საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "ევროპის სახალხო პარტიას" ღია წერილით მიმართა.
"ევროპული ღირებულებები - პიროვნების თავისუფლება, სხვისი ღირსების პატივისცემა, სახელმწიფოს მართვაში თანამონაწილეობა, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების, უმცირესობის ინტერესების დაცვა - ქართველი ხალხის დასავლეთისაკენს წრაფვის მიზეზია. სწორედ ამგვარი, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის მანდატი მიანიჭა საქართველოს მოსახლეობამ 2012 წლის არჩევებში პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებას".
ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მადლიერია დასავლეთის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, არსებობს კითხვები, პოლიტიკური ძალების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მიესალმებოდნენ ძალადობაზე, ღირსების შელახვაზე, დამცირებაზე, სიღატაკესა და უიმედობაზე დამყარებულ ფასადურ დემოკრატიას და დღეს მწვავედ აკრიტიკებენ საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რომელიც არა ფასადის შელამაზების, არამედ რეალურად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას ადგას“, - ნათქვამია წერილში.
ივანიშვილი "ევროპის სახალხო პარტიის", როგორც ევროპის ყველაზე დიდი, გავლენიანი და წარმატებული პოლიტიკური ძალის მიმართ, პატივისცემას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ მისი პატივისცემა, ვრცელდება პარტიის კონკრეტულ წევრებზე, ვისთან შეხვედრის შესაძლებლობაც უკვე ჰქონდა, მაგრამ კითხვები, რომელზეც ზევით იყო საუბარი, პასუხს მოითხოვს. პრემიერის თქმით, სწორედ "სახალხო პარტიის" პოპულარობისა და სიძლიერის გათვალისწინებით, განსაკუთრებულია მისი პასუხისმგებლობაც ევროკავშირის სამეზობლოში მყოფი საქართველოსნაირი ქვეყნების მიმართ, ვინც დიდი იმედით და მოლოდინით შეჰყურებს ევროკავშირთან დაახლოებას, ბარიერების დაძლევას და საბოლოოდ, დიდი ევროპული ოჯახის წევრობას. ივანიშვილის განმარტებით, სწორედ ამ როლის და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, "ევროპის სახალხო პარტიის" ყურადღება უნდა იმ კონკრეტულ ფაქტებზე გაამახვილოს, რომლებიც შესაძლოა, ბევრისთვის ცნობილი არ არის.
„2004 წლის დასაწყისში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გამარჯვებულმა ძალამ - "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", სრულად მოირგო კონსტიტუცია და მოშალა ხელისუფლების შტოთა ბალანსი. კონსტიტუციის ნაციონალური რედაქციით იმდენად გააძლიერა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ ფორმალობად იქცა პარლამენტიც და სასამართლოც (შეფასებისათვის იხილეთ ვენეციის კომისიის 2004 წლის დასკვნა). რამდენად მძიმედაც არ უნდა ჟღერდეს, პრეზიდენტმა კონსტიტუციური დიქტატორის როლი მოირგო, რაც ყველაზე კარგად იმ დებულებებში ჩანს, რომელიც მას აძლევს უფლებას, ერთპიროვნულად და უვადოდ, პარლამენტის თანხმობის გარეშე, დანიშნოს მთავრობა. ერთ ადამიანზე კონსტიტუციის ასე მორგებამ ქვეყანას მოუტანა ავტორიტარიზმი და ერთი პოლიტიკური ძალის აბსოლუტური მონოპოლია - პარლამენტზე, სასამართლოზე, ხელისუფლება უხეშად ერეოდა მედიის საქმიანობაში, იყო მონოპოლისტი ბიზნესში და სხვა.
იქნებ თქვენგან, დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსებისგან მაინც მივიღოთ პასუხი, ნორმალურად და დემოკრატიასთან თავსებადად მიგაჩნიათ თუ არა პრეზიდენტი მთავრობას ნიშნავდეს ისე, რომ პარლამენტს არაფერი ეკითხებოდეს? იცით კიდევ ერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მსგავსი სისტემა მოქმედებს? და თუ ამ ორ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გაქვთ, ნორმალურად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ იდეის ავტორი და დამცველი პოლიტიკური გაერთიანება თქვენი პოლიტიკური ოჯახის წევრია?“, - მიმართავს ევროპარლამენტარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
აქვე იგი დასძენს, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 8 წლის მანძილზე, საქართველოს კონსტიტუცია 25-ჯერ შეიცვალა. მათ შორის ერთ-ერთი ცვლილება საშუალებას აძლევს 5-წლიანი ვადით არჩეულ პრეზიდენტს პოზიციაზე 10 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის 5-წლიანი ვადა 2013 წლის იანვარში გავიდა, ახალი პრეზიდენტი ქვეყანას მხოლოდ 2013 წლის ბოლოს ეყოლება. პრემიერი მისთვის მოქალაქეობის ჩამოართმევასა და შემდეგ კონსტიტუციაში შეტანილ იმ ცვლილებაზეც საუბრობს, რომლითაც ევროკავშირის მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ბოლო ხუთი წელი ცხოვრობს, ჩვენს ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება მიენიჭა. ღია წერილში „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებზეც არის საუბარი, რის შედეგადაც ბანკმა 190 მილიონიანი ზარალი მიიღო.
ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი 2003-2012 წლებში საქართველოში სხვადასხვა სფეროებში შექმნილ ვითარებას აღწერს. საუბარია მართლმსაჯულების სისტემის დაკნინებასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, ასევე კორუფციაზე, არაჯანსაღ საარჩევნო გარემოზე, ადამიანის უფლებების შელახვაზე, რის დასტურადაც პრემიერს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამ თემაზე გაკეთებული დასკვნები მოაქვს.
„მთავრობა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მემკვიდრეობა სახარბიელო არ მიგვიღია. თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებული მოლოდინები ხშირად განსხვავებულია. ქვეყნის შიგნით საზოგადოება წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულის სწრაფ და უკომპრომისო გამოძიებას ითხოვს. ქვეყნის გარეთ კი, პირიქით, „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებისკენ მოგვიწოდებენ, რაც, ჩემი აზრით, მხოლოდ დაუსჯელობას წაახალისებს. ჩვენი ამოცანაა ბეწვის ხიდზე გავიაროთ და ისეთი შუალედი ვიპოვოთ რაც არც სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის იდეას დააზარალებს და არც პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას შეუქმნის ვინმეს. მერწმუნეთ, ეს ძალიან რთული ამოცანაა, მით უფრო ისეთ ქვეყანაში სადაც პარტია და სახელმწიფო სისტემა აბსოლუტურად შეზრდილი იყო ერთმანეთთან“, - ნათქვამია წერილში.
და ბოლოს, პრემიერი ივანიშვილი ევროპელებს ქვეყანაში შექმნილი ვითარების უკეთ გასაცნობად, საქართველოში ეპატიჟება და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დამკვირვებლის მისიის ევროკავშირმა საქართველოშ უკვე მოავლინა თომას ჰამერბერგი.
„ვინაიდან კითხვები გიჩნდებათ მიმდინარე მოვლენების მიმართ, თქვენც მოგიწოდებთ, სანამ "ევროპის კარის დახურვის" შორსმიმავალ დასკვნებს გააკეთებთ, მოავლინოთ ხანგრძლივი დამკვირვებლები და თავად დარწმუნდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა დემოკრატიული მმართველობა, ჩვენი მისიაა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უპირობო, განუხრელი და ცალსახა ერთგულება“, - მიმართავს ევროპელებს ივანიშვილი.
როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ევროპელებისადმი, მისაღებია თუ არა წერილის ტონი და შინაარსი მათთვის, ამ საკითხზე for.ge ექსპერტებს ესაუბრა.
პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ ივანიშვილის წერილი მიზანს აბსოლუტურად აცდენილია.
„ბიძინა ივანიშვილს გარკვეული ბრალდებები წაუყენეს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს უკარგავს და ქვეყანა არასწორი გზით მიჰყავს. მან კი ევროპელებს მისწერა, როგორი ცუდია სააკაშვილი. სააკაშვილის ხელისუფლება ცუდი იყო თუ კარგი, ეს თავისთავად კარგი საანალიზო თემაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს სრულიად სხვა თემაა და არანაირად არ გამოდგება იმ კრიტიკის პასუხად, რომელიც პირადად ივანიშვილის ხელისუფლების პასუხად ისმის“, - აცხადებს გია ნოდია.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დიპლომატიის ჩარჩოებში ჩაჯდეს, მაგრამ მისი გაღიზიანება მაინც ჩანს. ექსპერტი აცხადებს, რომ ევროპასთან პრობლემები უკვე არსებობს, ეს კი დამატებითი ილუსტრაცია იქნება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და მის ლიდერს უბრალოდ არ ესმის, დასავლეთი მას რას ედავება.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის თავმჯდომარე, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრემიერის წერილი კრიტიკულია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკმაოდ ზედაპირული ინფორმაციის საფუძველზე არასწორ დასკვნებს აკეთებენ, საქართველოში არსებულ რეალობას დამახინჯებულად აღიქვამენ. ექსპერტის თქმით, თუ საკითხში გარკვევა გინდა, მას ცოტა ღრმად უნდა გაეცნო, ჩახვიდე ქვეყანაში, ან სულ მცირე, ორივე მხარეს დაელაპარაკო. ხოლო როდესაც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებ დასკვნებს, ეს არასწორია.
„რაც შეეხება ევროპარლამენტარების კრიტიკას, ჩემი აზრით, ესეც ძალიან ჯანსაღი პროცესია, რადგან ევროპა ჩვენთვის არ არის რაღაც გეოგრაფიული კატეგორია. ეს არის ფასეულობათა გარკვეული სისტემა და როდესაც ვინმე, თუნდაც ევროპელი ამ ღირებულებებს თავდაყირა აყენებს და ასე ვთქვათ, „გაღმა შეედავეს“ პრინციპით რაღაცაზე მიგითითებს, ბუნებრივია, ეს პროტესტს იწვევს. წერილში ყველაფერი ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებშია მოქცეული, მოყვანილია გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო თუკი ევროპელებს ამაშიც ეჭვი ეპარებათ, მათ შეუძლიათ ჩამობრძანდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნონ“, - აღნიშნავს ექსპერტი.
