„დღეს აფხაზეთში პროქართული ოპოზიციაც კი არ არსებობს“

„დღეს აფხაზეთში პროქართული ოპოზიციაც კი არ არსებობს“

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილებას არ გამორიცხავს, თუმცა, ამბობს, რომ ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ფორმატის შეცვლის აუცილებლობას უნდა ხედავდეს. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ზაქარეიშვილის განმარტებით, ფორმატის შეცვლას პირველ რიგში აფხაზი და ოსი მონაწილეები ითხოვენ, რათა რამენაირად სტატუსი შეიძინონ, თუმცა, იქამდე, სანამ საქართველოს ვერ ხედავს ფორმატის შეცვლის აუცილებლობას, ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ აფხაზი და ოსი მონაწილეების მხრიდან სტატუსის ამაღლების სურვილია. „ჩვენც გვაქვს გარკვეული კითხვები ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატთან. ვხედავთ, რომ შედეგები ისეთი არ არის, როგორიც შეიძლება აწყობდეს, როგორც ქართულ მხარეს, ისე - ზოგადად, მონაწილეებს. ჩვენ გვაინტერესებს, რა შედეგებს მოგვიტანს ფორმატის შეცვლა. ახალი ხელისუფლება კატეგორიულ არას არ ამბობს, მაგრამ წინა ხელისუფლების მსგავსად არ ეძებს მიზეზებს უარის სათქმელად. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, რათა ვთქვათ - დიახ. ეს დიახ კი უნდა ითქვას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რა პერსპექტივა შეიძლება გაუჩნდეს ამ კუთხით საქართველოს, ამ თემაზე კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი გვესაუბრება.

ბატონო გოგი, თქვენი შეფასებით, ქართული მხრიდან ასეთი განცხადებები მხოლოდ კეთილგანწყობის გამოხატულებაა თუ ჟენევის . გაყინულმა ფორმატმა ლღობა დაიწყო?

- აფხაზების და ოსების მხრიდან ეს არის მხოლოდ სტატუსის ამაღლების მცდელობა. დღეს ჟენევის ფორმატი არის მხოლოდ კონსულტაციების ფორმატი, სადაც ყველა მონაწილეობს. მათ მონაწილეების სტატუსი აქვთ. არიან თანათავმჯდომარეები და მონაწილეები და არანაირი სახელმწიფო სტატუსი ამ შემთხვევაში არ მოქმედებს. ასეთი ფორმატი უკვე განსაზღვრავს მის უმოქმედობას და შეუძლებლობასაც, რომ რაღაც გადაწყვეტილების მიღების მექანიზმმა იარსებოს.

როდესაც ჟენევის ფორმატის ცვლილებაზეა ლაპარაკი, ამაში რა იგულისხმება?

- კითხვები ამ საკითხზეც იყო დასმული აუდიტორიის მხრიდან, თუმცა რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ფორმატის შეცვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ეს არის აფხაზების და ოსების სურვილი, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და შეიძლება ჟენევის ფორმატის შეცვლით დასრულდეს.

ამ სტატუსს ისინი ვერ მიიღებენ, მაგრამ მომავალში არ გამოირიცხება, რომ ამაზე ლაპარაკი დაიწყოს. თუმცა მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს უსარგებლო ლაპარაკია, რადგან აფხაზებსა და ოსებს არანაირი არგუმენტი არ მოაქვთ იმის სასარგებლოდ, რომ სტატუსი შეეცვალოთ...

თუ შეიცვალა ფორმატი, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიცვლება იმ კონტექსტში, რომ ჟენევის ფორმატი გახდეს უფრო ქმედითი და გავლენის მომხდენი მიმდინარე სიტუაციაზე. ჩვენ გვაინტერესებს სიტუაციის შეცვლა და ამაში უნდა გვეხმარებოდეს ჟენევის ფორმატი, მაშინ როცა დღევანდელი ვითარება სიტუაციის გაყინვას უფრო უწყობს ხელს. ამავე დროს, არ შეიძლება ჟენევის ფორმატზე უარი ვთქვათ, რადგან დღემდე კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა.

თუ მომავალში საუბარი დაიწყება ფორმატის შეცვლაზე, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, რა შეიძლება მიიღოს მან, რა კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება იყოს გათვლა?

