საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიღწეული შეთანხმება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა ჩაშალა. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხუთსაათიანი კონსულტაციები გაიმართა და დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოპოზიციონერებს სამჯერ შეხვდა, მედიის წარმომადგენლებისთვის ის დეტალები უცნობი დარჩა, რაზეც პოლიტიკური მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ან რაზეც ვერ თანხმდებოდნენ. თუმცა, for.ge-მ პოლიტიკურ კულუარებში იმის გარკვევა შეძლო - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ნაციონალები რას სთავაზობდნენ ოცნებისტებს.
როგორც for.ge-ს უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებმა კულუარულ საუბრებში განუცხადეს, დღის პირველ ნახევარში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველ გუნდს შესთავაზა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩატარებულიყო და მის ნაცვლად, ჩვეულებრივი სახის რეგისტრაცია გამართულიყო.
კერძოდ, ნაციონალების წინადადება იმაში მდგომარეობდა, რომ რეგისტრაცია 93 დეპუტატს გაევლო, ოპოზიციონერებს პირველ რეგისტრაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ, თავდაპირველი რეგისტრაცია გაუქმებულიყო და 15 წუთის შემდეგ, ხელახალი რეგისტრაციის გავლამდე, პარლამენტის თავმჯდომარეს მოწოდება გაეკეთებინა - „გთხოვთ, რეგისტრაციაში მონაწილეობა უმცირესობამაც მიიღოს, რომ კენჭისყრისთვის სავალდებულო 100 ხმა მოგროვდეს“. სწორედ ამ მოწოდების შემდეგ, რეგისტრაციას ოპოზიციონერებიც გაივლიდნენ და საკითხი კენჭისყრაზე, სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების გარეშე დადგებოდა.
ჩვენი წყაროს ცნობით, ამ წინადადებაზე ნაციონალებს უმრავლესობა დაეთანხმა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერებმა ეს იდეა საკუთარ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს გააცნეს, მან ამ ინიციატივაზე კატეგორიული უარი განაცხადა და თანაგუნდელებს სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება მოსთხოვა. უმცირესობის წევრებმა კი, ჩაშლილი გეგმის შესახებ ინფორმაცია მმართველი გუნდის წევრებს მიაწოდეს.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის გარდა, დეპუტატების ეს წინადადება, არც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოეწონა და საკუთარ თანაგუნდელებს მოუწოდა - „ასეთი რეგისტრაციის ნაცვლად, სარეიტინგო კენჭისყრა ჩაეტარებინათ და სააკაშვილის მოსალოდნელი საფრთხეებისგან ქვეყანა გაეთავისუფლებინათ“.
„ძალიან ბევრ უცხოელ ბიზნესმენს საქართველოში ინვესტიციების განხორციელება სურს, მაგრამ ისინი პრემიერს ეუბნებიან, რომ სააკაშვილი გაუწონასწორებელი პირია და მისი პრეზიდენტობის პერიოდში, ინვესტირებას ვერ განვახორციელებთ, რადგან არავინ იცის, ის თქვენ როდის დაგითხოვთო. აქედან გამომდინარე კი, ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის გადადგმა ამჯობინა“, - განუცხადა for.ge-ს კულუარულ საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
რაც შეეხება იმას, სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში რა განწყობაა, ამის დადგენას for.ge შეეცადა და გაირკვა, რომ უმრავლესობის ბევრი წევრი ამ კენჭისყრის ჩატარების მომხრე არ იყო, თუმცა, მათი მტკიცებით, მათ არჩევანი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთეს.
როგორც for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების მომხრე არ იყო, მაგრამ ეს საქმეს სჭირდებოდა და ამ დიდ საქმეს ჯიუტობისთვის არ გაწირავდნენ.
„როგორც გრუშე ვაჩნაძემ გაუშვა ბავშს ხელი, რადგან დედა იყო და არ გაგლიჯა, ეს საკითხიც ასე გადაწყდა, მაგრამ ის, რომ ცვლილებებმა 135 ხმა მიიღო, ეს იმის დასტურია, რომ ცხრა წლის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილს ეს უფლება სამარცხვინოდ ჰქონდა მიტაცებული, რომელიც მას წაართვეს, მათ შორის მისმა პარლამენტარებმა. ფაქტია, რომ მათ პრეზიდენტს წინააღმდეგობა გაუწიეს, მას სილა გააწნეს და უთხრეს, რომ - „შენ ცხრა წელი ტერორისტი და ბანდიტი იყავიო“. შეიძლება ბევრი იყოს იმაზე საუბარი, რომ მათ პროცედურულ ომში გაიმარჯვეს, მაგრამ საბოოლოო ჯამში, დამარცხდნენ და თავის პრეზიდენტს საყვედური უთხრეს, გვიან მაგრამ მაინც“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის მსგავსად, სარეიტინგო კენჭისყრის მომხრეები არ იყვნენ - ბიძინა გუჯაბიძე და სოსო ჯაჭვლიანი.
