„უმცირესობამ თავისი ლიდერი მარტო დატოვა“

„უმცირესობამ თავისი ლიდერი მარტო დატოვა“

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გავიდა, თუმცა მანამდე სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდა, რომელსაც მმართველი გუნდი ბოლო მომენტამდე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. „ქართული ოცნების“ მიერ სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმებას ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ნაწილი ფიქრობს, რომ ამით მმართველმა გუნდმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალის დემონსტრირების საშუალება მისცა, მეორე ნაწილის აზრით კი - „ქართული ოცნება“ საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდა და ქვეყნისათვის სასიკეთო ნაბიჯი გადადგა, რათა ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესვას იმაზე საუბარს, დაითხოვს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტსა და მთავრობას.

რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მმართველი გუნდის ამ დათმობამ? დადებითი არის ის, რომ კენჭისყრის პროცესმა აჩვენა - ნაციონალების მიერ ატეხილი განგაში, რომ „ქართული ოცნება“ მათი წევრების გადაბირებას და შანტაჟს ეწევა, არ გამართლდა და არც არავინ არის გადაბირებული. ეს კი დასავლეთთან სასაუბროდ მმართველ გუნდს კარგ ფორას აძლევს. პოზიტიური მომენტია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი მთავრობას და პარლამენტს არ დაითხოვდა, ეს თემა მაინც სავაჭროდ იყო გამოყენებული და საზოგადოების შეშფოთებას იწვევდა. ახლა კი, ეს საფრთხე მოიხსნება. ნეგატიური კი არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ მიეცა ძალის დემონსტრირების საშუალება და ამის გამო საზოგადოების გარკვეულ ნაწილში „ქართული ოცნების“ მიმართ უკმაყოფილება გაჩნდა.

ამ პროცესების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი ამით არ ამოიწურება და უფრო ვრცლად ამ თემაზე for.ge-ს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი ესაუბრება.

მარიამ ცაცანაშვილი: „საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესი იყო უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი, რადგან შინაარსზე იქ არავინ დავობდა. უბრალოდ, იყო პოზიციების დაფიქსირება. კერძოდ, ოპოზიციას სურდა იმის დაფიქსირება, რომ უმრავლესობას არ ჰყავს ის შემადგენლობა, რომლითაც საკონსტიტუციო ცვლილებას გაიტანს და ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა ეთქვა, რომ ასეთ პროცესებში ის საჭიროა. მიმაჩნია, რომ ეს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია, რადგან კონსტიტუციური ცვლილება ისეთი პროცესია, რომ, რა თქმა უნდა, მას ყველა ის ძალა უნდა უჭერდეს მხარს, რომელიც პარლამენტში არის.

პროცედურებიდან გამომდინარე, სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება სამართლებრივად მაინცდამაინც საჭირო არ იყო, მაგრამ რადგან უმცირესობას ეს სურდა, უმრავლესობა წავიდა იმაზე, რომ ჯერ სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარებულიყო და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობდა იმის საფრთხე, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდნილიყო.

საზოგადოების ნაწილი სწორედ ამისთვის აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომ მან ამ საქციელითნაციონალურ მოძრაობას" ძალის დემონსტრირების საშუალება მისცა. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ საკითხს?

- ძალის დემონსტრირება არის ერთჯერადი აქტი, შეიძლება დღეს ეს ასე მოხდა, მაგრამ ხვალ როგორ იქნება, ეს არავინ იცის. პასუხისმგებლობა უფრო დიდი რამ არის, ვიდრე ის, ძალების დემონსტრირებაში იმ წუთას ვინ ვის გადაუგრეხს ხელს. მე ვთვლი, რომ საკითხი რადგან გასულია, ეს უმრავლესობის მიერ მისი მოგებაა და პირიქით, ასე დავაყენებდი საკითხს, რომ საპარლამენტო უმცირესობამ თავისი ლიდერი მარტო დატოვა და გამოაცალა იმის იურიდიული საფუძველი, რომ მთავრობა დაითხოვოს. ამ საკითხს მე ასე შევხედავდი.

მიხეილ სააკაშვილმა კენჭისყრის დასრულებისთანავე პირდაპირი ეთერის საშუალებით განაცხადა, რომ ამითნაციონალური მოძრაობახელახლა დაიბადა. იზიარებთ მის მოსაზრებას?