- წარმოვიდგენდი აფხაზებისა და ოსების სხვა სტატუსით მონაწილეობას მოლაპარაკებაში თუ ეს ძალიან მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, რომ არ ეხება იმ ტერიტორიის სტატუსს, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ჩვენ თუ მათ მივიღებთ და დაველაპარაკებით, როგორც ტერიტორიის წარმომადგენლებს, ჩაითვლება, რომ ჩვენ მათ ვაღიარებთ არა როგორც დე-ფაქტო, არამედ როგორც დე-იურე. ამიტომაც ვუჭერდით მხარს კონსულტაციების და არა დელეგაციების ვარიანტს. მაშინ, როდესაც ეს ასახავს ამჟამინდელ სიტუაციას და ძალთა განლაგებას.

როდესაც მოხდება ისეთი ცვლილებები (მომავალში ხომ გვაქვს ამისი იმედი და ყველაფერი ამისთვის კეთდება), რომ შეიძლება გაჩნდეს პრობლემის გადაჭრის რეალური შესაძლებლობები, ასეთ შემთხვევაში, აფხაზების და ოსების ფორმალური მონაწილეობა აღარ იქნება მისაღები და ჩვენ გვაწყობს მათი რეალური მონაწილეობა...

ჩვენ უნდა მოვუფიქროთ მათ ტერიტორიების აღიარების გარეშე, არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, მოლაპარაკების სტატუსი მოლაპარაკების პროცესში. აქ ლაპარაკია ლეგიტიმაციაზე მოლაპარაკების და არა ტერიტორიების ფარგლებში.

თუ მოხერხდება ამდაგვარი რამის მოფიქრება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში წარმომიდგენია მათთვის სტატუსის მინიჭება.

ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში, ცნობილია მისი ეფექტურობის თემაც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არც აფხაზებს და არც ოსებს არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება რუსეთის გარეშე, ამ საკითხში რაიმე ცვლილების პერსპექტივა თუ მოჩანს? ხედავთ შესაძლებლობას თუნდაც პრეცედენტის სახით, რომ ერთი საკითხი მაინც წამოწიონ ისეთი, რომელიც აწყობს არა რუსებს, არამედ თვითონ აფხაზებს, ან ოსებს?

- როდესაც ვლაპარაკობთ აფხაზებისა და ოსების რუსეთთან დამოკიდებულებაზე, ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ არის ვითარება, რომელიც მათ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების საშუალებას არ აძლევს, ეს ყველამ იცის, მაგრამ ამავე დროს გროვდება უკმაყოფილება აფხაზეთსა და ოსეთში რუსეთის პოლიტიკის მიმართ, სხვადასხვა მიზეზების გამო.

ამავდროულად, მათ უძლერდებათ მოტივაცია, რომ ევროპასა და უცხოეთთან უფრო მჭიდრო კავშირი დაამყარონ, რაშიც რუსეთი ხელს უშლის. ეს წნეხი სულ უფრო ძლერდება სოჭის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად. როდესაც ჩაივლის სოჭის ოლიმპიადა, შემდეგ სიტუაცია უკვე სერიოზულად შეიცვლება აფხაზეთში.

რატომ არის სოჭის ოლიმპიადა ამ საკითხში ასეთი მნიშვნელოვანი?

- იმისათვის, რომ გარკვეული უშიშროების ზომები იყოს უზრუნველყოფილი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო ექსპერტი დაშვებულია მხოლოდ გალის რაიონის ფარგლებში და სოხუმში მათ არ უშვებენ.

ადრე თუ შესაძლებელი იყო, უცხოელი ექსპერტი, ან ჟურნალისტი ჩასულიყო და სოხუმში გადაღებები ეწარმოებინა, ხელმძღვანელ პირებთან ინტერვიუები ჩაეწერა, სიუჟეტები მოემზადებინა, ახლა ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. ამას უკავშირებენ სოჭის ოლიმპიადის მოახლოებას. როდესაც დასრულდება ეს ოლიმპიადა, ასეთი მკაცრი ზომების გატარება უკვე ვერ იქნება დასაბუთებული.

სინამდვილში მგონია, რომ მარტო ამაში არ არის მიზეზი, რატომაც გამკაცრებულია რეჟიმი, მაგრამ დღეს სოჭის ოლიმპიადის სახით ეს არგუმენტი აქვთ.

