შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. მინისტრი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი 19 აპრილის აქციაზე გარკვეული პროვოკაციებია მოსალოდნელი. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ 19 აპრილის აქციის თაობაზე წარმოდგენები ძალიან გაზვიადებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს, დაიცვას წესრიგი.
„თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, ეს თავშივე იქნება აღკვეთილი და ყველა პროვოკატორი იქნება დასჯილი. ჩვენ ნებისმიერ პროვოკაციას გავუმკლავდებით“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, შსს–ს ინფორმაცია აქვს რეგიონებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც და ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურები თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდებენ, 19 აპრილის აქციისთვის თბილისში ჩამოსვლისკენ. მინისტრის თქმით, მისი უწყებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გამართავს აქციას, რადგან ნაციონალების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რომ აქცია გამართონ, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღეს წესრიგს დაიცავს.
მინისტრმა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის „112“–ის მომსახურების საფასურის გადახდის წესზეც გააკეთა განაცხადება. მისი თქმით, ასეთი სამსახურის ამ წესით დაფინანსება მიღებული პრაქტიკაა და ამის მაგალითად მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატები დაასახელა. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ამ სამსახურის დაფინანსების წესი სწორია და მისი გადახედვა არ იგეგმება.
მინისტრმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის წევრების განცხადებებზე, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება უკიდურესად გამწვავებულია. იგი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობს მოსახლეობაში ასეთი ხმები გაავრცელოს.
„გუშინ გია ბარამიძე ამბობდა, რომ თითქოს, მშობლები შვილებს მოუწოდებენ, სახლიდან არ გავიდნენ და მსგავსი მუქი ფერებით დახატული ვითარება წარმოადგინა. ეს სისულელეა და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს. მე მგონი მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რეალურად რა ხდება. ეს დაძაბულობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმით, რომ უპრეცედენტო ამნისტიის შედეგად ციხეებიდან დაახლოებით 8000 ადამიანი განთავისუფლდა. ამას დაემატა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 2000–მდე ადამიანი, რომელთა შორის მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული კრიმინალებიც არიან, მაგრამ მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პირადად მე, როგორც მინისტრი, სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას და პასუხისმგებელი ვართ მასზე. ის ხმები, რომ თითქოს, კრიმინოგენური ვითარება დაიძაბა, აბსურდია“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, გასული წლის ოქტომბერში გარკვეულწილად იყო კრიმინალი მომატებული, მაგრამ დეკემბრიდან ვითარება დასტაბილურდა და დანაშაულის გახსნის ოდენობამაც იმატა. აქვე მინისტრს მოჰყავს სტატისტიკა იმის საილუსტრაციოდ, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიმინალის ოდენობა არ გაზრდილა. კერძოდ, ღარიბაშვილის თქმით, 2007 წლის იანვარში დანაშაულის საერთო რაოდენობა 5 181–ს შეადგენდა, 2013 წლის იანვარში კი ამ მაჩვენებელმა 3900 შეადგინა. 2007 წლის თებერვალში იყო – 5300, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში – 3800. მინისტრის განმარტებით, ასევე მაღალი იყო ეს მაჩვენებელი 2008–2009 წლებში, ხოლო 2010–2011 წლებში ვითარება შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ მაინც წლევანდელი მონაცემები წინა წლების მონაცემებზე ბევრად ნაკლებია. მინისტრი აღნიშნავს, რომ მისი პრინციპია, არ მოხდეს დანაშაულის დამალვა.
„მოგეხსენებათ, ჩვენამდე როგორ ხდებოდა დანაშაულის სელექცირება და მისი გაშუქება. ჩვენ არც ერთ ინფორმაციას არ ვმალავთ, ვართ აბსლუტურად გახსნილი და გამჭვირვალე პოლიტიკას ვაწარმოებთ. ჩემს მიერ წარმოდგენილი მონაცემები იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობამ რეალური სურათი დაინახოს. დანაშაულის ოდენობა 2007–2008 წლებში 50–60%–ით მეტი იყო, ვიდრე ახლა. რაც მთავარია, გვაქვს სერიოზული კლება და გახსნადობის მაჩვენებელიც საკმაოდ მომატებულია“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მან იმ ამნისტირებულ ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებმაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ დანაშაული ჩაიდინეს. მინისტრის თქმით, 150–მა ამნისტირებულმა და შეწყალებულმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, მათგან 80–მდე იყო ამნისტირებული, ხოლო დანარჩენი პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული. შინაგან საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ მიმართავს ამნისტირებულ პირებს, რომ თითოეული მათი დანაშაულებრივი ქმედება იქნება გამოძიებული და უმკაცრესად დასჯილი.
