"დავით ბაქრაძის გუნდი სავარაუდოდ, პრეზიდენტისგან დისტანცირებას მოახდენს"

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პარტიულ აქტივს არჩევნებისათვის ამზადებს. მისი თქმით, პარტია ყველა შემდგომი არჩევნებისთვის ემზადება და პარტიული აქტივისტების გააქტიურება არის მიმართული იმისკენ, რომ შემდგომ არჩევნებში პარტიამ წარმოაჩინოს თავისი თავი. ამით ნინო ბურჯანაძემ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმეთვიანი დუმილი დაარღვია. ასევე აღინიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ბურჯანაძე განცხადებას სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გააკეთებს.

როგორც ჩანს, ქართული საზოგადოება პოლიტიკურ ასპარეზზე „ძველი ახალი“ პოლიტიკური ძალების გამოსვლის მომსწრე გახდება. ამ ეტაპზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მთლიანად მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ავსებენ. პირველი მმართველ გუნდს წარმოადგენს, ხოლო მეორე აქტიურად ცდილობს, რომ ოპოზიციის ნიშა დაიკავოს და ჯერჯერობით გამოსდის კიდეც. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად, არის ძალა, რომელიც მხოლოდ თვითგადარჩენაზე ზრუნავს. ამაზე მეტყველებს მისი უკანასკნელი ქმედებები და ის ფსევდოპრინციპულობა, რომლითაც ნაციონალები ცდილობენ ქართულ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ერთიანი გუნდი არიან და ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური შანსი აქვთ.

ქართველი პოლიტიკური ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს და მისი განცხადებები, რომ ის ძლიერი პოლიტიკური ძალაა და უახლოეს მომავალში ქვეყნის ხელისუფლებასაც დაიბრუნებს მხოლოდ საკუთარ ელექტორატზეა გათვლილი.

ამ ფონზე, რა ბედი ელით სხვა პოლიტიკურ ძალებს? შესაძლებელია თუ არა, რომ ოპოზიციის ნიშა რომელიმე სხვა ძალამ, მაგალითად არასაპარლამენტო ოპოზიციამ დაიკავოს? არსებობს თუ არა ალბათობა, რომ რეალური ოპოზიციური ძალა თავად მმართველი გუნდის, ან თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენდეს?

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დღეს მმართველი კოალიციის შემადგენლობაში არიან, რეიტინგი საერთოდ არ ჰქონდათ, მაგრამ ივანიშვილმა შეძლო მათი შემოკრებით ამ პარტიების რეიტინგი გაეზარდა, თუმცა „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღესაც, შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილზეა ჩამოკიდებული. ხომ არ არის შესაძლებელი, რომ გამოჩნდეს ისეთი ლიდერი, რომელიც თუნდაც პარლამენტს გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს (რომლებიც ასევე რეიტინგის დეფიციტს უჩივიან) გააერთიანებს და ძლიერ გუნდს შექმნის, რადგან ცხადია, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე ტივტივი გაუჭირდება, როდესაც ლოკომოტივად აღარ ეყოლება ლიდერი, რომელიც დღეს საპრეზიდენტო უფლებამოსილებებით სარგებლობს.

აღნიშნულ თემებზე for.ge პოლიტიკურ ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რეალური ძლიერი პოლიტიკური ძალის გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა. მისი თქმით, შესაძლოა გამოჩნდეს კანდიდატი, რომელიც ჩათვლის, რომ „ქართული ოცნების“, ან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების საპირწონე იქნება, მაგრამ რეალურად, ამის შანსი, სავარაუდოდ, არავის ექნება.