- ისე დაიბადოს თქვენი მტერი და დამაწყევარი, როგორც ისინი დაიბადნენ. ეს ისეთივე უპასუხისმგებლო განცხადებაა, როგორც ის, რომ 2008 წელს ომი მოვიგეთ. ამიტომ, როგორც სააკაშვილმა 2008 წლის ომი მოიგო, სწორედ ასე დაიბადა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კენჭისყრით. პოლიტიკურმა ძალამ მეორე პოლიტიკურ ძალას უნდა სცეს პატივი, მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის განვითარებაზეა საუბარი. რაში დაიბადა „ნაცმოძრაობა“? ავანტიურაში? მას არ აჰყვნენ ავანტიურაში და საკითხი გაიტანეს. მე ვთვლი, რომ რადგან საკითხი გავიდა, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი ასეთი დამოკიდებულება.

ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი გუნდი სარეიტინგო კენჭისყრას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მხოლოდ ბოლო მომენტში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ამას წინ უძღოდა დავით უსუფაშვილის კონსულტაციები, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებთანაც. ამასთანავე, უმრავლესობის წევრები საუბრობდნენ იმაზე, რომნაციონალური მოძრაობისწევრებზე თავად პარტიის მესვეურები ახდენდნენ ზეწოლას, რათა მათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი არ დაეჭირათ, თორემ სინამდვილეში რამდენიმე მათგანი ამ მხარდაჭერისთვის მზად იყო. როგორ ფიქრობთ, ეს მართლაც ასეა?

- რა თქმა უნდა, სარეიტინგო კენჭისყრასაც სწორედ ამიტომ ითხოვდნენ, რომ კენჭისყრის დროს არ გამოჩენილიყო, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვინ აძლევდა ხმას. ისინი თვითონვე ახდენდნენ ზეწოლას თავიანთ წევრებზე, რათა დაეფიქსირებინათ, რომ ისინი ერთიანი გუნდი არიან. ვინაიდან ისინი ამ ცვლილებებს შინაარსობრივად არ ეწინააღმდეგებოდნენ, ამიტომ ეს იყო ჩვეულებრივი ვირტუალური თამაში პოლიტიკური ხულიგნობისათვის, რომელსაც მმართველი გუნდი არ აჰყვა. თუ ვინმე ამას უკანდახევად მიიჩნევს, მე ასე არ ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ საკითხი გასულიყო. ზოგჯერ ხელისუფლებას ასეთი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა უწევს, რომლებიც შედეგზე არის ორიენტირებული.

გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებითაც, რომნაციონალურ მოძრაობაშიმიხეილ სააკაშვილს მოწინააღმდეგეები ჰყავს და სწორედ სააკაშვილმა აიძულა ისინი მოეთხოვათ, რომ სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარებულიყო, რათა მომხდარიყო გუნდის ერთიანობის დემონსტრირება. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- დიახ, გარედან სწორედ ასე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰყავს თავის გუნდში მოწინაღმდეგეები, რომლებსაც სურთ მიმდინარე პროცესებს ფეხი აუწყონ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოგეხსენებათ, რამდენიმე ადამიანმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და შეიძლება მმართველ გუნდს პირდაპირ არ შეუერთდა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებენ და ამით პოლიტიკურ არსებობას გააგრძელებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ისეთი მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ ქვეყნის განვითარებისათვის გარკვეული ნაბიჯები (თუნდაც საკანონმდებლო სივრცეში) გადაიდგას, ვიდრე ისევ ავანტიურისთვის ხდებოდეს ხმების არითმეტიკული დათვლა.

მოდით ასე დავსვათ კითხვა - „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსის მოწინააღმდეგეები იყვნენ? ისინი თვითონვე ამბობდნენ, რომ შინაარს არ ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი დავობდნენ იმაზე, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი რესურსი არ ჰქონდა. ძალიან კარგი თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერავინ გადაიბირა. რად უნდოდა გადაბირება? ვისაც თავი ადგას მხრებზე და იცის რა უნდა გააკეთოს, იმიტომ არის პარლამენტში, რომ ეს გააკეთოს. საინტერესოა, კენჭისყრის დროს სად იყვნენ პარლამენტის დანარჩენი წევრები? არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ შესაძლოა, ისინი სწორედ იმიტომ არ მივიდნენ კენჭისყრაზე, რომ ამ ავანტიურაში არ ჩართულიყვნენ, თორემ, ალბათ, უფრო მკაფიოდ გამოჩნდებოდა, ვინ რას აძლევდა ხმას.

რაც შეეხება სარეიტინგო კენჭისყრის დანიშვნას, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ უსუფაშვილს მან ურჩია ამის გაკეთება. როგორ ფიქრობთ, როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული?

- შეიძლება მე სათანადოდ ვერ ვადევნებდი თვალს, მაგრამ როგორც მოვისმინე, ივანიშვილმა თქვა, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტია და, რომ საკანონმდებლო ორგანოში უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი. ამავე დროს უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ კონსულტაციები მიდიოდა არა მხოლოდ უმრავლესობასთან, არამედ მმართველი გუნდის ლიდერთანაც და კონსულტაციების შედეგად მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება და არა ჩუმად, შეფარვით, ისე, რომ საუბარი არავისთან ჰქონოდა.

