საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ვაშინგტონში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 50-მდე შეხვედრა გაიმართა აშშ-ს კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, პენატაგონში და სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებში. უსუფაშვილის შეფასებით, აშშ-ში ვიზიტი სასარგებლო, საინტერესო და დროული იყო.
„ჩვენს პარტნიორებს მართლაც ძალიან აინტერესებდათ, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გარკვეულიყვნენ საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსში, ეს იქნება საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულება, თუ საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტები. შევხვდით პრაქტიკულად ყველას, ვინც საქართველოზე მუშაობს. ამ შეხვედრების განმავლობაში მე ვიგრძენი სრულიად ცალსახა მხარდაჭერა ქართველი ხალხის არჩევანისადმი, ანუ ახალი ხელისუფლებისადმი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, ვიზიტის დროს გამოიკვეთა სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამრომლობის პერსპექტივები და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თბილისში დაბრუნების შემდეგ შეხვედრებს გამართავს როგორც აღმასრულებელი, ასევე საკონონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
რატომ ისმის კითხვები დასავლეთში ახალი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მიმართ და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს დაძაბულობა ქვეყნის საგარეო ფრონტზე ამ თემაზე ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გვესაუბრება.
ბატონო სანდრო, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში, უდავოდ სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, თუმცა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მათ სჭირდებოდათ დამატებითი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული კურსისა თუ ქვეყანში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ მთავრობისა და პარლამენტის წევრები საკმაოდ ხშირად მართავენ შეხვედრებს იგივე აშშ-ში, აწვდიან მათ სხვადასხვა ინფორმაციას, აშშ-ს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სხვა წყაროებიდანაც, ბოლოს და ბოლოს აშშ-ს ელჩი საქართველოში საკმაოდ აქტიურადაა ჩართული პროცესებში და მასთანაც შეუძლია ინფორმაციის გადამოწმება. გამოდის, რომ დასავლეთს კვლავ არასაკმარისი ინფორმაცია აქვს საქართველოში დღევანდელი პროცესების შესახებ?
- რაც შეეხება აშშ-ს ელჩს საქართველოში, ის წერს პატაკს და სხვადასხვა ტიპის ანგარიშებს მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის. მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ არის საჯარო. ვერც კონგრესი, ვერც მეცნიერები, ვერც სხვანი ამ ანგარიშს ვერ წაიკითხავენ. ეს არის მხოლოდ უმაღლესი ეშელონებისთვის, როგორც მიღებულია ელჩის სტატუსიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, არსებობს აქსიომა, დაიჯერე, მაგრამ გადაამოწმე. მათ უნდათ დადასტურება ჩვენი საგარეო კურსის შესახებ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან. ამ თვალსაზრისით, როდესაც სიტუაცია დალაგდება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი.
ასევე თინა ხიდაშელმა გაახმაურა ინფორმაცია, რომ აპრილში ბიძინა ივანიშვილი სიტყვით წარსდგება სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის წინაშე - ესეც მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, ლობისტური კომპანიები, რომელიც ხელისუფლებამ დაიქირავა, მხოლოდ ახლა ამუშავდნენ და შედეგს უნდა ველოდეთ თვენახევარში, ორ თვეში.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მან იგრძნო ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ს მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის თუნდაც იმ მრავალრიცხოვანი პროექტების გაგრძელებისა თუ ახალი პროექტების წამოწყების თვალსაზრისით, რაც ნამდვილად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ხედავთ ამ კუთხით პრსპექტივას?
- აშშ-ს მხარდაჭერა მრავალმხრივია და მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ რუსეთთან საომარი მოქმედებები აღარ განახლდება და ა.შ. ეს არის ყოველმხრივი, ყოვლისმომცველი კომპლექსური მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურულ, განათლებისა თუ სამხედრო სფეროებში დახმარებას.
ვიცით, რომ რამდენიმე ამერიკელმა კონგრესმენმა ხელი მოაწერა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერისადმი მიმართვას, სადაც სთხოვდნენ, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოეჩინა. უსუფაშვილი ამბობს, რომ ამ კონგრესმენებთანაც ძალზე ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ მათ სთხოვეს, რომ დემოკრატიის სტანდარტების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ. რითი ხსნით, რომ ამერიკას ისე, როგორც ევროპას ძალზე ბევრი არასწორი ინფორმაცია მიეწოდება, თანაც ქვეყნისთვის საზიანო?
