ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში საქართველოს შესახებ გამოთქმულია
წუხილი "2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად
ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის პირველი პრეცედენტის
შემდეგ უკან გადადგმული ნაბიჯების გამო, რომლებიც ეხება კანონის
უზენაესობას, მართლმსაჯულების სისტემისა და მედიის დამოუკიდებლობას და
დემოკრატიულ სტანდარტებს, რასაც ზიანი მოაქვს საქართველოს პოზიტიური
იმიჯისათვის". ამის შემდეგ ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობას
მოჰყავს საქართველოს ხელისუფლებისათვის წაყენებული მოთხოვნების ნუსხა,
რომელიც მოიცავს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების კრიტიკას
პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და მედიის სფეროებში. დეკლარაცია
ბუნდოვანია, შეიცავს მკაცრ კრიტიკას ყოველგვარი მაგალითებისა და
დასაბუთების გარეშე და ასახავს საქართველოს ოპოზიციური პარტიის – ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ პოზიციას, იმის ნაცვლად, რომ
სათანადოდ იყოს შესწავლილი და დაბალანსებულად იყოს შეფასებული
საქართველოში შექმნილი ვითარება. მიუხედავად ამისა, ევროპის სახალხო
პარტიის კონკრეტული წევრების ბოლო განცხადებების გათვალისწინებით,
საქართველოს ხელისუფლება შეეცდება ამ დოკუმენტით გასცეს პასუხი ზოგიერთ
გაურკვევლობას, რასაც ეყრდნობა აღნიშნული დეკლარაცია, და აგრეთვე
დაადასტუროს საკუთარი ერთგულება მაღალი დემოკრატიული
სტანდარტებისადმი.
1. დეკლარაციაში მითითებულია, რომ სახეზეა ოპოზიციური პარტიების
მოქმედების შეზღუდვა და საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური
უფლებების უპატივცემულობა. ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი
წევრის განცხადებებში გაკეთდა მკაცრი და მიკერძოებული დასკვნა 8
თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით: "პრეზიდენტ სააკაშვილს აეკრძალა
პარლამენტის შენობაში ყოველწლიური მიმართვით გამოსვლა და ებრძანა
სასახლეში ყოფნა", "დაიდგა და მოეწყო ძალადობრივი აქტები", რათა
პრეზიდენტს არ მისცემოდა სიტყვით გამოსვლის საშუალება. მთავრობის პასუხი:
პარლამენტს არ აუკრძალავს პრეზიდენტისათვის პარლამენტში სიტყვით
გამოსვლა. სიტყვით გამოსვლის თარიღი არც კი იყო შეთანხმებული.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მიწვევა პარლამენტში
სიტყვით გამოსვლისათვის თავად პარლამენტის პრეროგატივაა. სიტყვით
გამოსვლის თარიღი იცვლება ყოველ წელს. დეპუტატებმა ამჯობინეს მოწვევის
გადავადება ორი მიზეზის გამო:
* პრეზიდენტს სჩვევია დაგვიანებით გამოცხადება (ან საერთოდ
არგამოცხადება) წინასწარ შეთანხმებულ გამოსვლებზე, რაც მიუთითებს,
რომ იგი საკმარისად არ სცემს პატივს პარლამენტს, თუმცა საქმე ამით არ
მთავრდება.
* სააკაშვილმა უარი განაცხადა პარლამენტის წევრთა მოთხოვნაზე,
გამოეხატა საკუთარი მოსაზრება საკონსტიტუციო ცვლილებასთან
დაკავშირებით, ანუ იმ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც
უზრუნველყოფდა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობას
ევროპული დემოკრატიის სტანდარტებთან. ნაცვლად ამისა, მას სურს
შეინარჩუნოს ის საპრეზიდენტო უფლება, რომელიც მას აძლევს ნებას,
დაითხოვოს მთავრობა და საკუთარი სურვილით დანიშნოს ახალი
აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ შეინარჩუნოს ის უფლება, რომელიც
მან თავადვე შემოიღო, როგორც პრეზიდენტმა.
პრეზიდენტ სააკაშვილისთვის არავის უბრძანებია სასახლეში ყოფნა. თუკი
ძალადობა მართლაც იყო "დადგმული და მოწყობილი", იგი დაგეგმა ერთიანმა
ნაციონალურმა მოძრაობამ და არა მმართველმა პარტიამ.
* ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტთან შეეთანხმებინა სიტყვით გამოსვლის
თარიღი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის სიტყვით გამოვა
თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში. დაახლოებით 200 მოქალაქე
შეიკრიბა პროტესტის გამოსახატავად, რომელთა უმრავლესობაც იყვნენ
ყოფილი პოლიტპატიმრები, უკანონო დაკავებების, წამებისა და პოლიციის
მიერ დარბეული დემონსტრაციების მსხვერპლი და სხვები.
