უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის ემზადება, უმცირესობა დილემის წინაშე დგას

უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის ემზადება, უმცირესობა დილემის წინაშე დგას

მერვე მოწვევის პარლამენტი პირველი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის ემზადება. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს 21 მარტს უყრიან, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 20 მარტის პლენარულ სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა, კენჭისყრა 21 მარტისთვის გადაიდო, რისი მიზეზიც, for.ge-ს ინფორმაციით, უმცირესობაში არსებული უთანხმოებაა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგი ლიდერები ინიციატივის მხარდაჭერას აპირებენ და ცვლილებების მხარდაჭერას საკუთარ თანაგუნდელებსაც სთხოვენ, რის გამოც, ნაციონალები დილემის წინაშე დგანან - ცვლილებებს მხარი ერთობლივად დაუჭირონ, თუ ინიციატივის მიღებას უმცირესობიდან რამდენიმე კადრის გადინება მოჰყვეს.

როგორც For.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კულუარულ საუბარში განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებების მხარდაჭერას ერთობლივად აპირებდა, თუმცა, გასულ კვირას, გადაწყვეტილება თავად მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა და თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირონ.

For.ge-ს ინფორმაციით, ცვლილებების მხარდაჭერას გეგმავენ - პაატა ლეჟავა, დავით ბეჟუაშვილი, ანზორ ბოლქვაძე და სხვა ლიდერებიც, თუმცა, მათი ვინაობის დადგენა ჩვენთვის რთული აღმოჩნდა, რადგან მათ გვარებს უმრავლესობის ლიდერები საგულდაგულოდ მალავენ. ამას გარდა, for.ge-ს ინფორმაციით, ცვლილებებთან დაკავშირებით, ზაზა კედელაშვილმა უმრავლესობაში მყოფ ყოფილ სპორტსმენებს განუცხადა, რომ ინიციატივას მხარს ვერ დაუჭერს, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ სხდომას არ დაესწრება, არც ცვლილებების წინააღმდეგ წავა.

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის ლიდერები საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში დარწმუნებულნი არიან. როგორც ჩანს, მათ დარწმუნების მიზეზს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება წარმოადგენს. კერძოდ, როგორც for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კულუარულ საუბარში განუცხადა, მმართველი გუნდის ლიდერებთან საუბარში პრემიერმა აღნიშნა, რომ „საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაახლოებით 110 დეპუტატი დაუჭერს. თქვენ კი, მხოლოდ 94 ხმის შეგროვება შეძელით“.

საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ამ დრომდე, ნაციონალები პარტიულ თუ პიროვნულ პოზიციებს ასაიდუმლოებენ და საკითხზე საუბრისას, აქცენტს სხვადასხვა ასპექტებზე აკეთებენ.

კერძოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ უმცირესობას დრო კიდევ აქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბდეს.

„როგორც ჩანს, უმრავლესობას ხმები არ ჰყოფნის, რის გამოც, საჭიროა კონსულტაციები ოპოზიციასთან, რაზეც ჩვენ პრინციპული წინააღმდეგობა არ გვაქვს. თუმცა, პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ ის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას არ აპირებს, რომლის მიხედვითაც, მას შეუძლია პარლამენტი დაითხოვოს და ახალი მთავრობა დაშალოს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, ჩვენ ერთიანად მივიღებთ“, - აცხადებს ბარამიძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესს კი, ლევან ბეჟაშვილი - „საპნის ოპერას“ ადარებს.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, ოპონენტთა კონცენტრირება უმნიშვნელო საკითხზე ხდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტზე, ნაციონალები ერთიან პოზიციას დავაფიქსირებთ. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ერთიანი და მას შემდეგ გამჟღავნდება, რაც კენჭისყრის თარიღი გახდება ცნობილი“, - განუცხადა for.ge-ს კანონმდებელმა.

ინიციატივაზე საუბრისას პავლე კუბლაშვილი აქცენტს პოლიტიკურ დევნაზე აკეთებს და აცხადებს, უმცირესობის პოზიცია ერთობლივად გახმოვანდება.

„მიუღებელია ის პროცესი, როდესაც, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ხელების გადაგრეხვითა და დეპუტატთა ზეწოლით ხდება. შესაბამისად, ასეთი ფორმატით ცვლილებების რაიმე შესაბამისობაში მოყვანას, გადაწყვეტილების მიღებას ვერ დავარქმევდი“, - განუცხადა for.ge-ს კუბლაშვილმა.

თანაგუნდელების განცხადებების პათოსს იზიარებს, დავით საყვარელიძეც, თუმცა, კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით, საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანი საკითხი არ არის, რომელიც ასეთ ყურადღებას იმსახურებს.