როგორც for.ge-ს გუჯაბიძემ განუცხადა, სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება აუცილებელი არ იყო და თუ რომელიმე ძალას თავისი ძალების მოსინჯვა სურდა, ეს პარლამენტის პროცედურით გათვალისწინებული არ არის.
„ჩვენ სახელმწიფო მოაზროვნე პოლიტიკური ძალა ვართ და ამიტომ, ქვეყნის ინტერესებს სააკაშვილის კაპრიზებს ვერ გადავაყოლებდით. ცარცის წრეში, როგორც გრუშე ვაჩნაძე და დედობილი ექაჩებიან ბავშვს აქეთ-იქეთ, ასე იყო დღეს კონსტიტუციაც და არც ისე გავაკეთეთ, რომ საქართვველო გაგვეხლიჩა და კონფრონტაციის ხაზი გაგვეხსნა, რაშიც დიდი წვლილი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის“, - აღნიშნა გუჯაბიძემ.
საკითხზე საუბრისას, სოსო ჯაჭვლიანი ყურადღებას იმაზე ამახვილებს - სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება რაში იყო საჭირო.
„ეს თამაში რაში გვჭირდება?! შეფასებები, რომ აი, ვითომ, სახე უნდა შეინარჩუნონ და აი, ჩვენი შვიდი ხმა გჭირდებათ და ა.შ. ეს არ იყო საჭირო. ვფიქრობ, რომ სარეიტინგო კენჭისყრა არ იყო საჭირო, რადგან ხმას ჩვენ კი არა, ქვეყას აძლევენ“, - განუცხადა for.ge-ს ჯაჭვლიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ლიდერები - გიორგი ცაგარეიშვილი, თინა ხიდაშელი, გიგა ბუკია, გუბაზ სანიკიძე და ზაზა პაპუაშვილი მიიჩნევენ, რომ მმართველმა ძალამ ლოგიკური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც for.ge-ს ბუკიამ განუცხადა, უმრავლესობამ ის გააკეთა, რაც ქვეყნისთვის არის სასარგებლო და მიხეილ სააკაშვილი ბეწვის ხიდზე მარტო დარჩა.
„თხა ხიდზე მარტო დავტოვეთ. მთავარი ის კი არ არის, თავზე ვის უფრო დიდი რქები აქვს, არამედ ის - თუ საით წავა ქვეყანა. გადაწყვეტილება სრულიად მართებული და ლოგიკურია“, - განაცხადა ბუკიამ.
გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერით კედლიდან გატენილი თოფი ჩამოხსნილი იქნა.
„სარეიტინგო კენჭისყრა ჩვენთვის მისაღები არ იყო, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ, ანუ, ბრანაწლავ ამოჭრილ კონსტიტუციიდან და კედლიდან ჩამოღებულ გატენილ თოფთან, სარეიტინგო კენჭისყრა არაფერია. „ქართული ოცნება“ პასუხს აგებს არა მხოლოდ თავის ქმედებაზე, არამედ ქვეყანაზე“, - განუცხადა for.ge-ს სანიკიძემ.
ზაზა პაპუაშვილის შეფასებით, ნაციონალების მხრიდან სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება ახირება იყო, რადგან მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.
„მთავარი იყო კენჭისყრა - თუ რა რეზულტატით დამთავრდებოდა. ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა დათანხმებულიყვნენ, მაგრამ რაღაცა ხომ უნდა მოემიზეზებინათ?! საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ არ გვყავს, ეს ცნობილი იყო, თუმცა, ეს ხალხი იძულებული გავხადეთ, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიეღოთ და ის არანორმანული გადაწყვეტილება შეეცვალათ, რომელიც 2004 წელს მიიღეს. ესენი ერთ კაცზე ჩამოკიდებული, უინიციატივო ადამიანები არიან, რომლებიც ერთი კაცის წნეხისგან ვერ თავისუფლდებიან და საკუთარ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. სარეიტინგო კენჭისყრით რა მოიგეს?! ამით თუ ქვეყანა რას იგებს, ეს უფრო დიდი რამე არ არის?!“, - განუცხადა for.ge-ს პაპუაშვილმა.