მეორე მხრივ, აფხაზებს გაუჩნდებათ წუხილი იმის გამო, რომ მოსკოვი მზად არ იქნება გააგრძელოს იმავე ზომით ინვესტიცია დახმარება და ა.შ. რასაც სოჭის ოლიმპიადის გამო დღეს ახორციელებს აფხაზეთში, მოსალოდნელია, რომ აფხაზეთის ტერტიტორია დარჩება როგორც ე.წ. ბუფერული ზონა, რომელიც პრაქტიკულად იმისთვის სჭირდება რუსეთს, რომ საქართველოსთან ჰქონდეს ასეთი ზონა და გარკვეული პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტი არსებობდეს.

მაგრამ ის, რომ აფხაზეთი ვერ განვითარდება არა მხოლოდ საერთაშორისო კურორტების დონეზე, არამედ თუნდაც სოჭის რაიონის დონეზე, აფხაზებისთვის ეს ნელ-ნელა ცხადი ხდება. ადრე ჰქონდათ იმედი, რომ რუსეთი დაეხმარებოდა, აფხაზეთი საერთაშორისო დონის მქონე კურორტი გამხდარიყო. ასეთი იზოლირების პირობებში კი ეს ვერ მოხდება. მაშინ ევროპული ინვესტიციები უნდა შევიდეს, ეს კი რუსეთს არ უნდა.

დიდი ხანია, მოდის ინფორმაცია, რომ თვითონ აფხაზები სერიოზულად არიან უკმაყოფილო რუსეთის პოლიტიკით, თუმცა მეორე მხრივ, აფხაზეთი არ არის იმხელა ტერიტორია, რუსეთმა ვერ დაამყაროს ის რეჟიმი, რასაც მოისურვებს. ასეთ შემთხვევაში საქართველოზე აღარ გეკითხებით, თვითონ აფხაზებს რა პერპექტივა რჩებათ?

- შორიდან შესაძლოა, მარტივად ჩანს, მაგრამ აფხაზებს აქვთ დამოუკიდებლობის იმაზე მეტი ხარისხი, ვიდრე ვაღიარებთ. სხვანაირად ისინი ვერ მოახერხებდნენ იმას, რომ დღემდე მოსკოვიდან მათი პრეზიდენტი ვერ ინიშნება და ადგილობრივი საზოგადოების გადაწყვეტილებით ირჩევა. თუ მოსკოვი ადრე ცდილობდა, თავისი კაცი დაესვა იქ, როგორც ამას სამხრეთ ოსეთში ახერხებდა, ასეთი რამ აფხაზეთში არ გამოდის.

არჩევნების პროცესი, დე-ფაქტო პარლამენტი და მთავრობა რაღაცნაირად ფუნქციონირებს. ამ კუთხით, სოხუმისა და ცხინვალის სიტუაციას ვერ შეადარებ და შეიძლება ითქვას, რომ სოხუმი დამოუკიდებლობის უფრო მეტ სწრაფვას იჩენს და საკუთარი იდენტობის დამცველად გამოდის. ამის გათვალისწინებით შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევენ რუსეთს.

თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად გამოიწვევს საქართველოსთან დაახლოებას. ვინაიდან ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, აფხაზეთი არ უშვებს საკუთარ პოლიტელიტაში ისეთ ელემენტებს, რომლებიც პროქართულად არიან განწყობილნი.

პროქართულად განწყობილი ოპოზიციაც კი არ არსებობს აფხაზეთში. ასეთი ოპოზიცია არც ცხინვალში არსებობს, მაგრამ იმის განწყობა, რომ ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდებიან და დგანან დილემის წინაშე - ჩრდილოეთ ოსეთი თუ საქართველო, მუდმივად არსებობს.

ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება და რუსეთის ფედერაციის ნაწილად გადაქცევა უაღესად რთულია მისი ოფიციალურად გაფორმების თვალსაზრისით. ამას რუსეთი საერთაშორისო დონეზე ვერ გააფორმებს. თუმცა, დე-ფაქტო ჩრდილოეთ ოსეთთან ინტეგრაცია ხდება.

ამისი ალტერნატივა ოსებისთვის საქართველოსკენ წამოსვლაა, ეს გაცნობიერებული აქვთ, თუმცა ამას არ აღიარებენ.

აფხაზეთში ასეთი სიტუაცია არ არსებობს, იქ არის სწრაფვა და ლტოლვა იმისაკენ, რომ დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბდნენ. ამაში რუსეთისგან ელიან დახმარებასა და დაცვას და როგორც კი რუსეთი იქნება მათი განვითარების ღია ხელშემშლელი, მაშინვე მოხდება გამიჯვნისა და დაპირისპირების პროცესის დაწყება რუსეთთან - ეს მომავალში შესაძლებელია.

