ბიძინა ივანიშვილი და თეთრი სახლი

ბიძინა ივანიშვილი და თეთრი სახლი

"თეთრ სახლს" ბიძინა ივანიშვილთან მწვავე შეკითხვები აქვს, ისევე, როგორც ევროპარლამენტარებს", - აცხადებს ექსპერტი კახა გოგოლაშვილი. 

მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ივანიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში ვიზიტი მან საკუთარი ინიციატივით გადადო, რადგან არ სურდა, ვაშინგტონში თავის გამართლების რეჟიმში ყოფილიყო. ასევე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ, როგორც ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან წამოსული იყო ისეთი სიგნალები, რომლებიც ივანიშვილისთვის მიუღებელია. ამიტომაც მან თავი შეიკავა აშშ-ში ვიზიტისგან. უფრო მეტიც, პრემიერი არ აპირებს დათმოს ის კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ამერიკელებმა მოითხოვეს.

თავის მხრივ, აშშ-იც დროს აძლევს ივანიშვილს, რათა მან ქვეყანაში არსებული ქაოსი დაარეგულიროს. "თუმცა, ჯერჯერობით სიტუაციის დარეგულირების არავითარი ტენდენცია არ ჩანს", - მიიჩნევს ექსპერტი.                                                                            

აქვს თუ არა "თეთრ სახლს" მწვავე შეკითხვები ბიძინა ივანიშვილის მისამართით და უნდა დათმოს თუ არა პრემიერმა კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ამერიკელებმა მოითხოვეს?! რა აჯობებს, ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავი შეიკავოს აშშ-ში ვიზიტისგან და დაელოდოს თეა წულუკიანის, ირაკლი ალასანიას, თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის გახშირებული ვიზიტების შედეგებს ამერიკული პოლიტიკური ელიტის აზრის ფორმირების თვალსაზრისით, თუ თავად ეწვიოს ოკეანისგაღმა მდებარე ქვეყანას?!

ამ საკითხების შესახებ For.ge ქართველ ექსპერტებს ესაუბრა. 

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, რომ მას არ სურს თავის მართლების რეჟიმში ყოფნა, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენს ყველაზე დიდ მეგობარსა და მოკავშირეს მართლაც გაუჩნდა შეკითხვები, თანაც, ეს არის საკმაოდ სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში.

პოლიტოლოგის განმარტებით, ის პროცესები, რაზეც დასავლეთის რეაქცია აუცილებლად წამოვიდოდა, ძალიან ადვილად პროგნოზირებადი იყო და ახალ ხელისუფლებას ეს სიტუაცია თავის დროზე უნდა გაეთვალა.

ამასთან, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ამერიკის მონაწილეობა ყველა იმ პროცესში, რაც საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარდა და რასაც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ერქვა, ძალიან დიდია. უფრო მეტიც, პოლიტილოგს ახსენდება გასულ წელს ჰილარი კლინტონის ბათუმში ჩასვლა, როდესაც სააკაშვილმა მას უთხრა, რომ არჩევნების პერიოდში რუსები ატარებენ სამხედრო მანევრებსო, ამ დროს კლინტონმა განუცხადა, თქვენ ჩაატარეთ ნორმალური არჩევნები და ეს თქვენი საქმე არ არის, ყველაფერი მშვიდობიანად იქნებაო. მართლაც, ყველაფერი მშვიდად მოხდა.

„ამას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი მომენტი, იმავე კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკა და ზოგადად, დასავლეთი არანაირი ფორმით არ დაუშვებს საბჭოთა კავშირის აღდგენას, არც სავაჭრო-ეკონომიკური გაერთიანების, არც სხვა თვალსაზრისით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გარკვეული კითხვები ივანიშვილის მიმართ, ეტყობა, ამ მიმართულებითაც არსებობს. უნდა შევეგუოთ, რომ საქართველოში, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მუდმივად მუშაობს ოთხი პოლიტიკური ძალა, ეს არის ოპოზიცია, ხელისუფლება, რუსული ძალა და დასავლეთი. ეს ინტერესები საკმაოდ გამოკვეთილია ქართულ პოლიტიკაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ რეაქციები ნადვილად იქნებოდა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და სწორედ ამ რეაქციებს უკავშირებს გახშირებულ ვიზიტებს ამერიკაში.

