შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ნაციონალების მიერ დამკვიდრებული მანკიერი ტრადიცია დაარღვია, ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრა და ოპოზიციონერებს ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის საშუალებაც არ მისცა.
საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში, ოპოზიციონერებისა და ძალოვანი მინისტრის შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სადაც ნაციონალები ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარებით, ძალოვან უწყებაში მიმდინარე პროცესებით, 8 თებერვლის მოვლენების, ასევე ბარბარე რაფალიანცისა და თენგიზ გუნავას საქმეების გამოძიებით დაინტერესდნენ.
შეხვედრა, რომელსაც უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე უძღვებოდა მშვიდ ვითარებაში დაიწყო, შიგადაშიგ ცინიზმითა და ხუმრობით წარიმართა, საბოლოო ჯამში კი, კამათის ფონზე დასრულდა.
კერძოდ, შეხვედრაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამხიარულება ზაქარია ქუცნაშვილის, ელისო ჩაფიძისა და ნანა ყეინიშვილის გამოჩენამ გამოიწვია. იქედან გამომდინარე, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციონერების შეხვედრას უმრავლესობის ლიდერები არ უნდა დასწრებოდნენ, საკომიტეტო დარბაზში შესულ ქუცნაშვილს შს მინისტრმა ხუმრობით მიმართა - „უმცირესობაში გადახვედი ზაქარია? მგონი, აქ შენ არავის დაუპატიჟებიხარ“.
მინისტრის ამ მიმართვამ თავად ადრესატი დააბნია, ნაციონალები კი გაამხიარულა და ხუმრობის ხასიათზეც კი დააყენა - „თანაგუნდელები გესტუმრნენ, რომ არ დაგჩაგროთ“ - მიმართეს მინისტრს ოპოზიციონერებმა, რომელთა რეპლიკის პათოსი ძალოვანმა მინისტრმა დაგმო, ქუცნაშვილს დარბაზის დატოვება მოსთხოვა და ოპონენტებს უპასუხა, რომ „რომც სცადოთ, მაინც ვერ დამჩაგრავთ“. მინისტრის ამ გზავნილის შინაარსი კი ირმა ნადირაშვილმა იუკადრისა და ღარიბაშვილის დარწმუნება სცადა, რომ მის დაჩაგვრას არავინ აპირებდა.
გამოსვლისას ნადირაშვილმა ყურადღება ნეპოტიზმზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ნათესავები სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდნენ.
ნადირაშვილის მიერ წარდგენილი ინფორმაცია მინისტრმა „არასერიოზულად“ მიიჩნია, ოპონენტებს საკუთარ სიმამრზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი შეახსენა და თან ხუმრობით დასძინა, რომ „მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის“, რასაც უმცირესობის წევრთა მხრიდან სიცილი და ტაში მოჰყვა, რაც ძალოვანის მინისტრის განცხადებამ მალევე დუმილად აქცია.
„თამაზაშვილი სამსახური გააგდეთ და მერე აბსოლუტურად უკანონოდ დაჭერილი გყავდათ. ჩემი სიმამრის მოწამვლის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ და ამაზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ჩემს სიმამრს, რომელსაც გულის შეტევა დაემართა, მორგში ჩაიყვანეს, შემდეგ მომაკვდავ ადამიანთან გადაიყვანეს და აყურებინეს თუ როგორ კვდებოდა ადამიანი“, - დასძინა მინისტრმა, მას კი ნადირაშვილი ჩაეკითხა - „ნათესავების დანიშვნა იყო თუ არა ერთგვარი კომპენსაცია?!“, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ გენერალური ინსპექციის უფროსად ზვიად ჯანყარაშვილი იმის გამო დაინიშნა, რომ არის ძალიან კარგი მენეჯერი და ძალიან კარგად ასრულებს საქმეს.
ამას გარდა, გამოსვლისას, ძალოვანმა მინისტრმა კატეგორიულად უარყო ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის ბრალდება, რომ სამინისტროში თანამშრომლების კონკურსი გარეშე აჰყავთ.
მთავრობის წევრის მტკიცებით, უწყებაში თანამშრომლების მიღება კონკურსით ხდება და უბრალოდ, ეს წესი დროებით შეიცვალა.
