ოლეგ იაძე დავით ონოფრიშვილს კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებს

ოლეგ იაძე დავით ონოფრიშვილს კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებს

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ოლეგ იაძე კასპის მაჟორიტარ დეპუტატს, დავით ონოფრიშვილს კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დავით ონოფრიშვილმა კრიმინალები და ნარკომანები დაიცვა და კასპის პოლიციის უფროსის მამუკა ჯანანაშვილის საქმიანობის შესწავლა მოითხოვა. მამუკა ჯანანაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ დავით ონოფრიშვილის საარჩევნო შტაბის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.

საქმე ისაა, რომ 2013 წლის 12 მარტს დავით ონოფრიშვილის ბიუროში 50-მდე კასპელი ახალგაზრდა შეიკრიბა და მაჟორიტარ დეპუტატთან კასპის პოლიციის უფროსის და მისი მოადგილეების ქმედებებზე ისაუბრა. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ამჟამინდელი სამართალდაცავი მუშაკები ახალგაზრდებს ატერორებენ, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ზოგიერთებს კი საქართველოს დატოვებას აიძულებენ.

მათთან შეხვედრის შემდეგ დავით ონოფრიშვილმა აღშფოთება ვერ დამალა და შს მინისტრს და მის გენერალურ ინსპექციას კასპის პოლიციის მაღალჩინოსნების საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდა: „არავის გადავაქცევინებ კასპის რაიონს თავის სამეფოდ, არც პოლიციის უფროსს და არც რაიონის გამგებელს. პირდაპირ მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ამ საკითხს პარლამენტზეც გავიტან, რომ დაიწყონ გამოძიება. როდესაც 50-მდე ადამიანი ერთი და იგივეს გეუბნება, შეუძლებელია, რომ ეს არ იყოს სიმართლე. ცემა-ტყეპა მიმდინარეობს კასპის ქუჩებში. დაუშვებელია, იგივე ხდებოდეს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ხდებოდა“, – განაცხადა ონოფრიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

აღნიშნულის შემდეგ ოლეგ იაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ დავით ონოფრიშვილის განცხადება დამნაშავეთა სამყაროს გამართლებას ემსახურება. ოლეგ იაძემ ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წარადგინა, რომელშიც აღნიშნული ახალგაზრდების ნარკოლოგიური შემოწმების შედეგებია დაფიქსირებული. ოლეგ იაძის თქმით, ისინი, ვისაც დავით ონოფრიშვილი გადაუმოწმებლად გამოექომაგა, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაჯარიმებულები არიან და 2013 წლის იანვრის შემდეგ მათ მიმართ დაახლოებით 10 000 ლარიანი სამართალდარღვევის ოქმებია შედგენილი.

„ის რაც გუშინ მოხდა, ასეთი რამ საქართველოში არასდროს მომხდარა. გაგიგიათ, ნარკომანებს პოლიციის უფროსის გადაყენება მოეთხოვოთ? ან ის შეიძლებოდა, დათო ონოფრიშვილს განცხადება პოლიციის უფროსთან საუბრის გარეშე გაეკეთებინა? არც კი დალაპარაკებია იმ მამუკა ჯანანაშვილს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მისი შტაბის მობილური ჯგუფის უფროსი იყო და ტყვიაზე მიდიოდა“, – აცხადებს ოლეგ იაძე.

ამასთან, მიიჩნევს, რომ 12 მარტის აქცია პირადად მის წინააღმდეგ მიმართული შეკრება უფრო იყო და მას რომ ვერაფერი დააკლეს, მამუკა ჯანანაშვილს მიადგნენ. ამ პროცესების უკან კი გარკვეული ძალები დგანან.  წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ პოლიციელების ხელით რომელიმე ადამიანი დაზარალდა, ამას დააფიქსირებდნენ კიდეც მედიასაშუალებებით. ასეთი რამ კი არ გაუკეთებიათ, რადგან არ მომხდარა.

