეს, მე ვიყავი ე.წ. მელიქ კაზარიანცის შენობაში და ის იყო იმელში, პირდაპირ ვუყურებდი მას. აფეთქება რომ მოხდა, პირველი მე მივედი. სხვა თემაა, მაგრამ საშინელებაა, თუ როგორ დაღუპა ქართული ეკონომიკა შევარდანძემ და მისმა მრჩეველმა გოცირიძემ.  რაც შეეხება 9 აპრილს, აბსოლუტურად არაფერი არ შეეძლო პატიაშვილს. ყველაზე მეტი, მივიდოდა და მოკლავდნენ.

აგერ, ჩეჩნეთი აიღეთ, მამა კადიროვი, რომელიც სტადიონზე ააფეთქეს, მუფტი იყო და თავიდან დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა რუსების წინააღმდეგ; მაგრამ მაინც არ მოკვდა ეროვნულად, არამედ მოკვდა რუსების მონად და რუსების მხარეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რაღაც მომენტში შეხედა, რომ რუსებთან ბრძოლაში 600 ათასი კაცი 100 ათასით შეუმცირდა, ფაქტობრივად, ერი მოისპო და კადიროვმაც გადაწყვიტა, სჯობს, ერი ფიზიკურად გადავარჩინოო. ამის შემდეგ  ააფეთქეს კადიროვი, როგორც რუსეთის მხარეს მყოფი. სხვათა შორის, ებრაელებსაც ასე აქვთ, ბიბლიაში წერია, ნებისმიერ რამეზე წადი, ოღონდ ერი გაამრავლეო.