„გუშინდელი აქტი დასავლეთს სჭირდებოდა იმისთვის, რომ თავისი ახალი პროექტი - კოაბიტაცია გადასულიყო აქტიურ რეჟიმში“, - აღნიშნა პოლიტიკურმა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გუშინდელი სარეიტინგო კენჭისყრის შედეგების შეფასებისას.
მომხდარი მან, დასავლეთის მოწადინებით, კოაბიტაციის აქტად შეაფასა და არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნება“ მარტო არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღებისას და ეს იყო დასავლური პროექტის - კოაბიტაციის ნაწილის აუცილებელი მოთხოვნა. თუმცა, აქვე შეშფოთება არ დამალა, რომ ახლო მომავალში ეს ნაბიჯი, შესაძლოა, „ქართული ოცნებისთვის“ სანანებელი გახდეს.
ექსპერტის თქმით, ამ სარეიტინგო კენჭისყრით, რეალურად, კენჭი ეყარა არა საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ "ნაციონალური მოძრაობისთვის" მეორე სიცოცხლისთვის შანსის მიცემას და მისი რეინკარნაციის ხელშეწყობას. ამის შესახებ უპირველესად პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ, ფაქტობრივად, ხელმეორედ დაიბადა ნაცმოძრაობაო. ამის თქმის საფუძველს კი სააკაშვილს აძლევს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ერთი, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს აქტი იყო მნიშვნელოვანი საკუთარი მომხრების შემოსაკრებად, გასაძლიერებლად და იმედის მისაცემად, რადგან მათი მომხრეები საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილნი ადმინისტრაციულ სტრუქტურაში, როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნაციონალებისთვის გახლდათ ის, რომ ამით საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა აჩვენეს.
ამასთან, ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ დასავლეთის საკმაოდ გავლენიან წრეებში ნაციონალების მხარდამჭერები ძლიერად არიან წარმოდგენილნი და განიხილება, თუ როგორ დარჩეს "ნაციონალური მოძრაობა" ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როგორც აქტიური და პერსპექტივის მქონე ძალა. ამდენად, გუშინდელი გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ მინუსია, რადგან ეს ფორას აძლევს ნაცმოძრაობას, იმავე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიაღწიოს იმ შედეგს, როგორ შედეგსაც ის ვერ მიაღწევდა გუშინდელი დღის გარეშე.
ის ფაქტი, რომ სარეიტინგო კენჭისყრის გარეშე, ჩავარდებოდა კანონპროექტი, ხათუნა ლაგაზიძეს ტრაგიკულად არ ეჩვენება, ვინაიდან ეს ის შემთხვევაა, როცა ორ უარესობას შორის ერთი უნდა ავირჩიოთ. ამდენად, რომც ჩავარდნილიყო საკონსტიტიციო ცვლილებები, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე შედეგის მომტანი არ იქნებოდა, რადგან მიხეილ სააკაშვილი არ აპირებდა და ვერც დაითხოვდა მთავრობას. უფრო მეტიც, სააკაშვილმა ეს 8 თებერვალსვე აღიარა, როდესაც განმარტა, რომ ძალიან კარგად გრძნობდა პოლიტიკურ კონიუნქტურას იმისთვის, დაეთხოვა თუ არა მთავრობა და პარლამენტი. ამიტომ ხათუნა ლაგაზიძეს მიაჩნია, რომ სააკაშვილი საკმაოდ ადეკვატურია იმისთვის, რომ იცოდეს, მთავრობის დათხოვნის შემთხვევაში, მას ექნებოდა სულ რამდენიმე საათი იმისთვის, რომ სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო გზით თავადვე დაეტოვებინა საქართველო.