ქალბატონო მარიამ, გასაგებია, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გარკვეული შეთანხმება შედგა და კენჭისყრაც გაიმართა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ცვლილება გველის, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერა დასჭირდება. როგორ ფიქრობთ, „ნაციონალებისმიერ ძალის დემონსტრირების შემდეგ ხომ არ გახდება მათი მხრიდან ეს გარკვეული ვაჭრობის საგანი, რომ თუ მმართველ გუნდს საკანონმდებლო ცვლილებების გატარება უნდა, გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს?

- რა თქმა უნდა, მათგან ეს იქნება, მაგრამ რა იქნება მმართველი გუნდის პასუხი, ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან მე ხელისუფლებაში არ ვარ და ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა ვფიქრობ, რომ ისეთი გარიგებები ნამდვილად არ მოხდება, რომელიც ხალხის საწინააღდეგო იქნება. ყოველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები, თუ ისეთი მნიშვნელობის არ არის, რომ ოქტომბრამდე მოითმენს, ალბათ, შეჩერდება. შეიძლება ის ვარიანტიც განვიხილოთ, რომ თუ ცვლილებები მაინც იქნება გატანილი კენჭისყრაზე, ნაციონალებმა გადაწყვეტილებები ინდივიდუალურადაც მიიღონ.

ამ კენჭისყრის დროს, თითქმის, მთელი დღის განმავლობაში, ამერიკის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი ქუთაისში იმყოფებოდა და დღეს უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებაზე დასავლეთმაც დიდი გავლენა იქონია. როგორ ფიქრობთ, ეს ასეა?

- მოდით, ასე ვთქვათ, სარეიტინგო კენჭისყრაზე მმართველ გუნდს უარი რომ ეთქვა და საკითხი პირდაპირ გაეტანა კენჭისყრაზე, ხომ შეიძლება პროექტი ჩავარდნილიყო და პრეზიდენტს პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილება დარჩენოდა და მას ეს უფლება გამოეყენებინა? ამ შემთხვევაში, ქვეყანაში ქაოსი დაიწყებოდა. დასავლეთი კი მუდმივად მოგვიწოდებს, რომ თანაარსებობის (კოაბიტაციის) პირობებში რომელიმე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, რათა სახელმწიფო მმართველობის პროცესი არ შეჩერდეს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ნორლანდი ორივე მხარეს აძლევდა რეკომენდაციებს, რომ რაღაც დათმობებზე წასულიყვნენ. შესაძლოა, ეზოში რომ ბავშვები თამაშობენ, მათ უსაყვედურო რაღაცაზე, რატომ დათმეო, მაგრამ პოლიტიკაში საქმე სხვაგვარად არის. მთავარია ის, რომ შედეგი დადგა ისეთი, რაც ხალხს სურდა.

შესაძლოა, ეს ასეა, მაგრამ საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გაბედავდა მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნას, რადგან საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშინაციონალური მოძრაობახმათა იმ რაოდენობის ნახევარსაც ვერ მიიღებდა, რაც მათ ოქტომბრის არჩევნებში მიიწერეს

- მაშინ რას ნიშნავდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების ასეთი დიდი ძალისხმევა? როგორც ჩანს, იყო შიდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილისთვის ამის სამართლებრივი საფუძვლები უნდა გამოეცლიათ ხელიდან. მიშა სააკაშვილი რას გაბედავს და რას არა, ეს მისი მმართველობის წლებმა აჩვენა. ის ყველაფერს გაბედავს, რაც მისთვის სასიკეთოა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საფრთხე თავიდან ავიცილეთ?

- სამართლებრივად საფრთხე აცილებულია. ახლა კი, რადგან პრეზიდენტს ეს უფლება ჩამოერთვა, არის რთული პერიოდი ნაციონალებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ოქტომბრამდე როგორ მივა ქვეყნის მმართველობა. პროცესი ჯერჯერობით კონსტიტუციურ ფარგლებში მიმდინარეობს. აქ რომ გაწევ-გამოწევა გამართულიყო, მმართველ გუნდი დათმობაზე რომ არ წასულიყო და ცვლილებები ჩავარდნილიყო, გახარებული და აღტყინებული სააკაშვილი ნახავდა, რომ ეს პროცესი მოიგო და ცვლილებები ჩავარდა, არავინ იცის, რას გააკეთებდა იგი. დღეს ფაქტი სახეზეა - ოქტომბრამდე ქვეყანაში პროცესები კონსტიტუციური მოდელით განვითარდება და არა იმის შიშში, ხომ არ დაითხოვს პრეზიდენტი მთავრობასა და პარლამენტს.