ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ბეჭდური და ინტერნეტ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. პირველი, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, იყო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარების ტარიფები. მისი თქმით, 31 მარტს ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ვადა იწურება და ეს ხელშეკრულება იმიტომ იყო დადებული, რომ ხელისუფლებას შეესწავლა იმის შესაძლებლობა, შესაძლებელი იყო თუ არა ტარიფის შემდგომი დაკლება. მინისტრი ამბობს, რომ ჯგუფს, რომელიც ტარიფის საკითხზე მუშაობს, საქმიანობა ჯერ არ დაუსრულებია და სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე გაირკვევა, შესაძლებელია თუ არა ელექტროენერგიაზე ტარიფის შემდგომი დაკლება, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ იქნება, ძალაში დარჩება 3.5 თეთრით დაკლებული ტარიფი, მაგრამ ამჯერად უკვე გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდება. რაც შეეხება გაზის ტარიფს, კალაძე განმარტავს, რომ 10%–იანი კლების მიუხედავად, ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირების შესაძლებლობების შესწავლაც მიმდინარეობს.
მინისტრმა განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებითაც, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდში ტარიფების გამოთვლაზე მუშაობდა, ძალიან ბევრ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა და ამიტომ გარკვეულწილად მცდარი დასკვნები დაიდო.
„დღესაც მოვისმინე ბატონ დემურ გიორხელიძის განცხადება, რომ გაზის ტარიფის 10%–ანი კლება ძალიან ცოტაა და მისი მეტად დაკლება შეიძლება. ბატონ დემურს მოვუწოდებ, მობრძანდეს ჩვენთან სამინისტროში, შეგვიძლია იგი იმ ჯგუფში ჩავსვათ, რომელიც ტარიფებზე მუშაობს და თვითონვე დარწმუნდება, რომ რეალობა სულ სხვაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ“, – ამბობს კახი კალაძე.
მისი თქმით, ყველა ინვესტიცია, რომლის განხორციელებაზეც ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიებს ვალდებულება ჰქონდათ აღებული, დარჩება ძალაში, მაგალითად, ჰესების მშენებლობა, ქსელების რეაბილიტაცია და ა.შ. მინისტრის თქმით, დედაქალაქშიც და რეგიონებშიც ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები სწორედ ამ სამუშაოებს უკავშირდება.
კახი კალაძე ასევე შეეხო რეგიონებში ე.წ. კოლექტიური მრიცხველების თემას. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ეს საკითხი მეზობლებს შორის კონფლიქტის საგანი ხდება, მაგრამ მეორე მხრივ, ზოგისთვის შესაძლოა, ეს კოლექტიური მრიცხველი მისაღები იყოს, რადგან აბონენტმა რამდენი ელექტროენერგიაც არ უნდა დახარჯოს, მაინც პირველ კატეგორიაში ხვდება (ანუ მას ეხება ის ტარიფი, რომელიც 100კვტ–მდე ელექტროენერგიის მოხმარებისას ირიცხება), ხოლო ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, ტარიფი მოხმარებული ენერგიის შესაბამისად არის დიფერენცირებული. საერთო ჯამში კი, ძირითადად კოლექტიური მრიცხველი უთანხმოების საგანი ხდება ხოლმე. ამიტომ კალაძის განმარტებით, სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ადამიანების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
კახი კალაძე „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ დეკლარაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „სახალხო პარტია“ ევროპას არ წარმოადგენს.