* პოლიციამ დემონსტრანტებს შორის უზრუნველყო უსაფრთხოების
დერეფნები და დაელოდა პრეზიდენტის დაცვას. პირადი დაცვა, რომელიც,
როგორც წესი, ადგილზეა თავად პრეზიდენტის მისვლამდე 24 საათით
ადრე, საერთოდ არ გამოჩენილა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პარტიის
ოფიციალურმა პირებმა სცადეს გზის გაკვლევა ბიბლიოთეკისაკენ ისე, რომ
უგულებელყვეს პოლიციის მიერ მოწყობილი დერეფნები. თბილისის
მერმა და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებმა თავიანთი
მოქმედებითა და გამონათქვამებით მოახდინეს შეკრებილთა
პროვოცირება. დაიწყო შეხლა-შემოხლა.
* ხელისუფლება ზედმიწევნით აცნობიერებს წესრიგისა და სიტყვის
თავისუფლების დაცვის ვალდებულებას. პარლამენტის თავმჯდომარემ
დავით უსუფაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა
მაშინვე დაგმეს ეს ძალადობა, ხოლო ასეთ მოქმედებებში ჩართული პირები
დაკავებულ იქნენ. ორი მათგანის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის
სამართლის საქმე. ხელისუფლება აღიარებს, რომ პოლიციის მომზადების
დონე არ აღმოჩნდა საკმარისი იმ პირობებში, როდესაც ასე მძაფრია წინა
ხელისუფლებით ხალხის უკმაყოფილება. შესაბამისად, გადაიდგა
ნაბიჯები, რათა ასეთი ინციდენტები აღარ განმეორდეს.
2. ევროპის სახალხო პარტიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ "გამართული
დემოკრატია შეუძლებელია თავისუფალი და კონკურენტული, თანაბარი
გარემოს გარეშე ყველა პოლიტიკური ძალისათვის"; გაჟღერებულია მოწოდება
"ზეწოლისა და ძალადობის მეშვეობით ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევითი ორგანოების შეცვლის კამპანიის შეწყვეტისაკენ" და განხილულია
მართლმსაჯულების "შერჩევითი გამოყენება პოლიტიკური მიზნების
მისაღწევად".
მთავრობის პასუხი:
ხელისუფლება რჩება კანონის უზენაესობის ერთგული და არ არის დაკავებული
არავითარი პოლიტიკური დევნით.
* კოალიცია "ქართული ოცნების" მრავალმა წევრმა განიცადა დევნა და
დაპატიმრება სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ისევე როგორც ეს
ხდებოდა საბჭოთა პერიოდში. ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე მდგარი
ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ხაზგასმითაა
აღნიშნული უფლებათა ფართომასშტაბიანი დარღვევები წინა
ხელისუფლების პირობებში, დაშინების, საკუთრების თვითნებური
ჩამორთმევისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების
ჩათვლით (German Marshall Fund, Transatlantic Academy). სწორედ ამიტომ
არის ახალი ხელისუფლება ადამიანის უფლებებისა და კანონის
უზენაესობის ერთგული.
* ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები არ არის
დაკავშირებული ხელისუფლების სახელმწიფო პოლიტიკასთან.
თვითმმართველობებში შექმნილი ვითარება ცვლილებების უწყვეტი
პოლიტიკური პროცესის ნაწილია, რომელშიც მთავრობა და პარლამენტი
არ ერევიან.
* წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა საქმეების ამჟამინდელი
გამოძიება თითქმის ცხრაწლიანი დაუსჯელობის შედეგია, რომელსაც
აკრიტიკებდნენ კიდეც საერთაშორისო დამკვირვებლები, ევროკავშირისა
და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩათვლით (ციხის სკანდალი,
რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო 2012 წელს, ამ
დანაშაულობათა მხოლოდ ერთი მაგალითია). 2012 წლის არჩევნებისშემდეგ ათასობით საჩივარი შევიდა მთავარ პროკურატურაში. ამ საჩივრებს
ამჟამად განიხილავენ მართლმსაჯულების ორგანოები. ახალი
ხელისუფლების მოსვლიდან სამი თვის განმავლობაში მთავარ
პროკურატურაში შევიდა დაახლოებით 18 000 საჩივარი, რომლებშიც
აღწერილია წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა მიერ სავარაუდოდ
ჩადენილი დანაშაულები. ზოგიერთი საქმე ეხება ყოფილ თანამდებობის
პირებს.
* მიუხედავად ამისა, შერიგებისაკენ ნაბიჯების გადადგმის მიზნით,
ხელისუფლება გეგმავს პოლიტიკურ ამნისტიას ყველა დანაშაულისათვის,
გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისა. ამასთან, საქართველოს
მართლმსაჯულების სისტემა ლიბერალურად ეპყრობა იმ ბრალდებულ
პირებს, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული,
ხოლო ყოფილი თანამდებობის პირთა უმრავლესობა გირაოთია
გათავისუფლებული და ელოდება სასამართლოს.