კერძოდ, ამერიკაში რამდენჯერმე ბრძანდებოდა თინა ხიდაშელი, თეა წულუკიანი, ირაკლი ალასანია და ბოლოს ეს პროცესი დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარის  ვიზიტით. რა თქმა უნდა, პოლიტოლოგის აზრით, ამ ვიზიტების ფარგლებში დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი განმარტებები კეთდება საქართველოში არსებულ პროცესებთან დაკავშირებით.    

ამასთან, ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზით, ამერიკაში ახალი ხელისუფლების მიმართ ფონი ნელ-ნელა იცვლება და არ წამოვა ისეთი რეაქციები, როგორიც იყო 23 ევროპარლამენატარის შემთხვევაში. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოტა უფრო ადრე ამას უძღოდა ოთხი კონგრესმენის განცხადება. შესაბამისად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილიც, ეტყობა, ამ ფონის შეცვლას ელოდება, რათა ჩავიდეს ამერიკაში.

„ეს პრობლემები, ჯერჯერობით კიდევ არსებობს და ანგარიშგასაწევი პრობლემებია, თუმცა როდესაც ლაპარაკია ისეთ წერილებზე, რომლებიც ევროპარლამენტარებმა გამოგზავნეს, ვფიქრობ, რომ პასუხიც ადეკვატური უნდა იყოს“, - განმარტავს ექსპერტი. 

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე არ ფლობს ინფორმაციას, თითქოს, "თეთრ სახლს" რაიმე მწვავე შეკითხვები ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილთან. თუ ასეთი შეკითხვები არსებობს, პოლიტოლოგის აზრით, ამ შეკითხვებს ვერავითარ შემთხვევაში, ვერ აცდებოდა თეა წულუკიანი. მით უმეტეს, რომ ის არ არის პრობაციის ან გარემოს დაცვის მინისტრი, ის იუსტიციის მინისტრია, რომლის კურატორობის ქვეშ, თითქმის, მთელი სამართალდამცავი ორგანოებია, გარდა პოლიციისა.

რაც შეეხება დათმობებს, სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომ, საერთოდ, პოლიტიკაში დათმობა სიკეთის მომტანი არასოდეს არ არის. თუ არსებობს რაღაც პრინციპი, სჯობს, "თეთრ სახლსაც" და ევროპასაც ზომიერების ფარგლებში ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და არ ვართ ვინმეზე ჩამოკიდებული. მით უფრო, რომ სუვერენული სახელმწიფოსთვის შეურაცმხყოფელიც კია, როდესაც მას განიხილავენ, როგორც ვიღაცის კმაყოფაზე მყოფს.

„თუ აქ ვიღაცას პარალელები დაებადა, რომ თბილისიც ისევეა ჩამოკიდებული რუსეთსა და ვაშინგტონს, როგორც სოხუმი და ცხინვალი მოსკოვს, - ეს არ იქნება სახარბიელო საქართველოსთვის. როგორც ჩანს, ივანიშვილი ადეკვატურად აფასებს რეალობას და იმიტომ კი არ არიდებს თავს ვაშინგტონში წასვლას, რომ თავის მართლების რეჟიმში არ უნდა იყოს, არამედ ის ელოდება, რომ ვაშინგტონი თავად გაერკვევა საქართველოში არსებულ ვითარებაში“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისი თქმით, ძირითადად, თბილისში მუშაობაა საჭირო, ვიდრე ვაშინგტონსა და რუსეთში, ვინაიდან პოლიტიკა და საქართველოს მოსახლეობასთან დამოკიდებულება თბილისში ყალიბდება. ეს კი არავის არ უნდა შეეშალოს, მათ შორის, არც ექსპერტებს და არც - პოლიტიკოსებს.