„ჩვენი მისწრაფება არის ის, რომ ევროპის ერთიანი ოჯახის ღირსეული წევრი გავხდეთ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია და არ უნდა ავყვეთ სააკაშვილის უაზრო ილუზიებს, რომ საქართველო ევროპასთან ისე ახლოს არის, როგორც არასდროს. ამისთვის გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი, გასაძლიერებელია დემოკრატიული ინსტიტუტები. რაც შეეხება პრემიერ–მინისტრის წერილს „ევროპის სახალხო პარტიისადმი“, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო დროული. გახსოვთ, ალბათ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი საქართველოში იმყოფებოდა და ოპოზიციის ერთ–ერთ წარმომადგენელს საძინებელში ეწვია. კარგი იქნება ამ პარტიის წარმომადგენლები გარეთაც თუ გამოვლენ, მოსახლეობას შეხვდებიან და გაიგებენ იმას, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, დღეს რა ცვლილებებია და საქართველოს მოსახლეობა რას ელოდებოდა“, – აცხადებს მინისტრი.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტის რანგში დადის ქვეყნის გარეთ და საქართველოს ანტი–პიარს ეწევა. კალაძე ამბობს, რომ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს ოპოზიციაში უდგას. ამასთანავე, მინისტრი განმარტავს, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპელებს ხვდებიან, მოლაპარაკებებს მართავენ და ეს უთანხმოება მხოლოდ ერთ კონკრეტულ პარტიას, „ევროპის სახალხო პარტიას“ ეხება. კალაძე ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ არ იცის, რეალურად რა ხდებოდა საქართველოში. რუსეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ ამ მხრივ ურთიერთობის დაბალანსებაა საჭირო, რისთვისაც პირველ რიგში, ეკონომიკური კავშირების აღდგენა უნდა მოხდეს. კალაძის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს, რაც საქართველოს მოსახლეობას დიდად წაადგება.
ენერგეტიკის მინისტრმა ისაუბრა ენერგეტიკის სფეროში წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე. კერძოდ, მისი თქმით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არ არსებობდა ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია, არ არსებობდა ასევე სტატისტიკა. მინისტრის განმარტებით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე ერთი თვეა დაწყებულია, რაშიც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოც არის ჩართული და უახლოეს მომავალში, ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია მზად იქნება.
„კონკრეტულ ფაქტებს რაც შეეხება, წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული მემორანდუმები (30–მდე მემორანდუმი) ძალიან ცუდი იყო. მაგალითად, ინვესტორის შერჩევა რაღაც გაურკვეველი კრიტერიუმებით ხდებოდა. ვინც უფრო მეტ თანხას გადაიხდიდა და მეტ საბანკო გარანტიას დადებდა, მას უფორმებდნენ კოტრაქტს და არ ეკითხებოდნენ, ჰესების მშენებლობის კუთხით რა გამოცდილება ჰქონდა, ან ვინ იდგნენ ამ კონკრეტული კომპანიების უკან, რა თანხები შემოდიოდა და ა.შ. ვმუშაობთ იმაზე, რომ შეიცვალოს მემორანდუმები, სადაც კონკრეტულად იქნება მითითებული, როდის უნდა დაიწყოს ტექნიკურ–ეკონომიკური საძიებო სამუშაოების ჩატარება ინვესტორებმა. ასევე ინვესტორმა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში წარუდგინოს გარემოს დაცვის სამინისტროს. სამინისტროს კი გარკვეული დრო (და არა ორი კვირა, როგორც აქამდე იყო) მიეცეს იმისთვის, რომ შეაფასოს ეს დოკუმენტი. და ბოლოს, გაფორმდება მემორანდუმი, რომელიც სადგურების მშენებლობის დასრულების თარიღს განსაზღვრავს, მითითებული იქნება საბანკო გარანტიები, ასევე ისიც, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს რა სანქციები დაეკისრება და ა.შ.“, – აცხადებს მინისტრი.
ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კახი კალაძე ამბობს, რომ საქართველოს ძალიან დიდი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, მაგრამ მათი 65% ჯერაც აუთვისებელია და დღესაც საქართველო ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანაა. ხელისუფლებას კი დაგეგმილი აქვს, რომ საქართველო ექსპორტიორ ქვეყნად აქციოს. მინისტრი აცხადებს, რომ ჰესები, რომელთა მშენებლობა დაწყებულია, აუცილებლად დასრულდება. დანარჩენ შემთხვევაში, თუკი მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმებზე ხელი არის მოწერილი, პროცესში გარემოს დაცვის სამინისტრო და შესაბამისი სფეროს ექსპერტები ჩაერთვებიან. კალაძის თქმით, გარკვეული პრობლემები იყო ყაზბეგი–ჰესთან დაკავშირებით, ასევე გარკვეული შენიშვნები იყო ხუდონის ჰესთან დაკავშირებით, რის გამოც სამთვიანი მორატორიუმი გამოცხადდა და მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და მოლაპარაკება ინვესტორთან, რომ ეს შენიშვნები გათვალისწინებული იყოს. კახი კალაძის თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველო ხუდონის ჰესისგან ელექტროენერგიას 5.84 ცენტად შეიძენს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან თუკი ამ ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი დასრულება შვიდ წელიწადში იგეგმება. მინისტრი ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, როგორ იზრდება რეგიონში ელექტროენერგიის საფასური, შვიდი წლის შემდეგ 5.84 ცენტი ძალიან ხელსაყრელი ფასი იქნება.
კახი კალაძე აცხადებს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ყველა ინვესტორს ხვდება და მემორანდუმების განხილვას აწარმოებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დარიალის, ფარავანის, ბახვის და ლარსის ჰესების მშენებლობა. შეჩერებულია ყაზბეგი–ჰესის მშენებლობა, რადგან ინვესტორს გარემოს დაცვის სამინისტროსგან გარკვეული შენიშვნები წარედგინა და ახლა ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
კახი კალაძემ გახმაურებულ დაკითხვებთან და დაკავებებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება.
„მე შევდივარ იმ ადამიანების მდგომარეობაში, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მეირ დაზარალდა. ჩვენი მთავრობის ერთ–ერთი ძირითადი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო და ამას აუცილებლად შევასრულებთ. დღესდღეობით გარკვეული პრობლემები არსებობს. მოგეხსენებათ, სასამართლო ერთი მშიშარა ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაშია. 9 წლის განმავლობაში 300 000 ადამიანს დაენიშნა საპატიმრო სასჯელი, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ძალიან დიდი რიცხვია. ამ ადამიანების უმეტესობა უკანონოდ იყო დაპატიმრებული. დღეს როგორი მდგომარეობა გვაქვს? ადამიანებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ადამიანების და სახელმწიფოს წინაშე დანაშაულებს სჩადიოდნენ, სასამართლო ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე სხდომის დარბაზიდან ანთავისუფლებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. გარწმუნებთ, რომ ყველა, ვინც კი ქართველი ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინა, დაისჯება, რადგან ხელისუფლებაში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ დაუსჯელი დარჩები“, – ამბობს კახი კალაძე.
მისი თქმით, ედუარდ შევარდნაძე უფრო დემოკრატი იყო, ვიდრე სააკაშვილი, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებითაც პრეზიდენტს მთავრობის პარლამენტის გარეშე დანიშვნის უფლებას ანიჭებს, 1995 წელსაც იყო ინიცირებული, მაგრამ მაშინ შევარდნაძემ ამ ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვა. რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას, კახი კალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთი სულელი არ არის, რომ ეს გააკეთოს, რადგან ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სრული კრახი იქნება. კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები ჩაატარა იმ პირობებში, როდესაც მისი კონტროლის ქვეშ იყო ჯარიც, პოლიციაც, სატელევიზიო არხები და მთელი ხელისუფლება ჰქონდა უზურპირებული, მაგრამ მაინც ვერ გაიმარჯვა. აქვე მინისტრი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის გარეთ ნაწარმოები შავი პიარის გამო, ინვესტორები, რომლებსაც საქართველოში შემოსვლა სურთ, ოქტომბერს, ანუ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას ელოდებიან.
და ბოლოს, კახი კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ამ აქციაზე სავარაუდოდ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები იქნებიან წარმოდგენილები.