საუბარია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაზე და ერთი პრეცედენტი უკვე არსებობს, შესაძლებელია თუ არა ამან პროცესის სახე მიიღოს?

- ეს არის ერთი კონკრეტული ქვეყნის ვანუატუს მაგალითი, გამოჩნდა შესაძლებლობა იმისა, რომ ამ ქვეყანამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას. თუმცა მინდა ვთქვა, რომ რუსეთის მხრიდან აღიარების პროცესის ინტერნაციონალიზაცია, რომ რაც შეიძლება მეტმა, თუნდაც, პატარა ქვეყანამ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ამის შედეგად რუსეთს ჰქონდეს საფუძველი, რომ არაღიარებული რესპუბლიკის ნაცვლად ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნის სტატუსი მიანიჭონ, ეს პროცესი სერიოზულად შევიდა ჩიხში. ვერ იპოვეს სხვა ქვეყნები, მსოფლიოში, ვინც აღიარებდა. ამიტომ ეს პროცესი შეიძლება შეჩერებულადაც ჩავთვალოთ. არ არის გამორიცხული, მომავალში ვანუატუს სხვა ქვეყნებიც დაემატოს.

თუ ვიაქტიურებთ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში თეორიოულად მაინც შესაძლებელია თუ არა ისეთ პერსპექტივაზე საუბარი, რომ შემდგომში რაიმე ხელშესახები შედეგი მივიღოთ?

- საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციით ეს პროცესი ისედაც გაჩერებულია. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, აფხაზებსა და ოსებთან ნდობის აღდგენაზე ვიმუშავოთ, მაგრამ ეს საკმაოდ ძნელია.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის და ამ ფონზე აფხაზებსა და ოსებს ძალიან ეშინიათ, ხომ არ ხდება მათ ზურგს უკან რაიმე გარიგება. ეს პერიოდი უნდა გავიდეს და სამომავლოდ კონფლიქტის ტრანსფორმაციის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას.

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების პარალელურად ვიცით, რომ შეხვედრები იმართება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკების ლიდერებთან და პუტინმა ისიც კი განუცხადა, რომ დამოუკიდებლობის 5 წლისთავს უფრო მნიშვნელოვანი მიღწევებით უნდა შეხვდნენ. ეს რაზე მეტყველებს?

- ეს მათი მხარდაჭერილი და მათი მხრიდან აღიარებული წარმონაქმნებია. ეს მათთვის გარკვეული პოლიტიკური თამაშის ობიექტებია და ასეთ შემთხვევაში რუსები ცდილობენ, ხაზი გაუსვან მათ მეგობრობასა და მხარდაჭერას.

მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი განხორციელდა და შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მოხდა აგვისტოს ომი - აღიარებას ვგულისხმობ. როდესაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობამ მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს. მანამდე პუტინიც კი ვერ გამოდიოდა ღიად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. აგვისტოს ომის შემდეგ კი აბსოლუტურად შეიცვალა სიტუაცია და ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ ცხინვალში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად მივეცით საბაბი რუსეთს, რომ შემოეყვანა ჯარი და ინტერვენცია განეხორციელებინა. ეს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დანაშაული იყო.

მეორე მხრივ, როდესაც სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება განიხილებოდა რამდენიმე ქვეყნის მეთაურის თანდასწრებით, ყველამ იცის, რაც მოხდა - მეექვსე პუნქტი, სადაც ეწერა, რომ ამ ტერიტორიების მომავალი სტატუსი განისაზღვრება საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგად, სააკაშვილმა ამოაღებინა, წააშლევინა ეს პუნქტი!

ამის შესახებ სხვადასხვა ვესიები არსებობს, თუ რატომ გააკეთა, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამის შემდეგ მოხდა აღიარება და ბევრი სპეციალისტი და პოლიტიკოსი თვლის, რომ სწორედ ამ პუნქტის ამოღებამ შეუწყო ხელი, რომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, მერაბიშვილს ჯონ ტეფტისთვის უთქვამს, ბაღაფში ლოთია და მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო, სააკშვილი კი აგვისტოს ომამდე ამტკიცებდა, ზუსტად ვიცი, რუსეთს სამხრეთ ოსეთი არ ასინტერესებსო. როდესაც წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვსაუბრობთ, შეიძლება დავაზუსტოთ, ეს ინფორმაციის არქონით იყო გამოწვეული, გამოუცდელობით თუ რა მოხდა?