- ეს სააკაშვილის დამსახურებაა, რომელიც თავის ქვეყანას ოპოზიციაში უდგას. ყველამ ვნახეთ IRI-ს შედეგები და მისი რეიტინგები. ის რასაც აკეთებს სააკაშვილი, რომ თავის ქვეყანას დანას ურტყამს ზურგში, ამას არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი არ გააკეთებდა, მათ შორის არ გააკეთებდა ამას, მუამარ კადაფიც.
აქედან გამომდინარე, რაკი ის ქვეყნის პრეზიდენტია, მეტ-ნაკლებად, მისი სჯერათ. თუმცა მისი ნდობის სულ უფრო და უფრო იწურება და ნელ-ნელა ახალი ხელისუფლებისკენ გადადის. ნელ-ნელა რწმუნდებიან ჩვენი პარტნიორებიც, რომ ჩვენი კურსი ურყევია დემოკრატიის თვალსაზრისით და ა.შ.
თუ გავაანალიზებთ ცვლილებებს, რომელიც მოხდა, აშკარად მიუთითებს, რომ დემოკრატიისკენ მივდივართ.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კონფლიქტში არ ჩარეულა არც ბიძინა ივანიშვილი და არც მთავრობისა და ხელისუფლების სხვა შტოების წევრები. არც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი ყოფილა დათხოვნილი. ამის გარდა, არც „რუსთავი-2“-ში შევარდნილა ვინმე.
არც განათლების სფეროში მომხდარა ასეთი ჩარევა და ვიცით, რომ აკრედიტაციის სამსახური მთლიანად დაკომპლექტებულია წინა მთავრობის წევრებით.
არც თვითმმართველობებში არ ერევიან, თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გამოთქვამენ შფოთვას, ცენტრალური ხელისუფლება ამ საკითხში არ ერევა.
მუშავდება სასამართლოების, თვითმმართველობის შესახებ კანონები. ეს ყველაფერი არის რევოლუციური ცვლილებები ქართულ მენტალიტეტში და ეს ორ დღეში არ კეთდება, ამას სჭირდება დაუღალავი და მიზანმიმართული შრომა, რასაც ჩვენი მთავრობა აკეთებს.
ნაციონალებს თავისი რეიტინგი პირველად, 9 წლის განმავლობაში არ განუსაჯაროებიათ, ესეც მეტყველებს, რომ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ და მათ ყველაზე უკეთ იციან, ეს რასაც ნიშნავს. რაზე მეტყველებს სააკაშვილის ქმედება, რა შეიძლება უნდოდეს მას, თქვენი შეფასებით, ამ ეტაპზე მიზანი რა შეიძლება იყოს?
- არ უნდა გაგება სააკაშვილს, რომ ცუდს აკეთებს თავისი ახალგაზრდა, სისხლში გაუსვრელი პარტიის წევრებისთვის. ყოველ შემთხვევაში, ვერც ერთი ცნობადი სახე ახლა ქუჩაში ვერ გაივლის. ხალხი გალახავს მათ, ჩიორა თაქთაქიშვილსაც, აკაკი მინაშვილსაც, აკაკი ბობოხიძესაც და ნუგზარ წიკლაურსაც. უბრალოდ დაესევა ხალხი და გალახავს, იმიტომ, რომ ემოციური ხალხი ვართ ქართველები და გვიყვარს ემოციების გარეთ გამოტანა.
ახალგაზრდა ხალხია ესენი და როგორია, წლების მანძილზე ვერ გაიარო ქუჩაში საკუთარ სამშობლოში, წარმოიდგინეთ, რა დღეში აგდებს პრეზიდენტი მათ.
სააკაშვილი ბევრ სიტუაციაში კარგად ახერხებდა ლავირებას ახლა ინტუიცია ღალატობს?
- სააკაშვილი ახლა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების მიღებაზე ფიქრობს და მისთვის, არც მოწინააღმდეგე და არც თანამებრძოლი ხალხი, ზოგადად, ადამიანი, არასოდეს არ წარმოადგენდა ფუნდამენტურ ფასეულობას.
აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როდესაც განაცხადა, რომ მისი გულისთვის ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა წავლენ ციხეში, წარმოიდგინეთ რა განაცხადია, ოღონდ მე კარგად ვიყო და დაე, წავიდნენ ისინი ციხეში - ეს ლაპარაკია მის უახლოეს გარემოცვაზე, ასეთი მენტალიტეტით ქვეყანა არ აშენდება.