* სამართლის სფეროში მაღალი საერთაშორისო სტანდარტების
უზრუნველყოფის მიზნით გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:
ო იუსტიციის სამინისტრომ წამოაყენა წინადადება ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოს გამოყენების შესახებ ყველა საქმეში, რომელიც
წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს (წინა
ხელისუფლების პირობებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
გამოიყენებოდა მხოლოდ მკვლელობებთან დაკავშირებულ
საქმეებში;
* შეთავაზებული რეფორმები ასევე ითვალისწინებს სასამართლო
პროცესების ხელმისაწვდომობას მედიასაშუალებებისათვის და მათი
ვიდეოფირზე აღბეჭდვის შესაძლებლობას;
* გარდა ამისა, სასამართლო პროცესების მონიტორინგს
განახორციელებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფები,
კერძოდ: არასამთავრობო ორგანიზაციები – საერთაშორისო
გამჭვირვალობა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია; ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის
უფლებათა ბიურო და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი
თომას ჰამერბერგი.
3. ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში მოწოდებულია
"მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის
პრინციპის სრული დაცვა" და მოტანილია ვენეციის კომისიის
რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით. სახალხო პარტიამ გამოთქვა
"შეშფოთება სპეციალური კომისიის შექმნის შესაძლებლობის გამო, რომელიც
განიხილავს სასამართლოში უკვე განხილულ საქმეებს, რადგანაც მიიჩნევს,
რომ ეს წარმოადგენს სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევის
საშიშროებას".
მთავრობის პასუხი:მართლმსაჯულების სისტემის ყველა რეფორმა შემუშავდა გამჭვირვალობის
სრული დაცვითა და მოქმედ მოსამართლეებთან კონსულტაციების შედეგად,
ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის
რეკომენდაციების გათვალისწინებით.
* წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლოში განხილული სისხლის
სამართლის საქმეების 99% გამამტყუნებელი განაჩენით სრულდებოდა. აშშ-
ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოთქვა განსაკუთრებული შეშფოთება
პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების გამო. ბევრმა საერთაშორისო
ორგანიზაციამ და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა ცნო
საქართველოს სასამართლო, როგორც ხელისუფლების ყველაზე სუსტი
შტო, რომელიც ძირეულ რეფორმას საჭიროებს. ევროკავშირის
ხელშეწყობითა და მოქმედ მოსამართლეებთან კონსულტაციების შედეგად,
ხელისუფლებამ მოსამართლეებს შესთავაზა რეფორმები. და მიუხედავად
იმისა, რომ ზოგიერთ მოსამართლეს ბრალად ედება არაკანონიერი
მოქმედება, მთავარმა პროკურატურამ შეაჩერა ყველა გამოძიება მოქმედ
მოსამართლეთა წინააღმდეგ.
* ეს რეფორმები ეფუძნება არასამთავრობო ორგანიზაციების (საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა,
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის)
მიერ შემუშავებულ და საერთაშორისო თანამეგობრობის (USAID) მიერ
მოწონებულ პროექტებს. ხელისუფლებამ დაადასტურა მზადყოფნა, მიიღოს
ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის
თომას ჰამერბერგის რეკომენდაციები. ვენეციის კომისიის დასკვნა
გამოქვეყნდა 8 მარტს და მასში ნათქვამია: "ეს ცვლილებები წარმოადგენს
წინსვლას საბჭოს დამოუკიდებლობისაკენ" და "დააახლოებს კანონს
ევროპულ სტანდარტებს". ხელისუფლება გეგმავს ვენეციის კომისიის
რეკომენდაციების უმრავლესობის გათვალისწინებას.
* შეთავაზება სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც განიხილავს
სასამართლოში უკვე განხილულ საქმეებს, ეფუძნება მთავარ
პროკურატურაში შეტანილ ათასობით საჩივარს, რომლებშიც აღწერილია
სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების სავარაუდო დარღვევები
წინა ხელისუფლების პირობებში. საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი
ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოში გადამისამართებული საქმეების რაოდენობის მხრივ,
რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპის კონვენციის მე–6
მუხლის, ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. ამ
წინადადებას განხილვების კომისიის შექმნის შესახებ, რომლის მუშაობაც
წარიმართება გამჭვირვალობის სრული დაცვითა და სასამართლოს
დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების მიხედვით, საქართველოს
მოქალაქეები მიიჩნევენ "სტრასბურგის სასამართლოს ჩვენთან
ჩამოყვანად".
4. ევროპის სახალხო პარტია ხაზს უსვამს "ჩარევას გამოხატვის უფლებასა და
ინფორმაციის თავისუფლებაში, მედიის დამოუკიდებლობისა და მისი
უფლების ჩათვლით, რომ საქმიანობა წარმართოს დევნის შიშის გარეშე".