საკითხზე საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ცვლილებების მიღება 135 ხმით მოხდა, რასაც ხელისუფლება პროგნოზირებდა.
„ზუსტად ის მოხდა, რასაც ვპროგნოზირებდით. ანუ, ის, რომ გადაწყვეტილება 130 -135 ხმით გავიდოდა. ეს პროცედურის ამბავი კი, ნაციონალებმა იმიტომ მოიგონეს, რომ გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვათ, მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს იმის კომფორტი, რომ გაჯინიანდეს და გადაწყვეტილება არ მიიღოს. მთავარი იყო, რომ ერთ ძალიან არასტაბილური ფსიქიკის ადამიანს იმის უფლება არ ჰქონდეს, რომ ქვეყანა აურიოს. ყველაფერი იმაზე უფრო უკეთესად მოხდა, ვიდრე წარმოდგენა შეგვეძლო. ვერცერთმა მათგანმა ვერ გაბედა, რომ ამ საკითხისთვის ხმა არ მიეცა. ისინი საკუთარ თავისთვის გამოსავალს ეძებდნენ, ჩვენი ამოცანა ის არ არის, რომ ოპონენტი კედელთან მივაყენოთ და რინგი გავმართოთ, არამედ ის, რომ შედეგი მივიღოთ. ჩვენი გამარჯვების საუკეთესო დადასტურება მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა იყო. უმცირესობის ლიდერი იმაზე საუბრობს, რომ ცვლილებების მიღება კარგია, ხოლო მისი ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ რუსებს მოუგო. ამ კაცს, რა უნდა ველაპარაკოთ?! კიდე უფრო მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო“, - განუცხადა for.ge-ს ხიდაშელმა.
საკითხზე საუბრისას, Forge-სთან საუბარში, გიორგი ცაგარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებულ შეცდომებზე აპელირებს და აცხადებს, რომ ახალ ხელისუფლებას შეცდომების დაშვება არ სურს.
„ეს იყო გუნდის ერთიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა, პრემიერთან გამართული კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ. ნაციონალებისაგან განსხვავებით, პასუხისმგებლობას ჩვენ არ გავურბივართ. გაგახსენებთ, რომ 7 ნოემბრის წინა პერიოდში, სააკაშვილს მარტივი გადაწყვეტილების - საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადმოწევას ვთხოვდით, თუმცა, მან ამის ნაცვლად, დაგვარბია, კომენდატის საათი გამოაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა და გახსოვთ, რაც მიიღო. მას ეს გადაწყვეტილება რომ მიეღო, ხელისუფლებას მიტინგების დარბევა არ მოუწევდა. ჩვენ უპასუხისმგებლოდ ვერ მოვიქცევით და იმ შეცდომებს ვერ გავიმეორებთ, რასაც სააკაშვილი ჩადიოდა. ამ კენჭისყრაში სუბიექტურად მონაწილეობა გამიჭირდა, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ამ ნაბიჯს ვამართლებ“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.
ამას გარდა, კანონმდებელი პრეზიდენტის გამოსვლასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სააკაშვილი „გამომდგარია მაწყევარი ქალივით“ და ლაპარაკობს, რომ არ დავექვემდებარეთ ზეწოლასო.