- მინდა დავაზუსტო, რომ ეს შეცდომა კი არ იყო, არამედ დანაშაული. მახსენდება, იმ პერიოდში საზოგადოება როგორ განიხილავდა სხვადასხვა სცენარებს, იმის შესახებ თუ რა ხდებოდა და რატომ. მაშინ დომინირებდა აზრი, რომ ადგილი ჰქონდა რაღაც გარიგებას და რუსეთმა რაღაც შესთავაზა სააკაშვილს ისეთი, რომ ამის გამო სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევიდა შეიარაღებული ძალებით, თორემ სხვანაირად, წარმოიდგენდა, ამას რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

ალბათ, იყო რაღაც შეთანხმება, რომ რუსეთი უთმობს სამხრეთ ოსეთს - ტელევიზიებშიც მიმდინარეობდა ასეთი განხილვები, რომ ალბათ, სამხრეთ ოსეთს აფხაზეთის სანაცვლოდ გვაძლევენო და საზოგადოება აღშფოთებული იყო, როგორ წავიდა სააკაშვილი ამაზე ისე, რომ ხალხს ეს არ ჰკითხა, ეგებ ხალხს არ უღირდა აფხაზეთის ხარჯზე სამხრეთ ოსეთის მიღებაო.

შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მოუმზადებელი იყო, მათ შორის, ის სამხედრო ოპერაციაც, რაც ჩავატარეთ და არ ჯდებოდა არანაირ გარიგებაში - მოულოდნელობის ეფექტით ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას უფრო ჰგავდა.

დიახ, ამბობდნენ, რომ რაღაც გარიგება იყო, შემდეგ რუსეთმა მოატყუა სააკაშვილი და ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ეს გარიგება იმით დასრულდა, რომ საქართველომ ხარკის სახით ენგურჰესი დაუთმო რუსეთს, თან ისე, რომ გაასაიდუმლოვა და საზოგადოებას დაუმალა...

- სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ყოფილიყო ძალიან მაღალი ტემპერატურა საქართველო-რუსეთის დაპირისპირების საჯარო ზონებში, ყოფილიყო აგრესიული გამონათქვამები და ერთმანეთის ლანძღვა. ხალხისთვის რუსეთი საფრთხობელად უნდა ქცეულიყო.

ამავე დროს, ზურგს უკან უნდა მომხდარიყო გარიგებები, რუსული კომპანიების შემოყვანა საქართველოში. რეალურად ეს ალბათ, ძალიან დიდ ფულს უკავშირდებოდა და ჩინოვნიკები წილს იდებდნენ ჯიბეში, სხვანაირად ამის ახსნა შეუძლებელია - რატომ დადგა უცებ აუცილებლობა, რომ რომელიმე რუსული ბანკი, ან მობილური ოპერატორი შემოსულიყო? - ათასი რაღაც ხდებოდა ამ ისტერიული დაპირისპირების ფონზე.

ზუსტად ამავე რიგში განვიხილავ ენგურჰესის საკითხსაც. გასარკვევია რა პირობებით მოხდა "რაო-ე-ეს"-თან საიდუმლო პირობებში ხელშეკრულების დადება და საერთოდ, რატომ გახდა ეს ხელშეკრულება საიდუმლო, რატომ არ მიეცა საქართველოში ვინმეს იმისი საშუალება, რომ ეს ხელშეკრულება წაეკითხა?!

დღეს სახელისუფლებო კულუარებში მიდის საუბრები, რომ საქართველოს რეალურად უჩნდება აფხაზეთის დაბრუნების ბერკეტები. თქვენი შეფასებით, თეორიულად არსებობს თუ არა ასეთი იმედის გაჩენის საფუძველი?

- ალბათ, გრძელვადიანი პერსპექტივა იგულისხმება, მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ ვხედავ გარღვევის რაიმე საშუალებას. თუ სწორად წარიმართა ყველაფერი და შეცდომები არ დავუშვით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რეალურად მეჩვენება.

თუმცა მგონია, რომ ყველაფერი უფრო ნათლად საქართველო-აფხაზეთს შორის რაიმე ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელების შემდეგ გამოიკვეთება. ობიექტურად გაჩნდება ამისი საშუალება და მერე უკვე ძალიან ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.