For.ge ოლეგ იაძეს ესაუბრა.

დავით ონოფრიშვილს კრიმინალების მფარველობაში რის საფუძველზე ადანაშაულებთ?

- ეს სიცრუეა, არ მომხდარა არსად და არც დამიდანაშაულებია და არც არაფერი დავით ონოფრიშვილი. უბრალოდ, როდესაც კრიმინალები შეხვდნენ ბატონ დავითს, მან ამ ადამიანებს მოუსმინა, ამის შემდეგ არასწორი ინტერპრეტაცია ცალმხრივად გააკეთა და კასპის პოლიციის უფროსის გადაყენება მოითხოვა. ის არ შეხვდა პოლიციის უფროსს, მეორე მხარეს არ მოუსმინა და დაადანაშაულა პოლიციის უფროსი. თორემ ბატონი დავითი არ არის იმ დონის პიროვნება, რომ კრიმინალები შემოიკრიბოს. ასე არ მომხდარა.

მაგრამ ამბობენ, რომ თქვენ იგი არა მარტო კრიმინალების, ნარკომანების დაცვაშიც დაადანაშაულეთ.

- რა თქმა უნდა, ეს დაფარული არ არის. მას დაახლოებით 50 კაცი შეხვდა, საიდანაც 35 სწორედ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო - ნარკომანები და სხვადასხვა დანაშაულში ოფიციალურად დაჯარიმებული პირები მასთან მივიდნენ. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ დავით ონოფრიშვილი მათ მფარველობდა. არა, როგორ გეკადრებათ?

თუ ეს ადამიანები კრიმინალები იყვნენ, რატომ შეხვდნენ დავით ონოფრიშვილს?

- პოლიციის უფროსმა ამ ადამიანებს გამოუცხადა დაუნდობელი და სამართლიანი ბრძოლა, რაც კრიმინალებმა განგაშად მიიღეს. კასპის კრიმინალები შეიკრიბნენ და დავით ონოფრიშვილთან მივიდნენ. მანამდე კი ჩემთან იჩივლეს ამის შესახებ.

თქვენთან დასაყრდენი ვერ ნახეს?

- ჩემთან დასაყრდენი, რა თქმა უნდა, ვერ ნახეს, მერე მივიდნენ დათოსთან. ალბათ, იტირეს, იბღვირეს და დათომ უბრალოდ არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა, სხვა არაფერი. თუ რატომ მივიდნენ ეს ადამიანები დათოსთან, ეს უკვე დათოს უნდა შეეკითხოთ.

მართალია, რომ დავით ონოფრიშვილის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეთ?

- ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან ამის არც კანონი არსებობს, არც წესი.  განა მე არ ვიცი, რომ ეს არ შეიძლება?! რა ხელმოწერები და რის ხელმოწერები?!

ანუ მიიჩნევთ, რომ კრიმინალებმა, როგორც თქვენ მათ უწოდებთ, საკადრისი პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე? ზოგადად, კასპში კრიმინალების პრობლემა მწვავედ დგ?

- ერთ რამეში ვეთანხმები წარსულ ხელისუფლებას, კრიმინალის ადგილი არის იქ, სადაც ის უნდა იყოს.

როგორ ფიქრობთ, ახალი ხელისუფლების პირობებში მათ შეიძლება დასაყრდენი იპოვონ?

- არ ექნებათ დასაყრდენი. ადრე ძველი ხელისუფლება ძალით ადენინებდა მათ კრიმინალს, რომ შემდეგ ემართათ. ჩვენი ხელისუფლება კრიმინალსაც კი ექცევა ყველანაირი დემოკრატიული მეთოდებით. აგერ, თუნდაც გაიხსენეთ ეს ახალაიები, უგულავები, მერაბიშვილები, ამხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი და ჯერჯერობით მიმდინარეობს მათი საქმეების ძიება, კვლევა და ასეთი დემოკრატიული პრინციპებით ვცხოვრობთ.

