პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საპარლამენტო უმრავლესობას ურჩევს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩაატაროს და „ნაციონალურ მოძრაობას“ წელში გამართვის საშუალება არ მისცეს.
როგორც for.ge-ს ცინცაძემ განუცხადა, დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებით, დიდი საპარლამენტო ოთხწლიანი ბატალიების - ხმებზე ნადირობის სეზონი იწყება და ადგილი ძალთა თანაფარდობის მოსინჯვას აქვს.
მისი თქმით, ნაციონალების შეთავაზება - სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებასთან დაკავშირებით, მომავალში პიარის ინსტრუმენტად იქცევა.
„ამ ცვლილებებს გინდ დათანხმდნენ, გინდ არა, რადგან ამით არაფერი იცვლება. ხელისუფლების ადგილას უარზე ვიქნებოდი. შეფასებებს აკეთებენ, რომ თითქოს სააკაშვილს სურს, გაიგოს ვინ არის მოღალატე, რის გამოც ამ კენჭისყრის ჩატარება უნდა, რაც სისულელეა, რადგან მან ძალიან კარგად იცის, ინიციატივის მხარდაჭერისთვის თუ ვინ არის მზად. ეს სააკაშვილმა გუშინ კი არ გაიგო, არამედ მან ეს პირველი ოქტომბრის შემდეგაც იცოდა, როდესაც არჩევნები წააგო. საარჩევნო სიები სწორედ მის მიერ შედგა და ეს სელექციის ბრალია. გამსახურდიათი დაწყებული - სააკაშვილით დამთავრებული სწორედ სელექცია იყო აქილევსის ქუსლი. გადახტომ-გადმოხტომები, ანუ მედროვეები ყოველთვის იყო და დღესაც ძალიან ბევრნი არიან როგორც ხელისუფლების ორგანოში, ასევე ნაციონალებში და ვინაიდან, მათი დრო წავიდა, ისინი „ოცნებაში“ მირბიან“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
ცინცაძის შეფასებით, ნაციონალებს სურთ, უმრავლესობას დაანახონ, რომ ეს ძალა არის უმცირესობა და მათი თანხმობის გარეშე, უმრავლესობა ვერცერთ პრინციპულ საკითხს ვერ გაიტანს.
„ადგილი აქვს თვითდამკვიდრების მცდელობას, მაგრამ რაში აწყობს ხელისუფლებას რომ უმცირესობას თვითდამკვიდრებაში ხელი შეუწყოს?! თავად უმრავლესობის ლიდერები აღიარებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აგროვებენ და სწორედ ამიტომ, მათ ოპოზიციონერები სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას სთავაზობენ, რასაც მომავალში, მათ არაერთხელ დააყვედრებენ. კერძოდ, ეს იქცევა პიარის ინსტუმენტად - აი, როცა უმრავლესობას დასჭირდა, ჩვენს პრინციპულ პოზიციაზე უარი ვთქვით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ჩვენი ხმებიც დავუთმეთ. ეს საკითხი გავა თუ არა, ეს არ არის პრინციპული, არამედ ის, მხარდაჭერა უღირს თუ არა უმრავლესობას იმად, რომ უმცირესობა საკუთარ ძალებში დარწმუნდეს და ამაში ქვეყანაც დაარწმუნოს?!“, - აღნიშნავს ცინცაძე.
პოლიტოლოგის მოსაზრებით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ, შიდა პოლიტიკური ბრძოლა იხსნება.
„ეს არის ძალების პირველი მოსინჯვა ძალთა თანაფარდობისა. დღეს, დიდი საპარლამენტო ოთხწლიანი ბატალიების - ხმებზე ნადირობის სეზონი იხსნება. ხმების არმოგროვების ფაქტი არ არსებობს და თუ მოგროვების ფაქტი უმცირესობის დახმარებით შედგა, მაშინ რა საკვირველია უმცირესობა წელში გაიმართება და თავის ძალებში დაარწმუნდება, რაც უმრავლესობის ინტერესი არ არის. ფაქტია, რომ სააკაშვილს თავისი არასწორი პოლიტიკა ბუმერანგად დაუბრუნდა და მას პარლამენტში ხუთი-ექვსი ერთგული თანამებრძოლიღა დარჩა. დანარჩენები კი მოქმედებენ ამერიკული პრინციპით - „შეუძლებელი არაფერია, მთავარია რა ეღირება ეს“. ანუ, რა ეღირება აქეთ-იქეთ გადმოხტომა. ნათქვამია, „ჩიტი ბრღვნად არ ღირსო“ და ამ ნაბიჯის გადადგმა მართლაც არ ღირს, ეს სატესტო საკითხია და ეს იქნება პიარის თემა, ცოტა დემაგოგიისაც და უმცირესობა უმრავლესობას ყოველთვის წამოაძახებს, რომ უძლურები იყავით და ჩვენ დაგეხმარეთ“, - განუცხადა for.ge-ს ცინცაძემ.