რაც შეეხება გუნავასა და 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიების საკითხს, შეხვედრაზე, პავლე კუბლაშვილი დაინტერესდა - მან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა რა გააკეთა იმისთვის, რომ გუნავასთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ბოლომდე მისულიყო და რა კვალიფიკაციას მისცემდა მომხდარს. ხოლო, რაფალიანცის საქმეზე გიორგი ღვინიაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მანანა ბერიკაშვილის მიმართ, რომელმაც მას ბრალი მკვლელობაში დასდო, გამოძიება უნდა დაიწყოს.
ღარიბაშვილის განცხადებით, მისი უწყების მიერ ჩატარებული შიდა მოკვლევით, თენგიზ გუნავასათვის იარაღისა და ნარკოტიკების ჩადების ფაქტი არ დადასტურდა, ამ საქმეში მხოლოდ პროცესუალური და პროცედურული დარღვევები გამოიკვეთა და ხუთი თანამშრომელი, რომელიც გუნავას დაკავებაში იყო ჩართული, ხოლო მეექვსე პირი, რომელიც ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სამინისტროდან დაითხოვა.
„ნარკოტიკისა და იაღაღის ჩადება თქვენი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული მანკიერი სტილი იყო. უდანაშაულო ხალხს იარაღს და ნარკოტიკს არ ჩავუდებთ“, - დასძინა მინისტრმა და ყურადღება რაფალიანცის საქმეზე გაამახვილა და განაცხადა, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმის გახსნის რეალური პერსპექტივებია.
„სამწუხაროდ, ამ საქმის გამოძიება ცხელ კვალზე არ მოხდა და ერთი თვე რეალურად დაიკარგა და საქმე ჩიხში შეიყვანეს. ვიჩქარე, როდესაც განვაცხადე, რომ ძალიან მალე გვექნებოდა საშუალება მიგვეწოდებინა ინფორმაცია საზოგადოებისათვის და გამოძიების შედეგები წარგვედგინა. ამაზე ბარბარე რაფალიანცის ოჯახს ბოდიში მოვუხადე. იმ ეტაპზე სხვა ინფორმაციები მქონდა“, - აღნიშნა მინისტრმა და ღვინიაშვილს მოუწოდა ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურასთან ითანამშრომლოს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ოპოზიციონერებმა მინისტრს პოლიციის აკადემიიდან ლუკა კურტანიძის გაშვება მოსთხოვეს და ყოფილი სპორსტმენი იმ განცხადების გამო გააკრიტიკეს, სადაც მან ოპონენტების „გატყავებაზე“ ისაუბრა.
მინისტრის მტკიცებით, კურტანიძე აკადემიაში სპორტს კურირებს და ის პოლიციელი არ არის.
„მას აქვს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, რომელსაც არ ვიზიარებ და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მძიმე განცხადება იყო“, - დასძინა მინისტრმა. ოპოზიციონერებმა კი, კურტანიძის კრიტიკა გააგრძელეს და ის ფაშისტური განცხადების ავტორად შერაცხეს.
„თქვენ ზოგიერთი ადამიანის განცხადება გიკვრით, მაშინ როდესაც, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც 7 ნოემბერი და 26 მაისი მოაწყო. ყველა ის ადამიანი დაისჯება, ვისაც 26 მაისის მოვლენებში დანაშაული მიუძღვის“, - დასძინა მინისტრმა, რაზეც ოპოზიციონერებმა ცინიზმით ჰკითხეს „პიარშიკებმა გითხრეს, რომ ნაციონალებს წარსული გაუხსენეო?!“.
ამას გარდა, ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა, თითქოს გურჯაანში მოქალაქეებმა პოლიციელებს უჩივლეს.
„ოპოზიციაში ყოფნისას, ჩვენ ფაქტებზე ვსაუბრობდით, თქვენ კი, ჭორებზე მეკითხებით, რაც ჩვენთვის უდიდესი ნახტომია. ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სრულ კონტროლს ექვემდებარება. ამნისტირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, კრიმინოგენური ვითარების გაუარესების ნიშნები არ შეიმჩნევა“, - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც ეკა ბესელიას შვილთან დაკავშირებით, გამოყენებული ტერმინისთვის - „ეს საქმე გამოძიებული გაქვთ თქვენი პირადი ჯიბის პოლიციით, თუ როგორ?“ მარიამ საჯაიას პოლიციისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
საპარლამენტო ოპოზიციისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტზე დებატებით და ამ დაპირისპირების ამსახველი ფოტომასალების აფრიალებით დასრულდა.