თქვენს შესახებ ისიც ითქვა, რომ კამერების წინ ხელმოწერილი ფურცლები დახიეთ, რომლებიც დავით ონოფრიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული.

- დიახ, ფურცლები დავხიე, მაგრამ განა ეს დათო ონოფრიშვილის წინააღმდეგ იყო?! ეს თვითონ ჟურნალისტებმაც გადაიღეს და ეს სხვა რამ იყო.

მაშინ რა ეწერა იმ ფურცლებზე?

- არ არის საჭირო.

ბიძინა ივანიშვილი "პატარა ბიძინასა" და დიდი ბიძინას" თემას გამოეხმაურა.

- ბატონი ბიძინას ქათინაური არათუ ჩემთვის, ნებისმიერი მისი თანაგუნდელისთვის უდიდესი სიხარულის მომტანია.

თუმცა ეს მთლად ქათინაური არ ყოფილა, მან სხვა კონტექსტით გააკეთა კომენტარი - ჯერ დიდი ბიძინა რას აკეთებს, რომ პატარა ბიძინამ გააკეთესო.

- ბატონი ბიძინასგან შენიშვნაც ნამდვილად მისაღებია. უბრალოდ, ჩვენ უნდა მოვუბოდიშოთ ბატონ ბიძინას, რომ ჩვენი მხრიდან, ზოგჯერ ჩვენი ცოტა რაღაცნაირი გამონათქვამები გვაქვს. შეიძლება, ეს გამონათქვამები არაპოლიტიკურია, სამაგიეროდ, სუფთაა. თუმცა ჩვენი სუფთა, მაგრამ ნამდვილი და ცოტა არაპოლიტიკური გამონათქვამების გამო ხშირად ჟურნალისტები ბატონ ბიძინას შეკითხვებს უსვამენ, მაგრამ ეს საერთო საქმეს ნამდვილად არ ვნებს. დამერწმუნეთ, 42 წელი სპორტში ვიმოღვაწევე, სუფთა ხელებით, სუფთა გულით და სუფთა სულით ვარ ჩართული ამ საქმეში და შევეცდებით, ძალიან მოკლე პერიოდში ესეც გამოვასწოროთ.

რატომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მთელ კასპს კრიმინალებად და ნარკომანებად მოიხსენიებთ?

- სამწუხაროდ, აქ ძალიან ბევრი კრიმინალია, რადგან საზღვრისპირა რეგიონია კასპი და ძალიან ბევრი იყო კრიმინალი. მაგრამ მთელ კასპს ეს არ ეხება, ღმერთმა გვაშოროს, კასპი ერთ-ერთი ინტელექტუალური რაიონია და უამრავი ბუმბერაზი ხალხი ჰყავს გაზრდილი. უბრალოდ, გულსატკენია, რომ უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში ხელისუფლების უყურადღებობამ, ხელისუფლების აგდებამ და გაკრიმინალებამ, ბევრი ახალგაზრდა ძალით ჩართო ამ სამყაროში. თანაც, ამ საზღვრისპირა რაიონში შემოდიოდა ნარკოტიკი. კასპში ეს სენი თითოეული ჩვენგანის სატკივარია.

For.ge დავით ონოფრიშვილსაც ესაუბრა. იგი ითხოვს, ოლეგ იაძემ დაასახელოს იმ კრიმინალთა გვარები, ვინც დანაშაულში იმხილებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება და ნარკომანობის დაბრალება იაძისთვის არაფერს წარმოადგენს. პირადად იგი კი ასე არ უყურებს მოვლენებს და ოლეგ იაძისგან განსხვავებით, ცოტა სხვა ღირებულებები გააჩნია. 

