IRI-ის გამოკითხულთა 51% ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაპატიმრებას ემხრობა

IRI-ის გამოკითხულთა 51% ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაპატიმრებას ემხრობა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს და მას გამოკითხულთა 88 %-იანი მხარდაჭერა აქვს, 9 % პრემიერს მხარს არ უჭერს, 3 %-ს კი მის შესახებ საერთოდ არ სმენია.

რეიტინგში მეორე ადგილს 84 %-ით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იკავებს, ხოლო მესამე პოზიციას 83 %-ით კი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ხუთეულში მოხვდნენ, ასევე, 79 %-ით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და 76 %-ით შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51%) ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის დაპატიმრებას მხარს უჭერს. 30% ყველა მათგანის დაპატიმრებას ემხრობა, 12% კი - არცერთი მათგანის დაპატიმრებას, ხოლო 7% კითხვას არ პასუხობს ან ამბობს, რომ არ იცის.

IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 51% ახალი მთავრობის ჩავარდნებს ვერ ასახელებს. 20%-ი კი მიიჩნევს, რომ ახალ მთავრობას ჩავარდნა არ აქვს.

გამოკითხულთა უმეტესობა (63%)პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას არ ეთანხმება და პირდაპირი წესით ხალხის მიერ პრეზიდენტის არჩევას უჭერს მხარს.

რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას კი მხარს გამოკითხულთა 82% უჭერს, ეს მაშინ, როცა 2012 წლის მარტში რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მხარს გამოკითხულთა 74% უჭერდა.

კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას? 63% პასუხობს, რომ სრულიად უჭერს მხარს, 19% ნაწილობრივ უჭერს მხარს, 6% ნაწილობრივ არ უჭერს მხარს, 5% კატეგორიულად არ უჭერს მხარს, ხოლო გამოკითხულთა 1 %-მა კითხვას არ უპასუხა ან უპასუხა, რომ არ იცის. 2012 წლის მარტში კი ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი გამოკითხულთა 59% იყო.

გამოკითხულთა უმრავლესობა, საუბარია 78%-ზე, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარ ძალადობას არ ამართლებს. მომხდარი გამართლებულად მიაჩნია მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ 11%-ს და თბილისში მცხოვრებ 12% -ს.

გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ რეფორმა, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკაში უნდა გატარდეს. შემდეგ ასახელებენ ჯანდაცვის სისტემას, შემდეგ - სასამართლო სისტემას, განათლებას, თავდაცვას, პენიტენციურ სისტემას და სოფლის მეურნეობას, ხოლო 2% ასახელებს ადგილობრივ თვითმმართველობებს.

ინსტიტუციების მიმართ ნდობის რეიტინგში ეკლესია, 95%-ით, კვლავაც პირველ ადგილზეა. მას 91 %-ით მოჰყვება ჯარი, ხოლო მესამე ადგილზეა პოლიცია - 89%-ით, ქართული მედია - 84%-ით. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნდობის რეიტინგებში მე-15 პოზიციაზეა.

ყველაზე მნიშვნელივანი საკითხი, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას - გამოკითხულთა 64% უმუშევრობას, 37% ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, 32% კი ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს, გამოკითხულთა 9%-ისთვის კი სოციალური პრობლემებია მნიშვნელოვანი.

კვლევაში შეკითხვები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც არის მოცემული. მომავალ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ ძალას დაუჭერდით მხარს, გამოკითხულთა 59% ქართულ ოცნებას ,12% ნაციონალურ მოძრაობას, 3% კი, ქრისტიან-დემოკრატებს ასახელებს.

IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

IRI-ის რესპოდენტთა უმრავლესობისგან განსხვავებით, პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი არ ემხრობა დაპატიმრებებს და მიაჩნია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ამ უკიდურეს ზომას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა სხვა გზა არ არის და კანონთან პრობლემებია. რაც შეეხება საზოგადოების ასეთ რეაქციას, არმაზ ახვლედიანს ეს არ უკვირს, რადგან, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს მოთხოვნილებად ჩამოუყალიბდა, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე მუდმივად ვიღაცას აპატიმრებდნენ და ანგარიშსწორება ხდებოდა ყოველ ნაბიჯზე. ეს კი ანომალიური მოვლენაა.