„ამ საკითხის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არცერთ კვლევებში არ ჩანს. ეს საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ იმ მიზნით წამოწია, რომ დაპირებები გადაეფარა, რომელიც ვერ შეასრულა და ვერც მომავალში შეასრულებს. ფაქტია, რომ ამ თემის აწევა ხელოვნურად მოხდა. თინა ხიდაშელის განცხადებაც ვნახე, სადაც ის დემონური მუხლის შესახებ საუბრობს, რომ თითქოს, პრეზიდენტი მთავრობას დაითხოვს, რითაც ხალხს აგიჟებენ და აგულიანებენ მოსახლეობას“, - განუცხადა for.ge-ს საყვარელიძემ.

დავით საყვარელიძის მსგავსად, გიორგი ვაშაძეც მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საერთოდ უმნიშვნელო თემაა, რომლითაც ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების გადაფარვა სურს.

„ჯერ პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ ეს არის ძალიან უმნიშვნელო თემა. ისინი ისეთი სიტუაციის შექმნას ცდილობენ, რომ თითქოს, ამ ცვლილებებით იწყება საქართველოს აწმყო და მომავალი. ხალხო, ეს ცვლილებები არის აბსურდი და არ მოგატყუონ! საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გადაფარავს სოციალურ პრობლემებს, დასაქმებას, ჯანდაცვას და ა.შ. ფაქტია, რომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება“, - განუცხადა for.ge-ს ვაშაძემ.

უმცირესობის სხვა ლიდერების მსგავსად, აკაკი ბობოხიძეც მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

„თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს უშაულოდ კენჭისყრაზე გამოჩნდება“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ, რომლის მსგავსადაც, აკაკი მინაშვილმა მოგვიწოდა, რომ პლენარულ სხდომას დაველოდით.

„ჩვენს პოზიციას მას შემდეგ გაიგებთ, რაც ეს საკითხი სხდომაზე დადგება“, - განუცხადა for.ge-ს მინაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში მმართველი გუნდის ლიდერები დარწმუნებულები არიან და განცხადებებსაც შემართებით აკეთებენ.

როგორც for.ge-ს ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველოს პარლამენტში თანამშრომლობის ატმოსფერო შექმნას და ხელისუფლებამ ხელის გადაგრეხვის პოლიტიკაზე უარი თქვა.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, რითაც ხალხს დაუბრუნდება უფლება, რომ მისი წარმომადგელობით მთავრობა დაკომპლექტდეს. ეს თემა, ვაჭრობას არ ექვემდებარება და ყველას საკუთარი არჩევანის გაკეთება მოუწევს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა, რომელიც გიორგი ბარამიძის შეფასებას გამოეხმაურა და რიტორიკული კითხვა დასვა - „ვის უჭირს, ეს არის კარგად საკითხავი?!“.

რაც შეეხება იმას, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 20 მარტის ნაცვლად, 21 მარტს რატომ მოხდება, for.ge-ს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინე იმერლიშვილმა ორაზროვანი პასუხი გასცა.

„ჩვენი კოლეგები დაგვპირდნენ, რომ განცხადებას გააკეთებდნენ და მეორე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, არ გვსურს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ამდენ კანონპროექტში ჩაიკარგოს, რის გამოც, ცვლილებებს ხუთშაბათი მთლიანად დაეთმობა და განსხილვები პარასკევსაც გაგრძელდება“, - განაცხადა კანონმდებელმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ინიციატივას უმცირესობაში მყოფი რამდენიმე დეპუტატიც მხარს დაუჭრეს.

„ინიციატივას ნაციონალები დაუჭრენ თუ არა მხარს, არ ვიცი, მაგრამ ინფორმაცია მაქვს, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფის მზაობას აცხადებენ, რომ ცვლილებას მხარს დაუჭერენ. მათ გვარებს კი, არ გეტყვით. ერთი რამ არის მარტივი - რა გვინდა ეს უფლებები მიშას დავუტოვოთ, თუ დემოკრატიისკენ წავიდეთ?!“, - დასძინა უმრავლესობის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს შორის კონსულტაციები ბიუროს დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. თუმცა, ოპოზიცია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ცნობილი ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე დადგომისას გახდება.

რაც შეეხება ცვლილებებს, პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კორექტირება უკვე მოხდა. ცვლილებების ახალი ვარიანტის თანახმად, კონსტიტუციის 80-ე მუხლს 5/1 პუნქტი ემატება შემდეგი შინაარსით - მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მთავრობის მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობა ვერ მიიღო, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს ითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს, თუმცა პრეზიდენტის ეს უფლება იმ შემთხვევებზე არ ვრცელდება, როცა ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუცია პარლამენტის დათხოვნის უფლებას არ აძლევს. როგორც ცნობილია, ამ მხრივ მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და ძალაში ტოვებს ნორმებს, რომლითაც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნა ეკრძალება. ამასთან, ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის ამკრძალავი ნორმის კორექტირება და კონსტიტუციაში კონკრეტდება, რომ პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე.