საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ჩიორა თაქთაქიშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს მის მიერ გამოყენებული ტერმინისთვის - „ვითომ მწოლიარე თაქთაქიშვილი“ - ბოდიში მოიხადოს.
For.ge-სთან საუბარში ნაციონალი ბიძინა ივანიშვილის მიერ ევროპარლამენტარებისადმი წარგზავნილი წერილის შინაარს მკაცრად აკრიტიკებს, სადაც ქვეყნის პრემიერი აღნიშნავს, რომ „8 თებერვალს, თბილისის მერის მიერ სრულიად აშკარად პროვოცირებული შეხლა-შემოხლის დროს, პარლამენტის წევრ ქალბატონს ცხვირიდან სისხლი წასკდა, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები კი „მოწოდების სიმაღლეზე“ აღმოჩნდნენ და ხუთი დღის შემდეგ, ვითომ, მწოლიარე თაქთაქიშვილი მოინახულეს“.
ამას გარდა, ჩიორა თაქთაქიშვილი პრემიერის კვალს იმ პიროვნების უკანაც ხედავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, for.ge-ს ოფისს ტელეფონით დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტმა, გიუნერ ჰოკმარკმა თაქთაქიშვილი უცხო პირის კუთვნილ ბინაში მოინახულა.
კერძოდ, ჩვენი ინფორმატორის თქმით, საქართველოში ვიზიტად მყოფი გიუნერ ჰოკმარკი აეროპორტში იმყოფებოდა და ქვეყანას ტოვებდა, რა დროსაც, ნაციონალთა თხოვნით, მან თაქთაქიშვილის მონახულება გადაწყვიტა. ვინაიდან დრო ცოტა იყო, თაქთაქიშვილი აეროპორტის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მოსახლის ბინაში მიიყვანეს, ბინის პატრონს „ქირაც“ კი გადაუხადეს და დიასახლისის ხალათში გახვეული დეპუტატი მდივანზე მწოლიარე დაახვედრეს ევროპელ სტუმარს.
როგორც for.ge-ს თაქთაქიშვილმა განუცხადა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიერ მიღებული კანონმდებლობით, ოპონენტები სარგებლობენ.
„ჩვენს მიერ მიღებული ძალიან ლიბერალური კანონმდებლობა, თუნდაც ასეთი აბსურდული და ავადმყოფური ფანტაზიის ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ ცილისმწამებლური კამპანია აწარმოონ. არ გამიკვირდება, რომ ამ პიროვნების უკან დგას და ნამდვილად იდგება - ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ მან თავის გამოსვლაში „ვითომ მწოლიარე ჩიორა თაქთაქიშვილი“ ახსენა, რის გამოც, პირადად ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას მოვითხოვ. ზოგადად კი, ეს ინფორმაცია სრული აბსურდია, რადგან საკუთარი სახლი არ მაქვს და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, რომელიც აეროპორტის გზაზე მდებარეობს თუ თამარ მეფის 17 ნომერში, ეს თქვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, რადგან ბატონ ჰოკმარკთან ერთად ჟურნალისტებიც მესტუმრნენ“, - განუცხადა for.ge-ს თაქთაქიშვილმა.
8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულ ჩიორა თაქთაქიშვილს, საკუთარ სახლში გიუნერ ჰოკმარკი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად ესტუმრა. კანონმდებელი მდივანზე იწვა და მან პირველ რიგში, უხერხულ მდგომარეობაში დახვედრის გამო, ევროპარლამენტის წარმომადგენელს მოუბოდიშა, რის შემდეგაც მას მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ევროპარლამენტის წარმომადგენელმა მომხდარის გამო ევროპარლამენტის სახელით მწუხარება გამოხატა და ქართველ კანონმდებელს გამოჯანმრთელება უსურვა.
თაქთაქიშვილისა და ჰოკმარკის შეხვედრის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, საზოგადოების ნაწილმა და მმართველი გუნდის ლიდერებმა აღნიშნულ შეხვედრას „დადგმული სპექტაკლი“ უწოდეს. უფრო მეტიც, დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ ოპონენტი - დელაკრუას ნახატსაც შეადარა. სოციალურ ქსელებში კი, ვიდეო, სახელწოდებით - „პიჟამო“ გავრცელდა, რომელიც სწორედ ამ შეხვედრის შარჟს წარმოადგენდა. კერძოდ, ფილმ „რომაული არდადეგების“ ერთ-ერთ ცნობილ სცენაში, ოდრი ჰეპბერნისა და გრეგორი პეკის გმირები ჩიორა თაქთაქიშვილითა და გიუნერ ჰოკმარკით იყო ჩანაცვლებული.
შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს, ქუთაისში, პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით წარდგენა იყო დაგეგმილი, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ქვეყნის პირველ პირს, საკანონმდებლოში გამოსვლის უფლება უმრავლესობამ არ მისცა, მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლა გადაწყვიტა, სადაც მას ყოფილმა პოლიტპატიმრებმა და უბრალო მოქალაქეებმა მისვლის საშუალება არ მისცეს. მომხდარი დაპირისპირების დროს კი, ჩიორა თაქთაქიშვილს ერთ-ერთმა მოქალაქემ სახეში გაარტყა, რის გამოც, მას ცხვირიდან სისხლი წასკდა.