„ეს აზრი პირდაპირ გამოხატა დავით ბაქრაძემ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობის მიმართ ყოველთვის ლოიალობით და ნაკლები აგრესიულობით გამოირჩეოდა. მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი გამოიყენებს მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილებას და ერთპიროვნულად დანიშვნას, იგი თავს აღარ მოიაზრებს ამ გუნდის წევრად. ბაქრაძის ნატურიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი ეს განცხადება უმცირესობის საკმაოდ წარმომადგებლობითი ნაწილის პოზიციას ასახავდა. თუ სააკაშვილი გამოიყენებდა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, ასეთ შემთხვევაში, არა მარტო მოსახლეობას, საკუთარ გუნდსაც დაუპირისპირდებოდა“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
ამიტომ მიიჩნევს, რომ ეს არგუმენტიც აძლევდა „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალებას, ყოფილიყო მშვიდად და თუნდაც რისკზე შეეგდო საკონსტიტუციო ცვლილებები. გუშინდელი აქტით კი პოლიტიკურ ასპარეზზე, სულ მცირე, ცხოვრება გაუხანგძლივდა "ნაციონალურ მოძრაობას". ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობა" მესამედ დგას ყოფნა-არყოფნის ბარიერის წინაშე. პირველად, - 7 ნოემბერს, შემდეგ 8 აგვისტოს და დღეს უკვე ახალ რეალობაში - 1-ლი ოქტომბრის შემდეგ, თუმცა დღეს მათ შეუდარებლად მძიმე სასტარტო პირობები აქვთ, მაშინ, როცა წინა ორმა შემთხვევამ დაადასტურა, რომ ნაციონალებს ჩოქმბჯენიდან ფეხზე წამოდგომის შანსი ჰქონდათ.
ექსპერტი გამორიცხავს, რომ დავით უსუფაშვილს გუშინდელი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიეღოს. მისი თქმით, შესაძლოა, გუნდში იყო განსხვავებული აზრიც, მაგრამ უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრის გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.
თუმცა მომხდარმა ფაქტმა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის საინტერესო რეალობა გამოკვეთა, კერძოდ, დღესდღეობით ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე აქტიურ ძალად წარმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო საკუთრივ ხელისუფლებაში, ანუ კოალიციაში ასეთ ძალად „რესპუბლიკური პარტია“ წარმოჩინდა.
„გარკვეულწილად, დუალიზმთან გვაქვს საქმე, ანუ ყველაზე აქტიურ ძალებად ამ ეტაპზე ისინი ფიქსირდებიან. აქედან გამომდინარე, მათ აქვთ ყველაზე კარგი სტატუსი ადგილობრივი თვითმმართველოვის არჩევნების წინ, ერთს - ოპოზიციის ფლანგიდან და მეორეს - სახელისუფლო ფლანგიდან. საპრეზიდენტო არჩევნებზე ნაცმოძრაობას ნულოვანი შანსი აქვს, თუმცა ადგილობრივ არჩევნებზე, გუშინდელი დღიდან გამომდინარე, შეიძლება საკმაოდ მყარი პოზიციები დაიკავონ იმავე სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში“, - აცხადებს ექსპერტი და განმარტავს, რომ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი თუნდაც იმავე „ქართული ოცნების“ განსაკუთრებით აქტიური მხარდამჭერებისთვის, რომ დაიწყოს პროცესები "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ.
ხათუნა ლაგაზიძის თქმით, დღეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთადერთ ადამიანზე - ბიძინა ივანიშვილის პიროვნულ და პოლიტიკურ გამჭრიახობაზე, თუ რამდენად შეძლებს ის პოლიტიკური სპექტრის გამრავალფეროვნებას. წინაასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაპირები სწორედ ის იყო, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მრავალპოლარული პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას შეძლებდა, სადაც ბევრ პოლიტიკურ სუბიექტს ექნებოდა თანაბარი სასტარტო პირობები და შესაძლებლობები განვითარებისთვის. დღეს კი იმავე „ქართულ ოცნებაში“ „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს ყველაზე დიდი პოზიციები, როგორც პარლამენტში, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მედიასთან ურთიერთობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, მის უკონკურენტობაზე დასავლეთთან არსებული კონტაქტების თვალსაზრისით.
რაც შეეხება აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომ კენჭისყრის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება აუცილებლად გახდება ჰარმონიული ურთიერთობის წინაპირობა უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, ხათუნა ლაგაზიძე ამისთვის ვერანაირ წინაპირობას ვერ ხედავს. უფრო მეტიც, იგი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი დღიდანვე "ნაციონალური მოძრაობა" გადავა საარჩევნო რეჟიმში. კენჭისყრის შემდეგ პრეზიდენტისა და უმცირესობის მიერ გაკეთებული განცხადებებიც ამას მოწმობდა.
რაც შეეხება "თეთრი სახლის" განწყობებს ახალი ხელისუფლების მიმართ, For.ge-ს ამ შეკითხვას ექსპერტი შემდეგნაირად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძნელია საუბარი "თეთრი სახლის" ერთიან პოზიციაზე. ისევე, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობს ინტერესთა ჯგუფები და ამ ინტერსეთა ჯგუფების დამოკიდებულება, ასევე, ამ შემთხვევაშიც, არის ერთი ძალიან მსხვილი ჯგუფი, რომლის დამოკიდებულებაც ნაციონალების მიმართ უცვლელად დადებითია. შესაბამისად, უცვლელად უარყოფითი რა არგუმენტიც არ უნდა წარუდგინოს “ქართულმა ოცნებამ” ამ ჯგუფებს, ეს პოზიცია ძნელად შეიცვლება. თუმცა არის მეორე ჯგუფი, რომელიც უფრო გახსნილია ახალ ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ.
ამის დასტურად ექსპერტმა თებერვლის შუა რიცხვებში ამერიკის კერძო სადაზვერვო სამსახურის „ლიგნეტის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გაიხსენა, საინტერესო სათაურით - "ვაშინგტონი კარგავს საქართველოს". ანგარიშში გამოთქმულია წუხილი ახალი ხელისუფლების მიმართ და ასევე, არის იმედები, რაც ისევ და ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდება.
„არ დაგავიწყდეთ, ეს თებერვლის შუა რიცხვებშია გამოქვეყნებული, რომლის შემდეგაც განსაკუთრებით ინტენსიური გახდა "ნაციონალური მოძრაობის" მზაობა თანამშრომლობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში. შეიძლება ეს შემთხვევით არც დაემთხვა ერთმანეთს, რადგან იქ წერია, რომ, თუ "ნაციონალურ მოძრაობას" მომავალი სურს, სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს ხისტი პოლიტიკა და თანამშრომლობის რეჟიმზე გადავიდეს. გუშინდელი დღეც, ალბათ, დასავლელი ლიდერების, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის გარიგებების საუკეთესო გამოძახილი იყო“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.
აქვე პოლიტიკურმა ექსპერტმა განმარტა, რომ ახალი ხელისუფლების მიმართ ცალსახად დადებით დამოკდებულებას დასავლეთისგან არც ელის და არ ფიქრობს, რომ დასავლეთი ისევე ხმაშეწყობილი იქნება ახალ მმართველ გუნდთან, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს. თუმცა ექსპერტი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებლობად მიიჩნევს, რომ დასავლეთის პინა გადაიხაროს დადებითი განწყობებისკენ, ანუ იყოს უარყოფითი განწყობებიც, მაგრამ ძირითადად ჭარბობდეს დადებითი განწყობაც. ამ მიმართულებით კი „ქართულ ოცნებას“ ბევრი სამუშაო ელის.
ამასთან, ექსპერტი იხსენებს პრემიერ-მინისტრის ნათქვამს, რომელსაც ამერიკის ელჩმა პირდაპირ უთხრა, რომ იქ დიდი ომია თქვენს შესახებ (საქართველოს ახალი ხელისუფლების შესახებ) გაჩაღებულიო. ამდენად, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ხდება რეალურად აშშ-ში და რა მოცულობის შრომის გაწევაა საჭირო.
ჩვენ ასევე, დავინტერესდით, რამდენად რეალურია პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს სააკაშვილმა თანაგუნდელებზე ზეწოლა მუქარით მოახდინა. აღნიშნულ ფაქტს ხათუნა ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იდგა შიშზე და დღესაც იგივე გრძელდება.
„შიში იყო მისი ძლიერების განმსაზღვრელი, როგორც საზოგადოებაში, ასევე, საკუთარ გუნდში და ის ამით აკავებდა საკუთარ მომხრეებს. მათ ეს ტაქტიკა არ შეუცვლიათ“.
არის თუ არა ამ მუქარების გაგრძელება ისიც, რომ საპარლამენტო სხდომას ათი დეპუტატი აკლდა, რამაც საზოგადოებაში კითხვები გამოიწვია, ხათუნა ლაგაზიძის აზრით, შესაძლოა, ზოგიერთმა შეგნებულადაც აარიდა თავი სხდომაზე დასწრებას, თუმცა ზოგიერთს შეიძლება აბსოლუტურად საპატიო მიზეზები ჰქონდა.