ვანო მერაბიშვილი თავად ცდილობს სამცხე-ჯავახეთში სეპარატისტული მოძრაობების ინსცენირება მოაწყოს. ამის შესახებ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში განცხადება „ქართული ოცნების“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წარმომადგენლებმა, გიორგი ელიბეგოვმა და არმენ ფარმანიანმა გააკეთეს. ელიბეგოვის განცხადებით, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურები და განსაკუთრებით, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ანტისომხურ კამპანიას ეწევიან და ცდილობენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან ყურადღება ამ თემაზე გადაიტანონ.
„ორი კვირის წინ ვანო მერაბიშვილი ჩასული იყო ახალციხეში, საიდანაც გადაინაცვლა ახალქალაქში და იქ დაიგეგმა ეს ბინძური კამპანია. მასთან მისულები იყვნენ სამველ პეტროსიანი, დავით ვექილიანი და არამ სანოსიანი. სწორედ ამ ადამიანებთან ერთად დაგეგმა მერაბიშვილმა ეს პროვოკაციული განცხადება. სინამდვილეში არანაირ სეპარატიზმს ადგილი არ აქვს. უბრალოდ მერაბიშვილმა თავის აგენტს, დავით ვექილიანს შესთავაზა, რომ საკრებულოში რეგიონული ენის თემა „შეეგდო“. სინამდვილეში საუბარია 1999 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიკაციაზე. ვექილიანმა საკრებულოში სწორედ ეს მოთხოვნა დააყენა“, - აცხადებს გიორგი ელიბეგოვი.
მისი განმარტებით, იმაზე საუბარი, რომ თითქოს ახალქალაქის საკრებულოში ამ დოკუმენტის რატიფიცირების მოთხოვნა „ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ კი, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ წამოაყენა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ელიბეგოვი აცხადებს, რომ როდესაც ასეთი საკითხების წამოყენება ხდება, ეს თემები ჯერ კოალიციაში ხდება განხილვის საგანი, ამ შემთხვევაში კი მსგავსი განხილვა არ ყოფილა. კოალიციის წევრი აცხადებს, რომ არც ის დოკუმენტი უნახავს, რომლითაც გავრცელებული ინფორმაციით, ახალქალაქის საკრებულომ პარლამენტს მიმართა. ამასთანავე, გიორგი ელიბეგოვი აცხადებს, რომ ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ჰამლეტ მოვსესიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საკრებულოში უმრავლესობა სწორედ „ნაციონალებს“ აქვთ. ელიბეგოვის განმარტებით, ახალქალაქის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ სულ სამი წარმომადგენელი ჰყავს. ესენი არიან გრიგორ მანუშიანი, ხვიჩა ხმალაძე და უშანგი ოქრუაძე და არც ერთი მათგანი არ დასწრებია იმ სხდომას, რომელზეც ზემოთხსენებული დოკუმენტი იყო მიღებული.
„ეს ყველაფერი 19 აპრილის აქციისთვის მზადებაა. ვანო მერაბიშვილმა ანტისომხური კამპანია ააგორა და უნდა, რომ ამით აქციაზე ცოტა უფრო მეტი ქართველი მიიყვანოს. არაფერი არ გამოუვა. ამაზე უფრო რთული დოკუმენტებიც რომ მიიღოს პარლამენტმა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის სიმსივნე, რომელიც ქართულ საზოგადოებას უნდა მოშორდეს“, - ამბობს ელიბეგოვი.
მისი თქმით, ახაქალაქის საკრებულოს წევრები, რომლებმაც ეს ინიციატივა წამოაყენეს და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები არიან, სინამდვილეში „ნაციონალები“ არიან და ამიტომ მათ მიერ მიღებული დოკუმენტი კოალიციის მიერ ინიცირებული არ არის.
ელიბეგოვი საპარლამენტო უმცირესობის წევრების იმ განცხადებებსაც პასუხობს, რომელთა თანახმად, სამცხე-ჯავახეთში სეპარატისტული მოძრაობები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ვაჰაგნ ჩახალიანი გამოვიდა ციხიდან. ელიბეგოვი განმარტავს, რომ ჩახალიანი განთავისუფლდა არა როგორც პოლიტპატიმარი, არამედ ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად და ვერავინ ჩაწერდა ამ კანონში, რომ ის მაინცდამაინც ჩახალიანს არ უნდა შეხებოდა. ელიბეგოვი ტყუილს უწოდებს საპარლამენტო უმცირესობის ამ განცხადებებს და ამბობს, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და კერძოდ, ვანო მერაბიშვილმა გააქტიურა ეს თემები, რადგან მერაბიშვილმა კარგად იცის ეს რეგიონი, იცის მისი სუსტი წერტილები და ყველანაირად ცდილობს, რომ გარკვეული პროვოკაციები მოაწყოს. ელიბეგოვის განმარტებით, ასეთი კონფლიქტების ინსპირირებით „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რეგიონში ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ეს ვერ გამოუვა. გიორგი ელიბეგოვი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე, ამირან მესხელი სრული ტერორით და ხალხის დაშინებით ინარჩუნებდა „ნაცმოძრაობის“ ძალაუფლებას რეგიონში, ახლა კი ხალხმა შვებით ამოისუნთქა და გაუქრა იმის შიში, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის გამო ვინმე დასჯის.
და ბოლოს, გიორგი ელიბეგოვი ამბობს, რომ სეპარატიზმი ვითარდება იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები თავს დაჩაგრულად და უფლებაშეზღუდულად გრძნობენ, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხები კი დაჩაგრულად თავს არ მიიჩნევენ და კომფორტულად გრძნობენ თავს.
არმენ ფარმანიანი კი განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს რეგიონის წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა და საუბარი რეგიონული ენების ევროპულ ქარტიასაც შეეხო. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ქარტიაზე სამუშაოდ სპეციალური ჯგუფი შეიქმნებოდა და ეს საკითხი ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით გადაწყდებოდა. ახლა კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს თემა მოულოდნელად გააქტიურა.
„ისინი ხედავენ, რომ მთელი რეგიონი გახარებულია, რადგან ხელისუფლებაში მოვიდა ისეთი ძალა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე და დემოკრატიის განვითარებაზე იქნება ორიანტირებული. ამიტომაც ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა ჩვენთან თანამშრომლობს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ასეთი პროვოკაციების აგორებით ცდილობს, რეგიონში არეულობა შექმნას და ამით იქ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ისინი აცხადებენ, რომ თითქოს ჩვენ საკრებულოს „ნაციონალი“ წევრების გადაბირებას და დაშანტაჟებას ვცდილობთ. მინდა გითხრათ, რომ ახალქალაქის საკრებულოში მხოლოდ სამი წევრი გვყავს და არ გვაქვს იმის ძალა, რომ საკრებულოში რაიმე გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება მოვახდინოთ. ჩვენი რომ შესაბამისი ძალა გვქონდეს, აქამდე გადავაყენებდით საკრებულოს თავმჯდომარეს“, - აცხადებს არმენ ფარმანიანი.
მისი თქმით, საკრებულოს წევრები 2010 წელს ვანო მერაბიშვილის ხელდასმით დაინიშნენ. ამიტომ ფარმანიანი ამბობს, რომ ახალქალაქის საკრებულოს ლეგიტიმურობა არ აქვს, რადგან მასში ხალხის მიერ არჩეული კანდიდატები არ არიან. მისი თქმით, სწორედ ამ ადამიანებმა მოამზადეს პარლამენტისადმი მიმართვა, რომელსაც ამხელა რეზონანსი მოჰყვა.