კერძოდ, დეკლარაციაში არის მითითება საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
მთავრობის პასუხი:
არასამთვარობო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ახალი ხელისუფლების
მოსვლის შემდეგ გაიზარდა მედიის თავისუფლების დონე.
* საერთაშორისო გამჭვირვალობამ განაცხადა, რომ იკლო პარტიულმა
მიკერძოებამ, განსაკუთრებით ტელერადიომაუწყებლობაში.
* არ ყოფილა არც ერთი შეტყობინება, რომ ხელისუფლება ჩაერია
მედიასექტორის საქმიანობაში; არ ყოფილა არც ერთი შეტყობინება
ჟურნალისტებისა თუ მედიასფეროს მუშაკების წინააღმდეგ ფიზიკური
ანგარიშსწორების ან მათი დაკავების, დაშინებისა თუ დათრგუნვის
შესახებ. მეორე მხრივ, მიმდინარეობს 2012 წლის ოქტომბრამდე
განხორციელებული ასეთი რეპრესიული მოქმედებების გამოძიება.
პრემიერ-მინისტრს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ უზრუნველყოფილი
იქნება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა.
* პრემიერ–მინისტრის წინადადება საქართველოს საზოგადოებრივი
მაუწყებლისა და კერძო ტელეკომპანია ,,მე–9 არხის" შერწყმის შესახებ აღარ
განიხილება, რათა მთლიანად გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი, იმის
გამო, რომ ტელეკომპანია ,,მე–9 არხი" პრემიერ-მინისტრის მეუღლის
მფლობელობაშია. პრემიერ-მინისტრის ამ წინადადების ერთადერთი
მიზანი ის იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს უანგაროდ გადასცემოდა
მისთვის მეტად საჭირო ძვირადღირებული ტექნიკა და აღჭურვილობა,
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს შეენარჩუნებინათ სამუშაო
ადგილები, ხოლო ტელეკომპანია "მე–9 არხს" არ ჰქონოდა შესაძლებლობა
მომსახურებოდა კერძო ინტერესებს, რისიც ასე ეშინოდა ოპოზიციას.
* პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა ამ გეგმაზე, რათა ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი,
რომ ის საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს.
პრემიერ-მინისტრი ეძებს გზებს, რათა იგი და მისი ოჯახი აღარ
ასოცირდებოდეს ტელეკომპანია ,,მე–9 არხთან".
* რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, ამის მაგალითია ტელეკომპანია
"იმედი", რომელიც 2007 წელს ძალადობრივი ჩამორთმევისა და
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის გადაცემის შემდეგ,
ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს.
5. ვილფრედ მარტენსმა თავის განცხადებაში ახალ მთავრობას მოუწოდა,
პატივი სცეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს
ქართულ საზოგადოებას უნდა, რომ იცოდეს, რა ტიპის დემოკრატიის
პატივისცემისკენ მოგვიწოდებს ბატონი მარტენსი, ისეთის, როდესაც პრეზიდენტს
უფლება აქვს ერთპიროვნულად დანიშნოს მთავრობა და არაფერი ჰკითხოს
პარლამენტის და, შესაბამისად, ხალხს?
* 1995 წელს, როდესაც იწერებოდა საქართველოს კონსტიტუცია,
იმჟამინდელმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ უარი თქვა კონსტიტუციაში
ისეთი მუხლის ჩადებაზე, რომელიც მას უფლებას მისცემდა
ერთპიროვნულად დაენიშნა მთავრობა. თუმცა, წლების შემდეგ, 2004 წელს,
სწორედ ,,დემოკრატმა" სააკაშვილმა კონსტიტუციით გაიფორმა ეს უფლება,
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ჩანაწერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია
ვენეციის კომისიამ და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებამ. ძნელი
დასაჯერებელია, რომ ამ სტანდარტით აფასებდნენ დემოკრატიას და ამას
ელოდება ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მთავრობისგან.
* თუ კონკრეტული ფაქტებია საჭირო დასკვნების გასაკეთებლად, ეს ფაქტები
სახეზეა – ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღატაკეში
ცხოვრობს, პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს ფუფუნებაში იცხოვროს.
მას აქვს 8 მოქმედი რეზიდენცია, ემსახურება 3500–კაციანი დაცვა და
უძვირესი და განსაკუთრებულად კომფორტული თვითმფრინავები.
უამრავი ფაქტი იყო ასახული ღია წერილში, რომლითაც პრემიერმა
ევროპის სახალხო პარტიას მიმართა. ეს არის ფაქტები, და თუ მაინც ჭირს
ევროპიდან ამ ფაქტების დანახვა, გთხოვთ, ჩამობრძანდეთ და ამაში თავად
დარწმუნდეთ.