ნელ-ნელა ხალხი ხვდება ამას, რეიტინგი ვარდება მათი. ვნახოთ, ახლა, თუ არ დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას, ხალხის რისხვას, ალბათ, ვერ გადაურჩებიან. ვერც პოლიცია დაიცავს და ვერც ვერავინ, რადგან ასობით ათას ადამიანს ვერავინ ვერ შეაჩერებს. ამიტომ, მათ სიფრთხილე მართებთ. როდესაც შენს ქვეყანას აგინებ საზღვარგარეთ და შეურაცხცყოფას აყენებ ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას, ეს კარგად არ დამთავრდება.
ხომ ვიცით არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე რეალურად გამოავლინა არჩევნებმა. ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობაც ჰქონდათ, ასეთ ვითარებაში, ასეთი ქმედებები არის თვითმკვლელობის ტოლფასი.
თუმცა დასავლეთი აქტიურად მოგვიწოდებს კოჰაბიტაციისაკენ...
- დასავლეთსაც უნდა, რომ ცივილური ურთიერთობები გვქონდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბევრისთვის. ეს არის მაგალითი ამ სივრცეში ძალაუფლების კანონიერი გზით და მშვიდად ჩანაცვლებისა და მათ ურჩევნიათ ჩვენ კიდევ მოვითმინოთ ეს 6 თვე და ყველაფერმა მშვიდად და წყნარად ჩაიაროს, რომ ეს მაგალითი იყოს რუსეთისა თუ უკრაინისთვის და ბევრი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის.
ამ თვალსაზრისით, მეც ვთვლი, რომ კოჰაბიტაციის სახადის მოხდა აუცილებელია, როგორც ბავშვობაში ბატონებისა და ჩვენ ხომ ბავშვები ვართ დემოკრატიის გზაზე. ამ თვალსაზრისით, მეჩვენება, რომ სწორად იქცევა ჩვენი მთავრობა, როდესაც დიდ ყურადღებას არ აქცევს ნაცმოძრაობის გამოხტომებს და ამით მათი რეიტინგი ხალხში უფრო და უფრო მატულობს, ნაციონალების კი - ეცემა. სწორიც არის, არ შეიძლება იმას, რასაც ნაციონალები აკეთებენ დიდი ყურადღება დაუთმო - რაღაც უნდა თქვა და თავი დაანებო.
თუმცა ნაციონალები დღემდე ახერხებენ, რომ საზოგადოების ყურადღება მათზეა გადატანილი, მათ ქმედებებსა თუ განცხადებებზე...
- ეს მასმედიის ბრალიცაა, მეჩვენება, რომ ზედმეტად პოლიტიზირებულია. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები და ზედმეტი დრამატიზება, თუნდაც იმ „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის განცხადებებისა, არ შეიძლება. როგორ შეიძლება შიშში ცხოვრება, რომ არიქა, შეგვიშლის ეს ხელს ევროპისკენ გზაზე? არა, არ შეგვიშლის. ვინ აქცევს საერთოდ ევროპარლამენტს ყურადღებას, ასეთი საკითხები წყდება ევროკავშირის სამიტებზე, სადაც პარლამენტარები კი არა, სახელმწიფოების პირველი პირები მონაწილეობენ. ასე რომ, შფოთვები გადამეტებულია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შიშები, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია.
ერთი საინტერესო თემა გაიხსენა დავით უსუფაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, ეს იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა, რომელიც შეწყდა 2003-2004- წლებში, რადგან დასავლეთმა ჩათვალა, რომ ხელისუფლებაში სწორი და მართალი ადამიანები მოვიდნენ. როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოს ამ ტიპის მხარდაჭერა სჭირდება დასავლეთისგან?
- მედიასაც და საზოგადოებასაც საქართველოში აღზრდა და დახმარება სჭირდება. განსაკუთრებით გავამახვილებდი ყურადღებას საგამოძიებო მედიაზე და მგონია, რომ ამას სათანადო ყურადღებას ჩვენი მთავრობაც მიაქცევს.
მედიას გაძლერება და უცხოეთის გამოცდილების გაზიარება სჭირდება. არ შეიძლება საზოგადოებისთვის ყველაფრის სპონტანურად და ემოციურად მიწოდება, საჭიროა ღრმა ექსპერტული ანალიზი მოვლენებისა და სამწუხაროდ, ჩვენი ექსპერტები მოიკოჭლებნენ.