“მესმის, როცა დარღვევებია და ამას მოითხოვს კანონი, ცხადია, დააპატიმრებ ადამიანს, მაგრამ ამის წყურვილი, ერთგვარი ჟინი არ უნდა არსებობდეს. თავისთავად, ეს გამოკითხვა საინტერესოა, მაგრამ რომ ვთქვათ, თითქოს, ეს რეალურად აჩვენებს სრულ სურათს, ასე არ არის. დღევანდელ მთავრობას, ისევე, როგორც ნებისმიერ მთავრობას, აქვს არაერთი შეცდომა და IRI-ის მიერ გამოკითხული 51 %-სგან განსხვავებით, შემიძლია არაერთი შეცდომა ჩამოთვალო. უმთავრესი შეცდომა კი საკადრო საკითხებია. აგრეთვე, სიმტკიცეს დავუწუნებდი ახალ ხელისუფლებას. უფრო მტკიცენი უნდა იყვნენ გადაწყვეტილებების მიღებისას“, - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას, რასაც საზოგადოების 82 % მხარს უჭირს, პოლიტოლოგის აზრით, აგვისტოს ომის ფონზე არც ესაა გასაკვირი. ეს იყო ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება და არ უნდა გვიკვირდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ მიმართულებით დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. თუმცა დასაზუსტებელია, რა იგულისხმება ურთიერთობის მოწესრიგებაში. სავარაუდოდ, ალბათ, ისეთი მეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბება, როგორიც რუსეთს აქვს სხვა სახელმწიფოებთან, თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნებთან.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ გამოკითხვებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51%) ყოფილ მაღალჩინოსანთა დაპატიმრებას ემხრობა, ლევან ბერძენიშვილისთვის მისაღები არაა. მისი თქმით, სააკაშვილის დროს საქართველოს ციხეებში 25-დან 30 ათასამდე პატიმარი იყო, რაც დღეს 10 ათასის ფარგლებშია. ახალმა ხელისუფლებამ ყველა მათგანი რომ დაიჭიროს, კიდევ რამდენი ათასი ადამიანი მოხვდება ციხეში?! ამიტომ, პარლამენტარის თქმით, შესაძლოა, ხალხის მოთხოვნმა სამართლიანი იყოს ყველას დაპატიმრების კუთხით, მაგრამ ასეთი რამ, არავითარ შემთხვევაში, არ მოხდება და საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებზე ამნისტია გამოცხადდება. რაც შეეხება მაღალი რანგის მოხელეებს - მინისტრებს, პრემიერ-მინისტრებს და სხვა, მათ მიმართ აუცილებლად შევა ძალაში სასამართლოს განაჩენი, თუკი ისინი დამნაშავეები აღმოჩნდებიან და თუკი სასამართლო ამასვე მიიჩნევს.

„თუ უბრალოდ ვიტყვით, რომ ყველა დამნაშავე უნდა დავიჭიროთ, კი ბატონო, არაფერი პრობლემა არ არის. უბრალოდ, მაშინ სხვა ქვეყანას ავაშენებთ. მაშინ უფრო მეტი პატიმარი გვეყოლება, ვიდრე გარეთ მყოფები იქნებიან. როგორ გვეყოლება ის პატიმრები ციხეში და ჩვენ რა გულით ვიქნებით გარეთ, ეს სხვა საკითხია. ამიტომ პოლიტიკაში ასე მარტივად, გამოკითხვით არ წყდება ეს ამბები. გასაგებია, განწყობების გვესმის, მაგრამ საჯარო მოხელეთა ამნისტია იქნება ამაზე სერიოზული პასუხი“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

ამასთან, IRI-ის კვლევის იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ  გამოკითხულთა 51% ახალი მთავრობის ჩავარდნებს ვერ ასახელებს. მისი თქმით, ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო კულტურა ჯერ კიდევ ძალიან დაბალია, რადგან ვერ ხედავს მთავრობის ჩავარდნებს, რაც ნებისმიერი მთავრობისთვის დამახასიათებელია. მაღალი საზოგადოებრივი შემეცნების ხალხი კი ამჩნევს ჩავარდნებს იქაც კი, სადაც ჩავარდნები ძნელად დასანახია.