მინისტრის თქმით, ტყუილია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამცხე–ჯავახეთში ვითარება დაძაბულია. მინისტრი აცხადებს, რომ რეგიონში სიმშვიდეა და ამ ინფორმაციის გავრცელებაც მიზანმიმართულად ხდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის თემაზეც ისაუბრა. იგი ეწინააღმდეგება ლიბერალიზაციას. მინისტრის თქმით, იმ ფონზე, როდესაც კუსტარული ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებია გახშირებული და ეს ნარკოტიკები დაჩქარებულ ვადებში სიკვდილიანობას იწვევს, ამ ფონზე დეკრიმინალიზაციის გამოცხადება ნარკოდანაშაულს წაახალისებს. მინისტრი განმარტავს, რომ უახლოეს მომავალში 400–მდე პრეპარატის (რომლებიც აფთიაქებში თავისუფლად იყიდება) ჯანდაცვის სამინისტროსთან კოსულტაციების შედეგად რეცეპტის გარეშე გაყიდვა უახლოეს ხანში აიკრძალება.
შს მინისტრი ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბნეულობაა, ხოლო მინისტრი სამინისტროს ძველ შენობაში გადავიდა. ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ მას ორი სამუშაო კაბინეტი აქვს, ერთი სამგორში განთავსებულ ახალ შენობაში, ხოლო მეორე – ორთაჭალაში, ძველი სამინისტროს შენობაში.
„რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მე მგონი ის საერთოდ არაადეკვატური გახდა. როგორც ჩანს, ძალიან ნერვიულობს. მან ნერვიული სტრესი მიიღო მაშინ, როდესაც მათ არჩევნები წააგეს და მაშინაც, როდესაც დასაკითხად იყო დაბარებული. სხვათაშორის, მაშინ ის ძალიან ნერვიულობდა და გულწრფელად მეცოდება ამის გამო. სამინისტროში არავითარი დაბნეულობა არ არის. პირიქით, ძალიან მკაფიო პოლიტიკას ვაწარმოებთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმებსაც შეეხო. მისი თქმით, მისი დავალება არის, რომ პატრულმა მოახდინოს რეაგირება დანაშაულზე და თუკი მაგალითად, მძღოლს უსაფრთხოების ღვედი არ აქვს შეკრული, ან დაბურული მინებით მოძრაობს, ის უნდა დაჯარიმდეს, სხვაგვარად წესრიგი ვერ დამყარდება. მინისტრი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პატრულის თანამშრომლებს გამოწერილი ჯარიმების მიხედვით პრემიები ერიცხებათ. ღარიბაშვილის განმარტებით, დღესდღეობით პატრული უსამართლოდ არავის აჯარიმებს.
„როდესაც საფრანგეთში ვსწავლობდი, პოლიციამ პრემიერ–მინისტრი გააჩერა და დააჯარიმა. ამიტომ ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მეცხოვრა ისეთ ქვეყანაში, სადაც პატრული მინისტრს აჯარიმებს. ახლა საქართველოში უკვე არიან მინისტრები, რომლებიც პატრულმა დააჯარიმა“, – ამბობს მინისტრი.
იგი შეეხო სამინისტროს საკადრო პოლიტიკასაც. ღარიბაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში 44 000 ადამიანი მუშაობს და ოქტომბრის არჩევნებში მათმა უმეტესობამ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. ღარიბაშვილს დანაშაულად არ მიაჩნია, რომ ბევრი მათგანი წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა უწყებაში, რადგან ისინი რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ, უწევდათ უსამართლო დავალებების შესრულება. მინისტრი ამბობს, რომ უწყებაში ძველი კადრების დატოვების გამო არანაირ დისკომფორტს არ განიცდის, რადგან დღეს მათგან საკითხებისადმი აბსოლუტურად ჯანსაღ მიდგომას გრძნობს. ღარიბაშვილის თქმით, სამინისტრო ბევრმა ადამიანმა დატოვა, რადგან ისინი წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ ადამიანების პოლიტიკური დევნით იყვნენ დაკავებულები. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც გამოუსწორებელ შეცდომებს სჩადიოდნენ, დღეს სამინისტროში აღარ მუშაობენ, თუმცა აქვე იგი არ გამორიცხავს, რომ გამონაკლისებიც არსებობდნენ.