„ასე თუ ისე დღეს გასაგებია, დაფინანსება რომელ პარტიებს აქვს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, საიდან იქნება ეს დაფინანსება. საქართველოს მოსახლეობა, ან „ქართული ოცნების“, ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებად, ან თუნდაც გულშემატკივრებად იყოფა. მესამე ძალა, როგორც ასეთი, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, სხვადასხვა სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, რომ ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ორ ძალას გაუწევს კონკურენციას, მათ შორის - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

რაც შეეხება ლიდერებს, მისი თქმით, შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკურმა ლიდერმა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონკურენტუნარიანები იყვნენ იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ „ქართული ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ განიხილავს, როგორც პოლიტიკურ ძალებს და ლიდერებს მათში ეძებს. ამიტომ, ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძე იქნება, თუ ვინმე სხვა, თავისი კანდიდატურის წამოყენებით ასეთ ადამიანს მხოლოდ იმის შანსი ექნება, რომ თუ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე არა, ყოველ შემთხვევაში, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი ამბიცია დააფიქსიროს.

ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მომავალი პროცესები დამოკიდებულია საზოგადოების განწყობასა და იმ იმედების გაცრუებაზე, თუ აღსრულებაზე, რომლებიც მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას დაუკავშირა. ამიტომ ექსპერტი ფიქრობს, რომ ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევია და ზაფხულში უფრო შესაძლებელი იქნება იმის თქმა, თუ ვინ შეიძლება ოპოზიციის ნიშა დაიკავოს - იქნება ეს გასული პერიოდის პოლიტიკოსებიდან გამოსული ფიგურა, მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თუ ვინმე სხვა. მაგრამ აქვე მაჭავარიანი დასძენს, რომ როგორც წესი, საზოგადოება ერთხელ წაკითხულ მოთხრობას მეორედ არ უბრუნდება ხოლმე, თუ ასეთი პოლიტიკური ლიდერების გარშემო არ არის შემოკრებილი სერიოზული ფინანსური, ან პროფესიული ჯგუფი, რომელსაც საზოგადოება რეალურად განიხილავს, როგორც მესამე ალტერნატივას.

„ალბათ, უფრო ზაფხულის პერიოდისთვის გამოჩნდება, რეალურად არსებობს თუ არა ისეთი პოლიტიკური ლიდერი, როგორიც აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი გასული წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის ამ პოლიტიკური პარტიებისთვის. ამ ეტაპზე ასეთი არ ჩანს, მიუხედავად სხვადასხვა ადამიანების ინსინუაციებისა, რომ ეს თუ ის ადამიანი იქნება ასეთი ლიდერი“, - აღნიშნავს ექსპერტი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ დღეს ორი პოლიტიკური ძალაა, ერთი მმართველი ძალა, ხოლო მეორე - გადასარჩენი. ამიტომ დღეს არის ის ნიადაგი, რომ ახალი პოლიტიკური ძალები გაჩნდეს და მოსახლეობაშიც არის ამის დიდი მოლოდინი.

„ახალი პოლიტიკური ლიდერების მიმართაც არის ინტერესი. მოგეხსენებათ, გაზეთში ლევან ვასაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა და პრაქტიკულად, ამ გაზეთს ვეღარ იშოვი, თუმცა ეს ადამიანი ამბობს, რომ პოლიტიკური ამბიცია არ აქვს. ასე რომ, საქართველოში იგრძნობა გარკვეული მისწრაფება იმისკენ, რომ პოლიტიკური სპექტრი გაფართოვდეს. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ყველა პოლიტიკური პარტია ეცდება, თავისი ადგილი იპოვოს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, ზოგადად რეიტინგი ძალიან მგრძნობიარე რამ არის ბევრი ფაქტორის მიმართ. შესაძლოა, ადამიანს, რომელსაც დღეს რეიტინგი საერთოდ არ აქვს, ხვალ მაღალი რეიტინგი გაუჩნდეს იმის გამო, რომ შეიქმნას ისეთი პირობები, რომლებიც ამ პიროვნების მიმართ ინტერესს გააძლიერებს. ამიტომ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სავსებით რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ პარლამენტს გარეთ მყოფმა პარტიებმა რეიტინგი აკრიფონ.