იგი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკასაც იხსენებს და ამბობს, რომ ასე ცალ კარში თამაში არ შეიძლება და თუ ვიღაც გიტევს და შენ თვლი, რომ კრიტიკა უსაფუძვლოა, სრული უფლება გაქვს უპასუხო. გია ხუხაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ ივანიშვილის წერილს წინ უსწრებდა ევროპარლამენტარების კრიტიკული წერილი და თუ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობა გვსურს, ამ ყველაფერს მონური მორჩილებით არ უნდა შევხვდეთ და უსაფუძვლო კრიტიკას სათანადო პასუხი უნდა გავცეთ.
„ადამიანები საერთოდ არ არიან საქართველოში ნამყოფები და შორიდან, ვიღაცისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მენტორული ტონით გველაპარაკებიან. ეს არის ჯანსაღი თამაშის წესები? საქმე ძალიან მარტივად არის. ჩვენ ეს პოლიტიკური პროვინციალიზმი გვერდზე უნდა გადავდოთ და არ უნდა გვყავდეს უპირობო ავტორიტეტები“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს ევროპული კურსი ღიად აქვს დეკლარირებული და ამ მხრივ ივანიშვილის წერილის ტონი პრობლემებს ნამდვილად არ შექმნის. ხუხაშვილი ამბობს, რომ საუბარია ევროპარლამენტარების გარკვეულ ნაწილზე, რომლებიც პარტიასაც კი არ წარმოადგენენ. ეს არის დეპუტატთა ჯგუფი და „რადგან ვიღაც ევროპელია, დედაც რომ გვაგინოს პასუხი არ უნდა გავცეთ?“, - კითხულობს ექსპერტი.
მისი თქმით, როდესაც საქართველოს წინა ხელისუფლება ქვეყანაში მიტინგებს სასტიკად არბევდა, ისინი მუდმივად აპელირებდნენ იმაზე, რომ ევროპაში ამ მხრივ კრიტიკა არ ყოფილა. ხუხაშვილი ამბობს, რომ მთავარი არის ის, რას ვხედავთ ჩვენ და თუ კრიტიკა სამართლიანი იქნება, მას ხელისუფლება მიიღებს, ხოლო თუ უსამართლო კრიტიკა იქნება, ამას სათანადო პასუხი გაეცემა. აქვე ექსპერტი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს დამშვიდდნენ, რადგან ევროპაშიც ივანიშვილის კრიტიკას შესაბამისად მიიღებენ და ევროკავშირშიც აუცილებლად მიგვიღებენ.
პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ პასუხის აუცილებლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილი იყო იმ პასკვილის ადრესატი, რომელსაც ევროპარლამენტარების მცირე ნაწილი აწერს ხელს და ამის არშემჩნევა ვიღაცისთვის შეიძლება, მარცხის მანიშნებელი ყოფილიყო.
„გამოხდა ხანი და მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიცია ბატონმა დათო უსუფაშვილმა მათემატიკური ფორმულის სიზუსტით გამოხატა, უკვე თავად ადრესატის პასუხის მოწმენი გავხდით. რასაკვირველია, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა პრაქტიკულად, ყველა თემა უწიგნურთათვის არის განკუთვნილი, რომლებსაც არც ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ და არც სურვილი რეალური ინფორმაციის მიღებისა, სწორედ ასეთი კატეგორიის მკითხველისთვის არის ეს გათვალისწინებული. სამწუხაროდ, ასეთი მკითხველები ევროპარლამენტართა შორის გვეგულება“, - აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით, წერილში, ალბათ, უფრო მეტი არგუმენტების მოყვანაც შეიძლებოდა, მაგრამ ისიც, რაც წერილშია აღწერილი, ადრესატებისთვის გაოგნების საფუძველი გახდება. აქვე სოსო ცისკარიშვილი სრულიად უადგილოს უწოდებს საუბრებს იმაზე, თითქოს, პრემიერის ასეთი პოზიცია ევროპასთან დაგვაშორებს.
„თუ ევროპაა ის 23 ადამიანი, რომელიც საქართველოში ასეთ შეურაცხმყოფელ წერილს აგზავნის, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ გვიბიძგებს რუსეთისკენ, რადგან მათი მხარდამჭერი ძალის მიერ გამოგზავნილი ეს წერილი ევროპის მიმართ არანაირ სიმპატიას არ გვმატებს. ქართველი ხალხი ბრძენია, ასეთი პასკვილები მასზე არ მოქმედებს. საპასუხო წკიპურტები კი მოუხდება ყველას, ვინც საქმეში ჩაუხედავად (უკეთეს შემთხვევაში) და არა რაიმე ბოროტი განზრახვით, მთლიანად ქართულ სახელმწიფოს მოურიდებლად აყენებს შეურაცხყოფას“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.