„ბერიას სტილში ხალხის დაჭერასა და დაშანტაჟებას ნუ გვთხოვენ“

„ბერიას სტილში ხალხის დაჭერასა და დაშანტაჟებას ნუ გვთხოვენ“

საქართველოს პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების თაობაზე, ეს ამ დრომდე, უცნობი რჩება, თუმცა, ამ მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არც ახალქალაქის საკრებულოს მიუმართავს.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციების საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს ეთნიკურ ზონებში ხელებს ნუ აფათურებს.

როგორც for.ge-ს ზაქარეიშვილმა განუცხადა, ეს ძალიან სახიფათო თამაშია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა.

მისი თქმით, კოჰაბიტაციურ რეჟიმში, ჯავახეთსა და ქვემო ქართლში უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს სააკაშვილის მიერ გაჟღერებული პოზიცია, რომ თითქოს, ამ რეგიონებში რაღაც პრობლემებია.

„იმედია, სააკაშვილის ამ ქცევას „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ნაწილი არ იზიარებს, თუმცა თუ ეს ასე არ არის, მაშინ ძალიან მძიმე ფაქტთან გვაქვს საქმე და ამ ძალას პოლიტიკური მომავალი არ აქვს, რადგან არ შეიძლება აკრძალულ ზონებში ხელები აფათურო. ეს საკითხი კი, განსახილველია და თუ ამ თემის განხილვა იქნება, წარდგენილი იქნება როგორც არგუმენტები, ასევე კონტრარგუმენტები. ცალსახად ვამბობ, რომ ამ ქარტიის რატიფიცირება თუ არ მოვახდინეთ, ევროპაში ინტეგრირებისთვის ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ამას გარდა, პაატა ზაქარეიშვილი ჯავახეთთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბოლო დროინდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადება, რომ თითქოს, ცხრა წლის განმავლობაში, სიტუაციას აკონტროლებდნენ, მტკნარი და არაკეთილსინდისიერი სიცრუე, რადგან ახალქალაქის საკრებულოს 2007 წლის 28 ივლისის დადგენილება აქვს მიღებული, სადაც ამ საკითხზე საუბარია.

„ამ დოკუმენტს თან ხელმოწერები ერთვის და ეს ხალხი ამბობს, რომ მათზე დაიწყო სასტიკი დევნა. მერაბიშვილმა რაც თქვა, რომ იზოლაცია მოვახდინეთო, ეს არის მთავრობის განცხადება, რომელიც ევროპისკენ მიდიოდა. მათ ამ საკითხზე საუბარი მაშინ რომ დაეწყოთ, ეს საკითხი უკვე მოგვარებული იქნებოდა. დღეს ვიღაცეებს ედავებიან, რომ თითქოს, ახალქალაქიდან რაღაც მიმართვა წამოვიდა. დავუშვათ მიმართვა იყო, თუმცა, მიმართვასა და დადგენილებას შორის დიდი სხვაობაა. დადგენილება არის დაკანონებული პოზიცია, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ მომართვის ტექსტი არავის უნახავს, რაც მოხდა, ნაადრევი იყო, რადგან სჯობდა, რომ კონსულტაციები ხელისუფლებასთან გაევლოთ. თუმცა, ის რომ რაღაცეები საჯარო გახდა, ეს იმაზე მეტყველებს კარგად, რაც მე წავიკითხე. კიდევ კარგი მერაბიშვილთან კავშირი არ გვაქვს. ნუ გვთავაზობენ ბერიას სტილში ხალხის დაჭერასა და დაშანტაჟებას. სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოს მხარში მაშინ ედგნენ, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და მაშინ, მათ ზურგში დანა არ დაგვარტყეს და ჩვენთან ერთად გაჭივრება მოითმინეს. შესაბამისად, მათგან არაფერია მოსალოდნელი და ზოგიერთი პოლიტიკოსი აქედან იქ ამღვრევდა წყალს“, - აცხადებს მინისტრი.

ახალი მთავრობის ხედვებს არ იზიარებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია.

როგორც for.ge-ს მალაშხიამ განუცხადა, მინისტრი ცალსახა პოზიციას არ აფიქსირეს და ის ხან ერთ ამბობს, ხან მეორეს.