ამ კონტექსტში შეიძლება თუ არა აფხაზეთის რკინიგზის თემის განხილვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უახლოესი მომავლის თემა არ არის. გრძელვადიან პერსპექტივაში რისკებისა და სარგებლის ზუსტი გათვლის შემთხვევაში შესაძლებელია ამ თემაზე ლაპარაკის დაწყება თუ როგორც ყოფილი ხელისუფლება აცხადებს, ამ თემაზე ლაპარაკიც კი დანაშაულია?

- ჩვენ, ქართველებს ერთი სენი გვჭირს, ისე გვეშინია ზოგიერთ თემაზე ლაპარაკის დაწყება, რომ თითქოს, ეს ლაპარაკი ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ნიშნავდეს. ლაპარაკი შეიძლება ძალიან ბევრ რაღაცაზე, მათ შორის იმაზეც, რაც ფანტასტიკად გვეჩვენება.

საქმე ის არის, რომ როდესაც შენ უკვე ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიდიხარ, კარგად და ზუსტად უნდა იყოს დათვლილი, რას აწერ ხელს და აქედან რას მიიღებ. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად არ გვაქვს ხოლმე ჩვენს სასარგებლოდ სიტუაციის წარმართვის წარმოდგენა, ლაპარაკზეც კი უარს ვაცხადებთ და ეს არ არის სწორი.

სულ რამდენიმე თვეა, რაც ახალმა ხელისუფლებამ აიღო ძალაუფლება. შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ის კონკრეტული საკითხები, რაც კონფლიქტებთან დაკავშირებით დადებითი მიმართულებით დაიძრა?

- ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ არ დამდგარა ის დრო, როდესაც დაიწყება რეალური პროცესები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. რაც შეეხება სასიკეთო ნაბიჯს, ასეთად შეიძლება განვიხილოთ ის, რომ მათ აღარ აქვთ საქართველოს მხრიდან რაიმე პროვოკაციის განხორციელების მოლოდინი. მართალია, დაცულებიც არიან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სადაზვერვო სისტემის მხრიდან, მაგრამ ეს მომენტიც არის.

ამავე დროს, პოლიტიკურად საქართველოს მხრიდან გნებავთ, არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, რაიმე დაძაბულობა და პრობლემა არ ექმნებათ და ეს ფაქტორი მოიხსნა, რომელიც მუდმივად არსებობდა და დამატებითი დაძაბულობის შემომტანი იყო სააკაშვილის პერიოდში - ეს უკვე კარგია, რადგან ჩვენგან საფრთხობელას ვეღარ შექმნიან, როგორც ადრე ქმნიდნენ.

მე ვთვლი, რომ სერიოზული წარმატებაა რუსეთთან კულტურულ-ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების პროცესი. თუ ეს პროცესი ისე განვითარდა, რომ ჩვენ არ დავთმეთ პრინციპული პოზიციები, მაგრამ ამავე დროს, განვავითარეთ ურთიერთობა ყველა იმ მიმართულებით, რაც შესაძლებელია, ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას კონფლიქტების გადაჭრაზეც. ამიტომ ვთვლი, რომ ეს დაწყებული დიალოგი საკმაოდ სერიოზული და მნიშვმელოვანია ამ მიმართულებით.

ეს პირველი ნაბიჯებია, საკმაოდ ნელა მიმდინარეობს ყველაფერი და გასაგებია რატომაც - საქართველოშიც დაძაბული შიდა პოლიტიკური ვითარებაა. მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს, ეგებ გაგვაკეთებინოს წინმსწრები ნაბიჯები იმ მიმართულებით, რომ იქნებ რაღაც გამოვიდეს და ამ ხელისუფლებამ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

სინამდვილეში კი გულწრფელად რომ გითხრათ, ეს რუსეთის სახელმწიფო ინტერესშიც არ შედის. ეს არის პრობლემა და თავისტკივილი, რომელიც თავადვე გაიჩინეს 2008 წელს, ამ ტერიტორიების აღიარებით და ახლა თვითონაც არ იციან როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. თუმცა, საქართველოს მხრიდან აღიარება, რასაც პირობად გვიდებდნენ ოქტომბრიდან დაწყებული, გავიხსენოთ ლავროვის განცხადებები და ა.შ. აღარ ისმის. რეალურად კი, ღრმად რომ ჩაიხედო რუსეთის ინტერესებში, საერთშორისო ასპარეზზე ეს მხოლოდ ზედმეტი თავისტკივილია.