ცნობილია, რომ მაკკეინთან შეხვედრისას უსუფაშვილს საუბარი ჰქონდა ძირითადად რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და ალბათ, მნიშვნელოვანია მაკკეინის პოზიცია, რომ თუკი აშშ-ს გააჩნია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, რატომ არ შეიძლება ჰქონდეს ეს საქართველოს და თუკი მთელი დემოკრატიული სამყარო სოჭის ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას, ასეთ შემთხვევში საქართველოს ბოიკოტი აზრსმოკლებულია. რამდენად მნიშვნელოვანია მაკკეინის მხრიდან ასეთი პოზიციის დაფიქსირება?
- მეჩვენება, რომ ამ შემთხვევში, ქართული მხარე სრულიად ცივილურად იქცევა და ასე უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს. ბოლოს და ბოლოს, სოჭის ოლიმპიადა არის საერთაშორისო დონის ღონისძიება და ამ შემთხვევაში ჩვენ რუსეთში კი არა, საერთაშორისო საზოგადოებაში მივდივართ.
რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გასაღებები უჭირავს, თუკი ის ჭკვიანურად მოიქცევა რუსეთთან ურთიერთობაში, ოსეთზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ აფხაზეთის დაბრუნების ძალიან სერიოზული ბერკეტები აქვს. ეს ჯერ საჯარო თემა არ არის, მაგრამ ასეთი ბერკეტები მერწმუნეთ, აქვს საქართველოს.
ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა საქართველოსთვის და ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის, ამიტომ ჩაგეკითხებით, რა ბერკეტებზეა ლაპარაკი?
- თავის დროზე, დახლოებით ორ-სამ თვეში ამაზე შემეძლება საუბარი, ამ ეტაპზე კი მეტს ვერ ვიტყვი.
ჩვენ ვიცით აშშ-ს როლი საქართველოს თავდაცვაში, მაგრამ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, აშშ-ს შეუძლია დახმარება გაგვიწიოს ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაშიც. რა ტიპის დახმარება შეიძლება იყოს საქართველოსთვის ეფექტური?
- ბევრნაირი, მაგალითად, ამერიკას შეუძლია ბაზარი გაგვიხსნას, საერთო საწარმოები გააკეთოს. ამაზე ჩვენ გვქონდა ადრე ლაპარაკი აშშ-სთან, მაგრამ წინა ხელისუფლებამ ვერაფერიც ვერ გააკეთა და უამრავი ბიზნესი რუსებს მისცა.
პარადოქსია ცინიზმია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი სტრატეგიული ბიზნესები ჩაუგდო ხელში რუსეთს - მადნეული, ელექტროგამანაწილებელი, გენერაციის საწარმოები, ის რაც ეროვნული უნდა იყოს და ამავდროულად ამბობს, რომ რუსეთთან არ გვინდა ურთიერთობაო - ეს ხომ ცინიზმია?! მართალია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ განავითარებს ამ ბიზნესებს და ხალხს ვინ დაასაქმებს, მაგრამ ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ აქვე გვაქვს საზღვარი და რამე რომ მოხდეს, ადგებიან და ამ ენერგიას ძალიან მარტივად წაიღებენ რუსეთში. აშშ-ში ამას ვერ წაიღებ და ბოლოს და ბოლოს, საზღვარზე ვერ მოგადგება აშშ და შენს ტერიტორიას არ დაიპყრობს.
„ეი-ი-ესი“ ხომ იყო თელასში, როგორც ჩანს, ამერიკული ინვესტიციაც არ ამართლებს საქართველოში...
- „ეი-ი-ესი“ საკმაოდ საეჭვო კომპანიაა, რომლის დიდი წილის მფლობელები აშშ-ში რუსები არიან. ჩვენ დავუშვით საკრარული შეცდომა, როდესაც „ეი-ი-ეს“-ს მოვაგებინეთ ტენდერი და არა სხვა კომპანიას.
აშკარაა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს უცხოეთში და როგორ ფიქრობთ, საქართველოს ამ რეჟიმში ცხოვრება მხოლოდ ოქტომბრამდე მოუწევს?
- ახალმა ხელისუფლებამ ძალიან მალე თქვა უარი ლობისტურ კომპანიებზე, თუმცა ექსპერტულ წრეებში არსებობდა მოსაზრება, რომ ეს საჭირო და აუცილებელი იყო. მადლობა ღმერთს, მთავრობა მიხვდა, რომ ასეთი მომსახურება საჭიროა და იმედი მაქვს, მდგომარეობა მალე გამოსწორდება.