ამასთან, პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ 21-ე საუკუნეში არ არის ისეთი რეალობა, რომ სააკაშვილმა ან ვინმე სხვამ დიდი ხნით დაამახინჯოს ჩვენი შიდა პოლიტიკის ექსპორტი საზღვარგარეთ. ამის მიღწევა მხოლოდ დროებით შეიძლება.  ერთი, ორი ან ხუთი თვის მანძილზე ბურუსის, ან გაურკვევლობის ფონის შექმნა შესაძლებელია, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ასეთ რამ წარმოუდგენელია. ბოლოს და ბოლოს, ამერიკის საელჩო საქართველოში ბავშვთა საღამოების მოსაწყობად, ან ჰუმანიტარული მისიებისთვის კი არ არის ჩამოსული, არამედ იგი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს.

სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომ თბილისში უნდა შეიქმნას ისეთი საინფორმაცო ბაზა, რომელიც უკვე ობიექტურად გადაეცემა ვაშინგტონსა თუ ბრიუსელს. ამდენად, მისი აზრით, ივანიშვილი სწორად მოიქცა, როდესაც ბოლო ხანს ყურადღება გადაიტანა არა იმაზე, უცხოეთი როგორ არის განწყობილი, არამედ იმაზე, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით.

„სასურველია, საქართველოშივე იყოს ისეთი ატმოსფერო და გარემო, რომ ვერავინ შეძლოს მისი დამახინჯება“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ექსპერტი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ამერიკაში ვიზიტისთვის ჩვენ არაფერი დასათმობი არ გვაქვს, რადგან ჩვენი და ამერიკის ამოცანები აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს.

ამასთან, ელენე ხოშტარიას უჭირს იმის თქმა, თუ რატომ არ შედგა ამერიკაში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი. თუმცა მიიჩნევს, რომ სულაც არ იყო აუცილებელი, არჩევნების დამთავრებისთანავე შემდგარიყო ასეთი ვიზიტი.

ელენე ხოშტარიას აზრით, თავის დროზე, ამერიკასთან ძალიან ცუდად შედგა კომუნიკაცია - თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ამერიკაში მიდიოდა, შემდეგ აღარ მიდიოდა, მერე იყო აბსოლუტურად გაუგებარი ახსნა გაკეთებული, რომ თურმე, პრემიერი საქმითაა დაკავებული და ამიტომ არ მიდის ამერიკაში.

რას ნიშნავს მწვავე შეკითხვები პრემიერისთვის? - აინტერესებს ქართველ ექსპერტს და თავადვე პასუხობს, რომ ჩვენი ამოცანის შესახებ ყველამ იცის, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება. ადგილობრივ თვითმმართველობასა და აგრარულ უნივერსიტეტში მომხდარი ფაქტები კი იმის გამოვლინებაა, რომ ახალმა ხელისუფლებამ, გარკვეულწილად, ვერ მოახდინა დემოკრატიულ პროცესთა ისე განვითარება, რაც აუცილებელი იყო არჩევნების შემდეგ.

„შეკითხვები, რა თქმა უნდა, ყველას უჩნდება. მიუხედავად ამისა, პრემიერმა უნდა აწარმოოს ძალიან აქტიური, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა, რაც გულისხმობს ამერიკელებთან და ევროპელებთან ურთიერთობას, ოღონდ იმ ჩარჩოებში, რასაც იცნობს დასავლური სამყარო და არა ასე საჯარო წერილებით და ნიშნის მოგების ტონით საუბრით. ეს უნდა მოხდეს სწორედ ვიზიტებით, სადაც პრემიერს თუნდაც დაშვებული შეცდომების ახსნის საშუალება ექნება. ასე რომ, კომუნიკაცია აუცილებელია“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.