ძალა უძალოთა

ძალა უძალოთა

პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებულ საკითხზე ინიცირებული საკონსტიტუციო ინიციატივა 135 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით გავიდა . მას სხდომათა დარბაზში მყოფმა უმცირესობის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს. მანამდე კი სარეიტინგო კენჭისრყა ჩატარდა, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობა ითხოვდა და რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო მმართველი გუნდი, მაგრამ ბოლო მომენტში, სანამ კენჭისყრა დაიწყებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველ გუნდში კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ უმრავლესობა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას დათანხმებოდა. სარეიტინგო კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა.

როგორ აფასებენ პოლიტოლოგები კენჭისყრის შედეგებს და მმართველი გუნდის დათმობას, ასევე მათი აზრით, მიიღებდა თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საკმარის ხმებს, სარეიტინგო კენჭისყრას რომ არ დათანხმებოდა, ამასთან დაკავშირებით for.ge ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ დღევანდელი დღე ძალიან ძვირად დაუჯდება „ქართულ ოცნებასაც“ და ქართულ საზოგადოებასაც და ეს მოხდება პირველივე არჩევნებზე, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ საპარლამენტო არჩევნებზე.

„ეს იყო კენჭისყრა არა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციისთვის. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ეს წინასწარ გაეანლიზებინათ და თუნდაც ჩავარდნილიყო საკონსტიტუციო ცვლილებები, შედეგი უკეთესი იქნებოდა, რადგან სააკაშვილი არ დაითხოვდა პარლამენტს და მთავრობას. ეს რომ გაეკეთებინა, ფიზიკურად ვერ მიასწრებდა თვითმფრინავამდე, რომ ქვეყნიდან გაქცეულიყო და ეს გადასარევად იცოდა. სააკაშვილი მიიღებდა საზოგადოებისგან ისეთ აგრესიას, როგორიც დღემდეც კი არ დაუმსახურებია და ის დამთავრდებოდა, როგორც პოლიტიკური ძალა“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მისი თქმით, დღეს მკვდარი „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად გააცოცხლეს, ექსპერტი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება საზოგადოებას ძალიან ძვირად დაუჯდება და ამ დღის შემდეგ შეიძლება ეს შედეგიც მივიღოთ. ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ დღევანდელი დღე ასე არ უნდა წარმართულიყო, ხელისუფლებას გარკვეული გათვლები უნდა გაეკეთებინა და ამისთვის მას ანალიტიკური სამსახურები სჭირდება.

პოლიტოლოგი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს აკლია თანმიმდევრულობა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამ ეს კარგად აჩვენა. ექსპერტი ხაზს უსვამს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სარეიტინგო კენჭისყრა არის კლოუნადა და ის ამაში მონაწილეობას არ აპირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას მოუწია ამ კლოუნადაში მონაწილეობის მიღება და მისი დირიჟორობა. კახიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ დარწმუნებული რომ ყოფილიყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები ჰქონდა, სარეიტინგო კენჭისყრას არ დაეთანხმებოდა.

„როგორც ჩანს, მათ ეს ვერ გათვალეს და როდესაც უსუფაშვილი საბოლოოდ შეხვდა უმრავლესობასაც და უმცირესობასაც, მიხვდა, რომ მოუწევდა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება, რათა არ შექმნილიყო სურათი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო უმრავლესობის დახმარებით კიდევ ერთხელ მოახდინა ძალის დემონსტრირება და იმის დემონსტრირება, რომ მათ გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. მე ძალიან ვწუხვარ, რომ მმართველი გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობაშია პარლამენტში, თანმიმდევრული და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, თავიდანვე არ იყო საჭირო იმაზე საუბარი, რომ სარეიტინგო კენჭისყრა კლოუნადაა და რომ უმცირესობიდან ვისაც უნდა შეუძლია ხმა არ მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხოლო უმრავლესობა მათ გარეშე მაინც გაიტანს კანონპროექტს. კახიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების ჩავარდნა უფრო არ იქნებოდა პრობლემა, თუმცა აქვე დასძენს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან თავიდანვე არ უნდა მომხდარიყო ამ ცვლილებებზე ამხელა ფსონის დადება და იმის თქმა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც ისინი აუცილებლად გაიტანენ. ექსპერტის თქმით, ამით ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ მისცა იმის საშუალება, რომ ილაპარაკოს იმაზე, თუ როგორი ერთიანია „ნაციონალური მოძრაობა“. კახი კახიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგზე ეს დათმობა ძალია ცუდად აისახება.

„ქართულ ოცნებას თუ აქვს რეიტინგი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი, მაგრამ იმდენი პრობლემა გროვდება, ივანიშვილს მისი გუნდის წევრები სხვადასხვა საკითხებში სერიოზულ პრობლემებს უქმნიან, ისე ხდება რაღაც საკითხების ლობირება და თემების ისე მიტანა ბიძინა ივანიშვილთან, როგორც თვითონ აწყობთ. როგორც მივხვდი, რეალურად ივანიშვილის ნდობით ბოროტად სარგებლობენ. ძალიან ბევრი თემა დაგროვდა საზოგადოებაში ისეთი, რომელზეც უმრავლესობა შემდგომში ივანიშვილისკენ იშვერს ხელს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ივანიშვილი შეცდომაში შეჰყავთ. აქაც იგი შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც თავიდან განაცხადეს, რომ აქვთ საშუალება სარეიტინგო კენჭისყრის გარეშეც მიიღონ ეს ცვლილებები, რადგან ვიღაცეები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფარულად უჭერენ მხარს“, - ამბობს კახიშვილი.