ღარიბაშვილი დადებითად აფასებს პატრულის რეფორმას, მაგრამ ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან ბევრ დეპარტამენტში არეულობაა და ახალ ხელმძღვანელობას ბევრი რამის დალაგება უწევს. ასევე მინისტრი აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების დროს, პოლიცია მთლიანად პოლიტიზებული იყო და იმისათვის, რომ საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის დონე გაერკვია, დაახლოებით 10 000–მდე თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომლისთვის შეურაცხყოფის მიმყენებელი ნებისმიერი პირი უმკაცრესად დაისჯება.
„პოლიციელზე აღმართული ხელი, პირადად ჩემზე აღმართული ხელია, და მათთვის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემი შეურაცხყოფაა“, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ამის ჩამდენი უკმაცრესად დაისჯება მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება იგი. აქვე იგი აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, პოლიციელმაც უკანონოდ არავინ უნდა დააკავოს და არც შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს მოქალაქეს. ამისათვის ამოქმედდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი – 126, მოხდა ამ დეპარტამენტის გაძლიერება, რათა პოლიციელების მხრიდან მათი უფლება–მოსილების გადამეტების ფაქტებს არ ჰქონდეს ადგილი.
ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების პრეტენზიებსაც პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ხელისუფლების ძალოვანი მინისტრები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.
„მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი და მაქვს უფლება, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო. ეს არ ეხება ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროს, რადგან უწყება აბსოლუტურად აპოლიტიკურია. ამის აღიარება არ უნდათ მათ, ვინც ასეთ ბრალდებებს მიყენებენ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, პოლიცია პოლიტიზებული იყო. ახლა კი სამინისტროში სერიოზული რეფორმა მიმდინარეობს და სწორედ ამის აღიარება უჭირთ ამ ადამიანებს. თუკი მათი მხრიდან რაიმე სერიოზული ბრალდება, ან კრიტიკა იქნება, რა თქმა უნდა, მე მათ ვუპასუხებ“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მან ვანო მერაბიშვილის განცხადებასაც უპასუხა, რომლის თანახმად, შსს–ში მისვლის შემდეგ ღარიბაშვილმა ყველა მაღალი თანამდებობის პირი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვა სამსახურიდან. ღარიბაშვილის თქმით, ეს ბუნებრივი პროცესია, რომ როდესაც მინისტრი იცვლება, ის ხელმძღვანელ კადრებს ცვლის. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ვერ დატოვებდა სამინისტროში დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და მინისტრის მოადგილეებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ. ამასთანავე, მინისტრი დასძენს, რომ კადრებს დიდი სიფრთხილით არჩევს. მისი თქმით, თავიდან დროებითი კადრები დანიშნა, ხოლო ახლა უკვე სტაბილურ კადრებს ნიშნავს. საერთოდ კი ღარიბაშვილის თქმით, კადრების ცვლილება ნორმალური მოვლენაა, რათა სამინისტრო საბოლოოდ გაჯანსაღდეს.
მინისტრმა თენგიზ გუნავას საქმეზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ როგორც კი დაიწყო საუბარი იმაზე, რომ გუნავას იარაღი ჩაუდეს, საქმე მაშინვე პროკურატურას გადაეცა და გამოძიების შედეგები ყველასათვის ცნობილია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამის პარალელურად მან იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც დაავალა აღნიშნული საქმის შესწავლა. მინისტრი ამბობს, რომ გუნავასთვის იარაღის და ნაკროტიკის ჩადება არ დადასტურდა, მაგრამ ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცესუალურ დარღვევას და ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი თანამშრომელი ღარიბაშვილმა სამინისტროდან დაითხოვა და აპირებს, რომ ამ ოპერაციაში მონაწილე კიდევ ერთი პირი გაანთავისუფლოს.
„მე შემიძლია გითხრათ, როგორ იმიტირებულ რეაგირებას აკეთებდა დარღვევებზე წინა ხელისუფლება. 26 მაისის დარბევის გამო რამდენიმე პირი სამსახურიდან დაითხოვეს, შემდეგ აღადგინეს, ერთი თვის ხელფასი გამოუწერეს და კვლავ გაუშვეს იმის გამო, რომ თურმე მათ გადამეტებული ძალა გამოიყენეს. ასეთი რეაგირება მოჰყვა 26 მაისის სისხლიან დარბევას. მე კი სამინისტროდან რამდენიმე ადამიანი გავუშვი იმის გამო, რომ მოხდა პროცესუალური დარღვევა. კიდევ ერთი იმიტირებული რეაგირება იყო, როდესაც გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ რამდენიმე მაღალჩინოსანი გადააყენეს, ვგულისხმობ ვასილ სანოძეს და დათა ახალაიას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ადამიანები ისევ ჩვეულებრივად ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას“, – აღნიშნა მინისტრმა.