„ზეწოლა რომ ყოფილიყო 143 ხმას მივიღებდით, რადგან უმცირესობაში ბევრი მედროვეობით არის დაკავებული და პოლიტიკური სიო საითაც დაუბერავს, იქით მიდის. სააკაშვილმა გამარჯვების ყიჟინა შემოცხო?! მას ეს საგარეო მოხმარებისთვის უნდოდა, რომ ეთქვა - ბიძინა ივანიშვილი იმდენად ხისტი პოლიტიკოსია, მან პოლიტიკურ ძალებს შეთანხმების საშუალება არ მისცაო და ამას როგორი პოლიტიკური ბაქჰანალია მოჰყვებოდა, ეს კარგად იცით. სად არის დაშანტაჯებული ადამიანები?! ამ სამი დღის განმავლობაში, სარეიტინგო კენჭისყრაზე პოლიტიკური ვაჭრობა იყო, ეს ადამიანი ქუთაისში ორჯერ იყო ჩამოსული და რატომ? - ქუთაისის იერსახე ხიბლავს და ამისთვის იყო ჩამოსული?! მას სურდა, რომ თავისიანები გაეძლიერებინა და მათთვის ეთქვა - დედას გიტირებთო. ეტყობა, სააკაშვილმა ე.წ. თანაგუნდელებზე უფრო მეტი იცის, ვიდრე ჩვენ. პრემიერ-მინისტრი სტრასბურგსა და ბრიუსელში მიდის და გზავნილს ჩაიტანს - ყველაფერი გავაკეთეთ ქვეყნის გაძლიერებისთვის და არა დაპირისპირებისთვის. არ გვინდა, რომ ქართველი ავლაბრის რეზიდენციის ღობეზე გადამძვრალი ვიხილოთ, წინააღმდეგ შემთვევაში, ივანიშვილის ერთი ხელის აქნევაზე, ავლაბრის რეზიდენციისგან ქვა-ქვაზე არ დარჩება, რადგან ხალხს წინ ვერავინ აღუდგება, მაგრამ 90 იან წლებში დავბრუნდეთ?!“, - აცხადებს კანონმდებელი.
უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლების პათოსს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე არ იზიარებს და ამბობს, რომ საზოგადოებამ დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის გუნდი ადამიანებისა, რომლებსაც პრინციპები აქვს.
„ნაციონალებში იმისთვის არ ვყოფილვართ, რომ ვიყავით ხელისუფლებაში, არამედ ეს ქვეყანა თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ხედვები გვაქვს. ამას გარდა, ჩვენ ღირსება და კაცობა გვაქვს და ამ ღირსების გათელვას ვერ მოვითმენთ, რისი მცდელობაც ამ თვეების განმავლობაში იყო. პრემიერი ამბობდა, რომ თუ რიტორიკას არ შეიცვლით, მაშინ პროკურატურის წინ რიგები დადგება, ვიღაცა გატყავებით იმუქრებოდა, ვიღაცა ამბობდა, თავს გაგიჩეჩქვავთო, ვიღაცა გასამართლებით გვემუქრებოდა, მაგრამ საზოგადოებას დავანახეთ, რომ ჩვენი გუნდის უდიდესი ნაწილი არ ტყდება, არ იყიდება და არ იღუნება. ხელისუფლება კი ვალდებულია, რომ მის ოპონენტს ანგარში გაუწიოს. ჩვენ მათი მტრები არა ვართ, არამედ ოპოზიცია ვართ და ჩვენი გადაწყვეტილებით ამაყი ვარ“, - განუცხადა for.ge-ს ბარამიძემ.
ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია და ხელისუფლებას სპეკულაციების დრო აღარ აქვს, რომ ვიღაცა ხელს უშლის.
„ქვეყანაში რა გვაქვს საზეიმო?! არავინ არ დამარცხდა. ის გავიდა, რაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ნიშნის მოგების ტონი არ მაქვს. ამით საზოგადოებამ მოიგო. არავითარი საბაბი არ აქვთ, რამე მოიმიზეზონ, ასე რომ ხელები დაიკაპიწონ და სამუშაო ადგილები შექმნან, ტარიფები შეამცირონ, მიხედონ - ჯანდაცვას, განათლებასა და სოფლის მეურნეობას. ააყვავონ საქართველო, როგორც ამას მოსახლეობას ჰპირდებოდნენ და როგორც ამას ამბობდნენ, რომ საქმეს ჩვენზე უკეთ გააკეთებდნენ. იმთავითვე ვიცოდი, რომ საქმეს ვერ გააკეთებდნენ და ახლა, ეს მითუმეტეს კარგად ჩანს მათი კომპენტეციიდან“, - დასძინა ვიცე-სპიკერმა.
For.ge-სთან საუბარში, პოლიტოლოგები უმრავლესობას ურჩევდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩაეტარებინათ და ნაციონალებისთვის წელში გამართვის საშუალება არ მიეცათ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებით, დიდი საპარლამენტო ოთხწლიანი ბატალიები იწყებოდა და ოპოზიციონერებს ძალის დემონსტრირება არ უნდა მოეხდინათ. მართალია, მმართველმა ძალამ პოლიტოლოგების რჩევა არ გაითვალისწინა, მაგრამ მათი პირველი ისტორიული ნაბიჯი რა შედეგს მოიტანს, ეს მომავალში გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 135 მომხრე და არცერთი წინააღმდეგ მიიღო.