დავით ონოფრიშვილის თქმით, იგი არ იცნობს კრიმინალებს. ისიც სიცრუეა, თითქოს კრიმინალები მივიდნენ მასთან დახმარების სათხოვნელად. უბრალოდ, ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ოლეგ იაძეს დაკარგული აქვს ორიენტირები და იგი არ წარმოადგენს კოალიციის არცერთი პარტის წევრს, იგი გასულია კოალიციის არეალიდან და მხოლოდ თავისი შეხედულებებით იღებს გადაწყვეტილებებს. ასეთ დროს კი ადამიანს, რომელსაც არ აქვს მართვის გამოცდილება, ბევრი შეცდომა მოსდის.

ონოფრიშვილის განმარტებით, მას 50-ზე მეტმა ახალგაზრდამ განცხადებით მიმართა, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ თითოეულ მათგანს სიტყვიერი, ზოგსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კასპის პოლიციის თანამშრომლებმა და მათ გვარებსაც ასახელებდნენ. ამის შემდეგ, მან, როგორც კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მათი განცხადებები შს სამინისტროში გადაგზავნა და ამჯერად ეს უწყება დააზუსტებს, გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას პოლიციამ და ისინი არიან თუ არა კრიმინალები.

კასპის მაჟორიტარის თქმით, ამ ახალგაზრდებზე ძალადობა განხორციელდა, როცა ისინი ქუჩაში ან მისეირნობდნენ, ან სახლის წინ იდგნენ. შესაბამისად, მისი კომენტარიც ასეთი იყო, რომ ეს მიუღებელია და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

„უდანაშაულობის პრეზუმპციის გათვალისწინებით, არავის აქვს უფლება, უბრალოდ მდგომ ადამიანს ან აგინოს, ან შეურაცხყოფა მიაყენოს. ოლეგ იაძე რატომ თვლის ამას სხვანაირად, ცოტა რთული გასაგებია. თავის ამომრჩევლებთან დაპირისპირების ნაცვლად ოლეგ იაძეს ურჩევნია, მთავარი ფუნქცია - გამგებლის მოვალეობა  შეასრულოს და „ქართული ოცნების“ დაპირებებზე იმუშაოს. ამ დროს კი იგი მთელი დღე ჩართულია და საათობით დროს კარგავს გაუმართლებელ ბრალდებებში, დაპირისპირებებში, ინტრიგებში. ეს არ არის გამგებლის საქმე. ადრე თუ გვიან ყველა გამგებელს მოეკითხება, თუ რა გააკეთა და არცერთი გამგებელი შეუცვლელი არ არის“, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი და ოლეგ იაძის ლოგიკის გაგება უჭირს.

მისი თქმით, იგი როგორც რაიონის მაჟორიტარი, მოვალეა, 50-ს კი არა, ერთ ადამიანსაც  მხარი დაუჭიროს. იმასაც იხსენებს, რომ როცა ამდენმა მომჩივანმა მიაკითხა, ისინი მის მისაღებ ოთახში ვერ დაეტივნენ. სხვადასხვა ასაკის ადამიანები იყვნენ, ზოგიერთი 19 წლის, ზოგი - 30-ის, ზოგიც - 40 წლის. მათ საკონტაქტო მონაცემები დატოვეს და არსად იმალებიან, ხოლო, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, მაშინ პასუხს აგებენ კიდეც.

„კასპის პოლიციის უფროსს არ უთქვამს, რომ ესენი დამნაშავეები არიან და ოლეგ იაძემ საიდან იცის მათი დანაშაული?! ვიცი, რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაც ხელმოწერებს აგროვებენ, რაც ნაკლებად მაღელვებს, რადგან 10 ათას ადამიანზე მეტმა მომცა ხმა და ისიც ვიცი, ჩემი მხარდამჭერები ვინც არიან. ჩემს წინააღმდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი თუ აწერს ხელს, ეს არ ვიცი. მე მაჟორიტარი ვარ და არა მარტო ჩემს ამომრჩეველს, ნებისმიერ ადამიანს არ გავარჩევ, თუკი მას პრობლემა აქვს“, - გვითხრა დავით ონოფრიშვილმა.