„ჩვენ უფრო მეტს დავპირდით ხალხს, ვიდრე თურმე ამის შესაძლებლობა არსებობდა, მაგრამ ეს არ არის მთავრობის ჩავარდნა. მთავრობა რომ დამტკიცდა, იმ დღიდან ასრულებს იმას, რაც რეალობის სფეროშია და ჯერჯერობით, პატიოსნად მიყვება ამ საქმეს. პირადად მე თუ რამე ხარვეზს ვხედავ, ამას ვეტყვი ჩემს მთავრობას იქ, სადაც საჭიროა. ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ. რაც შეეხება გამორჩევას, ასეთი რამ არ მომხდარა. ბოლოს და ბოლოს, საკუთარი გამგებლები და მათი მოადგილეები დააპატიმრა ახალმა ხელისუფლებამ, საკუთარი პოლიციელები დააპატიმრა. ამიტომ, როცა პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, ამას დამტკიცება სჭირდება და ვერ გვიმტკიცებენ ჩვენი მეტოქეები. სინამდვილეში, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს, ჩვენ არ გვინდა ყველას დაჭერა. პოლიტიკური დევნა რომ იყოს, რა პრობლემაა, ყველას დავიჭერდით“, - გვითხრა ლევან ბერძენიშვილმა.   

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ იმდენი დრო ჯერ არ გასულა, ხალხმა გამოკვეთილად ილაპარაკოს ახალი ხელისუფლების ჩავარდნებზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩავარდნები არ არის ან არ იქნება, უბრალოდ, ნაადრევია ჯერ დასკვნების გაკეთება. ხალხიც ბრძენია და არ აკეთებს ნაჩქარევ დასკვნებს, ელოდება და აძლევს საშუალებას, ამუშავდეს ახალი პოლიტიკა.

თუმცა გოგი ხუციშვილის განმარტებით, ბევრად უფრო სანდოა IRI-ის გამოკითხვის მეორე ნაწილი, რადგან საკმაოდ ბევრია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ უნდა მოხდეს ტოტალური დაჭერები, დაპატიმრებები და გასამართლებები. ეს ძალიან სარისკოა, რადგან პოლიტიკური დევნის ელფერს ქმნის. თანაც, ამით სარგებლობს ოპოზიცია და საზღვარგარეთ მყოფი ის ხალხი, ვინც ამ ოპოზიციას იცავს.

„ამიტომ საჭიროა დიდი სიფრთხილე და დასაბუთებულობა. როდესაც წვრილ-წვრილი ბრალდებები გროვდება, მაღალჩინოსნები მაშინვე კი არ უნდა დაიჭირონ, არამედ უნდა დაელოდონ, სანამ არ იქნება საბუთები და მასალები ბევრად დიდ დანაშაულებზე, რადგან მთავარია დიდი დანაშაულის გამოვლენა, რაც ძალიან ბევრ მათგანს ჩადენილი აქვს. ამ დროს კი პირიქით ხდება, ეს არის სამართლებრივი პროცესის ძალიან დაწვრილმანება და სრულიად გაუფასურება“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.

ამასთან, მიაჩნია, რომ IRI-ის კვლევაში დასახელებული რუსეთთან ურთიერთობის დათბობა აუცილებლობაა. უფრო მეტიც, ეს არის პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა, რაც საჭიროა ქვეყნისთვის. ამ კუთხით პირველი ნაბიჯები წარმატებულია, ახლა უნდა მოინახოს ის ოქროს შუალედი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რუსეთთანაც ავაგოთ ურთიერთობა და ამავე დროს, შევინარჩუნოთ მეგობრული დამოკიდებულება დასავლეთთან.  

შეგახსენებთ, IRI-იმ გამოკითხვა 2013 წლის 18 – 27 თებერვალს USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წლის ზემოთ 1500 ქართველი რესპონდენტი გამოიკითხა.