„თუ საზოგადოებამ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ გარკვეული თვისებების გამომჟღავნება დაინახა, მაგალითად გაბედულების, რადგან ახლა გაბედულების კრიზისზე საუბრობენ, შესაძლოა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ საზოგადოების ინტერესი გამოიწვიოს და შესაბამისად, მისი რეიტინგიც გაიზრდება. ოღონდ, რა თქმა უნდა, თავისუფლად შესაძლებელია ისიც, რომ ახალი პარტიებიც გაჩნდნენ“, - აღნიშნავს ექსპერტი.

აქვე იგი დასძენს, - დადგა დრო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ის გუნდი, რომელიც პარტლამენტშია და რომლის წამყვანი სახეც დავით ბაქრაძეა, ამ გუნდმა პრეზიდენტისგან დისტანცირება გააკეთოს. რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ თუ სახელით არა, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკით, ეს გუნდი პრეზიდენტისგან დისტანცირებას მართლაც მოახდენს.

პოლიტიკური ექსპერტი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან რეალური ოპოზიცია ვერ აღმოცენდება, რადგან ნაციონალები მაქსიმალურად იქნებიან კონცენტრირებული, რომ თუნდაც, იგივე თვითმმართველობის არჩევნებზე წარსდგნენ, როგორც ერთიანი გუნდი. ექსპერტის თქმით, ნაციონალებისთვის ერთიანობის რღვევა წამგებიანი იქნება და სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ისინი თავიანთი გუნდის ერთიანობის დემონსტრირებას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი იქნება, თვითმმართველობის არჩევნებში კოალიციაში შემავალი პარტიები ერთად იყრიან კენჭს, თუ ცალ-ცალკე.

„თუ ისინი ცალ-ცალკე იყრიან კენჭს, თვითმმართველობისთვის ეს პოზიტიური იქნება, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე ქართულ პოლიტიკაში რაღაც პლურალისტური ელემენტები გაჩნდება. კერძოდ, ახალი რეფორმის შედეგად თვითმმართველობებს უფრო მეტი უფლებები ენიჭებათ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, უკვე სხვადასხვა პარტიები განსაზღვრავენ პოლიტიკას და ის დეცენტრალიზებული იქნება, რაც, რა თქმა უნდა, პლურალისტურ ელემენტებს გააძლიერებს“, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალას, ექსპერტის თქმით, მათი ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იაქტიურებენ ისინი თვითმმართველობის არჩევნებამდე. ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ რადგან საკონსტიტუციო ცვლილება მიღებულია, ახლა ორ პოლიტიკურ ძალას შორის საუბარი წავა არა დაპირისპირების კუთხით, არამედ იქნება მსჯელობა რეალურ პოლიტიკაზე, მაგალითად, სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვის პოლიტიკაზე, სოციალურ საკითხებზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პარლამენტს გარეთ მყოფი პარტიები საზოგადოებას რა ალტერნატივებს შესთავაზებენ.

ექსპერტი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს მომავალ თვითმმართველობის არჩევნებამდე მმართველი კოალიციის დაშლას, მაგრამ გონივრულად მიაჩნია, რომ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ამ არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი.

ბექა ნაცვლიშვილი ვერ ხედავს იმის ალბათობას, რომ პარლამენტს გარეთ მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა კოალიცია შექმნან.

„რა თქმა უნდა, ჭკვიანური იქნებოდა, მაგრამ ასეთი კოალიციის შექმნის ალბათობას, პოლიტიკური ძალების გადანაწილებიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ. ძირითადად, ეს არის კახა კუკავას და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გუნდები. არ მგონია, რომ ბურჯანაძის და კუკავას პარტიები გაერთიანდნენ. რაც შეეხება მათ წარმატებას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კონკურენტუნარიანები იქნებიან ისინი ამ დისკუსიაში, რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას და ა.შ. ასევე ამ პროცესში რამდენ შეცდომას დაუშვებს „ქართული ოცნება“. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ის, რომ ე.წ. „შუა გაიკრიფას“ პრინციპით ცხოვრება დამთავრდეს და სხვა ძალებიც გაჩნდნენ, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. თუმცა ეს თუ მოხდა, მოხდება მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, კოალიციის დაშლის ალბათობას კი მე ჯერ ვერ ვხედავ“, - აღნიშნავს ექსპერტი.