მისი თქმით, ყურადღების გამახვილება იმაზე, დაითხოვს თუ არა პრეზიდენტი მთავრობას, საჭირო არ იყო, რადგან სააკაშვილი ამ მთავრობას არავითარ შემთხვევაში არ დაითხოვდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამას გამბედაობა სჭირდება, რაც სააკაშვილს არ გააჩნია.

კახიშვილის განცხადებით, სააკაშვილმა ამ ხუთი თვის განმავლობაში მოახერხა ის, რომ მიუხედავად მისი 9-წლიანი უსამართლო მმართველობისა, დღეს თავი დაიმკვიდრა, როგორც მნიშვნელობით მეორე პოლიტიკურმა ძალამ, რომლის გარეშეც გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხდება. კახი კახიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის გარემოცვა სააკაშვილს ამ პროცესში ყოველდღე ეხმარება და სააკაშვილი სულელი არ არის, რომ ხელი მოაწეროს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის გამოც ხალხის პროტესტი წალეკავს. ექსპერტი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ არის კოორდინაცია და მეტიც, ყოველდღიურად ქმნიან ისეთ პრობლემებს, რომლებთან დაკავშირებითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ წინასწარ აქვს გამარჯვების შანსი და მას მაინც ამარჯვებინებენ და ძალის დემონსტრაციის საშუალებას აძლევენ. კახიშვილი ეჭვობს, ხომ არ კეთდება შეგნებულად ისე, რომ ქვეყანაში რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი დარჩეს, ხოლო დანარჩენების მარგინალიზაცია მოხდეს ხელოვნურად.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღით კმაყოფილი იქნება დასავლეთი, რადგან პოლიტიკურმა ცხოვრებამ მშვიდობიანი გეზი აიღო, რაც მისი თქმით, მისასალმებელია. ექსპერტი ფიქრობს, რომ 135 ხმით ცვლილებების მიღება იმის დამსახურებაა, რომ მანამდე სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდა, რადგან უმცირესობამ მთელი თავისი რესურსი ამ ინიციატივას დაუთმო. რამაზ საყვარელიძეს უჭირს იმის თქმა, როგორ გადანაწილდებოდა ხმები, სარეიტინგო კენჭისყრა რომ არ ჩატარებულიყო.

„მიჭირს ამის თქმა, რადგან მაინც ეჭვი მაქვს, რომ უმრავლესობას გარკვეული რესურსები ჰქონდა და ძალაზე რომ წასულიყო საქმე, მას შეეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის მიეღწია, მაგრამ არ წავიდა პროცესის გამწვავებაზე. „ნაციონალებს“ სწორედ ამის ჩვენება უნდოდათ, რომ სარეიტინგო კენჭისყრაში არ უჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ იურიდიულ კენჭისრყაზე დაუჭერდნენ მხარს. ეს თამაში იყო საიმისოდ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კმაყოფილი ყოფილიყო და პოლიტიკური სახე შეენარჩუნებინა. უმრავლესობამ მათ ამის საშუალება მისცა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მას ეეჭვება, რომ ეს საკითხი იმდენად მტკივნეული იყოს საზოგადოებისთვის, რომ მმართველი გუნდის დათმობამ, მისი გაღიზიანება გამოიწვიოს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგში შესაძლოა, საზოგადოებისთვის მცირეოდენი კითხვისნიშნები გაჩნდეს, მაგრამ მეორე მხრივ, საზოგადოებისთვის ისიც ცხადია, რომ ეს მშვიდობიანი პოლიტიკური ცხოვრების პირობა იყო და ამ პირობას საზოგადოება, სავარაუდოდ, დაეთანხმება.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გადაწყვეტილების ფონზე აზრს კარგავს 19 აპრილი და ის ჩანაფიქრები, რომლებიც აქამდე იყო გაჟღერებული და რაც მოსახლეობას ძალიან ანერვიულებდა. მე მგონი საზოგადოება იმით იქნება კმაყოფილი, რომ ამ გადაწყვეტილების ფონზე დესტაბილიზაცია პრაქტიკულად მინიმუმამდე დადის“, - აღნიშნავს ექსპერტი.

პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ თუ უმცირესობა და უმრავლესობა შეთანხმდნენ, რომ უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდა, აქ სარეიტინგო კენჭისყრას უკვე სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა.

„სარეიტინგო კენჭისყრა რომ ჩატარებულიყო იმ პირობებში, როდესაც უმცირესობასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება მიღწეული არ იყო, მაშინ მას რა თქმა უნდა, სულ სხვა დატვირთვა ექნებოდა. ახლა ამას ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა. ეს იყო იმის დაფიქსირება, რომ უმცირესობა სინამდვილეში ამ ცვლილებებს არ ეთანხმება, მაგრამ მისი მხარდაჭერის გუნდური გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო იმის დემონსტრაცია, რომ მხარდაჭერა იმის შედეგი კი არ იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი წევრები გადაიბირა, არამედ თავად „ნაციონალებმა“ მიიღეს ეს გადაწყვეტილება“, - ამბობს გოგი ხუციშვილი.

მისი თქმით, უმრავლესობის გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ყველას ესმის, რომ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე „ქართული ოცნების“ რეიტინგი და პრესტიჟი. ამიტომ ამ მნიშვნელოვანისთვის მმართველმა გუნდმა რაღაც გაწირა.