საქართველოს ახალი მთავრობა ახორციელებს მისიას, რომ დაარწმუნოს შეერთებული შტატების ჩინოვნიკები და კანონმდებლები დაეხმაროს მათ იმის აღკვეთაში, რასაც თავად აღწერენ, როგორც მოსალოდნელ კონსტიტუციურ კრიზისს, რომელმაც შეიძლება ჩაშალოს საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის მეზობელ ამერიკის მოკავშირე ქვეყანაში.
პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი საპარლამენტო უმრავლესობა, კოალიცია „ქართული ოცნება“, ამბობს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თითქმის აუცილებლად დაითხოვს მთავრობას ოქტომბრის არჩევნების წინ და საკუთარ ხალხს მოიყვანს ხელისუფლებაში. ისინი არწმუნებენ შეერთებულ შტატებს (საქართველოს მთავარ სამხედრო და ეკონომიკურ დონორს, რომელმაც შარშან მისთვის 85 მილიონი დოლარი გაიღო) უთხრას სააკაშვილს, რომ მან მხარი უნდა დაუჭიროს კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც ამას შეუძლებელს გახდის.
„კარგი იქნება თუკი საქართველოს მეგობრები, რომლებიც იმავდროულად სააკაშვილის მეგობრებიც არიან, მისცემენ მას ამ მეგობრულ რჩევას“, განაცხადა The Hill -თან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. „ეს მისი ქვეყნისთვის უკეთესია“.
უსუფაშვილი ვაშინგტონში კვირას ჩამოვიდა და კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავს სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკებთან, ის შეხვდა ასევე ოცამდე კანონმდებელს, მათ შორის რესპუბლიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს, რომელიც სააკაშვილის დიდი ხნის ახლობელია. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებდა დათხოვნის ბერკეტს, თუმცა დღემდე უარს აცხადებს ივანიშვილის მთავრობასთან გარიგებაზე.
„რა თქმა უნდა, ეს უდიდესი კონფლიქტის [პროვოცირებას] მოახდენს“, თქვა უსუფაშვილმა. „ცხადზე უცხადესია, რომ საქართელოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს“.
„მან პირობა დადო, რომ ამ ძალაუფლებას არ გამოიყენებს. თუმცა, ჩვენ საკმარისად ზრდასრულები ვართ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ ასეთი დაპირებები მხოლოდ დაპირებებია. ჩვენი პასუხი ასეთია, „თუკი ამბობ, რომ გაქვს სახიფათო იარაღი ხელში და ეთანხმები იმას, რომ ამ ტიპის იარაღი არ არის ისეთი რამ, რაც დემოკრატიულ პრეზიდენტებს აქვთ მსოფლიოში, რატომ არ ამბობ მასზე უარს?“
ბრძოლამ სააკაშვილს და ივანიშვილს შორის შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ ვაშინგტონამდეც მოაღწია ათობით ლობისტური კომპანიის და პიარ სააგენტოების გზით, რომლებსაც ორივე ქირაობდა. ახალმა მთავრობამ ბევრ მათგანთან კონტრაქტი გაწყვიტა, თუმცა დაიტოვა ორი წამყვანი სამართლის ექსპერტი აშშ-ში – ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორი ლარი ლესინგი და ოჰაიოს ჩრდილოეთის უნივერსიტეტის პროფესორი ჰოვარდ ფენტონი – იმ აზრის ჩამოყალიბებისთვის, რომ სააკაშვილის ძალაუფლება არადემოკრატიულია.
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა მოითხოვა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა განხილულ უნდა იქნას ამნისტიასთან ერთად მთავრობის იმ ყოფილი ჩინოვნიკებისთვის, რომლებსაც კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სხვა ფაქტებში სდებენ ბრალს. პრეზიდენტი ახალ მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი სასამართლოებს ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ, მაგრამ მთავრობის თქმით, ეს იმ წარსული საქმეების გამოძიების გაგრძელებაა, რომელიც სააკაშვილის დროს თაროზე იყო შემოდებული.
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის ვაშინგტონში იმისთვის არის, რომ დაარწმუნოს კანონმდებლები და ობამას ადმინისტრაციის ჩინოვნიკები იმაში, რომ ახალი მთავრობა პატივს სცემს დემოკრატიულ რეფორმებს და არ აპირებს დასავლეთის მიტოვებას რუსეთთან ალიანსისთვის, როგორც ამას სააკაშვილი ამტკიცებს. ამის დასტურად, უსუფაშვილი მიუთითებს გასულ კვირას მიღებულ ორპარტიულ საგარეოპოლიტიკურ დოკუმენტზე, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მისწრფებას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ და გამორიცხავს გაწევრიანებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) – ორიგანიზაციაში, რომელიც ცხრა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს ერთობაა და მიმართულია რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებისკენ.
foreignpress.ge