საკითხზე საუბრისას, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ყურადღებას მმართველი გუნდის გეგმაზე ამახვილებს.
„გააჩნია, უმრავლესობას როგორი გეგმები აქვს. ამ საკითხზე, იზოლირებულად მსჯელობა ძნელია, მაგრამ თუ უმცირესობა ამ ცვლილებას არ დათამხდება, ნაციონალებმა შეიძლება მთლიანი სახე დაკარგონ, რომელზედაც სააკაშვილი საუბრობდა. გააჩნია, პოლიტიკური ბრძოლის როგორი გეგმა აქვს „ქართულ ოცნებას“. კერძოდ, რომელი გეგმიდან აირჩევენ ერთ-ერთს“, - განუცხადა for.ge-ს საყვარელიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას დათანხმდება, თუ ვა-ბანკზე წავა, ეს დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი, როდესაც 14:00 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება. თუმცა მმართველ გუნდში არსებულ უთანხმოებაზე ოპოზიციონერები უკვე საუბრობენ.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის მტკიცებით, უმრავლესობაში სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი.
„საგანელიძის მომხრეები ხელების გრეხვის პოლიტიკას აგრძელებენ და სარეიტინგო კენჭისყრას მხარს არ უჭერენ, ხოლო უსუფაშვილის და მისი მომხრეების განცხადებებში იგრძნობა, რომ ისინი თანხმობას აცხადებენ. უკვე კარგად გამოიკვეთა, რომ არის ორი მიმართულება. ვფიქრობ, რომ უსუფაშვილი მათ დარწმუნებას შეძლებს და სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდება“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
ოპონენტის განცხადებას არასერიოზულად უყურებს თინა ხიდაშელი და ამბობს, რომ აბსურდებზე კომენტარის გაკეთება არ ახასიათებს.
„ცვლილებებს სჭირდება იმდენი ხმა, რამდენიც არის საქართველოს პარლამენტში, ან იქნება კენჭისყრის დღეს. ამაში გასარკვევი არაფერი არის. ცვლილებების განხილვა თებერვლიდან მარტამდე იმიტომ გადაიდო, რომ კონსესუსი შემდგარიყო და თუ სხდომათა დარბაზში, ეს კონსესუსი შედგა, ეს იქნება ყველაზე კარგი, რაც აქამდე იყო. იმედი მაქვს, რომ ეს შეთანხმება პარლამენტის ტაბლოზე აისახება. თუმცა, პროგნოზით არ ვარ დაკავებული - ღამე, ვინ რა სიზმარს ნახავს, ან ვისთან რა სატელეფონო ზარს განახორციელებს“, - აცხადებს დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე თუ სარეიტინგო კენჭისყრა გაიმართება, მას ასეთ შემთხვევაში მხარს, უმცირესობის მხრიდან თანანმდებობის პირები დაუჭერენ. კერძოდ, ფრაქციის თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები, უმცირესობის ლიდერი და ვიცე-სპიკერი.
შეგახსეებთ, რომ ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული, თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს. ასევე, ცვლილებებით, თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობა ვერ მიიღო, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს ითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს, თუმცა პრეზიდენტის ეს უფლება იმ შემთხვევებზე არ ვრცელდება, როცა ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუცია პარლამენტის დათხოვნის უფლებას არ აძლევს. ამას გარდა, ინიციატივით, პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნა ეკრძალება. ასევე, ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის ამკრძალავი ნორმის კორექტირებაც და კონსტიტუციაში კონკრეტდება, რომ პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე.
რაც შეეხება სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების საკითხს, რეგლამენტით, ამაზე გაწყვეტილებას სხდომის თავმჯდომარე იღებს.