გოკა გაბაშვილმა მინისტრს მიმართა, რომ ის უძლური აღმოჩნდა იმ ხალხის წინაშე, ვის მიმართაც პოლიტიკური ვალი აქვს და პოლიციამ 8 თებერვალს თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ოპოზიციამ ხაზგასმით განაცხადა ისიც, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არანაირი კორიდორი მოწყობილი არ ყოფილა და მინისტრს მოსთხოვა, „კომპიუტერული თამაშების“ ნაცვლად, მათთვის შესაბამისი კადრები წარედგინა.
თავის მხრივ, ღარიბაშვილმა წესრიგის ვერ უზრუნველყოფის გამო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ შეცდომების დაშვება მათი მხრიდან მოხდა.
„რეალობა იყო შემდეგი - სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ყოველგვარი კომუნიკაცია გაწყვეტილი იყო. ისინი ჩვენთან საერთოდ არ თანამშრომლობდნენ. როდესაც პრეზიდენტი ბიბლიოთეკაში მისვლას აპირებდა, მინიმუმ წინა დღეს უნდა ყოფილიყო ჩვენთან შეთანხმებული ერთჯერადი გეგმა, რადგან იქ ჩვენ დამხმარე როლს ვასრულებდით. ეს არ მოხდა. მეორე დღეს, დღის სამ საათზე, სპეციალური დაცვის სამსახურიდან შეტყობინება მომდის, რომ ადგილობრივი განყოფილებიდან რამდენიმე თანამშრომელი და ორი ეკიპაჟი ესაჭიროებათ. როდესაც ადგილზე მივიდნენ, შენობა უკვე სავსე იყო დემონსტანტებით. დავანებოთ თავი ყველაფერს, როდესაც პრეზიდენტი გადაადგილდება და მისვლას აპირებს, რატომ არ იყო შენობა დაკეტილი ან დალუქული?!“ - დაინტერესდა ღარიბაშვილი, რომლის თქმით, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი რომ ყოფილიყო, პროვოკაციის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრისას განაცხადა ისიც, რომ მომხდარის გამო პოლიციამ ოთხი პირი დააკავა, რომლებიც სასამარლომ 100 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუშვა.
უნდა ითქვას, რომ შეხვედრით ნათელი გახდა, რომ გოკა გაბაშვილი, გიორგი ბარამიძე, ნუგზარ წიკლაური, სერგო რატიანი და ზურა ჯაფარიძე რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, რომელთა გამოსვლები ცინიზმით იყო გაჟღენთილი, ხოლო მეორე ფრთა, რომლებიც საკითხებზე გაწონასწორებულები საუბრობენ, არიან - აკაკი ბობოხიძე, დავით საყვარელიძე, ლევან ბეჟაშვილი, დავით ბაქრაძე, მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალთა რიგებში კომპეტენტურ და კონსტრუქციულ ლიდერებზე ყურადღება მინისტრმაც გაამხვილა და განაცადა, რომ შეხვედრაზე ძალიან კონსქტრუციული დავით ბაქრაძე იყო.
რაც შეეხება იმას შეხვედრით ოპოზიციონერები კმაყოფილნი დარჩენ თუ არა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ შეხვედრის ამოცანა ნამდვილად არ იყო პარტიული კონკლაობის მოწყობა, ან პიროვნული დაპირისპირების დემონსტრირება.
„საჯარო საუბარი მნიშვნელოვანია იმ საკითხზე, როგორიცაა - კრიმინოგენური სტაბილურობა. ის, რომ საქართველო მშვიდ ქვეყნად გადაიქცა, სადაც სახლში ღამე სახლში დარჩენა და ბავშვების ქუჩაში გაშვება არ ეშინიათ, ეს იყო ყველაზე დიდი რამ, რისი გაკეთებაც წინა წლების განმავლობაში შევძელით. დღესაც დაინტერესებული ვართ, რომ იყოს სიმშვიდე და უსაფრთხოება, რადგან ყველანი ამ საზოგადოების ნაწილი ვართ“, - განაცხადა ბაქრაძე.
როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ განუცხადა, მინისტრმა მცირეოდენი პროფესიონალიზმიც ვერ გამოავლინა.
„მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტო სტრუქტურული თვალსაზრისით ცდილობს, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგას, არაკონპეტენტურობა და ნათესავების სამსახურებში აყვანა სახეზეა. დღეს საზოგადოებრივი უსაფრთხოება არ არის ისეთი, როგორიც 1-ელ ოქტომბრამდე იყო. 8 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ღარიბაშვილმა ფოტოები დაგვიტოვა, სადაც ჩანს, რომ 8 თებერვალს იყო კორდონი გაკეთებული. თურმე, ადამიანების მსხვილი სახით სურათები - კორდონია. მინისტრი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ცდილობს, რომ თემა წინა ხელისუფლების განხორციელებულ ქმედებებზე გადაიტანოს. კერძოდ, 26 მაისისა და 7 ნოემბრის მოვლენებზე, რაზეც ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხი - თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა ის უნდა იქნეს დასჯილი“, - განაცხადა ბარამიძემ.
შეხვედრით კმაყოფილი ჩანდა დავით საყვარელიძე, რომლის განცახდებითაც, იყო კითხვები, რომლებზეც ღარიბაშვილმა ძალიან კომპეტენტური პასუხი გასცა.
როგორც for.ge-ს საყვარელიძემ განუცხადა, ამნისტიასთან დაკავშირებით, მინისტრმა ადრე გაჟღერებული პოზიცია კვლავ დაადასტურა, რომ წინააღმდეგი იყო ამნისტიის კანონის ასეთი სახის მიღების.
„მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების გარკვეული ნაწილი კითხვებს ბადებს, რის გამოც, მათ ისინი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ და ღარიბაშვილმა დაგვაიმედა, რომ პრობლემებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა, იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი ვერ მივიღეთ. ეს კითხვები შეეხებოდა - თენგიზ გუნავასა და 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმეს. ასევე პასუხები ვერ მივიღეთ მელორ ვაჩნაძესთან დაკავშირებით, როდესაც სასამართლოზე მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა საყვარელიძემ.
საყვარელიძისგან განსხვავებით, შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა პავლე კუბლაშვილი, რომლის შეფასებითაც, მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ თენგიზ გუნავას ნარკოტიკები და იარაღი ჩაუდეს.
როგორც for.ge-ს კუბლაშვილმა განუცხადა, მინისტრმა თქვა, რომ იარაღი თითქოს იყო, თან არც იყო და საქმეზე არ გაგრძელდა გამოძიება იმიტომ, რომ ვადები იყო დარღვეული.
„მარტივად არის საქმე. თუ იარაღი არის საქმეში, მაშინ დასაჭერი ყოფილა თენგიზ გუნავა, თუ იარაღი არ არის საქმეში და ოქმში მაინც ჩაწერეს პოლიციელებმა, რომ იარაღი აღმოუჩინეს, მაშინ დასაჭერი არიან პოლიციელები. არცერთი და არც მეორე, ასე არ არსებობს და რადგან ფაქტი მოხდა, ამაზე პასუხი უნდა აგოს ვინმემ, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრს ურჩევნია, რომ რაღაც ვადების დარღვევის გამო, ეს საქმე ძველ თაროზე გადააგდოს. როგორც ჩანს, იგი სხვა საქმეების გამოძიებასაც ასე აპირებს“, - დასძინა კუბლაშვილმა.
მართალია, ნაციონალთა ნაწილი შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ სჯობს, კანონმდებლები მინისტრების გამოსვლებით უკმაყოფილონი იყვნენ, ვიდრე მთავრობის წევრები პარლამენტს საერთოდ არ სტუმრობდნენ, როგორც ეს წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა, როდესაც, ძალოვანი მინისტრები მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხსაც კი არ ესწრებოდნენ.