„მას აშკარად გაორება აქვს. თუმცა, არამარტო ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ მან თავისი სტატუსიც ვერ გაითავისა. ისინი ამბობენ, რომ ევროსაბჭოსგან 1999 წელს ვალდებულებები ავიღეთ და ამის გამო 2013 წელს, სომხური ენისთვის სტატუსი მინიჭება უნდა მოხდეს. 14 წელი, რას ელოდებოდნენ?! ეს ყველაფერი დღეს წარმოშობილი პრობლემაა. რაც ეხება ქარტიას, იქ სულ სხვა რამეზეა საუბარი. კერძოდ, სტატუსის მინიჭება იმ ენებისთვის უნდა მოხდეს, რომლებიც კვდომის ეტაპზე არიან. ეს გავრცელდება აფხაზურ ენაზე და არა სომხურზე, რომელსაც სახელწმიფო გააჩნია“, - აცხადებს მალაშხია.

კანონმდებელის შეფასებით, წინა ხელისუფლებას ამ ადამიანების ინტეგრირება სურდა და თუ მათ ქართული ენა არ ეცოდინებათ, ეს მათთვის იქნება ცუდი.

 „ვინც სეპარატიზმს აღვივებდა, მას ციხეში ვათავსებდით, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა. რეგიონალური სტატუსის თაობაზე საკითხს, აქამდე არცერთი ევროპელი ლიდერი არ სვამდა, მაგრამ თუ ამ საკითხს ახლა დასვამენ, ეს სწორედ იმიტომ მოხდება, რომ იქ სეპარატისტული მოძრაობა გაღვივდა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ციხიდან ისეთი ადამიანები გაუშვეს, რომლებსაც ამის გამო იზოლაციაში იყვნენ. ადამიანები, რომლებიც ბერ-მონაზვნებს სცემდნენ, მათ ვაპატიმრებდით, რადგან ასე იქცევა თავმოყვარე ერი, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება პირიქით იქცევა“, - დასძინა მალაშხიამ.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს სიღრმისეულად უყურებს კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე.

როგორც for.ge-ს არეშიძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პოლიტიკურ თამაშს საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით იყენებს და ჰგონიათ, რომ ეს ეფექტურია.

„ამბობენ, რომ აი, ჩვენ ამას წლების განმავლობაში არ ვაკეთებდით, ხოლო ესენი აკეთებენ. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ 90-იანი წლების ბოლოს ინსპირირებული და ასეთ გადაწყვეტილებებს, ჯავახური ორგანიზაციები მათი ხელისუფლების პერიოდშიც იღებდნენ, უბრალოდ, ისინი ამას მალავდნენ. პრობლემა არის სერიოზული, მაგრამ კონტრარგუმენტები არსებობს. ჯერ ერთი, იმ ქარტიაში წერია, რეგიონული ენის სტატუსის განსაზღვრა უნდა მოხდეს ისე, რომ სახელმწიფო ენა არ შეიზღუდოს. დღეს კი, ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ეს სახელმწიფო ენა შეზღუდულია ადგილობრივი ჩინოვნიკების დიდი ნაწილი ამ ენას ვერ ფლობს. ამიტომ, ჯერ უნდა გავამყაროთ სტატუსი სახელმწიფო ენისა და მერე რეგინალურ ენაზე ვილაპარაკოთ. რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშველოვან ნიუანსს - ვერსად ვხედავ განსაზღვრებას - თუ რას ნიშნავს რეგიონალური ენის სტატუსი და რომელი ენა განეკუთვნება რეგიონალურ ენებს. სჯობს, ჯერ დასავლელ კოლეგებთან გავარკვიოთ თუ რას ნიშნავს რეგიონალური ენა და მერე ვილაპარაკოთ ამაზე“, - აცხადებს კონფლიქტოლოგი.

მამუკა არეშიძის მოსაზრებით, რეგიონალური ენა არის ის ენა, რომელზეც ლაპარაკობენ კონკრეტულ რეგიონში, სხვაგან არსად და ეს ენა იღუპება.

„სხვათაშორის, ამ თვალსაზრისით, ამ სტატუსის მიღების მეგრულს უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს, რადგან არსებობს სახელმწიფო სომხეთი და აზერბაიჯანი, სადაც ამ ენაზე ლაპარაკობენ. ეს ყველაფრი განსასაზღვრია, მაგრამ ამას ისტერია არ სჭირდება, არამედ ამას ქართველი სპეციალისტების ჩართვა და მსჯელობა სჭირდება თუ როგორ შეიძლება ამას მივუდგეთ. ეს დოკუმენტი, მის რატიფიცირებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ხელმოწერილიც კი არ არის“, - განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის საკრებულომ ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ ინიციატივით, 14 მარტის სხდომაზე, რეზოლუცია მიიღო - სომხური ენის სტატუსის შესახებ, რასაც მხარი საკრებულოს ნაციონალმა დეპუტატებმაც დაუჭირეს.